"პროვოკაციები იქნება, ამაში რუსეთია დაინტერესებული: მომიტინგეები და პოლიტიკოსები ფრთხილად უნდა იყვნენ" - ექსპერტის საგანგაშო პროგნოზი
ქვეყანაში ურთულესი მდგომარეობაა - არ წყდება პროტესტი მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება საქართველოს ევროინტეგრაციაში გაწევრების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს. გასულ კვირას კვლავ მოწმენი გავხდით აქციების გადამეტებული ძალით დაშლის, პროტესტანტთა დაპატიმრების, ასევე პარტიულ ოფისებსა და სამოქალაქო აქტივისტების სახლებში პოლიციის შესვლისა და ჩხრეკის. რატომ მივიდა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე, როდესაც სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე სულ უფრო მძაფრდება? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ თენგიზ ფხალაძესთან:
- ბოლო 2 წლის განმავლობაში ხშირად ვსვამდით კითხვას, რატომ დგამდა "ქართული ოცნება" სრულიად აუხსნელ ნაბიჯებს საკუთარი საზოგადოებისა და მისი ევროპული მომავლის წინააღმდეგ? ამაზე პასუხად დღემდე არაერთი ვერსია განიხილება, ზოგი ამბობს, რომ ეს შეგნებულად ხდებოდა, ზოგის აზრით, არაკომპეტენტურობის ბრალი იყო. არსებობს მოსაზრება, რომ არასათანადოდ შეაფასეს პოლიტიკური მოცემულობა და ა.შ. მაგრამ უბედურება ის არის, რომ არც ერთი არ ამართლებს ხელისუფლების ქმედებებს. რა ვერსიაც არ უნდა განვიხილოთ, საბოლოოდ მივდივართ დასკვნამდე, რომ ყოველივე ხელისუფლების არასწორი მოქმედებების ბრალია.
თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ხელისუფლება ყოველდღე გვაყვედრის თავის მაღალ IQ-ს და მაღალ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, მაშინ გამოდის, ასეთ ინტელექტუალებს შეუძლებელია არ ესმოდეთ, რასაც აკეთებენ, და ეს უფრო უარეს მოცემულობას ქმნის. თუ ესმით, რასაც აკეთებენ, გამოდის, განზრახ აზიანებენ ქვეყანას. თუმცა პირადად მე მგონია, რომ სრულიად მოწყვეტილი არიან რეალობას, ვერ აცნობიერებენ, რა ხდება. წარმოუდგენელია, რაც დღეს თბილისში ხდება. და არა მხოლოდ თბილისში. 8 დეკემბერს ვწერთ ამ ინტერვიუს და ეს არის საყოველთაო პროტესტის მე-11 დღე. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ პროტესტს კი არ ვუყურებდით, არამედ პროტესტანტების პირდაპირ ვიდეოკამერების წინ დასჯას. ეს არ არის მხოლოდ მანიფესტანტების დარბევა, ეს არის პროტესტანტების, მედიის, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დასჯა. ზოგიერთს მაინც განსაკუთრებული სისასტიკით ექცევიან, როგორც ჩანს, სამაგალითოდ, სხვების დასაშინებლად, მაგრამ, ფაქტია, არ დაშინდა ხალხი. შეუძლებელია ადეკვატური ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობასთან მხოლოდ მხუთავი აირით, წყლის ჭავლითა და რეპრესიებით ურთიერთობდეს და ამის გარდა ვერ ხედავდეს საშუალებას ახალგაზრდებთან, ქვეყნის მომავალთან სალაპარაკოდ. ქუჩაში დგანან სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ახალგაზრდები, რომელთაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ევროპული მომავალი სურთ! როგორ შეიძლება გერქვას ხელისუფალი და აი, ამ ხალხთან ურთიერთობის გზად რეპრესიების გარდა, ვერაფერს ხედავდე... ვითარება მართლაც კრიტიკულია და აქამდე მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ქვეყნის დამაზიანებელი პოლიტიკით მივედით.
- თქვენ უკვე ახსენეთ პროტესტანტების დასჯა და რეპრესიები, ამასთანავე, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს საპროტესტო მოძრაობის წევრების კრიმინალად, უცხო ქვეყნისა თუ "ნაციონალური მოძრაობის" მართულად წარმოჩენას...
- საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც რეალობას მხოლოდ ხელისუფლების პროპაგანდისტული საშუალებებით აღიქვამს და არა აქვს შესაძლებლობა უშუალოდ ნახოს და ობიექტურად შეაფასოს, რაც ხდება, შეიძლება იმოქმედოს ამ პროპაგანდამ, მაგრამ საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენი თუ არა, ჩვენი ახლობლის შვილი, ძმა, მეუღლე და ა.შ. დგას იმ აქციებზე და ხდება ძალადობის სამიზნე. შესაბამისად, ბოლოს და ბოლოს ეს ადამიანებიც დაეჭვდებიან ხელისუფლების სიმართლეში.
როგორ შეიძლება დაიჯერო, რომ ბალერინა ნათია ბუნტური ტერორისტია, ან ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, უწესიერესი, უპატიოსნესი ადამიანი, რომლის აგრესია არავის ახსოვს, მოძალადეა.
კიდევ რამდენი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ვიმეორებ, საქართველო პატარა ქვეყანაა და ეს რეპრესიები საბოლოოდ ყველას შეეხება. ჩემი აზრით, სულ უფრო ცოტავდება იმ პირთა რიცხვი, ვინც შეიძლება დაიჯეროს ის აბსურდული კონსპიროლოგიური თეორიები, რომელთაც დღეს ხელისუფლება ავითარებს. არ გამოვრიცხავ აქციებისას რაიმე ტიპის პროვოკაციას. დარწმუნებული ვარ, ამ მანიფესტაციებში ბევრი შეგზავნილიც მონაწილეობს, მაგრამ დიდწილად იქ დგანან სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ადამიანები. შეუძლებელია ეს პროცესი გაასაღონ გარედან მართულ პროვოკაციად. ხელისუფლება ამ მოვლენების სათავეს პოლიტიკურ პარტიებში ეძებს, მათ ოფისებს ჩხრეკს, საიდანღაც იარაღს იღებენ და ა.შ., მაგრამ სათავე იქ არ არის. ეს არის მართლაც საზოგადოების პროტესტი და მეტყველებს, რომ ქართველი საზოგადოება მესიანიზმიდან გამოვიდა, ისინი ლიდერს კი არ მიჰყვებიან ბრმად, არამედ იდეისთვის იბრძვიან. მათ პოლიტიკური პარტიები არ აინტერესებთ, მათთვის მთავარი იდეაა, რომელსაც იცავენ. რასაკვირველია, ნაწილი პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერიცაა, მაგრამ ეს პროცესი პარტიების მართული ნამდვილად არ არის. მოვლენათა განვითარება გვაჩვენებს, თუ როგორ იზრდება პროტესტის არა მხოლოდ მუხტი, არამედ გეოგრაფიაც. პროტესტი არ არის მხოლოდ თბილისში, ეს ხდება სხვა ქალაქებში, რეგიონებში. ამიტომაც დღეს რასაც ხელისუფლება საკუთარ თავს უკეთებს, არის პოლიტიკური სუიციდი.
გარდა პროტესტის გეოგრაფიისა, ჩვენ ვხედავთ თავად სისტემაში დიდ ძვრებს...
- მესიანიზმიდან გამოსვლა კარგია, მაგრამ პოლიტიკურ პროცესს სჭირდება პოლიტიკური ლიდერები, რასაც ოპოზიცია, ჩემი აზრით, ვერ ართმევს თავს...
- გეთანხმებით, ეს სერიოზული პრობლემაა და რომ არა მისი სისუსტე, ვითარება აქამდე არც მივიდოდა. ხელისუფლება იმდენად გათამამდა იმით, რომ მათ გადაწყვეტილებებს სერიოზული პოლიტიკური წინაღობა არ ხვდებოდა, გადაწყვიტა, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია. შესაბამისად, მიიღეს ის მძიმე გადაწყვეტილებები, რამაც აქამდე მიგვიყვანა. მოკლედ, ოპოზიცია ისეთი სუსტია, შეუძლებელია ეს პროცესები მისი დაწყებული და მართული იყოს. მეორე საკითხია, ამ პოლიტიკური პროცესის შედეგად რა იქნება - ოპოზიციის ტრანსფორმაცია, გახდება ის უფრო ძლიერი თუ ახალი პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდება. აქსიომაა, რომ პოლიტიკური კრიზისი ყოველთვის შობს ძლიერ ლიდერებს, ვნახოთ...
- აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ბოლო დღეებში გაურკვეველი პირების ძალადობის ფაქტებზე. აქტივისტები მათ "ტიტუშკებად" მოიხსენიებენ. ჩვენ ვნახეთ, ეს ხალხი რა სასტიკად გაუსწორდა "ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორს, ასევე სხვა მანიფესტანტებს.
- ვითარება ყოველდღიურად მძიმდება, და ამ ნიღბიანი პირების თარეში უფრო და უფრო მასობრივ ხასიათს იღებს.
მთავარი კითხვა ის არის, როგორ ხდება პოლიციელებით სავსე პერიმეტრზე ამ ტიპის დანაშაულები? ფაქტობრივად, პოლიციის თვალწინ ხდება ყველაფერი, რატომ არ აპატიმრებენ მოძალადეებს?!
ეს ხდება იქ, სადაც გადატენილია ქუჩები პოლიციელებით და ეს არის ხელისუფლებისთვის უზარმაზარი პასუხისმგებლობა. არ გამოვრიცხავ საპროტესტო მასაშიც იყვნენ პროვოკატორები, მაგრამ მათი განეიტრალებაც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ძალიან საშიშად თამაშობენ, სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება არავის შერჩება, ამიტომ მორჩნენ "გლობალურ ომის პარტიაზე" ლაპარაკს და რეალურ საფრთხეებს მიხედონ. ამას წინათ პრემიერმა მოგვახსენა, რომ თურმე აქციებზე დააკავეს რუსეთის რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ. დიდი ბოდიში, მაგრამ, როდესაც საზოგადოება აპროტესტებდა რუსეთის მოქალაქეების უკონტროლოდ შემოსვლას, მაშინ მათ კობახიძე ქსენოფობებს ეძახდა, ახლა კი ძალიან რთულია რუსების ამხელა ნაკადში იმის გარკვევა, რამდენია მათში პროვოკატორი და ვინ რის გაკეთებას ცდილობს.
დასავლეთს საქართველოში სტაბილურობა სურს და ამისთვის წლების განმავლობაში უამრავი რამ გააკეთა. ჩვენ საფრთხე უნდა ვეძებოთ ჩრდილოელ მეზობელში, თუმცა ხელისუფლება ამ საფრთხეებზე ყურადღებას არ ამახვილებს და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციას სულ სხვა მიმართულებით ცდილობს. ვფიქრობ, პროვოკაციები კიდევ იქნება და ამაში განსაკუთრებით რუსეთია დაინტერესებული - ეს საიდუმლო არავისთვის არის. პროტესტანტებსა თუ პოლიტიკოსებს მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ.
წაიკითხე ვრცლად: „ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს საკუთარი შეცდომები და...“