საით მიდის საქართველო?!
ჩვენ ყველას, ერსაც და ბერსაც, არ გვაქვს იმის უფლება, რომ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების უფსკრულში გადავჩეხოთ. ყველა შეცდომის გამოსწორება და ყველა პოლიტიკოსის შეცვლა შეიძლება, მაგრამ წელში გატეხილ ქვეყანას არაფერი ეშველება. გასული საუკუნის 90-იან წლებში სამოქალაქო დაპირისპირებამ თაობებს მომავალი დაუკარგა. ეს კარგად უნდა გვახსოვდეს!ამ დღეებში რამდენჯერმე გადავრჩით მსხვერპლს, რაც ისეთ პროცესებს გამოიწვევდა, რომ ქვეყანა, დიდი ალბათობით, თავზე დაგვენგრეოდა. თუმცა, თუ ძალადობა გაგრძელდა, ძნელი წარმოსადგენია ტრაგედიის თავიდან არიდება. ვინც 7 დეკემბერს უყურებდა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფსა თუ კობა ხაბაზზე თავდასხმის კადრებს, ამას ძალიან კარგად მიხვდებოდა... თბილისში, ცენტრალურ გამზირზე დარბიან ვიღაც უცნობი ნიღბიანები და ვინც არ მოსწონთ, ურახუნებენ. ამ ნიღბიანების მოქმედების არეალში, როგორც ჩანს, აღარ არსებობს არც სახელმწიფო და არც სამართალდამცავი სისტემა. ასეთი ფაქტების წახალისებით ან პრევენციის წაყრუებით, დავადგებით ერთადერთ გზას, რომელიც ქაოსისკენ მიდის. იმედია, როდესაც ეს სტატია დღის სინათლეს იხილავს, ყველა მოძალადე იდენტიფიცირებული და დაკავებული იქნება.
რა გველის თუ კრიზისი არ განიმუხტა?!
თუ საქართველოში ღრმა პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტა, დომინოს პრინციპი დაიწყებს მოქმედებას. პირველ რიგში, ეს დაარტყამს ლარის კურსს, გაყინავს ბიზნესაქტივობებს - ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლაზე ლაპარაკიც არ არის. საბოლოოდ, ეს დასრულდება ეკონომიკური კოლაფსით - გაჭირდება ხელფასებისა და პენსიების დარიგება; ქაოსი ქვეყანაში მოარღვევს უსაფრთხოების ყველა სისტემას და აღზევდება კრიმინალი; შეჩერდება ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი.
რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ამით ისარგებლებს ოკუპანტი რუსეთი, რომელმაც ცხინვალისა და აფხაზეთის ე.წ. საზღვრების დაცვის მოტივით, შესაძლოა ფართომასშტაბიანი სამხედრო პროვოკაცია მოაწყოს. ხაზს ვუსვამთ - რუსეთის სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველოში პოლარიზაცია გადაიზარდოს ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებაში, შემდეგ კი კიდევ უფრო ღრმა ქაოსში. მოვლენების ყველაზე მძიმე სცენარით განვითარების შემთხვევაში, ერთ-ერთი ტრაგიკული ის იქნება, რომ ემიგრაცია რამდენჯერმე გაიზრდება, მასობრივი გახდება "ტვინების გადინება" საზღვარგარეთ“- პირველ რიგში, ახალგაზრდების. ეს დემოგრაფიული კატასტროფა იქნება.
რა არის პირველ რიგში გასაკეთებელი?!
უცნობი ნიღბიანების აქეთ-იქით სირბილი რომ უსწრაფესად აღსაკვეთია და მოძალადეები დასასჯელი, იმედია, ამას კარგად ხვდებიან მაღალ ეშელონებში. გარდა ამისა, უსწრაფესად უნდა იყოს გამოძიებული აქციების დაშლა-დარბევებისას სამართალდამცავთა მიერ ძალის გადამეტების შემთხვევები. სხვათა შორის, ხელისუფლების მომხრეები რატომღაც ღიზიანდებიან, როდესაც ამაზე კეთდება აქცენტი. ამბობენ, რომ აქციის მონაწილეებიც ძალადობდნენ და შესაბამისად, ორივე მხარის ძალადობა უნდა იყოს გამოძიებული. რა თქმა უნდა, ძალადობა დაუშვებელია "პეტრესგანაც" და "პავლესგანაც", თუმცა სპეცრაზმს სპეციალურად ამზადებენ იმისთვის (ამაზე იხარჯება არცთუ მცირე სახსრები), რომ აქციაზე კანონის შესაბამისად და პროტოკოლით გათვალისწინებული სცენარით იმოქმედოს და ქუჩური ცემა-ტყეპა არ ატეხოს. გასაგებია, რომ ვიღაცამ შეიძლება შეგაგინოს ან რაღაც ნივთი გესროლოს, მაგრამ პოლიციელი იმიტომ ხარ, თავი შეიკავო. ამას გასწავლიან და ამაში გიხდიან ხელფასს. აქციების დაშლისას ჩვენ ვნახეთ ზოგიერთი კადრი, რომელიც არაფერში წერია...უფრო უარესია ცემა-ტყეპა დაკავების შემდეგ. უმწეო მდგომარეობაში მყოფ ადამიანს წიხლებით რომ შედგები, სპეცრაზმელად კი არა, საწყობის ყარაულადაც არ უნდა იმუშაო. ამ ხალხის ადგილი სისტემაში არ არის და უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ძალას გადაამეტა! ასევე, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პროცესები სამართლებრივი ჩარჩოდან არ გაიქცეს და რეპრესიებს არ დაემსგავსოს.
რაც შეეხება "მეორე მხარეს" - თუ ვინმე წინასწარ გეგმავდა ძალადობას, არეულობას და სარგებლობს მომიტინგეების გულწრფელი პროტესტით, რა თქმა უნდა, მათ მიმართაც უნდა გატარდეს მკაცრი ღონისძიებები. თუმცა საზოგადოებისთვის ეს პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს.
უნდა გამართულიყო თუ არა დებატები?!
კიდევ ერთ საკითხს შევეხებით, რომელმაც გასულ კვირას აჟიოტაჟი გამოიწვია. კერძოდ, ჩაიშალა დებატები ერთი მხრივ, ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილს და მეორე მხრივ, თინათინ ხიდაშელსა და მინდია ჯანელიძეს შორის. საბოლოოდ, ხიდაშელმა და ჯანელიძემ "საზმაუში" მისვლაზე უარი განაცხადეს. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ცალკე ოპოზიციურმა ლიდერებმა და ცალკე აქტივისტებმა ფსიქოლოგიური შტურმი მიიტანეს ხიდაშელსა და ჯანელიძეზე - რომ მიდიხარ, ვისი სახელით მიდიხარ და საერთოდ, მაგათ არ ვცნობთო... არადა, თქვენი მონა-მორჩილის აზრით, დებატები აუცილებლად უნდა გამართულიყო. ეს აუცილებელი იყო, რათა საზოგადოებას ყველა არგუმენტი და კონტრარგუმენტი მოესმინა (ბრიფინგების მეშვეობით ეს შეუძლებელია) და შემდეგ გადაეწყვიტა, თუ სად უნდა მდგარიყო. რაც შეეხება დამუნათებას: "ვისი სახელით მიდიხარ?", ეთქვათ ხიდაშელსა და ჯანელიძეს, რომ, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი სახელით მიდიოდნენ. რა, არ აქვთ უფლება?!
რითი იყო გამორჩეული ეს საპროტესტო აქციები?!
28 ნოემბრიდან დაწყებული აქციები "უნიკალური" იმით იყო, რომ მისმა მონაწილეებმა პარტიები "ჩახსნეს". აქცია იყო სტიქიური, არ იყო სცენა და ბრტყელ-ბრტყელი გამოსვლები. პოლიტიკოსები სადღაც კუთხეში იყვნენ, მათ არც არავინ არაფერს ეკითხებოდა და არც უსმენდა. გაიხსენეთ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ბოლო აქცია (25 ნოემბერს, როდესაც ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე დეპუტატები არ უნდა შეეშვათ) და შეადარეთ 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებულ აქციებს - დიდ განსხვავებას შეამჩნევთ! ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობთ, ძალიან ცუდია, როდესაც პოლიტიკური ძალები ავტორიტეტს კარგავენ, ამან შეიძლება გამოიწვიოს სწორედ ის, რომ პროცესები უმართავი გახდეს... ზოგიერთმა შეიძლება თქვას, პარტიების ოფისებში შსს-ს "რეიდებმა" (როდესაც ამოიღეს პიროტექნიკა, საღებავები და ა.შ) დაადასტურა, რომ აქციების მართვას პარტიები ცდილობდნენ. შესაძლოა! თუმცა მომიტინგეების დიდმა ნაწილმა ეს ხომ არ იცოდა?! მათ რომ ეს სცოდნოდათ, დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი დატოვებდა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიას...
დღეს, სამწუხაროდ, გვაქვს ვითარება, როდესაც დიალოგისთვის ფანჯარა არ ჩანს. ეს ძალიან სახიფათო და საგანგაშოა! არადა, ლაპარაკის დაწყება აუცილებელია. როგორც წესი, ასეთ ვითარებაში ინიციატივას ხელისუფლება იჩენს, რადგან საბოლოო პასუხისმგებლობა მაინც მას ეკისრება.
სად არის გამოსავალი?!
თქვენი მონა-მორჩილი 29 ნოემბერს, როდესაც რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები იწყებოდა, წერდა:
"ერთი შეხედვით, პოლიტიკური პროცესი ჩიხშია შესული და გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს. თუმცა გამოსავალი მაინც არსებობს. კერძოდ, ცივილიზებულ ქვეყნებში ღრმა პოლიტიკური კრიზისის დროს საბოლოო "ვერდიქტი" გამოაქვს მის უდიდებულესობა ხალხს, რომელიც დემოკრატიის პრინციპების მიხედვით, ძალაუფლების მთავარი წყაროა. ამ "ვერდიქტის" დაფიქსირება ხალხს შეუძლია რეფერენდუმის ან პლებისციტის მიხედვით. შესაძლოა, საქართველოშიც პოლიტიკური დაძაბულობის განსამუხტავად გამოსავალი სწორედ რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარება იყოს. მაგალითად, სარეფერენდუმო ან პლებისციტის კითხვა შეიძლება იყოს ასეთი: "გსურთ თუ არა, რომ 2025 წლის გაზაფხულზე (ან შემოდგომაზე) საქართველოში ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?“ ან ასეთი კითხვა: "ეთანხმებით თუ არა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი?“
ჩვენი აზრით, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, რომ რეფერენდუმისას ან პლებისციტისას მოსახლეობას პოზიცია ზემოხსენებულ ორივე საკითხზე დაეფიქსირებინა. ეს დაადასტურებდა, რეალურად რა სურს ხალხს და აიძულებდა პოლიტიკურ ძალებს, დამორჩილებოდნენ ამ "ვერდიქტს". შესაბამისად, საფუძველი გამოეცლებოდა ყოველგვარ სპეკულაციებსა და შეთქმულების თეორიებს, პოლიტიკური პროცესი კი სტაბილურ მდგომარეობას დაუბრუნდებოდა.
P.S. ეს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალია იმ პირობით, რომ რეფერენდუმი ან პლებისციტი სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიზისის უფრო ღრმა ჩიხში აღმოვჩნდებით".
ასეთი შუალედური გამოსავლის პოვნა დღესაც აქტუალურია. კერძოდ, შეიძლება მიტინგები მინავლდეს, თუმცა ნებისმიერ დროს შეიძლება ახალი ძალით იფეთქოს. მით უმეტეს, წინ არის კიდევ თარიღი, რომელმაც ქვეყანაში შესაძლოა დაძაბულობა კიდევ უფრო გაზარდოს.
რა მოხდება 14 დეკემბერს?!
14 დეკემბერს 300-კაციანმა კოლეგიამ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს - კანდიდატურა ერთადერთია: მიხეილ ყაველაშვილი. მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს შეიწყვიტოს უფლებამოსილება. ზურაბიშვილმა ისიც თქვა, რომ როგორც კი პრემიერი გადადგება, ის ორ კვირაში დანიშნავს ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს... სცენარი უცნობია - არ დატოვებს ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეს და მომიტინგეები მის ფიზიკურად დაცვას შეეცდებიან, თუ მთავრობა ზურაბიშვილის რეზიდენციიდან გამოყვანას ძალის გამოყენებით შეეცდება... ერთი რამ ფაქტია, 14 დეკემბრიდან დაძაბულობის ახალი კერა გაჩნდება.
გიორგი კვიტაშვილი