"აქამდე უნდა გაგვეპროტესტებინა თუ არა ჩვენი მდგომარეობა? კი... ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვიღებ, ვნანობ" - მედიის ინფორმაციით, "რუსთავი 2" ტელეწამყვანებმა ანა კოშაძემ და ვახო კანდელაკმა დატოვეს
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "რუსთავი 2" დატოვეს ტელეწამყვანებმა ანა კოშაძემ და ვახო კანდელაკმა.
ანა კოშაძე დილის გადაცემის წამყვანი იყო, ხოლო ვახო კანდელაკი შუადღის გადაცემის.
ანა კოშაძე ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურებოდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს:
"ჩემი მეგობარი წერს ჯგუფში თბილისში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ექიმზე, 6 თვით ადრე რომ უნდა ჩაეწერო კონსულტაციაზე, გუშინ, უკან მედგა აქციაზე და კინაღამ მივედი და კონსულტაცია ჩავატარებინეო. ჩემო “დაკავებულო” მეგობრებო, გამოდით"
"მე-11 დღე, ნაცემი, დაჭერილი, ღამენათევი (ცემასთან და დაჭერასთან რა მოსატანია, მაგრამ მაინც), გულგაგლეჯილი ადამიანებით. დღეს ნაძვის ხე გვექნება, გაიღიმეთ"
"ხან საბჭოთა რეპრესიების დრო მახსენდება ამ ყველაფერზე, ხან 90-იანების კრიმინალური გარემო და ხანაც 7 ნოემბერი. ყველაფრის ნაზავი და სინთეზი უფროა. გვეხება თუ არა ყველას? კი, გვეხება. პირველადი მოხმარების პროდუქტებს ცეცხლის ფასი უკიდია. აქამდე უნდა გაგვეპროტესტებინა თუ არა ჩვენი მდგომარეობა? კი, უნდა გაგვეპროტესტებინა. ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვიღებ, ვნანობ" - წერს ფეისბუქზე ანა კოშაძე.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში საქართველოში მიმდინარე აქციების ფონზე ფიზიკურად დაშავდნენ ჟურნალისტებიც. 7 დეკემბერს ნიღბიანი პირები პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს "ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.