„ამ ომში თურქეთს აშშ-იც დაუჭერს მხარს და სანამ სხვა მოთამაშეები ამ პროცესს გამოთიშული არიან, თურქეთი მიზანს მიაღწევს“ - კვირის პალიტრა

„ამ ომში თურქეთს აშშ-იც დაუჭერს მხარს და სანამ სხვა მოთამაშეები ამ პროცესს გამოთიშული არიან, თურქეთი მიზანს მიაღწევს“

მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს სირიის კონფლიქტის სახით ახალი თავსატეხი გაუჩნდა. ისლამისტურმა ანტისამთავრობო დაჯგუფებებმა პროთურქული "ჰაიათ თაჰ­რირ ალ-შამის" მეთაურობით, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, კონტროლი დააწესეს სირიის ჩრდილო-დასავლეთ იდლიბის პროვინციაზე. იდლიბში გამაგრებულმა ისლამისტმა აჯანყებულებმა სწრაფი და მოულოდნელი იერიშით თითქმის სრულად აიღეს ალეპო, მათ შორის ქალაქის ის უბნები, რომლებსაც სამოქალაქო ომის წლებშიც კი ბაშარ ალ-ასადის არმია აკონტროლებდა. ამან უფრო დაძაბა ვითარება რეგიონში, რომელიც უკვე მოცულია ისრაელის ომებით ღაზასა და ლიბანში... ექსპერტების შეფასებით, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა თურქეთს სირიის მომავლის განსაზღვრაში დომინანტური როლი მისცეს. რა იყო ამბოხების მიზეზები, ვისი ინტერესები იკვეთება მასში და რა დასასრული ექნება კონფლიქტს, ამ საკითხებზე ახლო აღმოსაველთის საკითხების ექსპერტი, ირანისტი ვასილ პაპავა გვესაუბრება:

- სირიის სახელმწიფო ოსმალეთის იმპერიის ნანგრევებზე ხელოვნურად შეიქმნა.­ ის მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე საფრანგეთის მანდატქვეშ იმყოფებოდა.­ ამ პერიოდში (1921-1946 წლამდე, ვიდრე დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდებოდა) ფრანგული კოლონიური ადმინისტრაცია "დაყავი და იბატონეს" პრინციპით ახალისებდა რელიგიურ უმცირესობებს რელიგიური უმრავლესობის საზიანოდ. ამ პერი­ოდში ბიუროკრატიულ აპარატში, ძალოვან უწყებებში, არმიასა და სხვაგან პოზიციების განმტკიცებისთვის აქტიურობდნენ ალავიტები - რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც სუნიზმის, შიიზმისა და ქრისტიანობის პრეისლამური პერიოდის რელიგიური შეხედულებების ნაზავია. თვითონ სუნიტები (ვინც სირიის უმრავლესობას წარმოადგენდა) თითქმის 85%-ზე მეტი იყო და ისინი ალავიტებს სუნიტებად არ მიიჩნევდნენ. ალავიტები, როგორც კლანი, ხელისუფლებაში 1971 წელს მოვიდა, როდესაც ჰაფეზ ალ-ასადმა (ბაშარ ასადის მამამ) მოაწყო სამხედრო გადატრიალება, რის შემდეგაც­ ალავიტებმა განიმტკიცეს ძალაუფლება და დრაკონული მეთოდებით მართავდნენ სირიას. ეს იყო ნოყიერი ნიადაგი, რომ კონფლიქტს მისცემოდა ასეთი რელიგიური ხასიათი "არაბული გაზაფხულის" ქაოსის­ შექმნით. ამას ემატება გარე, რეგიონული და არარეგიონული ძალების ჩარევა, რის გარეშეც ასადის ხელისუფლება ამ საპროტესტო გამოსვლებს სისხლში ჩაახშობდა. ზუსტად რეგიონული და არარეგიონული სახელმწიფოების გადაკვეთამ და ვერშეთანხმებამ მიიყვანა სირია იქამდე,­ რომ დღეს ის გახდა პოლიგონი, სადაც ერთმანეთს ებრძვის სხვადასხვა ქვეყანა, ოღონდ სხვისი ხელით: რუსეთის, ირანის, თურქეთის, ირიბად ისრაელისაც (უფრო ავიაციის მეშვეობით მონაწილეობს), ამერიკის საჯარისო ნაწილების აღმოსავლეთ სირიაში, რომელიც გაზითა და ნავთობით მდიდარია­ - სირიის ენერგორესურსების 90% სწორედ აღმოსავლეთ სირიაშია. წარმოიდგინეთ, რა რესურსები ექნებოდათ ასადის ხელისუფლებას, ქურთებსა და მის მხარდამჭერ ამერიკელებს, აღმოსავლეთი რომ არ დაეკავებინათ, მას მეტი საშუალება ექნებოდა წინააღმდეგობა გაეწია სხვადასხვა დაჯ­გუფებისთვის. ამერიკას 10-ზე მეტი სამხედრო ბაზა აქვს აღმოსავლეთ სირიაში.­ სირიაში არსებობს ირანული საჯარისო­ ნაწილების მინიბაზებიც,­ რომლებსაც ისრა­ელი პერმანენტულად აყენებს დარტყმას, ვინაიდან მისთვის მიუღებელია საზღვრებს დაუახლოვდეს­ ირანი, რომელიც აქტიურად­ აფინანსებს ლიბანში "ჰეზბოლას", რომელიც ებრძვის ისრაელს. რუსეთსაც აქვს სირიაში ერთადერთი სამხედრო ბაზა. ასეთი გადახლართული მოზაიკაა...

- რას უკავშირდება პროთურქული ისლამისტური დაჯგუფება "ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის" გააქტიურება?

- ამ ისლამისტური დაჯგუფების მოკავშირეა თურქეთი. მისი გააქტიურება იმას უკავშირდება, რომ 4 წლის წინ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე (რუსეთი იყო აქტიურად მასში ჩარეული) სირიის სხვადასხვა პროვინციიდან (ჰომსის, ჰამას, სუვეიდას, ალეპოს, აღმოსავლეთ სირიის მიდამოებიდან) იქ მოქმედი სხვადასხვა ისლამისტური დაჯგუფების მებრძოლები ოჯახებიანად იდლიბის პროვინციასა და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში უნდა გადაეყვანათ. ყველა ეს რეგიონი, ფაქტობრივად, თურქეთის პროტექტორატში იყო. შემდეგ ამ ტერიტორიაზე სამთავრობო ძალები გამაგრდნენ, ახლა კი სხვა პროცესები წამოვიდა,­ 4 წლის შემდეგ ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი - რუსეთის ყურადღება უკრაინის ფრონტზეა გადატანილი, ძალიან დასუსტდა ლიბანური "ჰეზბოლა" (რომელიც ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა იყო, ვინც ასადის მხარეს იბრძოდა), რაც შეეხება ირანის გავლენას, ასადის ხელისუფლების გადარჩენა ირანისა­ და რუსეთის დამსახურებაა - რუსეთი თავისი ავიაციით, ირანი კი სახმელეთო ჯარებით ეხმარებოდა.

- რამ გამოიწვია უმოკლეს დროში ფრონტის ასეთი მასშტაბური ჩამოშლა, რომელსაც სირიის სამთავრობო ძალები აკონტროლებდნენ?

- იმან, რომ ყველა გარე მოთამაშე გამოთიშული იყო სირიის კონფლიქტს - რუსეთი ჩართულია უკრაინასთან ომში, ირანმა ძირითადი საჯარისო ნაწილები გაიყვანა, "ჰეზბოლა" დასუსტებულია და ამას ზედ ერთვის თვითონ სირიის არმიის დასუსტება. ამით ისარგებლა თურქეთმა, რომელმაც 2017 წელს მოახერხა მძლავრი სამხედრო მანქანის შექმნა ამ ისლამისტური­ დაჯგუფებებისგან. თურქეთმა­ 4 წლის განმავლობაში გადაიბირა და გაწვრთნა ათიათასობით მებრძოლი როგორც იდლიბში, ასევე თურქეთში მცხოვრები სირიელებისგან - საზღვარზე 4 მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილია დასახლებული. ახლა "ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი" ისლამისტურ დაჯგუფებებს შორის მთავარი დამრტყმელი სამხედრო ძალაა, მას თურქეთი, ნატოს წევრი ქვეყანა აფინანსებს. ამ ომში თურქეთს აშშ-ც დაუჭერს მხარს და სანამ სხვა მოთამაშეები ამ პროცესს გამოთიშული არიან, თურქეთი მიზანს მიაღწევს.

- ამერიკა, ალბათ, დიდი დილემის წინაშეა... როგორ და ვის სასარგებლოდ გადაჭრის ამ პრობლემას ტრამპის ადმინისტრაცია?

- აშშ-მა და მისმა შექმნილმა კოალიციამ გადამწყვეტი როლი ითამაშეს ისლამური სახელმწიფოს განადგურებაში სირიის მხარეს, ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ ერაყის მოვლენებში... სირიის ტერიტორიაზე ისლამური სახელმწიფოს განადგურება ქურთებისა და აშშ-ის დამსახურებაა. ამ ვითარებაში, როცა "ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის" უკან თურქეთი დგას, მთელი რიგი რაიონებიდან აყარეს ქურთები, ასიათასობით დევნილი ქურთი მიემართება­ აღმოსავლეთ სირიისკენ, ანუ იმ ტერიტორიაზე, სადაც ამერიკული ბაზებია და უფრო დიდი პოზიციები აქვთ ქურთებს. თურქეთისთვის ქურთების ფართო ავტონომია და შეიარაღებული ფორმირებების ყოლა სირიის ტერიტორიაზე, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება თურქეთს, დიდი რისკია ეროვნული უსაფრთხოებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ თურქეთში 20 მილიონზე მეტი ქურთი ცხოვრობს და წლებია მიმდინარეობს ტერორისტული საქმიანობა თურქეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. ერაყისა და სირიის ტერიტორია, ფაქტობრივად, ტერორისტული ორგანიზაციისთვის ბაზებად იქცა... ქვეყნის გარეთ თურქეთი ცდილობს გაანეიტრალოს საფრთხეები, რათა თვითონ თურქეთისთვის არ იყოს გადამდები. ახლა ამერიკა მხარს უჭერს თურქეთს, მის მოკავშირესა და ნატოს წევრს, მაგრამ უჭერს მხარს ქურთებსაც. მას ახლა მოუწევს ქურთების გაწირვა, იმიტომ, რომ ისინი იარაღს არ დაყრიან - ამ არაპროგნოზირებად რეგიონში,­ ვინ მისცემს ქურთებს გარანტიას, რომ იარაღის­ დაყრა მათი გადარჩენის გარანტია იქნება?­ ისინი დგებიან დილემის წინაშე, რომ 100 ათასზე მეტი ქურთი მებრძოლი გაურიგდეს ასადის ხელისუფლებას, რომელთანაც ისეთი მწვავე შეუთანხმებლობა არა აქვთ. ქურთები 4 სახელმწიფოში სახლობენ - სირიაში, ერაყში, თურქეთსა და ირანში. ერაყში მათ დამოუკიდებლობა აქვთ, ირანსა­ და თურქეთში - არა, სირიაში კი ამ ომის პერიოდში მოიპოვებენ. ასეთ პირობებში ქურთებს ასადის რეჟიმი დრაკონული მეთოდებით არ ებრძოდა, უბრალოდ, იყო დისკრიმინაციული­ მომენტები, სისხლიანი დაპირისპირებები, მაგრამ ეთნიკური წმენდა, სოფლების განადგურება და ქიმიური იარაღის გამოყენება­ არ ყოფილა, რაც ტოვებს საშუალებას, რომ თუ ამერიკელებმა თურქეთის მხარე აირჩიეს და ქურთები ბედის ანაბარად მიატოვეს, ისინი ასადს შეურიგდებიან. ახლო აღმოავლეთი მდიდარია ასეთი კონფიგურაციების შექმნით (გუშინდელი შენი მოკავშირე დღეს არამოკავშირე ხდება). ეს ასადისთვის დიდი შვება იქნება.

- რაზეა ახლა ეს დამოკიდებული?

- ამ პროთურქულმა დაჯგუფებამ სირიაში ძალაუფლების მოპოვება რომ შეძლოს, იქ ქურთების ავტონომიისა და შეიარაღებული ფორმირების ყოლა ფანტა­სტიკაა. ახლა ის მომენტია, როგორ მოახე­რხებს ამერიკა, რომ თურქებსაც არ აწყენინოს და ქურთებიც არ მიატოვოს. ჯერჯერობით წარმოუდგენელია, ეს როგორ უნდა მოხერხდეს, რადგან პროთურქული დაჯგუფება უტევს ქურთებით დასახლებულ პოზიციებს. ამ ვითარებაში ბაშარ ალ-ასადი უფრო წავა დათმობაზე, ვიდრე ის, ვინც ახლა იბრძვის. თუ ასადის რეჟიმი­ დაამხვეს, რა დათმობაზეა საუბარი, მაქსიმუმს მიიღებენ და თავიანთ ისლამურ სახელმწიფოს შექმნიან, მანდ ქურთების ადგილი არ იქნება.

- რა გავლენა ექნება ამ ომს ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე?

- რუსეთისთვის მარცხი იქნება, თუ თავის ერთადერთ ბაზას დაკარგავს ახლო აღმოსავლეთში და სამუდამოდ გაძევდება იქიდან. ეს ირანისთვისაც დიდი საფრთხეა - თუ პროთურქულმა ძალებმა ბაშარ ასადის რეჟიმი დაამხვეს, ავტომატურად გავრცელდება ლიბანზე, სადაც სუნიტები და შიიტები ცხოვრობენ. ლიბანური შიიტური ორგანიზაცია განადგურდება, ანუ ომი გადაინაცვლებს ლიბანში და ეს ირანის ინტერესებს დაარტყამს. პერმანენტული საფრთხე შეექმნება ერაყსაც, რომელსაც შიიტები მართავენ, მაგრამ სუნიტებიც არიან. ირანისთვის, რომლის საგარეო რეგიონული ვექტორი ეფუძნება შიიტების მხარდაჭერას, ეს გაცილებით სახიფათოა, ვიდრე რუსეთისთვის, მაგრამ რუსეთი ასე მარტივად დათმობს თუ არა ერთადერთ სამხედრო ბაზას, ესეც საკითხავია, რადგან ამით სამუდამოდ მოსწყდება რეგიონს. ასე რომ, ეს კონფლიქტი არაპროგნოზირებადია... თურქეთის გარდა, ირანსაც თავისი ინტერესები აქვს, რომლის საგარეო მინისტრი მოსკოვში ჩაფრენას გეგმავს. მინისტრმა განაცხადა, თუ სირიის ხელისუფლება ირანს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართავს, ამ საკითხს სერიოზულად განვიხილავთ და უყურადღებოდ არ დავტოვებთო. ეს იყო გზავნილი, რომ ირანს არ სურს კონფლიქტში პირდაპირ ჩარევა, მაგრამ აქვს თავისი ინტერესები.

თურქეთმა გავლენის გასაფართოებლად გამოიყენა ვითარება, დანარჩენი მოთამაშეების პოზიციების შესუსტებით ისარგებლა და თავის პოზიციებს აძლიერებს. როგორ განვითარდება მოვლენები, დიდად დამოკიდებულია ამერიკაზე, ჩინეთსა და რუსეთზე. არ ვიცით, რას მოიმოქმედებს რუსეთის ხელისუფლებაც - პირდაპირ საჯარისო ნაწილებს არ გაგზავნის, მაგრამ დამატებითი ავიაცია უკვე გაგზავნა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან შეიძლება ბალისტიკური რაკეტებიც მიაწოდოს სირიას. ახლა ასადი ისეთ მდგომარეობაშია, ვა-ბანკზე შეუძლია წასვლა, თუ დაკარგვაა, ყველაფერს დაკარგავს - სიცოცხლესაც და ძალაუფლებასაც. ამიტომაც, ალბათ, დახმარების თხოვნით მიმართავს კიდეც. ასეთი მესიჯები თურქეთისთვის ვრცელდება, ჩვენ არ გვსურს კონფლიქტის გამწვავება, მეც მაქვს რესურსი, ჩემი ინტერესები რომ დავიცვაო. ამის დასტურია პირველ ეტაპზე 30 ათასზე მეტი შიიტი მებრძოლის სირიის ტერიტორიაზე გადასვლა.

- სირიის კონფლიქტი ხომ არ შეასუსტებს რუსეთის პოზიციას უკრაინაში?

- სავარაუდოდ, იმოქმედებს, იმიტომ, რომ რუსეთს ორივეგან აქვს ინტერესი. ახლა რუსეთი, ფაქტობრივად, ორ ფრონტზე იბრძვის და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ამ სიტუაციას რამდენად გამოიყენებს დასავლეთი. რუსეთს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი სამხედრო ბაზის დაკარგვა არ აწყობს, უკრაინის ომი, ადრე თუ გვიან, დამთავრდება და როცა რუსეთი ახლო აღმოსავლეთს მიუბრუნდება, მას იქ არანაირი პოზიცია არ ექნება. ვფიქრობ, რუსეთი სამხედრო დახმარების პროგრამას აამოქმედებს. პუტინის ადმინისტრაციამ თქვა კიდეც, რომ ეს მიმართულება ამუშავდება... კონფლიქტის ესკალაცია ყველასთვის დამანგრეველი იქნება, რადგან ირანი არ აპირებს დათმობას, პროთურქული ძალები აგრძელებენ შეტევას. საინტერესო იყო ჩინეთის განცხადებაც, რომელსაც სირიასთან სტრატეგიული ურთიერთობა აქვს და მზად არის მხარი დაუჭიროს მის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩინეთი აკვირდება და იმედოვნებს, რომ ეს კონფლიქტი დიდ ესკალაციამდე არ მივა - ეს საკმაოდ პროასადური განცხადება იყო. ერთი სიტყვით, ახლა ყველა მხარე ცდილობს ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას.