ვის ენიჭება მარტოხელა მშობლის სტატუსი
ამჯერად სამართლებრივ რჩევებს მოგცემთ სისხლის სამართლის საქმეების, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატი თამარ ფირცხალავა.
სამსახურში არ მინაზღაურებენ ზეგანაკვეთურ სამუშაოს. რა შეიძლება მოვიმოქმედო?
- ნორმირებული სამუშაო განაკვეთს მიღმა შრომა ზეგანაკვეთურია. ნებისმიერი დამსაქმებელი ვალდებულია გაზრდილი საათობრივი განაკვეთით აანაზღაუროს ზეგანაკვეთური საათები. დასაქმებული, რომელიც ზეგანაკვეთურად მუშაობს, აუცილებლად უნდა იღებდეს გაზრდილ სახელფასო ანაზღაურებას. სამწუხაროდ, გაზრდილი განაკვეთის მინიმალურ ოდენობას ქართული კანონმდებლობა არ აწესრიგებს. თუმცა შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ზეგანაკვეთური შრომის სახელფასო განაკვეთი საათობრივი ანაზღაურების მინიმუმ 125%-ს უნდა შეადგენდეს. იმ შემთხვევაში თუ ზეგანაკვეთურ სამუშაოს გაიძულებენ და ანაზღაურებას არ გიხდიან, შეგიძლიათ მიმართოთ შრომის ინსპექციას. სსიპ `შრომის ინსპექციის სამსახური~ საქართველოში შრომის უსაფრთხოებაზე, შრომითი უფლებების დაცვასა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი სამუშაო გარემოზე ზედამხედველი სახელმწიფო ორგანოა. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ინსპექციას უფლება აქვს სამუშაო ადგილებზე შეამოწმოს კანონმდებლობით დადგენილი შრომითი პირობების დაცვა და დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს. შრომის ინსპექციას შეგიძლიათ მიმართოთ მისამართზე: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი 144. ტელ: 15 05
მყავს არასრულწლოვანი შვილი. მამამისს აქვს დაკისრებული ალიმენტი, მაგრამ ერთხელაც არ გადაუხდია. არ მაძლევს ბავშვის ქვეყნიდან გაყვანის ნებართვასაც. რა შეიძლება გავაკეთო?
- თუ ალიმენტს არ იხდის, უნდა მიმართოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, თუ მას არ ერიცხება ხელფასი და არც უძრავი ქონებაა მის სახელზე, აღსრულებაც ვერაფერს გააკეთებს. ალიმენტის თანხა გროვდება დავალიანების სახით და როგორც კი რამე ქონება ან ხელფასი დაფიქსირდება მამის სახელზე, მოხდება აღსრულება. რაც შეეხება ქვეყნიდან გაყვანის ნებართვას, პასპორტის ასაღებად აუცილებელია მიმართოთ სასამართლოს სარჩელით მამის კონკრეტული უფლების შეზღუდვის მოთხოვნით. ასეთ სარჩელს სჭირდება შესაბამისი მტკიცებულებები.
დავდივარ აქციებზე და დამაჯარიმეს 2.000 ლარით, რომ არ გადავიხადო, რა მოხდება? თუ შემიძლია გავასაჩივრო ადმინისტრაციული ჯარიმა?
- თუ ჯარიმას არ გადაიხდით, ყადაღა დაგედებათ ანგარიშებსა და თქვენს სახელზე არსებულ ქონებაზე. თუ გაქვთ ხელფასი, ხელფასიდან აღსრულდება. ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.
აქვს თუ არა აზრი პატრულის ჯარიმის გასაჩივრებას და რა პროცედურები უნდა გავიარო?
- თუ პირი ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს და თვლის, რომ ჯარიმა უსაფუძვლოა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლი პირს სთავაზობს გასაჩივრების 10-დღიან ვადას. ვადის გაგრძელება შეიძლება მხოლოდ საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, საჩივრის განსახილველად უფლებამოსილ ორგანოში (შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში) დაჯარიმებული პირის განცხადების საფუძველზე. სხვა შემთხვევაში ვადის გაგრძელება დაუშვებელია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლი ითვალისწინებს სამართალდარღვევის ადგილზე განხილვისას პირის დაჯარიმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ზემდგომ ორგანოში ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში. ადგილზე განხილვაში იგულისხმება საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამორკვევა. ადგილზე განხილვისას გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მყავს მცირეწლოვანი შვილი და მინდა მომენიჭოს მარტოხელა მშობლის სტატუსი, როგორ მოვიქცე?
- მარტოხელა მშობლის სტატუსი ენიჭება საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე იმ პირს, რომლის ბავშვის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში თუ მას ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი და გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში, არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ ინფორმაცია; ან ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; რომლის არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ასევე იმ შემთხვევაში თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. მოკლედ, სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების წარდგენის უფლება აქვთ: 1) სტატუსის მაძიებელ პირს 16 წლის ასაკიდან, თუ ქორწინების საფუძველზე შეძენილი აქვს ქმედუნარიანობა; 2) სტატუსის მაძიებელ 18 წლამდე პირის ერთ-ერთ კანონიერ წარმომადგენელს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ 16-იდან 18 წლამდე ასაკის პირს ქორწინების საფუძველზე აქვს შეძენილი ქმედუნარიანობა; 3) მხარდაჭერის მიმღებს მხარდამჭერის თანხმობით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი და 4) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, თუ პირი იმყოფება მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ; სტატუსის მაძიებელი პირის მიერ წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი განსაზღვრულია ზემოხსენებული ბრძანებით. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი დაბადებულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ და სტატუსის მაძიებელს არ შეუძლია წარმოადგინოს დაბადების მოწმობა, აღნიშნული დოკუმენტის ნაცვლად შესაძლებელია სააგენტოსთვის წარდგენილ იქნეს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას, მისი დაბადების ფაქტს, მშობლების ვინაობას და დაბადების აქტის რეგისტრაციის მონაცემებს. პირისათვის მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭების საკითხს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახური, რომელიც უფლებამოსილია სტატუსის მაძიებელი გასაუბრებაზე მიიწვიოს. წარმოების პროცესში აგრეთვე შესაძლებელია მიიწვიოს მოწმეები და სხვა დაინტერესებული პირებიც. გასაუბრებას ატარებს სტატუსის დადგენის თაობაზე განცხადების განმხილველი ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირი, გასაუბრების შესახებ კი დგება შესაბამისი ოქმი. გადაწყვეტილება სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების წარდგენიდან 30-ე დღეს მიიღება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის დადგენის შესახებ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დასადგენად აუცილებელია დამატებითი დოკუმენტის მოპოვება, გადაწყვეტილების გამოტანის ვადა ჩერდება ხსენებული დოკუმენტის მოპოვებამდე, არა უმეტეს 6 თვისა. მომსახურება უფასოა. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში წყვილის ქორწინების რეგისტრაცია დასაშვებია 18 წლის ასაკიდან, თუმცა 16-18 წლამდე საქართველოში მცხოვრები უცხოელი ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც იმავდროულად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა შესაძლებელია იმყოფებოდეს