ნანა ჩაჩუას ფსიქოანალიზი: ბაბლები და ბულინგი - "ეს დანაშაულია კაცობრიობის წინაშე, ომი კულტურასთან და ყველაზე იაფი ტყვია"
საყოველთაო ბულინგია ქვეყანაში, მაღაზიაში, სამეზობლოში, სოციალურ ქსელში, სადაც ვერ გაარკვევ ტყუილ-მართალს... თუ ვინიცობაა, ერთის აზრი არ ეთანხმება მეორეს, ერთმანეთს შეურაცხყოფენ, ქოლავენ, იმეტებენ, აბულინგებენ.. ასეა ვირტუალურ თუ რეალურ ცხოვრებაში... ბულინგის თემაზე სასაუბროდ "კვირის პალიტრა" ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას დაუკავშირდა.
- ქალბატონო ნანა, ბულინგის განმარტებით დავიწყოთ საუბარი.
- ბულინგი ფსიქოლოგიური ტერორია, დანაშაული კაცობრიობის წინაშე, ომი კულტურასთან, იმავდროულად, ყველაზე იაფი ტყვია და რაც მთავარია, სიტყვის, როგორც ჭეშმარიტების, ანუ ადამიანური უპირველესი ფუნქციის გაუფასურება.
ბულინგის ავტორები, როგორც წესი, ბავშვობის, მოზარდობის პერიოდის მსხვერპლები არიან. ოჯახური კონფლიქტების ან ოჯახში დამკვიდრებული აღზრდის ავტორიტარული სტილის გამო ანუ როცა რომელიმე მშობელი, ან თუნდაც ორივე ერთდროულად, სითბოსა და კონტროლის ბალანსს ვერ არეგულირებს და მხოლოდ კონტროლს მიმართავს.
არსებობს ოჯახში აღზრდის ავტორიტეტული, ავტორიტარული, ნეიტრალური და ლიბერალური სტილი. მათ შორის განსხვავება დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ ნაწილდება სითბო და კონტროლი. თუ სითბო მეტია და რაღაც წილი უჭირავს კონტროლს, ესაა ავტორიტეტული. თუ მხოლოდ კონტროლია, ავტორიტარულია. თუ მხოლოდ სითბოა - ლიბერალური და თუ არც ერთი - ნეიტრალური. აქედან ჯანსაღი მხოლოდ ავტორიტეტულია.
სამწუხაროდ, ჩვენს დღევანდელ რეალობაში 90-იანი წლების შედეგად დაგვრჩა ბულინგი, რადგანაც დღეს იმ წლების შემდგომი თაობები არიან მშობლები (სწორედ ამ თაობებში იჩინა თავი იმ ტრავმებმა, რაც 90-იანი წლების ადამიანებს ერგოთ წილად) და როგორც ცნობილი ფსიქოლოგი იუნგი ამბობს, ოჯახის არაცნობიერი თაობებს გადაეცემა. ჩვენს ქართულ გამოთქმაშიც არის: ბაბუას ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოჰკვეთა კბილებიო. ეს ყველაფერი ადამიანის ქცევაში არაცნობიერის კანონზომიერი გამოვლინებაა. ბულინგი არ არის მხოლოდ სხვების მიმართ აგრესია, ღვარძლი, ეს არის ერთგვარი შურისძიება საკუთარ წარსულზე, შინაგანი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეუწყნარებლობა.
ბულინგის აქტორებმა უნდა გააცნობიერონ, საკუთარ თავში აღმოაჩინონ ის პრობლემა, რომელთან ბრძოლასაც ბულინგით გამოხატავენ და თავადვე გახდნენ შემწყნარებელნი იმ პრობლემის, წყენის, ტკივილის, რომელიც ბავშვობაში განიცადეს.
- ეს არ უნდა იყოს ადვილი.
- ამისათვის საჭიროა სულიერების გამაჯანსაღებელი გარემო. სულიერების ერთგვარი ზარდახშა ხელოვნებაა.
მე-20 საუკუნის მიწურულსა და 21-ე საუკუნეში კულტურა უგულებელყოფილია. შეხედეთ, როგორ ებრძვიან კულტურას, როგორი მდარე ფილმებია, იშვიათად ნახავთ ისეთს, როგორიც ლი ჩხანდონის "პოეზიაა", ბელგიელი რეჟისორების, ძმები დარდენების, მარადიულად აქტუალური და საოცრად ღრმა ფელინის ფილმები. დიდი ხელოვნება შენში განცდას აღძრავს. ასეთია მუსიკა, ჭეშმარიტი ლიტერატურა, თეატრი... ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ურთიერთობების კულტურა, რომელიც ადრე საზოგადოებას ჰქონდა. ყურადსაღებია, თუ როგორი დამოკიდებულებაა ბავშვებისა და ასაკოვანი ადამიანებისადმი, როცა კულტურაში გვაქვს, რომ მოხუცს ტრანსპორტში ადგილი უნდა დაუთმო, ბავშვის შინაგან სამყაროს გაუფრთხილდე...
ყოველივე ეს აკეთილშობილებს და კურნავს სულიერებასა და ტრავმებს, რაც მკაფიოდ გამოხატავს ტრადიციებისა და კულტურის მნიშვნელობას. ცნობილი ფრანგი სოციოლოგი დიურკჰაიმი ამბობს, სადაც ტრადიცია იგნორირებულია, იქ თვითმკვლელობათა რაოდენობა გაზრდილიაო. მხოლოდ ფიზიკურ სუიციდზე არ არის საუბარი, ფსიქოლოგიურზეც - როდესაც ჩნდება ბულინგის მოთხოვნილება სხვის მიმართ, უპირველეს ყოვლისა, ეს თვითაგრესიაა, შეუწყნარებლობა და შურისძიება საკუთარ შინაგან მდგომარეობაზე.
- ეს რით შეიძლება დაკორექტირდეს?
- ტრადიციით და, რა თქმა უნდა, რელიგიით. წარმოუდგენელია, ნებისმიერ რელიგიასა თუ მიმდინარეობაში ვერ დაინახო სიყვარული, თვითპატივისცემა და ჭეშმარიტებასთან მისასვლელი გზა. იმავდროულად, ბულინგის ავტორებს საზოგადოებისგან დახმარებაც ესაჭიროებათ. არ არსებობს ადამიანთა ისეთი სიმრავლე, სადაც გონიერება არ არის, იმავდროულად, პოლიტიკური ნებაც უნდა იყოს სახელმწიფოში. რასაკვირველია, ავტორიტარულ სახელმწიფოში ეს ნაკლებად იქნება, თუმცა იქაც ჟონავს. ჯერ კიდევ საბჭოთა სისტემაში არსებობდა ასეთი დონის ხელოვნება, გადაიღეს ფილმი "მონანიება", შეიქმნა უამრავი შედევრი ლიტერატურაში, თეატრში, მაგალითად, "ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე", "რიჩარდ III", რომელიც კაცობრიობის სათქმელს ამბობდა იქ, სადაც მღეროდნენ საბჭოთა ჰიმნს, იყო პიონერთა ფიცი, კომკავშირი.
საბჭოეთშიც კი არღვევდა იმ სიბნელეს ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება, სიყვარული ადამიანში, რაც ქმნის ღირსების განცდას. სწორედ ამ განცდის უქონლობაა იმ ადამიანის პრობლემა, რომელიც ბულინგს მიმართავს. ამის მიზეზი არ არის მატერიალური პრობლემა, არა! უკვე ღირსებადაკარგული ადამიანები მატერიალურში ნახულობენ თვითგამართლებას და თავიანთ კოგნიტიურ დისონანსს ანუ შინაგან წინააღმდეგობებს ნიღბავენ. ამას ფსიქოლოგიაში დაცვის მექანიზმები ჰქვია: "აბა, რა მექნა? თუ ასეა, მაშინ ხომ უნდა მოვიქცე ასე?!" და ხდება კრიტიკული აზროვნების ბლოკირება. ეს საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობას გაკარგვინებს. ესაა ბულინგის მთავარი თემა, იმავდროულად, როცა მსხვერპლი ხდები, შენც იგივე პრობლემა გაქვს. მსხვერპლი და ბულინგის აქტორი ერთ სიბრტყეში განიხილებიან.
- ვინაა ის, ვინც არც ერთია და არც მეორე?
- სწორედ ის ადამიანი, რომელსაც თვითპატივისცემა, ღირსება და სიყვარული აქვს. ეს ცხოვრების სტილის შედეგია, შენი მონაპოვარი, რისი სათავეც ოჯახია. ამიტომაც არის ოჯახი საზოგადოებრივი სისტემის უმნიშვნელოვანესი ფენომენი, ოჯახით იცნობა საზოგადოება, მისი სიმრთელე, სიჯანსაღე. გავუფრთხილდეთ ოჯახს, ვიზრუნოთ, რომ სულიერების სამყაროს, ტრადიციას, კულტურას არ მოვწყდეთ.
- ახლა რა სურათი გვაქვს - ერთი მხრივ, არიან ბულინგის აქტორები, მსხვერპლები და მეორე მხრივ, ისეთი ადამიანები, რომლებიც არაფერში ერთვებიან, დუმილს არჩევენ.
- მდუმარეთა ერთ კატეგორიაში არიან სწორედ ისინი, ვისაც ბულერების ეშინიათ. ეს არ არის მანკიერი მხარე, მათ ბავშვობაში მიიღეს კონფლიქტის გამოცდილება, თავად სრული მსხვერპლები არ არიან, მაგრამ ტკივილი ჯერ კიდევ აქვთ შერჩენილი.
არსებობს ადამიანების ისეთი კატეგორია, რომლებიც აბსოლუტურად ჩუმად არიან, მიუხედავად იმისა, რომ არც ბულინგის მსხვერპლნი არიან და არც ბულერები. დანტეს სიტყვებია: "როცა სიმართლე ტყუილსა ჰგავს, ბაგემოკუმულმა უნდა შეინახო იგი".
არაერთი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში სიმართლე უკვე ტყუილს ჰგავს, ამიტომ ის ადამიანი, რომელსაც რეალობის აღქმის დიდი უნარი აქვს, დუმს.
თუ იმ დროს თქვი სიმართლე, როდესაც შენი სიმართლე ტყუილს ემსგავსება, ამით შენსავე სიმართლეს დააზიანებ. ამის დრო უნდა მოვიდეს. ამას არაჩვეულებრივად გამოხატავს ბიბლიური ჭეშმარიტება: "არის ჟამი თქმისა და არის ჟამი უთქმელობისა".
როცა ბულინგის სივრცეში აღმოჩნდები, ესაა სწორედ დიქტატურა. ყველაზე სასტიკი დიქტატურა, სადაც სიტყვა, როგორც კაცობრიული მონაპოვარი, შეურაცხყოფილი და გაუფასურებულია. ამიტომაცაა, რომ ხშირად უცენზურო გამოთქმებით ხვდებიან განსხვავებულ აზრს და რაოდენ სამწუხაროა, რომ ამით მამაკაცებთან ერთად გოგონებიც გამოირჩევიან. საინტერესოა, ეს გოგონები დედის როლში რა ფორმით აღმოჩნდებიან, როგორ უნდა უმღერონ შვილებს იავნანა, წაუკითხონ ზღაპარი, აზიარონ სულიერებას?..
იქ სადაც კრიტიკული ცნობიერებაა, სადაც უკვე პიროვნება შემდგარია, ის ყოველთვის ხედავს ობიექტურ რეალობას და, ცხადია, მოქმედებს არისტოტელეს პრინციპით: "პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია".
ჩემი აზრით, დღეს იმათი დიდი ნაწილიც დუმს, ვინც მატერიალური კეთილდღეობით ამართლებს თავის დუმილს... ხედავთ, სიჩუმეს რამდენი კატეგორია აქვს? დღევანდელი პოლიტიკური აქტორებიდან რამდენი ვიცით ისეთი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ ჩაერეოდა პოლიტიკაში, მის მატერიალურ მხარეს საფრთხე რომ არ ემუქრებოდეს? ეს ერთგვარი მეხამრიდია...
- ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებს ცხოვრებაშიც ვხვდებით და სოცქსელებშიც...
- სოცქსელებში ვხედავთ საზოგადოების ერთიანობის დაშლის სათავეს. არიან ჯგუფები, ე.წ. ბაბლები, რომლებისთვისაც არ არსებობს ჭეშმარიტება არც ისტორიაში და არც კონკრეტულ სივრცეში.
იწერება ასეთი რაღაცები: "თუ ჩემთან არ იქნები და ამას არ გააკეთებ, გაქრები ჩემი სივრციდან!" "წამშალე, ან მე წაგშლი!" - აი, ეს არის გარიყვა. თემიდან გარიყვა!
თემიდან გარიყვის შიში არ ჰქონია ალუდას. იმიტომ, რომ ის იმ უმაღლეს ღირებულებებთან იყო, სადაც, ადრე თუ გვიან, ყველა მივა. მე ხშირად მითქვამს: ჭეშმარიტება ისეთი რამაა, თუ თავად არ მიხვედი მასთან, ცხვირ-პირს დაგვამტვრევინებს და მაინც მიგიყვანს. ლუკას სახარებაშია ნათქვამი: "არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს", კიდევ, ძველი აღმოსავლური შეგონებაა: "ტყუილი წარმოშობს ვალს სიმართლის წინაშე, რომლის გადახდაც აუცილებლად მოგვიწევს".
სწორედ ბულინგია ტყუილში ცხოვრება, ბაბლის სამყაროც ტყუილია, იქ სიმართლე არ არის და ამით წარმოშობ ვალს სიმართლის ანუ ზოგადკაცობრიული ღირებულებების წინაშე, რომლის გადახდა აუცილებლად მოგიწევს.
- ზოგჯერ მიფიქრია, ეს სოციალური ქსელები რომ არ იყოს და კლავიატურით რომ არ ებრძოდნენ ერთმანეთს, გარეთ გაცილებით რთული რეალობა იქნებოდა...
- რა თქმა უნდა, იქ ვერ ხედავ მეორე ადამიანს და უფრო ადვილად გამოხატავ აგრესიას. თუმცა თანამედროვე საზოგადოებას ასეთი რამ ახასიათებს - ის, რაც დღეს აქტუალურია, ხვალ არავის ახსოვს, იმიტომ, რომ მოდის ახალი, რაც დიდად არ განსხვავდება ძველისგან, უბრალოდ, ობიექტები იცვლებიან. არ ახსოვთ, იმიტომ, რომ იქ არ დომინანტობს ღირებულება.
ჩვენ არათუ ის ღირებული დავივიწყეთ, რომელიც ჩვენს ყოფაში გვხვდება, არამედ ქრისტეც დავივიწყეთ, ილია ჭავჭავაძეც და მამარდაშვილიც...
- ერთ ინტერვიუში ამბობთ: "ერთ მხარეს ჯავახიშვილი რომ იყოს და მეორე მხარეს ჯაყო, ჟურნალისტი მივა ჯაყოსთან და ჰკითხავს, რა წარმოდგენა გაქვს ცხოვრებაზეო".
- ეს საუკეთესო მაგალითია იმ არაპროფესიონალებისა, რომლებსაც ღირებულებები არ გააჩნიათ, არა აქვთ პასუხისმგებლობა.
- ბაბლებს ემსახურებიან?
- რა თქმა უნდა. არსებობენ ბაბლები, რომლებიც ერთ გავლენიან პერსონას აბარებენ ანგარიშს. მთავარია, იმან მოიწონოს და მერე ღიმილით ამბობენ, რომ გურუს მოაწონეს თავი. ასეთების მიმართ საზოგადოებას ნეგატიური დამოკიდებულება არ უნდა გაუჩნდეს, ისინი ხომ მსხვერპლები არიან.
ფსიქოლოგ სტივენ კარპმანის მსხვერპლის, მოძალადისა და მხსნელის სამკუთხედის მიხედვით, ერთდროულად არ არსებობს მსხვერპლი, რომელიც მოძალადე არ იყოს, და რომელსაც ფსევდომხსნელის როლი არ ჰქონდეს თან მორგებული. აი, ამ წრეში იქმნება ეს ყველაფერი. ამიტომ მსხვერპლი უმეტესწილად მოძალადეც არის. ამას ფსიქოლოგიაში მსხვერპლი მოძალადე ჰქვია.
ეს აღზრდიდან მოდის, თვითონ არის ეპოქალური ღირებულებების მსხვერპლი, იმის მსხვერპლი, რაც მაქს ფრიშმა აღწერა "ჰომო ფაბერში", კაფკამ "მეტამორფოზში"... ეს არის ტექნიკა, რომელსაც ყოველთვის მატერიალურის პრიორიტეტი მოაქვს, მასში ჩათრეული ადამიანების შედეგია, რომელთაც ღირებულებები დაკარგული აქვთ აღზრდაში, კულტურაში და ა.შ.