"ცივილიზებული" "ჯიჰადი" - ვინ არის აბუ-მოჰამად ალ-ჯოლანი, რომელმაც ასადების 50-წლიანი მმართველობა 11 დღეში დაამხო
ბრიტანული გაზეთის, „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 9 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „როგორ შეუძლია სირიის ამჟამინდელ მოვლენებს უფრო მეტი უბედურების მოტანა, ვიდრე ბაშარ ასადის რეჟიმის დროს იყო“ (ავტორი - ედრიან ბლომფილდი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ვინ დაამხო ასადის რეჟიმი
სულ რაღაც 11 დღეში მოუღო ბოლო ბაშარ ასადის რეჟიმს ერთმა შეიარაღებულმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ - „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამმა“ - ანუ მან გააკეთა ის, რაც ვერ მოახერხეს 13-წლიანი ბრძოლით ვერც ოპოზიციამ და ვერც „ისლამურმა სახელმწიფომ“. მართალია, მისი შეტევა ელვისებური იყო, მაგრამ მმართველი რეჟიმის ესოდენ სწრაფ დაცემას ვერავინ წარმოიდგენდა. ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება სირიაში მოვლენები.
რაც აშკარად ჩანს, არის ის, რომ ახლო აღმოსავლეთში ისტორიის მსვლელობა ისევ იცვლება - შესაძლოა უფრო მნიშვნელოვნად, ვიდრე ეს „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შედეგად მოხდა, გასული წლის 7 ოქტომბერს. უახლოესი დღეებისა და კვირების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ლანდშაფტი რადიკალურად ტრანსფორმირდება: ხელისუფლება ალავიტებიდან - ისლამის სუნიტური განშტოების უმცირესობიდან და ბაშარ ასადის მომხრეებიდან, სუნიტებზე გადადის - ქვეყნის არაბულ უმრავლესობაზე და ბაშარ ასადის მტრებზე.
„ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის“ გამარჯვებით და ბაშარ ასადის კრახით შიიტური ირანიც და რუსეთიც ზარალდებიან - მათ მნიშვნელოვანი არაბი კლიენტი დაკარგეს.
რუსები სირიიდან წავლენ?!
რუსეთი, რომლის თვითმფრინავები ულმობლად ბომბავდნენ ბაშარ ასადის ოპოზიციის ქალაქებს, ახლა იძულებულნი გახდებიან, დატოვონ (დაკარგონ) თავიანთი სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზები (ტარტუსში და ხმეიმში), რითაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში დასაყრდენი მთავარი პლაცდარმი ხელიდან ეცლება. მაგრამ კრემლს აქვს კიდევ სხვა ვარიანტები დარჩენილი რეგიონში, უპირველესად, ლიბიაში, სადაც რუსეთი მხარს უჭერს გენერალ ხალიფ ხაფთარს, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის - კირენაიკის მმართველს, რომელიც ფაქტობრივად ლიბიის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ხალიფ ხაფთარი 1970-იან წლებში საბჭოთა კავშირში, მოსკოვში სწავლობდა - მიხეილ ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში და კარგად იცის რუსული ენა.
ირანი უფრო დასუსტებულია: ისრაელის სამხედრო მოქმედების წყალობით თითქმის მთლიანად განადგურდნენ თეირანის მნიშვნელოვანი არასახელმწიფოებრივი მოკავშირეები - „ჰამასი“ ღაზას სექტორში და „ჰეზბოლა“ - ლიბანში. ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემით, რომლის თავიდან აცილება, ობიექტურად რომ ვთქვათ, ირანს არ შეეძლო, თეირანმა ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო-კლიენტი დაკარგა, ერთგვარი ხიდი ირანსა და ლიბანს შორის, რომლის მეშვეობითად ირანი „ჰეზბოლას“ იარაღით და სხვა მასალებით ამარაგებდა. ირანისათვის ახლოაღმოსავლური გეოპოლიტიკური უბედურების მასშტაბები ძალიან მკაფიოდ მოჩანს. ბაშარ ასადის დამხობა ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად უნდა ჩაითვალოს“, - ამბობს მოჰამედ ალი აბტახი, ირანის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, - „ფაქტობრივად, ირანის სადაზვერვო ქსელი ახლო აღმოსავლეთში სირიის მმართველი რეჟიმის დაცემის გამო, მხარდაჭერის გარეშე რჩება და, შესაბამისად, ისრაელი დომინირებად ძალა გახდება“.
ისრაელი, რა თქმა უნდა, უფრო გაძლიერდება, თუ სირიის ახალი სუნიტური ხელისუფლება იმ „ხიდს დაანგრევს“, რომლის მეშვეობითაც ირანული იარაღი „ჰეზბოლასთვის“ ბეირუთში მიდიოდა. ბუნებრივია, თუ ირანს მოკავშირე დაუსუსტდება, ამით თვითონაც, თეირანიც დასუსტდება. რასაკვირველია, ისრაელი, ალბათ, რეჟიმგამოცვლილ სირიას მაინც არ შეურიგდება, რომელიც, სავარაუდოდ, ისლამურ ქვეყნად გადაიქცევა და საერო სახელმწიფოს (ლიცისტურისა და სეკულარულის) ნიშნები აღარ ექნება.
მაგრამ შემაშფოთებელი და ეჭვების გამჩენი ის გარემოებაა, თუ ვინ იქნება სირიის ხელისუფლების მეთაური ბაშარ ასადის ნაცვლად.
ვინ შეცვლის ასადს?!
„ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი“ ამბოხებულ ისლამისტურ დაჯგუფებას წარმოადგენს, რომელიც, ალბათ, დიდ გავლენას მოახდენს სირიის მომავალ სახელმწიფო სისტემაზე, რაც, შეიძლება ითქვას, რომ დღეს მრავალუცნობიან განტოლებას წარმოადგენს.
2017 წლამდე „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი“ „ალ-ქაიდას“ ფილიალი იყო, შემდეგ მან უსამა ბინ ლადენთან კავშირები გაწყვიტა, თუმცა ამით აშშ ვერ დაარწმუნა, რომ მისთვის ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნა.
„ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის“ ლიდერია აბუ-მოჰამად ალ-ჯოლანი, რომელიც 5 წელი იჯდა ამერიკის სხვადასხვა საპყრობილეში, მათ შორის - აბუ-გრეიბშიც. ამერიკას აბუ-მოჰამად ალ-ჯოლანის ხელში ჩასაგდებად ჯილდოდ 10 მილიონი დოლარი აქვს გამოცხადებული.
ბოლო წლებში „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის“ ლიდერმა თავისი განცხადებების ტონი საკმაოდ შეარბილა, შედარებით პოზიტიური იმიჯი შეიქმნა, რათა ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსითავის ცივილიზებულობასა და დიპლომატიაში დაერწმუნებინა [მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც].
როცა აბუ-მოჰამად ალ-ჯოლანის სამხედრო ქვედანაყოფები ჩრდილოეთ სირიიდან (იდლიბის პროვიციიდან, რომელიც თურქეთს ესაზღვრება) ქვეყნის სამხრეთისაკენ დაიძრა, სადაც დედაქალაქი დამასკო მდებარეობს, მან ირანსა და ისრაელს, აგრეთვე, შეშფოთებულ ალავიტებს მიმართა, რომ ხელისუფლების შეცვლა ორგანიზებულად განხორციელდება და რომ არავითარი ეთნიკურ-რელიგიური რეპრესიები მოსალოდნელი არ არის.
სხვათა შორის, „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის“ წარმომადგენლებმა გარკვეულწილად ითანამშრომლეს კიდეც ბაშარ ასადის რეჟიმთან, როცა პრემიერ-მინისტრს დახმარება სთხოვეს ძალაუფლების გადაცემის საკითხში. ასეა თუ ისე, როცა მათ დამასკო დაიკავეს, არანაირი მასობრივი სისხლისღვრა არ მომხდარა, რისაც ბევრს ეშინოდა. თუმცა ჯერ კიდევ ნაადრევია მტკიცედ თქმა იმის შესახებ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად განვითარდება: სირიაში არის რაიონები, სადაც ქურთები დომინირებენ, არიან რაიონები, რომლებსაც აკონტროლებს „ისლამური სახელმწიფო“.
ამჟამად სირიაში ოპტიმიზმი და იმედიანი განწყობა სუფევს „ახალი დემოკრატიული ეპოქის“ დადგომასთან დაკავშირებით: „ჩვენ ისტორიულ მომენტის მოწმენი ვართ, როცა სირიის ავტორიტარული რეჟიმი კრახს განიცდის“, - ამბობს მაზლუმ აბდი, სირიის დემოკრატიული ძალების სარდალი, რომელსაც მხარს აშშ უჭერს, - „ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა, ახალი სირია ავაშენოთ, რომელიც სამართალზე და დემოკრატიაზე იქნება დაფუძნებული და რომლის დროსაც ყველა სირიელის უფლება დაცული იქნება“.
ასეთი ოპტიმიზმი, რა თქმა უნდა, შეიძლება დასაბუთებულიც კი იყოს, მაგრამ ამის მიუხედავად, არის არასტაბილურობის მნიშვნელოვანი საფრთხეც: ვინ დაიკავებს მეთაურის ადგილს მომავალ ახალ სირიაში? საყურადღებოა ის გარემოება, რომ თუ ისინი, ვისაც იარაღი აქვს, ვერაფერს მიიღებენ, რას გააკეთებენ?
იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია და დონალდ ტრამპი საეჭვოა, სირიის მოვლენების შემკავებელი იყოს, აქედან გამომდინარე, მათ, ვინც უკმაყოფილონი დარჩებიან ხელისუფლების განაწილებით, შეიძლება იარაღი შეაბრუნონ და ხელისუფლების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაიწყონ.
დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ მას სირიაში ბრძოლისაგან განზე დგომა სურს და განაცხადა: „ეს ჩვენი ბრძოლა არ არის. დაე, ყველაფერი თავისი რიგით წავიდეს. ნუ ჩაერევით“.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბაშარ ასადის წინააღმდეგ ოპოზიციის მხრიდან 13 წლის განმავლობაში მიმდინარე აჯანყება შეიძლება დასრულებულად ჩავთვალოთ, მაგრამ სამოქალაქო ომი, დიდი ალბათობით, კვლავ გაგრძელდება.