„საქართველოში ხელისუფლება გარედან ზემოქმედების გარეშე არ იცვლება!“ - კვირის პალიტრა

„საქართველოში ხელისუფლება გარედან ზემოქმედების გარეშე არ იცვლება!“

ქვეყანა მძიმე პოლიტიკურ კრიზისშია, გამოსავალი კი ჯერ არ ჩანს. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ანალი­ტიკოს მირიან­ მირიანაშვილს ვესაუბრეთ:

- ხელისუფლებას არ შეუძლია იმ პოლიტიკური რეალობის აღდგენა, რაც არჩევნებამდე იყო. მეორე მხრივ, ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებული ხალხი ვერ ახერხებს ხელისუფლების ხელში აღებას. პატური პოლიტიკური სიტუაციაა და გაუგებარია მისი დაძლევის გზები. გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა არც ერთ ძალას არ შეუძლია. არ გამოვრიცხავ, რომ ახალმა არჩევნებმაც არ გამოიწვიოს დეესკალაცია. ხალხის ძალიან დიდი ნაწილი არ მიიღებს "ოცნების" ხელისუფლებას. დაპირისპირება იმდენად გაღრმავდა, რომ საერთაშორისო მედიაციის გარეშე ეს პრობლემა არ მოგვარდება. ხელისუფლება არ წავა და ამის ილუზია არ უნდა გვქონდეს.

მთავარი პრობლემა ის არის, რომ ოპოზიციური პარტიები დისკრედიტირებულია საზოგადოების თვალში, იმაზე არანაკლებად, ვიდრე ხელისუფლება. ოპოზიციური ე.წ პროდასავლური პარტიები, ფაქტობრივად, უფუნქციო გახდა. "ოცნებას" შესაძლოა დაეთმო რამე, მაგრამ პატარა სისუსტის ჩვენების შემთხვევაში ეშინია, რომ ხალხი ბოლომდე შეტევაზე გადავა. სისტემურ კრიზისთან გვაქვს საქმე, ერთმანეთის პირისპირ დარჩნენ დაპირისპირებული ხალხი და ხელისუფლება. ამიტომ საერთაშორისო მედიაციის გარეშე ეს საკითხი ვერ გადაწყდება. უნდა ვაღიაროთ, რომ შიდაპოლიტიკური პრობლემების მოგვარების უნარი არ შეგვწევს. მერამდენედ ვსაჭიროებთ გარედან ჩარევას, როგორც 1992, 2003, 2012 წლებში. საქართველოში ხელისუფლება გარედან ზემოქმედების გარეშე არ იცვლება.

- ვინ გესახებათ მედიატორად იმ რეალობაში, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" ზურგი­ შეაქცია ევროპელ პარტნიორებს?

- ხელისუფლება არ მიიღებს ევროპის არც ერთ გზავნილს, რადგან ელანდება, რომ მათ ჩამოშორებას გეგმავენ. ერთადერთი ვარიანტია აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. ამერიკელების მედიაციაზე უარის თქმას ხელისუფლება ვერ გაბედავს. ეს შეიძლება იყოს ახალი და ძველი ადმინისტრაციის ერთობლივი მედიაცია. ამ ხელისუფლებამ წინააღმდეგობა შეიძლება გასწიოს, მაგრამ საგარეო წინააღმდეგობასაც აქვს ზღვარი და ეს სწორედ ამერიკელების ზემოქმედებაა. სრულიად ახალი ვითარება გვაქვს მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით დონალდ ტრამპს შეხვდა. ის, რომ ტრამპი და მისი თანაშემწეები დათანხმდნენ საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის ფორმატის გაფართოებას სალომე ზურაბიშვილის გამო, ნიშანდობლივი ფაქტია. შტატების პრეზიდენტს შეხვედრას ექსპრომტად ვერ მოუწყობ. ეს იყო წინასწარ შეთანხმებული დისკუსია და შესაბამისად ტრამპისთვის საინტერესო. შტატების ახალმა პრეზიდენტმა მოისმინა ზურაბიშვილის არგუმენტები და შემდეგ არჩევდა მათ. ესე იგი, ტრამპი რაღაცით საქმის კურსშია, თორემ მოისმენდა და დაამთავრებდა. ხელისუფლებამ ეს მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ ოდნავი ადეკვატურობა შერჩა. ისიც ფაქტია, რომ მაკრონი ჩართულია საქართველოში მიმდინარე საკითხებში და სურს გარკვეულ ძალებთან ერთად ტრამპისა და სალომეს დაახლოება გამოიყენოს ხელისუფლების წინააღმდეგ. იკვრება განსაზღვრული წრე, რომელიც არცთუ სასიამოვნო იქნება "ქართული ოცნებისთვის", რადგან ტრამპთან დაახლოების თემა ექსკლუზიურად თავიანთი ეგონათ. ამ ფორმატში ლიდერობის წაგლეჯა და ტრამპის განეიტრალება მასთან დაახლოებით მაკრონის ძალიან ძლიერი სვლაა. ბოლოდროინდელი რეპრესიების სიმწვავეს რომ ვუყურებ, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაცებს სიტუაცია ხელიდან გაექცათ. როცა პატარა გოგონას ხელჯოხს ურტყამ სახეში და სახის ძვლებს უმტვრევ, მას ცხოვრებას უნგრევ, ამას თუ აცნობიერებს ვინმე?! თან ეს ხდება მასობრივად, ამაზე რა პასუხი აქვთ?! ის განცხადებაც, რომელიც ენტონი ბლინკენმა გააკეთა, აქ რატომღაც ვერ გააცნობიერეს მისი პრობლემური ნაწილი. ის დაწერილი იყო ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან თანაავტორობით. მთელი სკანდალი ამ წერილის მოწოდებებში კი არ არის, არამედ ის, რომ "ქართულ ოცნებას" შტატების ადმინისტრაცია მთავრობად არ იხსენიებს. შტატების ძველ ადმინისტრაციასთან პაექრობა ცოტა უცნაურია, ძველი ადმინისტრაცია­ 15 ნოემბრის შემდეგ აღარ არსებობს, მათ კანონში წერია ეს. ახლა არის გარდამავალი ადმინისტრაცია, სადაც ტრამპისა და ბაიდენის ხალხი თანამშრომლობს და კონსოლიდირებულ პოლიტიკას ატარებენ - ეს როგორ შეიძლება ივანიშვილმა არ იცოდეს?!

გაუგებარია, ხელისუფლებას რატომ აქვს ტრამპის იმედი, როგორ უნდა გახსნას გორდიას კვანძი მხოლოდ ტრამპმა?! ხელისუფლება რატომ არ ფიქრობს, რომ შეიძლება ხელახალი არჩევნები იყოს გამოსავალი? ან რა აქვს მხედველობაში, რომ რეპრესიებით გადატეხს ქართველ ერს?! ჰგონიათ, ამერიკის ადმინისტრაცია ამას გაამართლებს? ისინი საქართველოს რეალობას უყურებენ ბიძინა ივანიშვილის ხედვის 180 გრადუსით საპირისპიროდ. მხედველობაში მაქვს უკვე ახალი ადმინისტრაცია - მარკო რუბიო და სენატორების ჯგუფი. ამ მოცემულობაში ვერ ვხედავ დაიმედების რეალურ საფუძველს, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი პირისპირ შეხვდა დონალდ ტრამპს.

საქართველოს საკითხი კი განცალკევებულია მსოფლიო პოლიტიკიდან, მაგრამ დიდწილად არის მიბმული უკრაინისა და სირიის თემაზე. ამერიკასთან საუბრის დროს რუსეთმა უკრაინასთან კონფლიქტში შესაძლოა ბევრი რამ დათმოს და ამ ნუსხაში შესაძლოა აღმოჩნდეს საქართველოც. მე ვერ ვნახე სერიოზული ანალიტიკოსი, რომელიც დაუშვებს იმ ვარიანტს, რომ უკრაინაში დასავლეთთან ზავის შემდეგ რუსეთი გარისკავს და მთელ დასავლეთთან ძლივს დალაგებულ რეალობას ფეხქვეშ გათელავს საქართველოში აგრესიით. როგორც კი უკრაინის საკითხზე რუსეთი რაღაც დონეზე დასავლეთს მოურიგდება, საქართველოს საკითხიც მომენტალურად გაირკვევა. დღეს საქართველო არ არის საერთაშორისო პროცესების სუბიექტი იმის გამო, რომ რუსეთის სისუსტის პერიოდში ყველამ რაღაც მიიტაცა - ზოგმა დაკარგული ტერიტორია, ზოგმა დაკარგული სუვერენიტეტი, ზოგმა გავლენა. ახლა ჩამოგითვლით რუსეთის ხარჯზე მოღონიერებულ სუბიექტებს: სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, სირიის პოლიტიკური მემკვიდრეები, მათ შორის ქურთები. რუსეთის დასუსტებით ისარგებლა ისრაელმაც, როდესაც არაბებსა და ირანზე რუსეთის პოლიტიკური მხარდაჭერის რესურსი განელდა და შესაბამისად, ისინიც მოწყვლადები გახდნენ. მხოლოდ ქართველები შევხვდით ამ გადამწყვეტ ფაზას ურთიერთდაპირისპირებული. ამიტომაც ვერ ვსარგებლობთ შესაძლებლობების მაქსიმუმით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთს მიეცემა საშუალება საქართველო დე-ფაქტო წარუდგინოს დასავლეთს, როგორც მისი მომავალი სატელიტი. რუსეთის მიერ საქართველოს ხელყოფის სურვილს ვხედავ, ისევე როგორც ვხედავ ქართველი რუსეთუმეების მზაობასაც, მაგრამ ეს რუსეთის დღევანდელ რესურსებსაც აღემატება და საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგსაც.

- ხელისუფლებამ პიროტექნიკისა და აირწინაღების არაოფიციალურად გაყიდვა აკრძალა, სამართალდამცავები სახლებში უცვივდებიან მოქალაქეებს და იჭერენ მშვიდობიან მომიტინგეებს. ეს აგონიაა თუ პირიქით, როგორც პრემიერმა თქვა, "სახელმწიფო ძლიერია, როგორც არასდროს"...

- ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ ამ პროცესებს არ მართავს არც გვარამია, არც ელისაშვილი და არც ოპოზიციის შტაბბინებიდან იმართება ახალგაზრდების ენერგეტიკა. აქციის მონაწილეებს რომ იჭერენ და ცდილობენ ოპოზიციური მუხტის განელებას, განელდა?! პირიქით, უფრო მეტი ხალხი გამოდის ქუჩაში. ქართული რეპრესიული სისტემის რესურსი უკვე ზღვარზეა. ოპოზიციონერების დაჭერით "ოცნებას" სურს პროცესი მათი გათავისუფლების კონტექსტში გადაიყვანოს და დააბრუნოს ისინი თამაშში. ხელისუფლება ცდილობს გარე ასპარეზზე ისე წარადგინოს პროცესები, თითქოს დაძაბულობის ინიციატორები ოპოზიციური პარტიები არიან. ის, რომ ხალხი და მით უმეტეს, ახალგაზრდობა აგიჯანყდა, გაცილებით მძიმე ფაქტია, ეს განაჩენია!

"ოცნებას" მთელი 12 წლის განმავლობაში ოპოზიციური მუხტის განელებისთვის ერთი ბერკეტი ჰქონდა - ოპოზიციური პარტიები. ახალგაზრდობამ ეს ბერკეტი ამოუგდო თამაშიდან, ივანიშვილი კი ჯიუტად ცდილობს ისევ თამაშში დააბრუნოს, ამიტომ წამოიწყო რეპრესიები მათთვის პოლიტიკური იმიჯის ფორმატირებისთვის, მაგრამ ვეჭვობ ამ ტრიუკზე ვინმე ავარდეს.

- თითქმის ორი კვირაა მთელ ქვეყანაში აქციებია. როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს?

- საპროტესტო მუხტი არ უნდა განე­ლ­დეს. ეს უკვე ღირსების საქმეა! არის რისკი, რომ საქართველო აღმოჩნდეს დასავლეთისგან მიტოვებული. ამ შემთხვევაში რუსეთი ალაფად წაგვიღებს, ალაფად წაღებულს კი სიტყვის თქმის უფლება არა აქვს ხოლმე. ამიტომ ტრაგედია იქნება დასავლეთისგან საქართველოსთვის ხელის კვრა. ქართველი ახალგაზრდობის პოლიტიკური წონა და იმიჯი ევროპაში, მათ შორის პოლიტიკურ წრეებში, წარმოუდგენლად მაღალია. თუმცა როგორ უნდა ჩამოყალიბდეს პოლიტიკური სუბიექტი ახალგაზრდობის სახით, ეს კითხვა აწუხებს ყველას ევროპაში.

- უახლოეს დღეებში თუ შეიძლება გარდატეხა მოხდეს?

- არ გამოვრიცხავ დრამატიზმის გამწვავებას, მაგრამ ვერ ვხედავ, როგორ უნდა მიაღწიოს მიზანს ხელისუფლებამ ანუ მიტინგური ენერგეტიკის განულებას. თითოეულ ახალგაზრდას 5-6 "მშობელი" ჰყავს. ამიტომ მათი გადაკიდება ხელისუფლებას რატომ ჰგონია პოლიტიკურად უმნიშვნელო, ვერ ვხვდები. საქართველოს ხელისუფლებას მინდა მოვუწოდო დეესკალაციისკენ, რათა მსხვერპლი არ მივიღოთ, თორემ მივიღებთ სულ სხვა რეალობას, რომელშიც ვერავინ გაიმარჯვებს. მსხვერპლი არის უკანდაუხეველი წერტილი. იმედია, ეს მოცემულობა არ დაგვიდგება, რადგან ეს იქნება ძალიან მძიმე მოსანელებელი როგორც ადამიანურად, ისე პოლიტიკურად.

სოფო კაჭარავა