"Картвелы, вы допрыгались" - რას ამბობენ აფხაზები და ოსები ქართულ საპროტესტო აქციებზე - კვირის პალიტრა

"Картвелы, вы допрыгались" - რას ამბობენ აფხაზები და ოსები ქართულ საპროტესტო აქციებზე

თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში დაწყებულ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გასაწევრებელი მოლაპარაკების შეწყვეტაზე "ქართული ოცნების" განცხადებას მოჰყვა, დიდი ინტერესით აკვირდებიან ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. ოსები და აფხაზები უმეტესად ტელეგრამარხებსა და "ტიკ-ტოკზე" აქტიურობენ, ვრცელდება კადრები აქციებიდან, მომიტინგეთა გამონათქვამები, "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების განცხადებები, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლები, სპეცრაზმის ძალადობა, წაქცეული მომიტინგეების ცემის კადრები, დაკავებები - თითქმის ყველა ვიდეოჩანაწერი და ცნობა, რაც ქართულ მედიაში ჩნდება. არის განხილვებიც, რას მოუტანს ეს პროცესი აფხაზებსა და ოსებს.

"ვინც ჩვენს აღიარებას ფიქრობდა და ეშინოდა დასავლეთის სანქციების, ახლა ეს შიში მოხსნილია"

ოკუპირებულ აფხაზეთში ახლა საკუთარი პროტესტი აქვთ - რუსი ოლიგარქებისთვის შეღავათიანი საინვესტიციო ხელშეკრულების გამო გამართული დიდი მიტინგისა და ასლან ბჟანიას გადაყენების შემდეგ ახლა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. პარალელურად­ საპროტესტო განწყობა გრძელდება. გასულ სამშაბათს სოხუმში ისევ გაიმართა მცირე აქცია, როდესაც დე ფაქტო პარლამენტში ე.წ. საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიკაციის წინააღმდეგ "დეპუტატებმა" მისცეს ხმა. აქცია იგეგმება 12 დეკემბერსაც, რადგან დე ფაქტო გენერალურ პროკურორს უფლებამოსილების ვადა ეწურება და ოპოზიცია ცდილობს თავისი კანდიდატურა გაიყვანოს. ამიტომაც აფხაზებს ჩვენზე სალაპარაკოდ დიდად არ სცალიათ, მაგრამ არაოკუპირებულ საქართველოში მიმდინარე პროტესტის შესახებ ვიდეოკადრები მაინც ვრცელდება. გარდა ამისა, რამდენიმე აფხაზურ ტელეგრამარხზე ჩატარდა გამოკითხვა: ადევნებთ თუ არა თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს? ამ კითხვას გამოკითხულთა 60-70%-მა უპასუხა, რომ აინტერესებთ. განცხადებებს არ აკეთებენ აფხაზი პოლიტიკოსები, განხილვებში, ძირითადად, რიგითი აფხაზები ერთვებიან. მაგალითად, "ფეისბუქზე" ომის ვეტერანმა და ოპოზიციონერმა ლაშა ზუხბამ გაავრცელა აქციის კადრები თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან. მის პოსტებს გამოხმაურებებიც მოჰყვა.

"ამჯერად ქვეყნის თითქმის 80%-ს არ სურს "მეოცნებეების" გზა, იმათაც კი, ვინც მათ მისცა ხმა. ახლა საკითხავია არა ქვეყნის კურსი და არამედ ის, თუ ვინ არის ხელისუფლებაში".

"ხელისუფლება მომიტინგეებს სასტიკად უსწორდება, ჩვენი (აფხაზეთის დე ფაქტო) ხელისუფლების ოცნებას ასრულებენ. რაც უფრო მეტ დანაშაულს სჩადის ხელისუფლება, მით სწრაფად დამთავრდება დაპირისპირება, თანაც არა ხელისუფლების სასარგებლოდ", - წერენ კომენტარებში.

"ჩეგემსკაია პრავდის" რედაქტორი ინალ ხაშიგი წერს, რომ "მაისში პრემიერ-მინისტრი კობახიძე აცხადებდა, რომ საქა­რთველო ევროკავშირს 2030 წლისთვის შეუერთდებოდა "აფხაზი და ოსი ძმებით" და ეს პოპულისტური იყო. ივანიშვილის პარტია ცდილობდა საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩევლისთვის "აეხსნა", რომ საქართველოს ტრადიციული ევროპული კურსი არ შეიცვლება. ახლა თბილისმა ოფიციალურად შეცვალა განვითარების გეოპოლიტიკური ვექტორი. ამ ლოგიკით საქართველოს ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე მოლაპარაკების გააქტიურება".

ტელეგრამარხებზე ასევე იწერება, რომ საქართველოში "სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა": "რატომ შორდებიან ქართველები ასე ძალიან ევროპას და ცდილობენ რუსეთთან მეგობრობას? ევროპიდან აქვთ ფული, უკეთესი ცხოვრების დონე და რა უნდა წაიღონ რუსეთიდან? ასეთი კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს"...

აქტიურია აფხაზური ტელეგრამარხი "შოვმინი", რომელიც ასლან ბჟანიას მხარდამჭერია: "პროტესტს ხელმძღვანელობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დასავლეთის უშუალო პროტეჟე, საფრანგეთის მოქალაქე, რომელმაც მოიწონა პუტჩისტების, ადგურ არძინბას, კან კვარჩიასა და ლევან მიქაას ქმედებები აფხაზეთში. ველოდებით, რომ ქართველების აქციას მხარდაჭერას "ხარა პიცუნდაც" გამოუცხადებს".

როგორც აფხაზეთის ტელეგრამ არხებზე წერენ, ვაშინგტონსა და თბილისს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაუქმება ნიშნავს, რომ აშშ აღარ იქნება ჩართული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საქმეში და ეს აღიარების ფანჯარას ხსნის: "ქართველებს აღარ ექნებათ დასავლეთის მხარდაჭერა, რაც ნიშნავს, რომ მათთან რაც გინდა, ის გააკეთე. ვინც ჩვენს აღიარებას ფიქრობდა, ეშინოდა დასავლეთის სანქციების, ახლა ეს შიში მოხსნილია. "Картвелы, вы допрыгались..."

ქართულ ამბებს ეხმაურება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რესი", რომელიც "ოცნების" მხარდამჭერ ვრცელ ანალიტიკურ სტატიას ავრცელებს და "ოცნებას" "საქართველოს მტრების" რეპრესიებისკენ მოუწოდებს. "არეულობა შთაგონებულია დასავლეთისგან, რომლის მიზანია რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყება". ავტორის თქმით, "საქართველოში ანტისამთავრობო "პოგრომების" ორგანიზატორებმა კარგად იციან, რომ დასავლეთმა და საქართველოში პროდასავლურმა ძალებმა დაკარგეს ქართველი ხალხის ელექტორალურად მნიშვნელოვანი ნდობა და საქართველოს დასავლეთის კონტროლქვეშ შენარჩუნების ერთადერთი გზა ძალისმიერი დამხობაა. "აჯანყებულებს" უნდათ "ქართული ოცნების" ხელისუფლების დამხობა და ხელისუფლებაში დასავლეთისთვის სასიამოვნო პირების მოყვანა, რომლებიც რუსეთთან ომს დაიწყებენ... აგრესიული პროდასავლური მეამბოხეები­ საქართველოში ეწინააღმდეგებიან ივანიშვილისა და კობახიძის მშვიდობისმოყვარე პოზიციას, რომლებიც სარგებლობენ ხალხის ნდობითა და მხარდაჭერით, უარყოფენ ქართველი ხალხის სიცოცხლის უფლებას, სურთ მათთვის ომი, ნგრევა და სიკვდილი".

ამ პროპაგანდისტულ სტატიას ტელეგრამარხ "ბონვარნონზე", რომელიც აქტიურად ავრცელებს საქართველოზე ცნობებს­, ოსების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. დაიწერა, რომ "საქართველო მტერია", ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, და "ოსური სახელმწიფო მედია" არ უნდა გადაიქცეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფილიალად. თუმცა ოსების დიდი ნაწილი, ვინც "ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს, ამბობს, რომ "ხელისუფლებაში ლიბერალების მოსვლას შესაძლოა ახალი ომი მოჰყვეს".

საქართველოს ამბებს აქტიურად აშუქებს ვლადიკავკაზელი ბლოგერი ალან მამიევი: "უკრაინელებმა მიიღეს ქვეყნის ნანგრევები, ახლა კი ქართველების ჯერია. 2013 წლის დეკემბერში კიევშიც ყველაფერი ასე დაიწყო, ქართველებს ჯერ კიდევ აქვთ დრო, რომ გონზე მოვიდნენ... ქართველებს აქვთ მაგალითი - ლუკაშენკომ 2020 წელს ნათლად აჩვენა, თუ როგორ უნდა მოიქცეს ქვეყანაში გადატრიალების თავიდან ასაცილებლად"...

"საქართველო დაბრუნდება რუსეთის ორბიტაზე და მოუწევს აფხაზეთის აღიარება"

მიხეილ კვატაშიძე, ახალგაზრდული­ მოძრაობა "ამრას" თანადამფუძნებელი:­ - ქართველებისგან განსხვავებით, აფხაზეთში­ ძალოვანი სტრუქტურები ხალხის წინააღმდეგ არ მიდიან და სპეცრაზმი ძალას არ იყენებს, ამიტომაც ოპოზიციამ ადვილად მიაღწია შედეგს. სოხუმში გაიძახიან, ჩვენ გავიმარჯვეთ, იმიტომ, რომ ჩვენთან ხალხის­ ძალაუფლება არსებობს, ყველაფერი ისე ხდება, როგორც ხალხს უნდა, თქვენთან კი, ქართველებთან, ასე არ არისო...

ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ დავალებებს ასრულებს, საქართველო რუსეთში ბრუნდებაო. ჩვენ ვეუბნებით, რომ თუკი რუსეთში დავბრუნდებით, ეს აფხაზეთისთვის სახარბიელო არ არის, მაგრამ ისინი ძალიან ხისტები და თავდაჯერებულები არიან, ამბობენ, რომ საქართველო დაბრუნდება რუსეთის ორბიტაზე და მოუწევს აფხაზეთის აღიარებაო. ივანიშვილის ბოდიშის მოხდის შემდეგ დაიწყეს ამაზე მტკიცებით საუბარი. ელიან, რომ თბილისი მათთან თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულებას დადებს. განიხილავენ კონფედერაციის მოდელსაც.

"აფხაზ ახალგაზრდებს ქართველების პროტესტის კრეატიულობა მოსწონთ"

შმაგი სამხარაძე, მოძრაობა "სამოქალაქო თანხმობის" დამფუძნებელი: - აფხაზეთში საქართველოს ამბები აინტერესებთ, თუმცა ახლა დუმილსა და დაკვირვებას არჩევენ. ძირითადად, "ტიკ-ტოკზე" აქტიურობენ. არის პირდაპირი ეთერებიც, სადაც საქართველოს ამბებს განიხილავენ. ძირითადად, პრორუსული განწყობის ხალხია. "ტელეგრამსა" და "ფეისბუქზე" უფრო საშუალო ფენაა, ის, ვისაც კითხვა უყვარს.

აფხაზეთში ნაწილი თვლის, რომ თბილისში აქციები დასავლეთის სცენარია, მაიდნის განმეორების სურვილი. თავიდან ფიქრობდნენ, რომ ივანიშვილისთვის უნდა დაეჭირათ მხარი, იმიტომ, რომ ომს არ დაიწყებსო. ამბობდნენ, "ოცნება" მაჩანჩალაა, სუსტი და რუსეთი იქამდე მიიყვანს, აფხაზეთის დაკარგვას შეაგუოს და ჩვენი აღიარებაც მოხდესო. შემდეგ გაუჩნდათ შიში, ვაითუ, მოსკოვთან დაახლოების შემდეგ რუსეთის შემადგენლობაში შესულ საქართველოს აფხაზეთი დაუთმონ, გვაიძულონ საქართველოში კონფედერაციისა თუ ფედერაციის ფორმატით დაგვაბრუნონო. ახლა, როცა რუსეთის სახე დაინახეს, რუსულ ინტერესებს წინააღმდეგობას უწევენ. ამასთან, აკვირდებიან ჩვენს აქციებს და დუმილს ამჯობინებენ.

აფხაზებს სძულთ ქართველები, მაგრამ არ უყვართ რუსები, არ უნდათ რუსული ავტორიტარიზმი აფხაზეთში და ეს არის ჩვენი შანსი - შესაძლებელია ვიღაცები გამოჩნდნენ და ჩვენთან ლაპარაკი დაიწყონ, რომ დასავლეთი სჯობს რუსეთს, რომ ქართველები კაციჭამიები არა ვართ.

"რუსეთი არ დათმობს საქართველოში პოზიციებს"

ზურაბ ბენდიანიშვილი, კოალიცია "დევნილთა უფლებებისთვის" თავმჯდომარე:­ - ცხინვალში უმეტესად "ქართულ ოცნებას" უჭერენ მხარს. დარწმუნებული არიან, რომ საქართველოს ხელისუფლება პრორუსულია და რუსეთის მხარდაჭერილი პარტია კანონიერია. სჯერათ, რომ რაც არ უნდა დაუახლოვდეს თბილისი მოსკოვს, რუსეთი სამხრეთ ოსეთს არ დაუთმობს ქართველებს. თუმცა კონფედერაციის ვარიანტსაც არ გამორიცხავენ. ეშინიათ, სისხლი არ დაიღვაროს, ბევრს ჰყავს აქეთ ნათესავი და მათი ბედი ანაღვლებთ.

აფხაზეთის ნაწილი უფრო "ოცნების" მხარდამჭერია. "ოცნებისა" და რუსეთის პროპაგანდამ მოახერხა, რომ "ოცნება" აღქმულია როგორც სტაბილურობის, მშვიდობის გარანტი ხელისუფლება.

მეორე მხრივ, საქართველოში რუსეთის წარმატება აფხაზებისთვის მძიმე პერსპექტივაა, რადგან შემდეგ მათი ჯერი დადგება და ამდენად წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება აქვთ. როგორც აფხაზეთში, ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთში იმედი აქვთ, რომ რუსეთი არაფერს დათმობს.

ეკატერინე ბასილაია