პუტინის ათი წლის ნალოლიავები და საქართველოს ოკუპაციის მომხრე ასადის რეჟიმი ათ დღეში დაემხო...
2015 წლის შემოდგომიდან რუსეთმა სამხედრო კონტინგენტი გადაისროლა სირიაში და ამით მთელი ათი წლით გაუხანგრძლივა სიცოცხლე ბაშარ ასადის რეჟიმს, მაგრამ 2024 წლის 27 ნოემბერს დაწყებული ბრძოლების შედეგად სულ რაღაც მეათე დღეს ასადის ხელისუფლება სამარცხვინოდ ჩამოიშალა...
საქართველოში ჩვენი შიდა პრობლემებიც გვყოფნის, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, თუ რა ხდება ოკუპანტი რუსეთის ბანაკში, რომლის ერთ-ერთი მოკავშირის, სირიის (რომელმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების "დამოუკიდებლობა" აღიარა) მიწაზე კვლავ დიდმა ომმა იფეთქა.
სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმს შავი დღეები დაუდგა - მისი ერთგული არმია თავქუდმოგლეჯილი გამოიქცა ალეპოდან, ჰამიდან, ჰომსიდან, ყველა იმ დიდი ქალაქიდან, რომლებიც სირიის დედაქალაქ დამასკოსკენ ჩრდილოეთიდან მიმავალ გზაზეა განთავსებული და მალევე თვით დამასკოს ჯერიც დადგა... ასადის რეჟიმის დასამხობად საუკეთესო დრო და სიტუაცია შეირჩა - უკრაინასთან ხანგრძლივ და ფართომასშტაბიან ომში ჩაბმულ რუსეთს აღარ ჰყოფნიდა ძალა და ლოჯისტიკური რესურსები, რომ ასადის რეჟიმისთვის ბევრად დიდი სამხედრო დახმარება გაეწია; ირანი ისრაელ-აშშ-ის მხრიდან შესაძლო შეტევების საფრთხის წინაშე დადგა, ხოლო სამხრეთ ლიბანში მოქმედი "ჰეზბოლას" სამხედრო პოტენციალს ისრაელმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა.
ამ სამი სამხედრო-პოლიტიკური ძალის გარდა, სხვა მნიშვნელოვანი მოკავშირე არ ჰყოლია ბაშარ ასადის რეჟიმს, სამაგიეროდ, მისი მოწინააღმდეგეების ბანაკში სიმრავლე იყო. ძირითად სამხედრო ძალას, რომელმაც ნოემბრის ბოლოს ალეპოს შეუტია, წარმოადგენდა შეიარაღებული დაჯგუფება "ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამი", რომელიც 2017 წელს, სირიის სამოქალაქო ომის დროს შეიქმნა. თუმცა მისი ფესვები ჯერ კიდევ "ალ-ქაიდიდან" მოდის, როდესაც მის ფილიალად ჩამოყალიბდა სირიაში. შემდგომში იყო მჭიდრო თანამშრომლობა თვით "ისლამურ სახელმწიფოსთანაც", მაგრამ ყველაფერი ძირფესვიანად შეიცვალა, როდესაც "განახლებული" "ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის" ლიდერმა აბუ მუჰამედ ალ-ჯულანიმ უარყო "ალ-ქაიდას" იდეოლოგია და გამოაცხადა ბრძოლის ორი მთავარი მიზანი - პრეზიდენტ ბაშარ ასადის ძალაუფლების დამხობა და სირიიდან პროირანული სამხედრო დაჯგუფებების გაყრა.
მიუხედავად იმისა, რომ იმიჯი შეიცვალა და დაუპირისპირდა "ალ-ქაიდასა" და "ისლამურ სახელმწიფოს" , "განახლებულ" "ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის" მაინც საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფებად აღიქვამდნენ აშშ-ში, რუსეთსა და თურქეთში, თუმცა ის, რომ სწორედ სირიის მეზობელი თურქეთი, სავარაუდოდ, ფარულად ახალისებდა "ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის" ახლანდელ წარმატებულად დაწყებულ შეტევას ჩრდილოეთიდან, ალეპოდან სამხრეთი მიმართულებით, დამასკოსკენ...

გარდა ამისა, ასადის რეჟიმს ასევე აუჯანყდნენ სირიაში მოქმედი პროთურქული ძალები - "სირიის ნაციონალური არმია", რომელიც ანკარის დახმარებით წლებია ისედაც აკონტროლებდა სირია-თურქეთის საზღვრიდან სირიის ტერიტორიის სიღრმეში არსებულ მნიშვნელოვან ნაწილს.
მესამე ძალა, რომელიც ასადის რეჟიმს უპირისპირდებოდა, ქურთების "სახალხო თავდაცვის ჯგუფებია", რომლებიც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს რამდენიმე წელია აკონტროლებენ. მეოთხე ძალა კი საერთაშორისო კოალიციის ბაზებია, მათ შორის ამერიკული, რომლებიც განთავსებულია როგორც ქურთების კონტროლირებად აღმოსავლეთ ნაწილში, ისე სამხრეთში, სირია-იორდანიის საზღვართან.
მეხუთე ძალა ისრაელია, რომელიც მანამდეც არ ეგუებოდა სირიის ტერიტორიის გავლით ირანიდან რაკეტების მიწოდებას სამხრეთ ლიბანში მოქმედი "ჰეზბოლასთვის" და სისტემატურად ბომბავდა სირიის აეროდრომებსა და საავტომობილო გზებს.
მოკლედ, პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის დასამხობად სირიის დედაქალაქ დამასკოზე შეტევები როგორც ჩრდილოეთი მიმართულებიდან, ჰომსიდან, ისე სამხრეთიდან, დარიდან დაიწყო და დამასკოც ალყაში მოექცა, მაგრამ თითქმის უბრძოლველად ჩაჰბარდა აჯანყებულებს, რადგან პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ბეწვზე გაასწრო თვითმფრინავით, რათა ტყვედ არ აეყვანათ და ცნობილი ლიბიელი დიქტატორის, მუამარ კადაფის მსგავსი საშინელი ხვედრი არ გაეზიარებინა...

როგორ მოხდა, რომ ბაშარ ასადი, რომელიც 2000 წლიდან სირიის პრეზიდენტი იყო (სხვათა შორის, როგორც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი) და აქამდე შეინარჩუნა ძალაუფლება, სულ რამდენიმე დღეში სრული კატასტროფის წინაშე დადგა?
გარდა რუსეთის, ირანისა და "ჰეზბოლას" ფაქტორისა, რომლებსაც საშინაო დიდი პრობლემების გამო აღარ ძალუძდათ ასადის რეჟიმისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების გაწევა, გამოჩნდა მოწინააღმდეგე მხარის საბრძოლო მოქმედების ახალი ტაქტიკაც. "ჯიპების ომი" კვლავ ძალაშია - ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგე შეიარაღებული დაჯგუფებები მაღალი გამავლობის პიკაპებით (რომელთა ძარაზეც სხვადასხვა ტიპის მძიმე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღია დამონტაჟებული) სწრაფად გადაადგილდებოდნენ და ოპერატიულად იკავებდნენ სტრატეგიული მნიშვნელობის საავტომობილი გზებს, რასაც უდაბნოებით მდიდარი სირიის ომში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
ამ ტაქტიკას დაემატა კამიკაძე-დრონების მასობრივად გამოყენებაც, რაც მოულოდნელობად იქცა ასადის არმიისთვის.
ბაშარ ასადის რეჟიმის სრულ დამხობამდე კი მძიმე დღეები დაუდგათ სირიაში მის მიერვე მიწვეულ ირანისა და რუსეთის სამხედრო კონტინგენტებს, რომლებიც უკვე იწყებენ სწრაფ ევაკუაციას ამ ქვეყნის ტერიტორიის დასატოვებლად.
მოწინააღმდეგეებმა მოახერხეს ასადის არმიისთვის დიდი რაოდენობით შეიარაღების წართმევა, მათ შორის დიდ მანძილზე მოქმედი "ურაგანისა" და "სმერჩის" ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისა, რომლებსაც რაკეტების მიწვდენა, შესაბამისად, 35 და 70 კმ-ზე შეუძლიათ. არადა, შეიარაღებული დაჯგუფება "ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის" მებრძოლები სწორედ 35 კმ-ზე მიუახლოვდნენ სირიაში განთავსებულ ჰმეიმიმის საჰაერო ბაზას, საიდანაც აფრენილი რუსული საბრძოლო თვითმფრინავები ბომბავდნენ მათ და ამ აეროდრომის მწყობრიდან გამოყვანა "ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის" ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს.
მეორე რუსული, ოღონდ საზღვაო, ბაზა ტარტუსში მოქმედი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის 720-ე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პუნქტია, რომელიც ჯერ კიდევ 1971 წელს, საბჭოთა პერიოდში შეიქმნა. ეს არის რუსეთის ერთადერთი საზღვაო ბაზა ხმელთაშუა ზღვაში და მისი დაბომბვისა და აღების შემთხვევაში იქ ბაზირებული რუსული ხომალდების ეკიპაჟები ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. 1-ლი დეკემბრის თანამგზავრული ფოტოების თანახმად, სირიის ტარტუსის საზღვაო ბაზის ნავმისადგომებთან ჯერ კიდევ იდგნენ ექვსი რუსული სამხედრო ხომალდი, მათ შორის "ადმირალ გორშკოვის" პროექტის ორი ფრეგატი, "ადმირალ გრიგორევიჩის" პროექტის ერთი ფრეგატი, "ვარშავიანკის" პროექტის ერთი დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავი და ორი დამხმარე გემი. ორი დღის შემდეგ მთელი ეს რუსული სამხედრო ფლოტილია ტარტუსიდან "გაქრა".
ყველაზე ლოგიკური იქნებოდა, რომ სირიიდან გაქცეულ რუსულ ხომალდებს თავი შავი ზღვისთვის შეეფარებინათ, მაგრამ, 1936 წლის მონტროს კონვენციის თანახმად, შავ ზღვაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო თურქეთი ამ რუსულ ხომალდებს დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებში არ გამოატარებს, ისევე როგორც სწორედ ეს ფრეგატები არ შემოუშვა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ და ამიტომაც ისინი მესამე წელია სირიის ტარტუსში იყვნენ თავმოყრილნი.
არსებობს ვარიანტი, რომ რუსული ხომალდები დროებით ალჟირმა ან ლიბიამ შეიფაროს, მაგრამ ეს ვარიანტიც თუ არ გამოუვიდა, მაშინ მოუწევს სამივე ფრეგატის, ერთი წყალქვეშა ნავისა და ორი დამხმარე გემის მთელი ევროპის გარშემო შემოტარება ბალტიის ან ჩრდილოეთ ზღვაში მდებარე სამხედრო პორტებამდე მისაღწევად, ეს კი უზარმაზარი გზაა. როგორც ჩანს, ტარტუსიდან ოპერატიულად გასული რუსული საზღვაო ფლოტილია ჯერ ხმელთაშუა ზღვაში დრეიფობს და ელოდება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები სირიაში და თუკი "ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის" მებრძოლებმა იყოჩაღეს და რამდენიმე დღეში ჩამოაგდეს პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმი, მაშინ კრემლს მართლაც მოუწევს თავისი ხომალდების ევროპის გარშემო ვოიაჟის დაწყება. ეს კი შედის ისრაელისა და აშშ-ის ინტერესებში, რადგან ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში აღარ დარჩებიან "კალიბრის" ტიპის (რომელსაც ბირთვული ქობინის წაღებაც შეუძლია) ფრთოსანი რაკეტების გამშვები რუსული ფრეგატები და წყალქვეშა ნავი.
როგორ მოუწევს გამოქცევა სირიის ჰმეიმიმის აეროდრომიდან იქ განთავსებულ რუსულ საავიაციო შენაერთს, ეს ცალკე დიდი თავსატეხია მოსკოვისთვის, რადგან მოუხდება სირიიდან მათი გადაფრენის უზრუნველყოფა ჯერ ერაყისა და შემდეგ ირანის საჰაერო სივრცეების გავლით, რასაც თვითმფრინავები კი, მაგრამ შვეულმფრენები ხმელეთზეE დაუსხდომლად ვერ შეძლებენ. დღეისათვის სირიაში საერთო ჯამში მხოლოდ 7,5 ათასამდე რუსეთის სამხედრო მოსამსახურეა (მათი უდიდესი ნაწილი საავიაციო და საზღვაო სპეციალისტი და მეზენიტეა, რომლებიც ნაკლებად ფლობენ ქვეითი ბრძოლების ტაქტიკას) და თუკი კრემლს სურს შეინარჩუნოს ჰმეიმიმის საჰაერო და ტარტუსის საზღვაო ბაზები, მათი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მოუწევს სირიაში არანაკლებ ერთი მოტომსროლელი დივიზიის (12 ათას კაცამდე) გადასროლა თავისი საშტატო ჯავშანტექნიკითა და არტილერიით, რაც უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომში მყოფი პუტინის არმიისთვის უკვე ძალიან რთული ამოცანაა და უკვე აზრდაკარგულიც, რადგან პუტინის მოკავშირე ასადის რეჟიმი დამხობილია, ახალი ხელისუფლება დატოვებს კი იმ რუს სამხედრო პილოტებს, რომლებიც მას დაუნდობლად ბომბავდნენ?
"ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის" ლიდერი აბუ მუჰამედ ალ-ჯულანი, რომელიც ასადის რეჟიმის დამამხობელ მთავარ ძალად მიიჩნევა, ესწრაფვის თავის დაჯგუფებას იმიჯი გამოუსწოროს, რათა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის სახელი მოეხსნას, რისთვისაც ის შეიძლება გაურიგდეს კრემლს - რუსეთი მას უხსნის ტერორიზმის იარლიყს, სამაგიეროდ, ჰმეიმიმისა და ტარტუსის რუსულ სამხედრო ბაზებს სირიაში დარჩენის თუ არა, იქიდან მშვიდობიანად და აუჩქარებლად ევაკუაციის შესაძლებლობა და დრო მიეცემათ.