"საპრეზიდენტო დუელი" ანუ ცნობა - არ ცნობა - დაიწყება თუ არა ესკალაციის ახალი ტალღა 14 დეკემბრის შემდეგ?! - კვირის პალიტრა

"საპრეზიდენტო დუელი" ანუ ცნობა - არ ცნობა - დაიწყება თუ არა ესკალაციის ახალი ტალღა 14 დეკემბრის შემდეგ?!

14 დეკემბერს პარლამენტში 300-კაციანმა კოლეგიამ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. კანდიდატი ერთადერთია - მიხეილ ყაველაშვილი. რა მოჰყვება ამ მოვლენას, ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი გვესაუბრება.

"ხელისუფლების ეს ნაბიჯი ყველა ვარიანტში გამწვავებისკენ წავა"

- რთული სათქმელია. ბუნებრივია, აქციები გაგრძელდება. დიდი საბრძოლო განწყობა აქვთ მომიტინგეებს, ბოლომდე­ დგომას აპირებენ. მე აქციებზე ასეთი სულისკვეთება იშვიათად მინახავს. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევას, ყაველაშვილი­ გინდა პრეზიდენტად აირჩიე და გინდა სხვა რამედ, მისი ლეგიტიმაცია ყველა ვარიანტში­ ნული იქნება. საერთოდ, საპარლამენტო რესპუბლიკაში ირჩევენ პირს, რომელიც ავტორიტეტს უნდა წარმოადგენდეს,­ ეს წესია. თუ მას დამოუკიდებელი ავტორიტეტი არა აქვს, ვერ შეასრულებს თავის ფუნქციებს და იქნება ბუტაფორია. ყაველაშვილს თავის პარტიაში არა აქვს ავტორიტეტი, ფეხბურთშიც კი, პოლიტიკაზე რომ აღარ ვილაპარაკოთ, და ოპოზიციასა და ფართო საზოგადოებაში რა უნდა ჰქონდეს? ამიტომ მას აირჩევენ თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს. შეუძლიათ სადმე შეიკეტონ და იქ აირჩიონ, მაგრამ ნულოვანი ლეგიტიმაცია ექნება. ხელისუფლების ეს ნაბიჯი ყველა ვარიანტში გამწვავებისკენ წავა.

- ზურაბიშვილი ამბობს, რომ ვიდრე ახალი არჩევნები არ ჩატარდება, ლეგიტიმური პრეზიდენტი ის არის და წასვლას არ აპირებს. თუკი მართლა დარჩება თუნდაც რეზიდენციაში, მაშინ რა მოხდება?

არ არის გამორიცხული, სალომე ზურაბიშვილი მართლა არ გამოვიდეს რეზიდენციიდან და მერე ამბავი ატყდეს...

- არ ვიცით, რა მოხდება, რადგან რაღაცები არ არის ჩვენზე დამოკიდებული. საერთოდ, მე ვერ ვხედავ ამ ლეგიტიმურობაზე ჭიდაობაში აზრს, დიდად მნიშვნელოვანი არა მგონია. ნებისმიერ ვარიანტში­ საჭიროა ახალი არჩევნები. თუ რიგგარეშე არჩევნები გვინდა, სამართლებრივად შეუძლებელია ამ პარლამენტის გარეშე დაინიშნოს. სხვა მექანიზმი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ აღარ არსებობს. საკონსტიტუციო სასამართლოს რომ არ გამოეტანა ეს ისტორიული გადაწყვეტილება, მაშინ რაღაცის გაკეთების შანსები რჩებოდა, ახლა კი ეს შეუძლებელია. ამიტომ ახლა, ვადის გასვლის შემდეგ, ზურაბიშვილმა რომ თქვას, მე ვარ ლეგიტიმური და არ გამოვდივარ რეზიდენციიდანო, ამან შესაძლოა სიტუაცია ძალიან გაამწვავოს. პირადად მე ამაში აზრს ვერ ვხედავ. არა მგონია, ყაველაშვილის პრეზიდენტობა ლეგიტიმაციას აძლევდეს ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას.

- თუკი მოახერხეს ყაველაშვილის ინაუგურაცია, დაანიშვნინებენ საგანგებო მდგომარეობას, აკრძალავენ აქციებს და ასე შეეც­დებიან სიტუაციის თუნდაც დროებით ჩაქრობას...

- არა მგონია, საგანგებო მდგომარეობა რომც დანიშნონ, და ამის გამო აქციები არ ჩატარდეს, ესეც კიდევ ერთი გამამწვავებელი ფაქტორი იქნება და ხალხი შეეწინააღმდეგება.

რუსა მაჩაიძე