„ყოველდღიურად ბეწვის ხიდზე გავდივართ, რომ სისხლი არ დაიღვაროს“ - კვირის პალიტრა

„ყოველდღიურად ბეწვის ხიდზე გავდივართ, რომ სისხლი არ დაიღვაროს“

ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებული მოვლენები შორიდან, ალბათ,­ სიურრეალისტურ ფილმს ჰგავს - ჯერ იყო და "ოცნებამ" არჩევნების გაყალბების­ ბრალდებები გადააგორა და საკუთარი უფლებამოსილება ცნო, მერე პრეზიდენ­ტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებით დაძაბულობის­ მუხტი თითქოს გადაიტანა, შემდეგ კი ოფიციალურად განაცხადა, 2028 წლამდე ვწყვეტთ ევროკავშირთან გაწევრების პროცესსო. ქუჩაში გამოსულ ხალხს კი სპეცრაზმი და წყლის ჭავლი დაუპირისპირა. გარდა ამისა, იჭერენ ჟურნალისტებს, მსახიობებს, მწერლებს; ადამიანებს სახლებში უცვივდებიან და არბევენ პარტიის ოფისებს... დასავლეთი "ოცნებას" საერთოდ აღარ ელაპარაკება, აშშ-ის საელჩოც კი ორსიტყვიანი ქარდებით გამოხმაურებაზე გადავიდა. ბოლო დღეებში ქუჩაში უკვე დათარეშობენ ნიღბიანი გაურკვეველი ფორმირებები და პირდაპირ ეთერში სცემენ ხალხს, მათ შორის, ჟურნალისტებს. ამ დროს პოლიცია იქვე დგას და არ რეაგირებს. "ოცნება" აცხადებს, ეს პროვოკაციაა მუხტის გასაზრდელადო... საით მიდის პროცესები და რა შეიძლება იყოს გამოსავალი, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს ვესაუბრეთ.

- ტერორის ეტაპზე გადავდივართ. ეს არის სადღაც 200-250-კაციანი ჯგუფი. შეყარეს სპორტსმენები, მათი ძალიან ერთგული ხალხი და მათ აძლევენ დარბევის დავალებას და უფლებას, რადგან, როგორც ჩანს, მაინც ბევრი პოლიციელი და სპეცრაზმელი უარს ამბობს ამის გაკეთებაზე. ძირითადად, ამ მიტინგებზე სწორედ ეს ჯგუფები მოქმედებენ, გამოცვივდებიან, დაარბევენ და ვიღაცას გაიტაცებენ. ხელისუფლება ცდილობს ამით დაატეროროს ხალხი. ივანიშვილი, როგორც ჩანს, დარწმუნებულია, რომ შიშით, დაშინებებით შეძლებს ამ კრიზისის გადაგორებას. მისი ამოცანაა რამენაირად აირჩიონ პრეზიდენტი და შემდეგ­ უკვე, როდესაც ყველა ორგანო მის აბსოლუტურ კონტროლში იქნება, პრეზიდენტის ჩათვლით, დაიწყოს ვაჭრობა დასავლეთთან "ბარტყების გადაყრაზე". ისიც ფაქტია, რომ ქუჩას ვერაფერს უხერხებს, წარმოდგენა არა აქვს ამ ადამიანების მოტივაციაზე. დღესაც აბსოლუტურად სჯერა, რომ ამას ამერიკელები უწყობენ და იმედი აქვს, რომ ამ რეპრესიებითა და პოლიტიკური ოპონენტების დაჭერით, ჟურნალისტების გაჩერებით შეძლებს ამერიკელებს დაუმტკიცოს, რომ არ მისცემს მისი ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობას და მასთან უნდა ილაპარაკონ, თუკი რაიმეს გადაწყვეტა უნდათ. ახლა ივანიშვილისთვის მთავარი ამოცანაა ყველას დაუმტკიცოს, რომ ის სრულად აკონტროლებს სიტუაციას ქვეყანაში და მას უნდა ელაპარაკონ გარანტიებზე.

- დასავლეთს, რომელიც წესებით, ინსტიტუტებით მოქმედებს, როგორ უნდა დაუმტკიცოს, სიტუაციას ვაკონტროლებო, როდესაც ქუჩაში გაურკვეველი ფორმირებები დათარეშობენ, პოლიცია კი დგას და უყურებს?

- კი, რეალურად ეს პრობლემაა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი ამერიკამ მოუწყო, რომ ეს ჟურნალისტებიც ამერიკელების ნაყიდია. ფიქრობს, თუკი ამათ დაიჭერს, გააჩუმებს, დააშინებს, პროცესი ქუჩაში გაჩერდება. რეალობის აბსოლუტურად არაადეკვატური აღქმა აქვს და ვერ ხვდება, რომ უკუშედეგის გარდა, ეს არაფერს მოუტანს. ხალხის გამწარება იზრდება და ამან შეიძლება გაცილებით მძაფრად იფეთქოს. ყველაზე ცუდი ის არის, ყოველდღიურად ბეწვის ხიდზე გავდივართ, რომ სისხლი არ დაიღვაროს და ადამიანები არ დაიღუპონ. ივანიშვილს თავის ცხოვრებაში პროტესტი არაფერზე გამოუთქვამს. მის გვერდით არ არის არც ერთი ის ადამიანი, რომელიც თუნდაც მაშინ, როდესაც ქვეყანა თავისუფლდებოდა, ან მერე, 2003-ში ან 2007-ში აპროტესტებდა უსამართლობას, კანონისა და ადამიანის უფლებების დარღვევას. მას არ ესმის, რომ ამ ადამიანებს დამოუკიდებელი მოტივაცია აქვთ. პირიქით, ფიქრობს, რა უნდათ, დასავლეთში დადიან, ხელფასებს იღებენ და რატომ უნდა იდგნენ აქციაზე, თუ ამერიკამ არ იყიდა ჩემს ჩამოსაგდებადო. მას ისიც არ ესმის, ადამიანი, რომელიც დასავლეთში სწავლობს და კარგად არის, შეიძლება თბილისში ჩამოვიდეს და აქციაზე დადგეს. ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მოწყობილია, დასავლეთს ეს ხალხი ნაყიდი ჰყავს და ჰგონია, თუკი დავაშინებ, გავლახავ და დავასისხლიანებ, დაიშლებიანო. ასეთ არაადეკვატურ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე.

- სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ახლა პარიზშია, მაკრონთან ერთად არაფორმალურად შეხვდა ტრამპსა და სხვა ლიდერებს და ქვეყანაში დღეს არსებულ რეალობაზე ელაპარაკა. "ოცნებას" ყველაფერი აწყობილი აქვს იმაზე, რომ ტრამპთან დაალაგებენ ურთიერთობას. განსაკუთრებით ამ ყველაფრის შემდეგ ეს რამდენად იქნება შესაძლებელი?

- ზურაბიშვილი ნოტრდამის ტაძრის გახსნაზე იმყოფება, საქართველოს მთავრობიდან სხვა არც არავინ მიუწვევიათ, მაკრონი კი ზურაბიშვილს მეუღლესთან ერთად დახვდა. ეს უკვე მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობა, ფაქტობრივად, კეთროვანია ცივილიზირებული საზოგადოებისთვის. ეს შეხვედრა კი, რაც არ უნდა არაფორმალური იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პრეზიდენტს მიეცა საშუალება პირადად ელაპარაკა საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ეს არის არსებითი. ახლა რას იტყვის "ოცნება", ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. პრეზიდენტის პარიზში ყოფნა და მისი შეხვედრები მიუთითებს, ვინ მიაჩნიათ ლეგიტიმურ ხელისუფლებად, აშკარაა, არა კობახიძე. მას დარჩენილი აქვს ადგილი ირანში, "ჰამასთან", "ჰეზბოლასთან" - ეს ადგილი მოუზომა ივანიშვილმა.

- გასაგებია, რომ პირადად ივანიშვილს შესაძლოა არ ესმის და ვერ ხედავს, გარეთ რა ხდება, მაგრამ არავინ არის მასთან ისეთი, ვინც ამას ეტყვის?

- როგორც ვიცი, არავის უჯერებს­ და პირად მართვაზე აქვს სიტუაცია, მათ შორის ძალოვნებთან ურთიერთობაში, მინისტრს კი არ ელაპარაკება, არამედ ცალკეულ პირებს, დანაყოფების ხელმძღვანელებს. კატასტროფული სიტუაციაა.

1733595970-zurabishvili-da-trampiii-1733693301.jpg

- სად არის გამოსავალი? რა შეიძლება მოხდეს?

- ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში გველის დასავლეთიდან პოლიტიკის საკმაოდ გამკაცრება და ამ ხელისუფლებაზე სანქციების რეალურად ამოქმედება. რაც შეეხება გამოსავალს, ჩემი აზრით, გამოსავალი ოპოზიციურ ველზე ძლიერი პოლიტიკური ცენტრის შექმნაა. დასავლეთს სჭირდება აქ ისეთი პარტნიორები, რომლებიც შეძლებენ ქვეყნის მართვას, რომლებიც იქნებიან პასუხისმგებელი თავიანთ გადაწყვეტილებებსა და მოსახლეობასა და ქვეყნის გარეთ ურთიერთობაზეც. დღეს ყველაზე დიდი პრობლემაა სერიოზული პოლიტიკური ცენტრების არარსებობა ქვეყანაში - ანუ ამ პროტესტს პოლიტიკური მდგენელი არა ჰყავს. ეს პროტესტი აბსოლუტურად სახალხოა. ერთი მხრივ, ეს რთული გასაჩერებელია, პოლიტიკური ლიდერების დაჭერა ამ პროცესს ვერაფერს აკლებს, რადგან ყველა რომც დაიჭირონ, პროტესტი მაინც გაგრძელდება, მაგრამ, მეორე მხრივ, გამოსავლის ძიების მხრივ ძალიან რთულად არის საქმე, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი, ფაქტობრივად, გაჩერებულია. ერთ მხარეს არის მხოლოდ ხელისუფლება, მეორე მხარეს - მომიტინგეები და პოლიტიკური ოპოზიცია არ არსებობს როგორც მოთამაშე. ამიტომ ახლა აუცილებელია მოთამაშე გაჩნდეს ველზე. პოლიტიკურმა ოპოზიციამ გადაჯგუფება უნდა მოახდინოს, დაფიქსირდეს როგორც პასუხისმგებლობიანი და ავტორიტეტული პოლიტიკური ძალა ქვეყანასა თუ მის გარეთ. ეს არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ ქვეყანაში შედარებით უმტკივნეულოდ მოხდეს ცვლილებები.

- თქვენი შეფასებით, ოპოზიციას ეტყობა, რომ ამისთვის რამეს აკეთებს?

- ოპოზიციას თავისი პრობლემები აქვს. ზოგი ცდილობს რაც ხდება, გააანალიზოს, ზოგი კმაყოფილია იმით, რომ საკუთარ თავს ხედავს ტელეეთერში. ფაქტია, ახლა ახალ პოლიტიკურ ისთებლიშმენტს ვერსაიდან ჩამოვიყვანთ. მთავარია, არსებული უფრო გავაძლიეროთ, ახალი სული შთავბეროთ და უფრო შევუწყოთ ხელი, რომ აიღოს პასუხისმგებლობა - სხვა გზა არა გვაქვს, თორემ დარწმუნებული ვარ, არც ის მოსახლეობა იყო აღფრთოვანებული ოპოზიციით, ვინც მას ხმა მისცა, მაგრამ მისცა იმიტომ, რომ სხვა არჩევანი არ იყო. ჯერ ამ მდგომარეობაში ვართ, არც ჩერჩილი გვყავს, არც რუზველტი და არც ჰელმუტ კოლი. დღეს ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ ხდება ამ უზარმაზარი საპროტესტო მუხტის კაპიტალიზაცია, იმიტომ, რომ ამას ვერ ახერხებს ოპოზიცია.

- რა უნდა მოხდეს, რომ ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების ჩატარებას დათანხმდეს? ან ოპოზიციამ როგორ უნდა აიძულოს?

- საამისოდ უნდა იმუშაონ როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ. ოპოზიციამ საზოგადოებას უნდა დაანახოს, იციან, როგორ გავიდნენ ბოლოში. ამის თაობაზე ოპოზიციისგან რამე გაგიგონიათ? უფრო გამსხვილება, უფრო გაძლიერება, უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო, მათ შორის პოლიტიკური აქტივობები, ოპოზიცია კი ჯერჯერობით იმით შემოიფარგლება, რომ ნაწილი აქციებზე დგას და სადაც დაინახავს მიკროფონს, იქ მივარდება, რომ თქვას, აი, მე ხალხის გვერდით ვდგავარო და ა.შ., ნაწილი კი ამასაც არ აკეთებს. ასე არაფერი გამოვა. ოპოზიციას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და მათ შორის ისიც, რომ პროტესტი რეგიონებში გადაიტანოს. პოლიციური ძალები ქვეყანაში შეზღუდულია და საჭიროა მათი დაქსაქსვა. კიდევ უამრავი რამაა, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, აუცილებელი არაა, გაზეთის ფურცლებიდან გავაგებინოთ "ოცნებას".

- რამდენიმე დღეში დანიშნავენ პრეზიდენტს და მაშინ ქვეყანაში რა რეალობა დგება?

- ის, რომ გვეყოლება აბსოლუტურად არალეგიტიმური და უავტორიტეტო ხელისუფლება. ვინმეს როგორ წარმოუდგენია ამერიკის, საფრანგეთის პრეზიდენტების ან გერმანიის კანცლერის შეხვედრა ბატონ ყაველაშვილთან? ან თუნდაც კობახიძის ამ ხალხთან შეხვედრა ამ ვითარებაში როგორ წარმოგვიდგენია? ფაქტობრივად, ჩაიჭრება ყველა საგარეო კავშირი. ივანიშვილი ახლა ყველანაირად ცდილობს როგორმე ტრამპის ადმინისტრაციაზე გავიდეს, მაგრამ ჯერ ვერაფერს ახერხებენ და, ალბათ, საბოლოოდ იმედი მაშინ დაემსხვრევა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია საქმიანობას შეუდგება. მანამდე კი, უახლოეს დღეებში, ველოდები, რომ ამოქმედდება ამჟამად მოქმედი ადმინისტრაციის დაწესებული სანქციები, ცხადია, შეთანხმებული ტრამპის ადმინისტრაციასთან.

- "ოცნება" თავს დაიმშვიდებს და იტყვის,­ რომ ტრამპი ამას შეცვლის, ანუ ამ უახლოესი ძალიან რთული პერიოდის განმავლობაში, ასე თუ ისე, რაღაც ბერკეტი­ ექნება. არადა, სასწრაფოდ რაღაც არის გასაკეთებელი, რომ მართლა ვინმე არ შემოაკვდეთ ამ გაურკვეველი ფორმირებებს. 20 იანვრამდე რისი გაკეთება შეიძლება?

- რა თქმა უნდა, ამას იტყვიან, მაგრამ სულ მთლად უტვინოებზე თუ აქვთ გათვლა, შეიძლება ვიღაცამ დაიჯეროს, მაგრამ არც ისეა საქართველოში საქმე, რომ ადამიანებს თეთრზე შავიაო, სჯეროდეთ. ვფიქრობ, სავსებით გასაგები იქნება, თუკი ახლა პიროვნულ სანქციებს­ შემოიღებენ. ეს იქნება მხოლოდ ივანიშვილის დასანქცირება თუ მთავრობის წევრებისაც, ძნელია სათქმელია, რადგან ბევრი ვარიანტი განიხილება, მაგრამ ფაქტია, სანქციები არ ასცდებათ. ცალკე საფიქრალია, ეს როგორ გავლენას მოახდენს ქვეყანაზე, ეკონომიკაზე, ინფლაციაზე. ყოველივე ეს ერთობლიობაში ქმნის­ იმ პროცესს, რომელმაც საბოლოოდ უნდა მიგვიყვანოს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნამდე.

- სავარაუდოდ, როდის?

- ეგ კაცმა არ იცის, რადგან ნებისმიერ დროს ნებისმიერი სისულელე შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ. ორი დღის წინ ვიდექით აქციაზე, არაფერი ხდებოდა და უცბად დაიწყეს სასტიკი დარბევა. რატომ სცემეს ხალხს, კაცმა არ იცის, გარდა იმისა, რომ მანიაკური წყურვილი აქვს ვიღაცას ხალხი დააშინოს. ფიქრობს, რომ შედეგს მიაღწევს, შედეგად კი მიიღეს ის, რომ ხალხის რაოდენობა სულ უფრო იზრდება, მთელ რუსთაველზე ხალხის ისეთი სიმჭიდროვეა, გავლა ჭირს. რაღაც გათვლილ და დაწერილ სცენარებზე ლაპარაკს აზრი არა აქვს, იმიტომ, რომ რა მოუვა თავში ივანიშვილს თუ კობახიძეს, რას მოიმოქმედებენ, არავინ იცის. გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი აბსოლუტურად პიროვნულია და რომელი როგორ ხასიათზე გაიღვიძებს, როდის უმტყუნებს ნერვები და როდის დაწყნარებული იქნება, ამის გათვლა აბსოლუტურად შეუძლებელია.

- ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, ესენი აპირებენ ყაველაშვილის დანიშვნას და ინაუგურაციას. მაშინ რა მოხდება, ორპრეზიდენტიანობა გვექნება თუ სალომე ზურაბიშვილს რეზიდენციიდან ძალით გამოიყვანენ?

- რა თქმა უნდა, 29-ში ძალით გამოიყვანენ, თუ ეს ვითარება შერჩათ და 14-ში ჩაატარეს ვითომ არჩევნები. არ ვიცი, 14-ში თბილისში რა მოხდება, რა რაოდენობის ხალხი მოიყრის თავს და რას გადაწყვეტენ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ იმ 200 ხმას მოაგროვებენ. "ოცნებას" სულ რაღაც 20 ხმის უპირატესობა აქვს და შეძლებს ან მოინდომებს თუ არა ყველა ჩამოსვლას და ხმის მიცემას, არ ვიცი, მით უმეტეს, 14-მდე კიდევ დროა და მოვლენები როგორ განვითარდება, კაცმა არ იცის. მე არც საგანგებო მდგომარეობის შემოღებას გამოვრიცხავ, რადგან ინსტიტუციური მართვის სრული კოლაფსი გვაქვს, გადასული ვართ ერთი პირის მმართველობაზე.

რუსა მაჩაიძე