ნოდარ მელაძე:"ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი, ქვეყანაში დღეს ჟურნალისტები არიან ისეთ საფრთხეში, როგორშიც არასდროს ყოფილან" - კვირის პალიტრა

ნოდარ მელაძე:"ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი, ქვეყანაში დღეს ჟურნალისტები არიან ისეთ საფრთხეში, როგორშიც არასდროს ყოფილან"

ეს ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი, მზად არის, მოკლას ამ ქვეყანაში ჟურნალისტები იმიტომ, რომ ხვალ ამ ქვეყანაში სრული მდუმარება იყოს და ხმა აღარავინ ამოიღოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ მედიის მხარდამჭერ აქციაზე განუცხადა.

მისი თქმით, „სამთავრობო, პროპაგანდისტულ მედიაში დასაქმებულმა ჟურნალისტებმა რეალობას თვალი უნდა გაუსწორონ და ძალადობა დაგმონ“, ხოლო თუ ისინი დუმილს აირჩევენ, ამით ხელისუფლებას მეტის უფლებას მისცემენ.

„ამ ქვეყანაში დღეს ჟურნალისტები არიან ისეთ საფრთხეში, როგორშიც არასდროს ყოფილან. ბეწვზე გადარჩნენ გუშინ სიკვდილს ჩვენი მეგობრები, ჩემი გუნდის წევრები: მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული, ძალიან კარგად ჩანდა იმ კადრებშიც. გიორგი დღეს რომ შეძლებს გადაადგილებას და ფეხზე დადგება, არის მხოლოდ იმის დამსახურება, რომ ზურგზე ჰქონდა ზურგჩანთა, რომელშიც არის მოთავსებული პირდაპირი ტრანსლაციის აპარატი Live-u, რომელიც არის რკინის მოწყობილობა. როდესაც ხერხემალში წიხლებს ურტყამდნენ, ეს Live-u ვერ მოგლიჯეს, რამაც გადაარჩინა ხერხემლის არეში დაჟეჟილობებით და არა მოტეხილობებით. ეს ხელისუფლება არის ყველაფერზე წამსვლელი, მზად არის, მოკლას ამ ქვეყანაში ჟურნალისტები იმიტომ, რომ ხვალ ამ ქვეყანაში სრული მდუმარება იყოს, ხმა აღარავინ ამოიღოს. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ხელისუფლებასთან ერთად, არის მედია. ხანდახან ცხოვრებაში დგება ეტაპი, როდესაც სამთავრობო, პროპაგანდისტულ მედიაში დასაქმებულმა ჟურნალისტებმაც რეალობას თვალი უნდა გაუსწორონ იმიტომ, რომ ხვალ, როდესაც გამოვლენ და ირაკლი კობახიძის ბოდვებს აბსოლუტურ „ჭეშმარიტებად“ მონათლავენ და ხელისუფლებას მისცემენ უფლებას, რომ ყველაფერი გაუმართლონ, რასაც ისინი იტყვიან, ისინი კიდევ უფრო მეტს გააკეთებენ. როდესაც სამთავრობო მედიაში მომუშავე ჟურნალისტები, მინიმუმ პროფესიულ ღირსებას დაიცავენ და ყველაფერს ხელს არ მოაწერენ, ხელისუფლება ამ ყველაფერს ვერ გაბედავს“,- განაცხადა მელაძემ.

შეგახსენებთ, „რესპუბლიკის მოედანზე“ მედიის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე სხვადასხვა მედიასაშუალების ოპერატორები და ჟურნალისტები არიან შეკრებილი. აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ მედიის იმ წარმომადგენლებს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმის ობიექტი გახდნენ.

ცნობისთვის, გუშინ „ტვ პირველის“ ოპერატორს გიორგი შეწირულს და ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო გამოძიება, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ითვალისწინებს.