ქუჩაში გასული პოლიტიკა და საპროტესტო ცუნამი
ოპოზიციურად თუ ანტიოპოზიციურად განწყობილი, აღშფოთებული ხელოვანები თავიანთ პროტესტსა და ემოციებს ჩვენთან საუბარში არ მალავენ და ორად გახლეჩილ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრებიან. მსახიობების ერთი ნაწილი აქციაზე დგას და რამდენიმე დღის წინ მათ სოცქსელში გაავრცელეს განცხადება "გავიფიცე", მეორე ნაწილმა კი მათი პათოსი არ გაიზიარა და წერდნენ, "დავიფიცეო"...
"გული მეგლიჯება! ყველგან ჩვენი მეგობრები არიან, თანაც ისეთი, ერთად რომ გავიზარდეთ"
ზუკა პაპუაშვილი, რუსთაველის თეატრის მსახიობი: - ვისაც აქვს მიზეზი და მისი მტკიცებულება, დაამტკიცოს და გაიფიცოს, არ არის პრობლემა. ერთი კაცი არ არის თეატრი, კოლექტივია, დირექცია და უამრავი აზრია, ვიღაც რაღაცაში ეთანხმება, ვიღაც არა. იმ მიტინგებზეც უამრავი ადამიანი დგას, ვიღაც რადიკალია, ვიღაც არა. რუსთაველის თეატრის კარი რომ გაიღო, ხალხი შემოვიყვანეთ, სისხლს ვწმენდდით, ცხელ ჩაის, ყავას ვასმევდით, ვამშვიდებდით ამ პატარა ბავშვებს, სველი ტანსაცმელი ეცვათ, საგრიმიოროში დავუშრეთ. აბა, სხვანაირად როგორ უნდა მოვქცეულიყავით? ჩვენი შვილების ტოლები არიან. თუმცა ყველანაირ ქცევას ხომ არა აქვს გამართლება და საზღვარიც ხომ აქვს რაღაცას?
ერთიანობამდე უნდა მივიდეთ, თორემ ასე თანაცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებთ, სცენაზე ვერ დავდგებით ერთად და კინოში ვერ ვითამაშებთ. როცა დაბნელდება, კაცმა არ იცის, რას ვუზამთ ერთმანეთს. ეს ჩემთვის მიუღებელია! პოლიტიკური შეხედულება აღარ არსებობს, ყველაფერი ერთმანეთში აითქვიფა. პოლიტიკა პირადულში გადავიდა და ამას როგორ უნდა მივესალმო? მე მყავს მეგობრები, რომლებიც აქციაზე დგანან, მე ვესროლო თოფი მათ და მათ შვილებს თუ იმათ ესროლონ ჩემსას? კითხვები ყველა მხარესთან მილიონ-მილიონი მაქვს! ამ ძალადობას არც ერთი მხრიდან არ ვეთანხმები! ბევრისგან განსხვავებით, ვუყურებ, რუსთაველზე რაც ხდება და არა ტელევიზორიდან აღქმულს. ზუსტად ვიცი, ვინ, როგორ, რანაირად, სად ისროლა და ვის ესროლა! რამდენი კენჭი და "დუბინკა" მოიქნიეს.
- თქვენი აზრით, ამ მთავრობას ევროპული კურსი აქვს აღებული თუ პრორუსული?
- ევროპული, უბრალოდ, იმ განცხადებით იმ შანტაჟის შეჩერება სურდათ, რაც გამუდმებით გვესმის. ამ შანტაჟში ვერ იცხოვრებ, ახლა მოგცემ ფულს, ხვალ არ მოგცემ, ზეგ თუ მომინდება, მოგცემ; იმას გავუხსნი მოლაპარაკებას, შენ არაო, არ გამოვა! აშშ ჩემი სტრატეგიული მეგობარი რომაა, რას ნიშნავს ეს? ერთი ვიზალიბერალიზაციაც არ გაკეთდა და ქართველები, როგორც გველები, ისე დაცოცავენ მექსიკიდან. ეს არის მეგობრობა?! ისეთ რაღაცებზე მიდის ვაჭრობა, რაც ქართველისთვის მიუღებელია. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ პირადად მე, ზუკა პაპუაშვილი, ვარ ორთოდოქსი ქრისტიანი, კავკასიელი ქართველი, შემდეგ მოდის ყველა და ყველაფერი!
- რა არის თქვენთვის მიუღებელი?
- რაც სიბინძურეა, ყველაფერი. რაც კარგი, ფასეული და ღირებულია, კი ბატონო, გადმოიღე, მაგრამ ის რატომ გადმოგაქვს, რაც შენთვის მიუღებელია? შენი დნმ ვერ მიიღებს ვერანაირად. მართალია, ჩემი შვილი უკვე დიდი გოგონაა, მაგრამ მამა ვარ, ხომ? პირობითად, ჩვენს შვილებთან ვიღაც ენჯეოშნიკს, ქოუჩს რა საქმე აქვს, რომ სკოლიდან აქციაზე გაჰყავს, რაღაცებს ელაპარაკება და პლაკატებსა და სასტვენებს აჭერინებს ხელში? ჰკითხა მის მშობელს? ვინ მისცა უფლება? 7 წლის ბავშვი რომ მოლოტოვის კოქტეილს ისვრის, ეს აღარაფერში წერია, სიგიჟეა!
კონტინგენტს გადახედეთ. ზოგს რომ შეხედავ, ჯუნგლებიდან გამოვარდნილი გეგონება, დგას "ხლაპუშკით" და უბაგუნებს. ასეთი გინდ რუსთაველზე მდგარა, გინდ მანჰეტენზე, გინდ ბოსელთან. ჩემი ქალაქია და მტკივა, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და აქ ვაპირებ სიკვდილს.
- თქვენ ადრინდელი რუსთაველიც გახსოვთ... ერთგვარი შედარება გავაკეთოთ მაშინდელი და ახლანდელი თბილისის...
- წყობიდანაა გამოსული მომიტინგეც და სამართალდამცავიც. წარმოიდგინეთ, სამართალდამცავი ორი საათი რომ იქ დგას და რაღაცებს ესვრიან, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, რას იზამს? ისიც ადამიანია, რობოტი არ არის. კითხვები ორივე მხარესაა - აქამდე რატომ მივედით?!
- "ოცნების" მომხრეები და ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები ერთმანეთს ცუდი ეპითეტებით ამკობენ, სიძულვილი გაღვივდა. თქვენ რა რეაქცია გაქვთ, როცა ასეთ განწყობას უყურებთ ქუჩაში თუ სოციალურ ქსელში?
- გული მეგლიჯება! ყველგან ჩვენი მეგობრები არიან, თანაც ისეთი, ერთად რომ გავიზარდეთ. იცით, ყველაზე ცუდი რა არის? ძალიან პირადულად მიაყენეს ერთმანეთს შეურაცხყოფა... რაც ეს ამბები დაიწყო, ერთი პოსტი არ გამომიქვეყნებია, არ მინდა კიდევ ნავთი დავასხა ცეცხლზე. ისეთ რაღაცებს წერენ, კოშმარია! ხვალ-ზეგ რას აპირებს ეს ხალხი, არ ვიცი. ისეთი რუბიკონი, ისეთი წითელი ხაზები გადაილახა, რომ მეშინია, ვიღაც-ვიღაცებს პასუხი ცუდად არ მოსთხოვონ... რაც შეეხება გაფიცვა-გამოფიცვებს, ყველა თავის თეატრში გაიფიცოს და რუსთაველის თეატრს თავი დაანებონ.
"ძალიან დავიღალეთ უსამართლობით!"
ანა ამილახვარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი: - ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება, პროცესებს შორიდან უყურებს და მოგვიწოდებს, მშვიდობიანად დავდგეთ, გამოიარონ აქციაზე და ნახავენ, როგორ ესხმიან თავს მომიტინგეებს. გვპრესავენ, ის გაზი კი ისეთი მომაკვდინებელია, დიდი ხნის წინ მიძინებული ალერგია გამიმწვავა. ყველანაირ შეურაცხყოფას გვაყენებენ. ვინც წლებია მიცნობს, ვისთანაც ურთიერთობა მაქვს და ვუყვარვარ, ჩემს კოლეგებს, როგორ შეუძლიათ წარმოიდგინონ, რომ მე რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ვემხრობი და იმიტომ ვდგავარ აქციაზე?! ეს ყველაზე მეტად მწყინს. ამ დონის დაპირისპირებებამდე მივიდა ეს პროცესები და რით დამთავრდება, ვეღარ ვხვდები, მაგრამ ვიცი, რომ შეჩერება არ შეიძლება. რა პოლიტიკური შეხედულებაც არ უნდა გქონდეს, მინიმუმ, სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო. ოთხი თვის წინ ერთი სამსახურიდან უკვე გამათავისუფლეს სიტყვის თავისუფლების გამო, არა, ძალადობას-მეთქი, რომ დავწერე. იმავე მიზეზით ვდგავარ ახლა ქუჩაში! სიცოცხლის ფასად დავიცავთ ჩვენს პოზიციას. თავზე დაგვახიეს კონსტიტუციაც და სიტყვის თავისუფლებაც. უხერხულია, კიდევ ჩვენ რომ გვლანძღავენ! სასაკლაოა რუსთაველზე და მოსთხოვონ, რომ შეჩერდეს!
- ტელევიზიაში მუშაობის პერიოდში რაიმე დირექტივები, შეზღუდვები თუ გქონდათ?
- მანამდე არავითარი, რადგან მე დილის გასართობი გადაცემა მიმყავდა. განცხადება როცა დავწერე, არა, ძალადობას-მეთქი, დამიბარეს და სამსახურიდან რომ გამიშვეს, მაშინ მივხვდი, სად ვიყავი.
რამდენიმე ადგილას ვმუშაობ, 24 საათი ჩემს საქმეს ვემსახურები, რომ მე და ჩემმა შვილმა თავი გავიტანოთ. როგორ უნდა მოუბრუნდეს სიტყვა ჩემზე ვინმეს? ყოველთვის ვცდილობდი აპოლიტიკური ვყოფილიყავი და ისეთ ადგილას არ ჩამეყო ცხვირი, სადაც ჩემი საქმე არ იყო, დღეს კი ამის არანაირი შანსი აღარ დაგვიტოვეს. როგორც კი რამეზე პრეტენზია გაგიჩნდება, მოგიტრიალდებიან და, შენ რაღაც ძალიან პროვოკაციულად ხარ განწყობილიო. რას ნიშნავს ეს? მოქალაქე კრიტიკულად უნდა იყოს განწყობილი, ესაა ევროპელობა და მე მინდა ევროპელი ვიყო! მე პოლიტიკურს კი არა, ადამიანურ პოზიციას გამოვხატავ. უნდა დაგმო ძალადობა და დაუპირისპირდე მოძალადეებს! წლებია მესმის, არ მოგწონს? მაშინ წადიო. რატომ უნდა წავიდე? ვერ ვაკეთებ ჩემს საქმეს სათანადოდ?
- თქვენი კოლეგები წერდნენ, გავიფიცეთო.
- ამ ეტაპზე სპექტაკლები ისედაც შეჩერებულია. რუსთაველის თეატრში სამი მსახიობი ვართ, ვისაც განსხვავებული განწყობა გვაქვს, ქუჩაში ვდგავართ და პროტესტს გამოვხატავთ. მე არავის გადავკიდებივარ იმის გამო, რომ 41 ნომერი შემოხაზა, მაგრამ თუ უყურებენ, რომ მჩაგრავენ, მირტყამენ, მიჭერენ და ამაზე ხმას არ ამოიღებენ, ეს უკვე ადამიანური დაპირისპირებაა. ზოგი რომ ამბობს, როგორ დააზიანეს სკამები, მინები როგორ ჩაამსხვრიესო და ა.შ., ნივთებს დასდევენ და ერთი წინადადება არ თქვეს, რომ მათი კოლეგები დაგლიჯეს და გაზი აყლაპვინეს. ზუსტად დამოუკიდებლობის ტოლი ვარ - 33 წლის, მას შემდეგ ვცდილობთ როგორმე შევძვრეთ ევროპაში, სხვა გზა არა გვაქვს, გვჭირდება კავშირები, რომ რუსეთისგან დავიცვათ თავი. თუ დღეს ვინმეს კიდევ სჯერა, რომ რუსეთთან კავშირი მომგებიანი იქნება, გონს მოვიდეს! ათასგვარი ყოფითი პრობლემა აქვს თითოეულ ჩვენგანს. კარგია მშვიდობა, მაგრამ მოქალაქეების სასიკეთოდ რატომ ვეღარასდროს მოეწყო ეს ქვეყანა?
- ოპოზიციონერი ლიდერებიდან ვინ არის თქვენთვის მისაღები?
- სიმართლე გითხრათ, არავის ვიცნობ. დააშავა ადრე? დაიჭირე, მიეცი პასუხისგებაში? რა გახდა, რომ მართლა დაესაჯათ? ასე მგონია, ამათ ერთმანეთი აწყობთ და ჩვენ ხმა ვერ ამოგვიღია. ხალხი მაგათი ვნებების მოსამსახურეებად გადაგვაქციეს. მსახიობები კურიერებად მუშაობენ, თავი რომ გადაირჩინონ, მერე თეატრში მიდიან და მთელ ენერგიას დებენ სპექტაკლში. ძალიან დავიღალეთ უსამართლობით!
"ჩემთვის მთავარია, "ქართული ოცნება" აღარ იყოს"
თამრიკო ჭოხონელიძე, მომღერალი: - "ქართულმა ოცნებამ" რომ დააანონსა, გამარჯვების შემდეგ ოპოზიციურ პარტიებს გავანადგურებთ და მათ მომხრეებს დავერევითო, ეს არ იყო მინიშნება, რომ ზუსტად ის მოხდებოდა, რაც დღეს ხდება?! ამას დიქტატურა და ტირანია ჰქვია! ვინც ამხელა ტერორს ამართლებს, საქართველოს ამ ნაწილს რა უნდა ვუთხრა? რა თქმა უნდა, გაოგნებული ვარ და პროტესტი მაქვს. ჩვენ რომ ერთად დავმდგარიყავით, მთელი სამყარო დაინახავდა, რომ არ გვინდა რუსეთი. მე რომელიმე კონკრეტული ადამიანის კი არა, რეჟიმის წინააღმდეგი ვარ, რომელმაც ქვეყნის მართვა არასწორი გზით წაიყვანა. გახსოვთ, მიშა სააკაშვილსაც ოპოზიციაში ჩავუდექი, როცა მანაც შეცდომები დაუშვა. ამიტომაც ვდგავარ დღესაც ოპოზიციაში. ჩემს პირად კეთილდღეობას არ შეიძლება ქვეყანა გადავაყოლო.
ხედავთ, აქციებს უკვე ხალხი მართავს. ჩემთვის მთავარია, "ქართული ოცნება" აღარ იყოს, რომელიც უტიფრად მელაპარაკება და შავზე თეთრს მეუბნება. მერე უფრო გამოჩნდება გზა ხსნისა. მთელი მსოფლიო დაგვცინის. ხალხში ზიზღი დათესეს, ხმები მოგვპარეს, გაგვძარცვეს, ღირსება შეგვილახეს, დაგვცინიან. მაინც იმედი მაქვს, რომ გავერთიანდებით. მე 9 აპრილსაც ვიდექი რუსთაველზე და ყველაფერი კარგად მახსოვს. მაშინ აშკარად გვებრძოდა რუსეთი, ახლა შეფარულად. ჩვენ ქვეყანას ვემსახურებით, თორემ ოპოზიციურ პარტიებს რომ ბევრი შეცდომა აქვთ დაშვებული, ეს ძალიან კარგად ვიცით და გგონიათ, ვერ ვხედავთ?
"მე არ მეგულება ქართველი, რომელსაც მოსწონს, რუსთაველის პროსპექტი დაპირისპირების ადგილად რომ გადაიქცა"
კირა ანდრონიკაშვილი, მსახიობი: - ქართველებმა კიდევ ერთხელ გავახარეთ მტრები! მე რუსეთუმეობას ვერავინ დამწამებს, რადგან ჩვენმა ოჯახმა საბჭოთა წყობის დროს დიდი ტანჯვა გამოიარა. რეპრესიები შეეხო ყველას - ჯორჯაძეებსაც და ანდრონიკაშვილებსაც. მამაჩემის დას, ულამაზეს კირა ანდრონიკაშვილს, ასტანის ბანაკში ვირთხებთან ერთად ეძინა. როცა ასეთი გამძვინვარებული მეზობელი გვყავს, რომელსაც შეუძლია გაგვანადგუროს, როგორმე ერთმანეთის გატანა უნდა შევძლოთ! ყველას, ვინც ამას ვერ ხვდება, მთელი გულით ვთხოვ დავით გურამიშვილის "ქართლის ჭირი" წაიკითხოს. ჩვენ ობოლი ერი ვართო, თქვა კიდევ ერთმა დიდმა მწერალმა - ჭაბუა ამირეჯიბმა. მათ სიტყვებს თუ გავითვალისწინებთ, ჩვენს სამშობლოს ნაკლებად დავაზიანებთ! მე არ მეგულება ნორმალური ქართველი, რომელსაც მოსწონს, რუსთაველის პროსპექტი ქართველების დაპირისპირების ადგილად რომ გადაიქცა.
ევროკავშირის წევრობას უკვე რამდენი წელია ველოდებით და უარს გვეუბნებიან. გავძლიერდებით და შევალთ ევროკავშირში, თუ მიგვიღებენ, რა თქმა უნდა... არც ის მესმის, რატომ იგონებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, ან იმ ხალხს რატომ აყენებენ შეურაცხყოფას, ვინც ხმა "ოცნებას" მისცა.
რაც რუსთაველზე ხდება მოსაწონი არ არის, მაგრამ პოლიციელებმაც ხომ ბევრი რამ მოითმინეს. მე დიდ პატივს ვცემ ყველას, ვინც ამ აქციებზე წრფელი გულითაა მისული, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ აქვე, 40 კილომეტრში რუსეთის ჯარი დგას? აქ რომ შემოვიდნენ, მორჩება ყველაფერი!
ყველას როდი უნდა საქართველო უფრო ძლიერი და მდიდარი ქვეყანა გახდეს?! სწორედ ამიტომ გვებრძვიან შინაური და გარეშე მტრები! სწორედ ჩვენს მტერს უხარია, ასე გაბოროტებულ, ერთმანეთთან დაპირისპირებულ ქართველებს რომ ხედავს! თუ ერთად არ ვიქნებით, დავიღუპებით! ვლოცავ საქართველოს და იმედს ვიტოვებ, რომ ღვთისმშობელი თავის კალთას გადმოგვაფარებს.
"საკუთარ ხალხთან დათმობაზე წასვლა სირცხვილი არ არის"
ანა ვასაძე, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი: - არ მეგულება ქართველი, რომელსაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გადადება მოეწონა! ეს რას ნიშნავს? - იმას, რასაც ბოლო 30 წლის განმავლობაში გავურბოდით - ჩვენს ქვეყანაში რუსეთის გავლენის გაძლიერებას! დღეს უკვე ნათელია, რომ რეალური საშიშროების წინაშე ვდგავართ. ჩვენ უდიდესი საშიშროება გვემუქრება - რუსეთი! ამიტომ გვჭირდება ძლიერი მფარველი დასავლეთის სახით.
ხელისუფლება თავიდან თითქოს ცდილობდა ხალხის აზრი მოესმინა, მაგრამ ბოლო წლებში ისეთ მანიპულაციებზე გადავიდა, რომ მათი სიტყვა და ქმედება დაცინვას უფრო ჰგავს. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებას რიგითი მოქალაქეების აზრი არ აინტერესებს, რაც მასვე აზიანებს.A
დღეს ჩვენთვის მთავარი ვიღაც პოლიტიკოსების ხელისუფლებაში მოსვლა კი არ არის, მთავარია, საქართველო რუსულ ორბიტას მოშორდეს, რომ კანონს უფრო მეტი ძალა ჰქონდეს, უფრო სამართლიან, ბედნიერ ქვეყანაში ვიცხოვროთ. ჩვენ, ამ ქვეყნის შვილებს, მხოლოდ ეს გვაინტერესებს და არა კონკრეტული პარტიები ან პოლიტიკოსები. ახლა ჩემთვის მთავარი ქართველი ხალხი და მისი მომავალია. ძალიან ბევრი სისხლი დაიღვარა, რომ ეს ქვეყანა რუსეთისგან გათავისუფლებულიყო და ამხელა მსხვერპლმა ტყუილად არ უნდა ჩაიაროს.
ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს - ეს უმრავლესობის აზრია. საკუთარ ხალხთან დათმობაზე წასვლა სირცხვილი არ არის, სირცხვილი ისაა, როცა მას ებრძვი.
"ჩვენ თვალწინ დაიბადა ახალი საქართველო"
ლანა ღოღობერიძე, რეჟისორი: - უკვე ყველა უკიდურესობა დაგვატყდა თავს: ევროატლანტიკური გზიდან და კონსტიტუციიდან გადახვევა, პუტინის მოლოცვა, აქციის მონაწილეებზე აღვირახსნილი ძალადობა, თავდასხმები ჟურნალისტებზე. ვნახეთ, როგორ ურტყამდნენ წიხლებს წაქცეულ ადამიანს - არაადამიანურობის საზარელი გამოვლინება! კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ თავისუფალმა, ამაყმა ხალხმა, გამარჯვებულმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ყველამ ერთად, დაუძლეველი ეროვნული სულისკვეთებით მოვითხოვოთ ხელისუფლების გადადგომა! როცა ამას მივაღწევთ, ჩავატაროთ ახალი, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები!
ჩვენ დიდი ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ: დიდ განსაცდელებთან ჭიდილის შედეგად ჩვენ თვალწინ დაიბადა ახალი საქართველო, ამ გოგო-ბიჭების საქართველო, რომელსაც არ ეშინია არც წიწაკის სპრეიგარეული წყლის ჭავლის, არც ქიმიურნივთიერებიანი ცრემლსადენი გაზის, არც მოძალადეთა სისასტიკის. ეს არის სამოქალაქო ეროვნული იდეით და საუკუნეთა წიაღში დაბადებული ევროპული კულტურით შთაგონებული ქვეყანა, რომელმაც დაძლია ისტორიულად დეტერმინირებული მარტოობა და იპოვა თავისი კუთვნილი ადგილი ევროპულ ოჯახში. ვფიქრობ, ეს ახალი საქართველო ცარიელ ადგილზე არ დაიბადა, და ისევ და ისევ 9 აპრილი მიდგება თვალწინ: როგორ წამოვიდა მშვიდობიან მომიტინგეებზე თავისუფლების მოედნიდან ტანკები, როგორ დაგვდევდნენ ის უცხო ტომის, შემზარავი, ჩაფხუტიანი და მუზარადიანი, ნიჩაბშემართული არსებები, როგორ იდგა ეს ე.წ. საბჭოთა ხალხი ამ საშინელი ძალის წინ და მღეროდა... როგორ შევაფარეთ თავი ქაშვეთის ეზოს და საბოლოოდ, როგორ გადაგვარჩინა ქართულმა მილიციამ (მაშინ ქართული მილიცია ხალხის მხარეს დადგა!)! წლების მერე კი იყო ის დიდი მომენტი: ევროსაბჭოს ფასადის წინ, გერმანიის და საფრანგეთის დროშებს შორის აღიმართა ქართული შინდისფერი დროშა. არასდროს დამავიწყდება, რა მღელვარებით ადევნებდა თვალს ამ პროცესს ზურა ჟვანია, რომელმაც მაშინ წარმოთქვა ეს უკვდავი ფრაზა: "მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი".
"ეს არ იქნება მარტივი და მოკლე ბრძოლა"
ნანა ჯორჯაძე, რეჟისორი: - დღეს არის ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისათვის, ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის, ერის და ქვეყნის გადარჩენისთვის. ეს გარდამტეხი მომენტია - ან ვიქნებით დამოუკიდებელი, დავიცავთ ჩვენს ღირსებას, ან ჩავიძირებით რუსულ ჭაობში და დავკარგავთ იმას, რისთვისაც იბრძოდა საქართველოს ყველა ღირსეული შვილი. იშვიათია ქვეყნის ისტორიაში ასეთი გარდამტეხი მომენტი, როგორიც ახლა გვიდგას, ამიტომ ჩვენ ერთიანობაზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი. ეს არ იქნება მარტივი და მოკლე ბრძოლა, მაგრამ, თუ ვიქნებით ერთიანები, ვერ გაგვტეხენ და ვერ გაგვყოფენ. ჩვენ მივალთ იმ მიზნამდე, რასაც ევროპული საქართველო ჰქვია, რომელიც თავისთავად გულისხმობს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას, ტერიტორიულ მთლიანობასა და დაცვას მეზობელი აგრესორებისგან.
"მტრის საახალწლო სუფრაზე ჩამოსატარებელ გოჭს ჰგავს ახლა ჩვენი ქვეყანა"
კატო ჯავახიშვილი, პოეტი: - სინამდვილეში ხდება ძალიან მარტივი რამ: ის, რაც 90-იანი წლების მერე არ ყოფილა ამ ქვეყანაში - წარმატებით დასრულდა ორი საქართველოს შექმნის პროცესი, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ დგანან ოჯახები და შვილები, მეგობრები, ნათესავები, ახლობელი ადამიანები. არის ტყუილი და ღალატი, რომელმაც ქართველი ხალხი ქუჩაში გამოიყვანა. ადრე თუ ეს ყველაფერი შეფარულად, მინიშნებებით კეთდებოდა, ახლა ყველაფერი ხელისგულზე დევს: ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ გარემოში ქართველი ხალხი რჩება მეგობრებისა და მხარდამჭერების გარეშე, რაც საბოლოოდ იზოლაციამდე მიგვიყვანს, ეს კი ვის წისქვილზეც ასხამს წყალს, უკვე გამოვიარეთ. რა ხდება? რა და, წითელი ნაჭრის აფრიალება ხალხისთვის, თანაც იმ დროს, როცა ადამიანების უმრავლესობა ნიჰილიზმში იყო; შეფურთხება ჩვენი ისტორიისთვის, წარსულისა და მომავლისთვის. ომის შიშით - მშვიდობის მკვლელობა; გამარჯვების სახელით - წინსვლის; "ღირსებით ევროპისკენ" - ევროპული მომავლის სლოგანით. არ თქვათ, რომ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშებში პატარა ქვეყნების მთავრობებს პასუხისმგებლობას ვერ დააკისრებ. სწორედ ისინი ახერხებენ გულამოცლილი და პილპილმოყრილი სამშობლოს ლანგარზე დაგდებას, პირში ბოლოკისა და მწვანილის გაჩრას და მტრის საახალწლო სუფრაზე ჩამოტარებას. ამ გოჭს ჰგავს ახლა ჩვენი ქვეყანა, სანელებლებით კარგად შეზავებულ გოჭს. ეს პროცესი მიგვიყვანს სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რადგან საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დათმობაზე წასვლას არ აპირებს. მის ნამუსზე იყოს - ის არის ამ პროცესების დამკვეთიც და შემოქმედიც. გამოსავალი ერთადერთია: თუ ოდნავ მაინც შერჩათ ადამიანობა, დაანებონ ქართველი ხალხის გაპამპულავებას თავი და წავიდნენ. სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ.
"დღეს ჩვენ ხუნტის მიერ გადატრიალების მოწმენი ვართ"
ნანა ჯანელიძე, რეჟისორი: - ჩვენ ახლა ვიქმნებით, ყველანი ერთად, საოცარი ქმნადობის პროცესში ვართ. ის ხატები, რასაც ახლა ეს რეალობა ქმნის, სასწაულია. გველი რომ ტოვებს თავის ძველ პერანგს და ახალი სხეულით იბადება, აი, ამის მოწმენი ვართ. იბადება ახალი ერი, რომელიც 35 წლის განმავლობაში გაჭირვებით მოდიოდა, მოდიოდა და უცებ ამოყო თავი ამ ახალმა სხეულმა ჩვენი ახალგაზრდების სახით. რასაც ვხედავთ საჯაროდ, ტელევიზიით, რომ გამოყო თათი საზარელმა ურჩხულმა, პოლიციამ, რობოკოპებმა და ხორცსაკეპ მანქანით გადაუვლიან ხოლმე დაუცველ ადამიანებს. ძალიან რთულ ორთაბრძოლაში ვართ, რომელიც შემდეგ აღბეჭდილი იქნება დიდ ეპოსში, რომ ასე დაიბადა ეს ერი. მე იმედი მაქვს, რომ ამ საზარელ დღეებს გადავივლით და ახლიდან დავიბადებით. ძალიან დიდი საშიშროება გვაქვს ყველა მხრიდან, მაგრამ უნდა გავუძლოთ. დღეს საქართველოში თარეშობს ხუნტა, მართული არალეგიტიმური მთავრობა და პარლამენტი. დღეს ჩვენ ამ ხუნტის მიერ სახელმწიფო გადატრიალების მოწმენი ვართ.
"ასე მგონია, სხვა ქვეყანაში გადამასახლეს"
ამირან არაბული, ფოლკლორისტი: - ამ უბედურებამ რა უნდა გვასწავლოს, ალბათ, უფრო მეტად მოფრთხილება, დაფასება და ერთმანეთის პატივისცემა, იმიტომ, რომ ბუნებაშიც, ადამიანთა ცხოვრებასა და ყოველდღიურობაში უარყოფითი ენერგია გროვდება და ცდილობს ჯებირები გაანგრიოს და თავისი ასპარეზი ნახოს. თმენის ვალდებულება ყველას აქვს, პოლიტიკოსსაც, საჯარო პირსაც და მოხელესაც. ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი, იმდენად შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში, ასე მგონია, სხვა ქვეყანაში გადამასახლეს. ისეთ თვისებებს ვკარგავთ, რაც ჩვენი განუყოფელი იყო - პატიება, თანადგომა, მიმტევებლობა,¬ ზომიერება, შინაგანი თავისუფლება... გასაგებია, რომ ჩვენ გარშემო უამრავი რამ შეიცვალა - ომია ევროპაში, მსოფლიოში კატაკლიზმებია, მაგრამ ჩვენ ერთი მტკაველი მიწის შვილები¬ ვართ, ასეთი აგრესიული დამოკიდებულება ქართველებს შორის არასდროს ყოფილა. რა გგონიათ, პოლიტიკური განხეთქილება არასდროს ყოფილა? იმდენჯერ დაიღვარა სისხლი, იმდენჯერ ვესროლეთ ერთმანეთს სახეშიც, ზურგშიც ტყვიაც და ლაფიც, რომ მეგონა, რაღაც გვასწავლა იმ წლებმა, შეცდომებმა, სინანული, ერთმანეთის ნდობა და პატიება ვისწავლეთ, მაგრამ არა... რას ვაკეთებთ, იმავეს ვუტოვებთ მომავალ თაობას, რაც ჩემმა თაობამ ჩვენსას დაუტოვა?! გვინდა ისინიც დაულაგებელ ქვეყანაში ცხოვრობდნენ? თუ ევროპაა ჩვენი არჩევანი, რას ვაკეთებთ, რომ სამართლებრივადაც მისი ნაწილი გავხდეთ? არადა, ჩვენი წინაპრები ცხოვრების წესით, კულტურით, შეგნებით, ტოლერანტობით ევროპის ნაწილი იყვნენ. ამ ოჯახის წევრი რომ გავმხდარიყავით, უამრავი სისხლი დაღვარეს, სხვადასხვა დროს სხვადასხვა გზით ვცდილობდით მისკენ გვევლო, რადგან მაშინაც ჩვენი ხსნა ევროპაში იყო.
"ხელები შორს ამ ბავშვებისაგან"
ჟანრი ლოლაშვილი, მსახიობი: - დღეს ჩვენ თვალწინ წარმოუდგენელი ამბავი ხდება. გული მისკდება, რომ ვუყურებ. იცით, რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ ჩვენ არასდროს არა ვართ თავისუფალი. გასაგებია, რომ ამ საოცარ ბავშვებს ასე სწყურიათ თავისუფლება, განვითარება, განათლება. გალაკტიონს რომ აქვს: "მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა! ეს "როგორც მინდა" ჩვეულებრივი სიტყვა არ არის. სულ კითხვის ნიშნები აქვს ადამიანს, იმის გამო, რომ არჩევანი აქვს. ყოველი წუთი და წამი არჩევანია. თავიდან ბოლომდე ქაოსში ვცხოვრობთ და ამის დალაგება წარმოუდგენელია. ქართველები რაღაცის გამო ერთმანეთს ვგლეჯთ! ასე იყო სულ, რაც თავი მახსოვს, მაგრამ იმას, რაც ახლა ხდება, არ ვიცი, რა ჰქვია! ხელები შორს ამ ბავშვებისაგან, თორემ ამას ღმერთი არ გაპატიებთ! ეს თაობა ყველაზე ლაღი, მოაზროვნე თაობაა! ამათ ვერ მოატყუებთ, გამორიცხულია! სანამ კიდევ დროა, უკან დაიხიოს ყველამ, ვინც ამ ბავშვების წინააღმდეგ გამოდის. რა მნიშვნელობა აქვს, ვის მხარეს ხარ და რომელ პარტიას ეკუთვნი? ამ ახალგაზრდების გამო ყველა დათმობაზე უნდა წავიდეთ, სხვა გზას ვერ ვხედავ! არ შეიძლება ძალადობა, არა!
თამთა დადეშელი
ხათუნა ჩიგოგიძე,
რუსუდან შაიშმელაშვილი