„დიდი უბედურების ზღვარზე...“
ყოველდღიურად იზრდება დაპატიმრებული და ნაცემი აქტივისტების რიცხვი, ქუჩაში გამოვიდნენ შავფორმიანი 15-20 კაციანი ჯგუფები, რომლებიც დაუნდობლად სცემენ საპროტესტო აქციიდან შინ მიმავალ მომიტინგეებს, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ "ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორს. და მაინც... ყველაფრის მიუხედავად, ქუჩაში ისევ პროტესტია. პროცესების შესაძლო განვითარებასა და მოსალოდნელ საფრთხეებზე ანალიტიკოსები ვახტანგ ძაბირაძე და რამაზ საყვარელიძე გვესაუბრებიან.
ვახტანგ ძაბირაძე: - ათ დღეზე მეტია ქუჩაში პროტესტი გრძელდება, ხელისუფლებამ ვეღარ შეძლო წინააღმდეგობის დაძლევა, პროცესების მართვაც ხელიდან გაექცა და უკიდურეს ზომებს მიმართა. ხელისუფლება აგონიაშია. ის რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს, ახალი არ არის, მსგავს მეთოდებს ხშირად მიმართავდნენ ხელისუფლებაში მყოფი სხვა ძალებიც, მაგალითად, "ნაცმოძრაობა". "კარვების აქციის" დროს შავრაზმელები მაშინაც უსაფრდებოდნენ და სცემდნენ შინ მიმავალ აქტივისტებს, მაგრამ დღეს ეს უფრო ორგანიზებულია. წაქცეულ ახალგაზრდებს გამიზნულად ურტყამენ თავში, გათიშული ადამიანების თავებზე ხტუნაობენ, ერთ კაცს 20 კაცი სცემს... ადრე "ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის ტოლობის ნიშნის დასმა მიჭირდა, ახლა პირდაპირ ვამბობ, "ოცნება" სისასტიკით ბევრად აღემატება "ნაცმოძრაობას".
- "ოცნების" ლიდერები აცხადებენ, რომ "ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმა პროვოკაციაა და ამას აკეთებს ის, ვისაც სურს პროცესების კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაცია.
- ეს არის "კა-გე-ბეს" მოგონილი მესიჯი. 1988 წლიდან მოყოლებული, ყველა ხელისუფლება ოპოზიციას ადანაშაულებდა საკუთარ ხალხზე ძალადობაში. შეხედეთ, რას აკეთებს პოლიცია, სპეცრაზმი... ამასაც ოპოზიცია და "ნაციონალები" აწყობენ?! რომელ კანონში ჯდება ეს?! ამათზეც ხომ ვერ იტყვიან, გადაცმული "ნაციონალები" არიანო?! ეროვნული მოძრაობის დროს ხშირად გვივრცელებდნენ კომუნისტები ჭორს, თითქოს პროტესტის ასაგორებლად პროვოკაციებს ვაწყობდით. არადა, რა პროვოკაცია უნდოდა, მთელი საქართველო ისედაც ქუჩაში იდგა! ახლაც ასეა, ათ დღეზე მეტია პროტესტი არ ჩერდება და რაში სჭირდება ოპოზიციას დამატებითი პროვოკაციები?! ტელევიზიით ყველამ ვნახეთ, რას აკეთებენ ბნელ ქუჩებში შავებში ჩაცმული მარბიელი ჯგუფები. ბოლოს და ბოლოს, თუ მართლა პროვოკაციაა, გამოიძონ! მაგრამ ჯერ კიდევ საკითხავია, დაიწყო თუ არა საერთოდ გამოძიება... ვისაც თავის მოტყუება უნდა, მოიტყუოს, პირადი ინტერესებიდან (სამსახური, ბიზნესი და ა.შ.) გამომდინარე ყველა უმსგავსობაზე ხუჭავენ თვალს. დღეს იმაზე უარესი ხდება, რაც გია მაისაშვილს, კობა დავითაშვილს დამართეს... ქალებს მუშტებით სცემს ის ხალხი, ტრადიციებსა და ეროვნულ ღირებულებებზე რომ გველაპარაკება! ეს ამბავი ასე მარტივად აღარ დამთავრდება, უკან დახევას არც ხელისუფლება აპირებს და არც აქციის მონაწილეები. ვითარება ძალიან რთულია, თუმცა ჩემი აზრით, ჯერ კიდევ ექვემდებარება კონტროლს.
მე ვერ გავიზიარებ კობახიძის ოპტიმიზმს, რომ მათი რესურსი ამოუწურავია. მმართველ გუნდს უნდა თუ არა, პროტესტის არეალი ფართოვდება და მასში საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელი ერთვება.
ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე მინდა გავამახვილო ყურადღება - სახელოვნებო ელიტის ზოგიერთი წარმომადგენელი გმობს როგორც ხელისუფლების, ასევე აქციის მონაწილეების ძალადობას, რაც პრინციპულად არასწორი მიდგომაა. ორივე მხრიდან ძალადობა ნიშნავს ორი თანაბარი ძალის დაპირისპირებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხომ ასე არ არის?! ქუჩაში დგანან რიგითი მოქალაქეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქვეყნის კურსის ცვლილება უნდა გააპროტესტონ. მათ უპირისპირდებიან სპეციალურად გაწვრთნილი და შეიარაღებული პირები, რომელთა ფუნქცია მიტინგების დაშლაა, ოღონდ დაშლა და არა დარბევა. ხელისუფლება მოსახლეობის დაშინებას ცდილობს როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. კობახიძე პირდაპირ საჯაროდ ემუქრება ხალხს დაჭერით. ხელისუფლება საჩვენებელ პროცესებსაც აწყობს, როგორც 30-იან წლებში აკეთებდნენ.
30-იან წლებში შეძლეს ხალხის დაშინება, იმიტომ, რომ ამას დახვრეტები და გადასახლებები მოჰყვა, მაგრამ დღEეს ამის გაკეთება შეუძლებელია. ხალხის შეშინება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, პროტესტი პირველივე სასტიკი დარბევისა და დაჭერების შემდეგ შემცირდებოდა. ხელისუფლება კი ამბობს, რომ საპროტესტო აქციაზე ხალხი შემცირდა, მაგრამ არ ჰგავს ეს სიმართლეს.
რა თქმა უნდა, საზოგადოების პასუხი ამ მუქარაზე იქნება პროტესტი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია იყოს მშვიდობიანი და ფხიზელი. ნასვამ-ნაქეიფარი ხალხი იქ არ უნდა წავიდეს. არც პიროტექნიკის გამოყენებაა საჭირო - ამით სპეცრაზმს ვერ შეაშინებ. ხელისუფლებისთვის პიროტექნიკა კი არა, ხალხის ქუჩაში დგომაა საშიში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი ფართოვდება. ჩვენ უკვე იმ ზღვარს მივადექით, რომელსაც თავის დროზე უკრაინელები მიადგნენ, ვგულისხმობ იანუკოვიჩს, რომელმაც უარი თქვა ევროკავშირთან ურთიერთობაზე. უკრაინაში ამას მაიდანი მოჰყვა. ჩვენ მაიდანი უკვე გამოვიარეთ 90-იანებში და აღარ გვინდა, ჩვენ მშვიდობიანი გზით უნდა მივაღწიოთ იმას, რასაც უკრაინელებმა მაიდნით მიაღწიეს.
- კობახიძემ თქვა, რომ მათ უკვე აღკვეთეს უკრაინული მაიდანი, თავიდან აიცილეს სახელმწიფო გადატრიალება.
- ნორმალური ადამიანი, რომელიც გადატრიალებისთვის ემზადება, საკუთარ სახლში გააჩერებს ნივთმტკიცებას?! ან კი რა ამოიღეს? - პიროტექნიკა, საღებავები, ნაჭრები და მოლოტოვის კოქტეილები?! ამით რა გადატრიალება უნდა მოაწყო?! საკითხავია, ის მოლოტოვის კოქტეილები ნამდვილად იქ იყო თუ სამართალდამცავებმა შეიტანეს. ხელისუფლებას უკრაინულ მაიდანზე ლაპარაკით უნდა საზოგადოებაზე ზეგავლენა მოახდინოს, დააშინოს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს გამძლეობა ეყოთ და პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გაგრძელდეს. ჩვენ უნდა დაველოდოთ დასავლეთს, ვნახოთ, რა ნაბიჯებს გადადგამენ. ჯერჯერობით, თუ ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს არ ჩავთვლით, სერიოზული არაფერი გაკეთებულა. ჯერ 20 იანვარიც წინ არის...
- სხვათა შორის, პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს ნაადრევად მოუწიათ რესურსების განიავებამ - 20 იანვრამდე ვერავითარი ნაცმაიდანი ვერ შედგება და მერე უკვე გადაიტვირთება ურთიერთობებიო. როგორ გგონიათ, რას ელოდება პრემიერი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან?
- ამ საკითხზე ბევრს საუბრობენ არა მხოლოდ "ოცნების" წევრები, არამედ სახელისუფლებო ექსპერტებიც, მაგრამ კარგად იციან, როდესაც ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე უარს ამბობ და ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას აფორმებ, ეს უკვე ძალიან სერიოზული პრობლემაა.
ჩინეთი ტრამპისთვის იგივეა, რაც ხარისთვის წითელი ნაჭერი. ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადა ჩინეთთან ურთიერთობის გარკვევას მოანდომა, 500 მილიარდი უარყოფითი სალდოდან 250 მილიარდზე ჩამოიყვანა. პროცესი მხოლოდ ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში გაიყინა. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ტრამპი ისევ ამ პოლიტიკას გააგრძელებს?! გამოდის, ინტერესების კონფლიქტში მოვდივართ ამერიკასთან! კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია - დასავლეთში უკვე ყველა აღიარებს, რომ უკრაინის დამარცხება დასავლეთის რუსეთთან დამარცხების ტოლფასი და კატასტროფულად წამგებიანი იქნება. ტრამპის ადმინისტრაციის ე.წ ქორებით დაკომპლექტება, ასევე ისრაელის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები უკვე ნათლად წარმოაჩენს, რომ "ოცნების" განცხადება ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დალაგების შესახებ ბლეფია.
- რას უნდა ველოდოთ ევროკავშირისგან?
- ჩვენთან ამ თვეში ორი მნიშვნელოვანი თარიღია: 14 დეკემბერს საპრეზიდენტო არჩევნები და 29 დეკემბერს ინაუგურაციის დღე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 16 დეკემბერს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხს განიხილავენ. ჩემი აზრით, ამ დღეს ისინი მხოლოდ გამაფრთხილებელ განცხადებებს აღარ დასჯერდებიან... მმართველ გუნდზეა დამოკიდებული, რა მოხდება 14 და 29 დეკემბერს. თუ მათ ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის პროვოცირება დასჭირდებათ, სალომე ზურაბიშვილს ძალიან უხეში ფორმით გამოიყვანენ რეზიდენციიდან. თუ არადა, შედარებით მშვიდობიანი ფორმით შეეცდებიან მის გამოყვანას. პროვოკაციები მოსალოდნელია. ამიტომ ხალხი უნდა იყოს ძალიან ფრთხილად და ყველანაირად ეცადონ პროტესტი და პროვოკაცია ერთმანეთში არ აურიონ.
- თქვენი შეფასებით, როგორ იმოქმედებს საზოგადოებრივ განწყობებზე კეზერაშვილის თემის გააქტიურება? შეგახსენებთ, რომ პოლიციელებმა მისი ცოლისძმის სახლის ჩხრეკისას ბინაში სპეციალური სამალავიდან რეგისტრირებულთან ერთად რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათი ამოიღეს.
- ხელისუფლებამ საჩვენებელი დაჭერები დაიწყო. კეზერაშვილის თემის წამოწევა ნიშნავს, რომ ვისაც ის აფინანსებდა, პირველ რიგში სწორედ ისინი მოხვდებიან ბადეში. ე.ი. შემდეგი სამიზნე იქნება ტელევიზიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. გავრცელდა კიდეც ინფორმაცია, რომ თვის ბოლოდან "ფორმულა" მაუწყებლობას შეწყვეტს. კეზერაშვილი რასაც წარმოადგენს, ყველამ ვიცით, რა პოლიტიკური სიტუაციაც არ უნდა იყოს, ის ვერ "გათეთრდება", მაგრამ... ხელისუფლებისთვის ძალიან ხელსაყრელია ასეთი ხალხის საჭირო მომენტისთვის შემონახვა. ჩვენ არაერთხელ ვნახეთ საჭირო მომენტი, არადა, შეეძლოთ თავის დროზე დაეჭირათ და გაესამართლებინათ კიდეც.
- ეს გასაგებია, მაგრამ იმ ფაქტს როგორ ახსნით, რომ ევროკავშირმა რეზოლუციაში ერთ-ერთ მოთხოვნად ჩაწერა სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება.
- ეს მოთხოვნა მართლაც არ არის რელევანტური.
პირები, რომლებიც დასავლელ პარტნიორებთან მუშაობენ, ბოლოს და ბოლოს, უნდა მიხვდნენ, რომ ასეთი თხოვნებითა და რეზოლუციებით "ოცნების" წისქვილზე ასხამენ წყალს. რაც მთავარია, ამას უნდა მიხვდნენ დასავლელი პარტნიორები. არანაირი დემოკრატიის შუქურა არ იყო სააკაშვილი, მეტიც, არც პროევროპული ყოფილა. "ნაცმოძრაობაც" ისეთივე ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებას ცდილობდა, როგორსაც დღეს "ოცნება" აყალიბებს. "ქართული ოცნება" სწორედ "ნაცმოძრაობის" არასწორმა პოლიტიკამ მოიყვანა ხელისუფლებაში...
- სააკაშვილი ამბობს, როგორი ავტორიტარი ვიყავი, 7 ნოემბერს პოლიციის მოქმედება რომ არ მომეწონა, პრეზიდენტობიდან გადავდექი და ვადა შევიმცირეო.
- არანაირი ვადა არ შეუმცირებია, პირიქით, გაიხანგრძლივა - წაგებული არჩევნები მიითვისა, უბრალოდ, ოპოზიციამ ვერ შეძლო შესაბამისი წინააღმდეგობის გაწევა... ივანიშვილმა ჭკუით აჯობა სააკაშვილს, ისიც და მისი "ნაციონალური მოძრაობაც" საპირწონედ შეინარჩუნა. ამ დრომდეც სააკაშვილით აშინებს! სააკაშვილის ეს განცხადებები კი, რომ თურმე ავტორიტარი არ ყოფილა, ესეც "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს.
"არ არის გამორიცხული, რაიმე ისეთი მოხდეს, რაც ორივე მხარისთვის დიდი უბედურება იქნება"
რამაზ საყვარელიძე: - ცუდი ამბავი მოხდა, თუმცა გამოძიებას უნდა დაველოდოთ. მოდით გავყვეთ ვერსიას... თუ ვინმეს ახლა მსგავსი ძალადობა არ აწყობს, ეს ხელისუფლებაა და რატომ ვერ გააკეთებდა ამას ოპოზიცია ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის?! გამოძიების გარეშე ამ საკითხზე საუბარს აზრი არა აქვს. ამბობენ, ხელისუფლება ამით ხალხის დაშინებას ცდილობსო, ჩემი ლოგიკით, ბნელ ქუჩაში, მოყუჩებულად ცემით ხალხს ვერ დააშინებენ. დასკვნების გაკეთებას ნუ ვიჩქარებთ, საზოგადოებაში აგრესიული მუხტი უფროა, ვიდრე შერიგებისა და მორიგების სურვილი. ამიტომ, ყველა, ვისაც ამის უნარი და შესაძლებლობა გვაქვს, უნდა შევეცადოთ აგრესიული მუხტი არ გავაღვივოთ...
სწორი იქნებოდა, პრემიერ კობახიძეს ეთქვა, ჩვენ ერთად დავძლიეთ კრიზისი, ახლა შემდგომ ეტაპზე გადასვლის დროაო. ამის მაგივრად მოვისმინეთ მისი განცხადებები ნიშნის მოგების ინტონაციით. შესაბამისად, გაგრძელდა ბრძოლის ყიჟინა.
- ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი და სად არის გამოსავალი?
- მადლობა ღმერთს, ჩვენთან არ ხდება ის, რაც მაიდანზე მოხდა. ნურც საპროტესტო აქციების ხანგრძლივობა შეგვაშინებს, მაგალითად, საფრანგეთში ყვითელჟილეტიანები ხუთ თვეზე დიდხანს აწყობდნენ საპროტესტო აქციებს და უფრო ცუდი შედეგები ჰქონდათ.
- დიახ, მაგრამ ისინი საწვავის ფასებს აპროტესტებდნენ, ჩვენთან, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ფსონი სამშობლოა.
- დიახ, მე ამით იმის თქმა მინდოდა, რომ უნიკალურ სიტუაციაში არა ვართ. რაც შეეხება ფსონს, ანუ სამშობლოს, ხელისუფლება ამბობს, რომ დასავლეთი ცდილობს ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევას, ოპოზიცია ამბობს, რუსეთი გვითრევს ჭაობშიო. ორივე ხელს გარეთ იშვერს. თუ ეს პროცესი გარედან იმართება, მით უფრო დასანანია ის, რაც ახლა ხდება რუსთაველზე.
- ფიქრობთ, რომ აქციაზე გამოსულ ახალგაზრდებს რომელიმე ძალა მართავს?
- არაფერია გამორიცხული. ფსიქოლოგი ვარ და ძალიან კარგად ვიცი, რომ ფსიქოლოგიური მანიპულაციის უამრავი ხერხი არსებობს და ამ ხერხებს უხსოვარი დროიდან მიმართავენ. ფსიქოლოგიური ზემოქმედების ერთ-ერთი ბერკეტია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რაც ხალხის გაღიზიანებას გამოიწვევს. მერე უკვე ხალხის ემოცია გააკეთებს საქმეს.
- ამ ლოგიკით, ხალხის ემოცია კობახიძის განცხადებამ გამოიწვია.
- დაპირისპირებაში კობახიძე უდანაშაულო არ არის, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კობახიძის განცხადება იყო რეაქცია ევროკავშირის რეზოლუციაზე, რომელშიც ისეთი პუნქტებია, შეიძლება ითქვას, მთელ სახელმწიფო სტრუქტურას დაუპირისპირდნენ, მათ შორის იყო სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა. ამ ყველაფრის შემდეგ განაცხადა კობახიძემ, რომ 2028 წლამდე აღარ აპირებენ მოლაპარაკებების გახსნას. ე.ი. ევროპელებს აგრძნობინა, რომ დისტანცირების უნარი აქვთ. საკუთარ ხელისუფალს არ მისცე უფლება "ითამაშოს" თუნდაც ევროპასთან, სწორი არ მგონია...
- მაგრამ დასავლელი პოლიტიკოსები კრიტიკულად აფასებენ არსებულ ვითარებას, ძალიან მკაცრია მათი განცხადებებიც...
- ჯერ ეგ ყველაფერი მხოლოდ განცხადებების დონეზეა, ჯერ კონკრეტული არავის არაფერი გაუკეთებია. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ამერიკა აღარ არის ის, რაც თუნდაც შარშან იყო.
- იზიარებთ კობახიძის პოზიციას, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვს?
- არაფერია გამორიცხული, ტრამპის ადმინისტრაცია იმდენად უპირისპირდება დემოკრატებს, არ გამოვრიცხავ, რომ დემოკრატების ორგანიზებული საგარეო პროცესებიც შეცვალოს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მეგობარი ორბანი ტრამპის კარზე მიღებული პერსონაა, ბოლოს და ბოლოს, ორივე კონსერვატორია.
- ასეც რომ იყოს, ტრამპისთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთი იგივეა, რაც ხარისთვის წითელი ნაჭერი.
- არ არის გამორიცხული ჩინეთის გამო ამერიკასთან ურთიერთობა გაფუჭდეს, მაგრამ ჯერ არავინ იცის, რაზე გააკეთებს აქცენტს ტრამპის ადმინისტრაცია.
- მაგრამ ვიდრე მსოფლიოში პოლიტიკური დღის წესრიგი შეიცვლება, ჩვენ სამოქალაქო ომის ზღვარზე ხომ არ დავდგებით?
- კი ბატონო, ეგ ძალიან სერიოზული საფრთხეა. საქართველომ ერთხელ გადაიტანა სამოქალაქო ომი და რამდენიმე ისეთი რთული პროცესი, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო ოჯახის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ახლაც ანალოგიური მდგომარეობაა. არ არის გამორიცხული, რაიმე ისეთი მოხდეს, რაც ორივე მხარისთვის დიდი უბედურება იქნება.
ხათუნა ბახტურიძე