კეზერაშვილი BBC-ის წინააღმდეგ - რა განცხადებას ავრცელებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია BBC-ს, მის შესახებ მომზადებული სიუჟეტების საქმეზე, სასამართლო დავა მოუგო.
როგორც კეზერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, შედეგად, BBC-მ ყველა პლატფორმიდან მის შესახებ მომზადებული მასალები აიღო.
„ტელეკომპანია BBC-მ, ჩემ მიერ წარმოებული სასამართლო დავის შედეგად, ყველა თავისი პლატფორმიდან გაიხმო ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტები, სტატია თუ სხვა მასალა, რითაც დასრულდა თითქმის ორწლიანი ე.წ. „ბიბისის“ ცილისწამებასთან დაკავშირებული პროცესი, რამაც ფაქტობრივად დადასტურდა, რომ გამოთქმული ბრალდებები წარმოადგენდა უმძიმეს ცილისწამებას ჩემი მისამართით.
BBC-მ ასევე ვალდებულება აიღო, რომ არც მომავალში დაუბრუნდება ჩემს მიმართ მათ პლატფორმებზე გასული ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას.
BBC ამინაზღაურებს ჩემს სარჩელთან დაკავშირებულ ყველა იურიდიულ ხარჯს.
სასამართლოსთვის მომზადებული ყველა მასალა, აუდირებული ანგარიშები, თუ იურიდიული და საკონსულტაციო კომპანიების მომზადებული ანგარიშები, ცალსახად და არაერთგვაროვნად აჩვენებს, რომ ბრალდება იმის თაობაზე, თითქოს შესაძლოა, ვსარგებლობდე რაიმე ტიპის უკანონო შემოსავლით, სრული სიცრუეა. ხოლო საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩემ წინააღმდეგ აგორებული შემდგომი კამპანიაც, ქართული საზოგადოების და საერთაშორისო მეგობრების სიცრუეში შეყვანას ისახავდა მიზნად.
ამას საქართველოს გარეთ ჩატარებული სხვა სასამართლო პროცესების შედეგებიც ადასტურებს.
„ქართული ოცნების“ ყველა მსგავსი კამპანია სასამართლოებმა ან ადამიანის უფლების უხეშ დარღვევად (2024 წლის ე.წ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება) ან პოლიტიკურ დევნად შეაფასეს (საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოების გადაწყვეტილებები).
მადლობა მინდა გადავუხადო იურიდიულ გუნდს, რომელმაც ბევრი იშრომა, რათა ჩემი სიმართლე დამტკიცებულიყო“, - წერს დავით კეზერაშვილი.
ცნობისთვის, ე.წ. ქოლცენტრების თაღლითურ სქემაზე BBC-იმ ფილმი 2023 წლის აპრილში გამოაქვეყნა. დოკუმენტურ ფილმში დავით კეზერაშვილი საქართველოში მდებარე ბევრი ქოლცენტრის დამფუძნებლად სახელდებოდა. BBC-ის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი ქოლცენტრების უმრავლესობა ე.წ. პიქსელის შენობაში მდებარეობდა და ბევრი მათგანი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ იყო დაფუძნებული ან დარეგისტრირებული. ფილმში მას “მისტერ ოფშორად” მოიხსენიებდნენ.
"ინტერპრესნიუსი"