ერდოღანმა პუტინს პოლიტიკურ ჭადრაკში „სირიული მატი“ დაუსვა - კვირის პალიტრა

ერდოღანმა პუტინს პოლიტიკურ ჭადრაკში „სირიული მატი“ დაუსვა

არ ვიცი უთამაშიათ თუ არა ჭადრაკი თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს თავიანთი არაერთი შეხვედრის დროს, მაგრამ ფაქტია, რომ ერდოღანმა პუტინს დიდ პოლიტიკაში „სირიული მატი“ ჩაუსვა...

ის, რაც ასე ელვის უსწრაფესად დატრიალდა სირიაში, რომელიც ბაშარ ასადის რეჟიმის ჩამოქცევითა და პირადად მისი მოსკოვში,პუტინთან გაქცევით დამთავრდა, ერდოღანის პოლიტიკური ქმედებების დიდ წარმატებაზე მიუთითებს...

რა გეგმები აქვს ერდოღანს სირიაში?!

ასადის გაქცევისთანავე ანკარამ თავის სამხედრო შენაერთები გადაიყვანა თურქეთ-სირიის საზღვარზე და მის გასწვრივ 30 კმ სიგანის ბუფერულ ზონას შექმნის.

მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პროთურქული გასამხედროებული დაჯგუფების -„სირიის ნაციონალური არმიის“ მიერ სირიის ქალაქ მანბიჯზე დაუყოვნებელი იერიშის მიტანა, რომელსაც ბოლო წლები „ქურთების მუშათა პარტიისა“ და “თავდაცვის სახალხო რაზმები“ აკონტროლებდნენ.

ეს მოსალოდნელიც გახლდათ, რადგან თურქეთი ვერანაირად ვერ ეგუებოდა ქურთების ძალაუფლების განმტკიცებას სირიის ტერიტორიაზე და მით უმეტეს ასადის რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ ამას ღიად შეეწინაღმდეგება.

გარდა ამისა, ანკარას აქვს საკუთარი პრობლემაც - 2011 წლიდან მოყოლებული,მას შემდეგ რაც სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო, თურქეთმა 3,5 მლნ-ზე მეტი სირიელი ლტოლვილი შეიფარა და ბუნებრივია, რომ დღეს თურქებს მათი უკან, სირიაში დაბრუნება სურთ.

ამას ანკარა არ აღიარებს, მაგრამ ფაქტია, რომ ასადის რეჟიმის ჩამომგდები ოპოზიციის მთავარი ძალის- „ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის“ უკან აშკარად მოჩანს თურქული კვალი - დიდი ალბათობით,ოფიციალურმა ანკარამ „ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის“ (სხვათა შორის, რომელიც თურქეთს წლების წინ ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული)ლიდერებს ფარულად წინასწარ მისცა ჩაურევლობის გარანტიები, როდესაც ისინი წამოიწყებდნენ საბრძოლო მოქმედებებს ასადის რეჟიმის დასამხობად.

პრეზიდენტმა ერდოღანმა მართლაც სერიოზული სვლა გააკეთა ლაზიერით და „სირიული მატი“ დაუსვა თავის რუს კოლეგას -პუტინს, რომელსაც ასადი თავის უმთავრეს უსაფრთხოების გარანტად მიიჩნევდა...

თითქოს ერდოღანსა და პუტინს საუკეთესო ურთიერთობები აქვთ,განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობისას თურქეთში, პუტინის დავალებით რუსეთის დაზვერვამ მნიშვნელოავანი ოპერატიული ინფორმაციები მიაწოდა ერდოღანის პირად დაცვას, მისი ფიზიკური გადარჩენის მიზნით.

მაგრამ მიუხედავად ამისა, ერდოღანმა პუტინს უკვე მეორედ მოუგო სტრატეგიული ინტერესების გატარების თვალსაზრისით და პირველი ეს იყო აზერბაიჯანის მიერ 2020 წელს ყარაბაღში წამოწყებული საბრძოლო მოქმედებები ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რაც სამ წელში წარმატებით დამთავრდა.

ყარაბაღის მეორე ომში რუსეთის ჩაურევლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, სწორედ ერდოღანის პირადი ურთიერთობა პუტინთანაც გახლდათ.

ამის შემდეგ, რუსეთმა დაკარგა აზერბაიჯანზე ზეგავლენის ერთ-ერთი მნიშვნელოავნი ბერკეტი და ამასთან ძალზე გაანაწყენა სომხეთი, რომლის ხელისუფლებამაც ინტენსიურად დაიწყო მოქმედებები რუსეთის გვერდის ავლით ევროპაში, პირველ რიგში კი, საფრანგეთზე გასასვლელად.

უდავოდ ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ სამხრეთ კავკასიაში გატარებული პოლიტიკის სერიოზული მარცხი გახლდათ, რომელსაც ახლა ემატება „სირიული მატიც“ და ისევ ერდოღანისგან...

რას კარგავს პუტინი

კრემლი კარგავს ყოველგვარ გავლენას ახალ სირიაზე, უფრო მეტიც,პუტინი იძულებულია სთხოვოს ერდოღანს, რომ ანკარამ ზემოქმედება მოახდინოს „ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის“ ლიდერებზე, რომ მათმა მებრძოლებმა არ შეუტიონ სირიის ლატაკიაში განთავსებულ რუსულ საჰაერო ბაზას ჰმეიმიმიში და საზღვაოს ტარტუსში...

ერდოღანი, მიუხედავად ასეთი თვალსაჩინო წარმატებული პოლიტიკური ნაბიჯებისა, ცდილობს არ შეულახოს თავმოყვარეობა ამბიციურ პუტინს და აცხადებს - მსოფლიოში მხოლოდ ორი პოლიტიკური ლიდერი დავრჩით-მე და პუტინი, რადგან მე 22 წელია ხელისუფლებაში ვიმყოფები, თითქმის ამდენივე ხანია პუტინიც და ჩვენ მომავალშიც გავუგებთ ერთმანეთს...

პუტინი, რომელიც 2016 წლის მოვლენების შემდეგ განსაკუთრებით დაუახლოვდა ერდოღანს და მას რუსეთის, იმ დროისთვის უახლესი С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებიც კი მიჰყიდა, თავიდანვე იმედოვნებდა, რომ ამით დიდ ბზარს შეიტანდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რიგებში, როდესაც ნატოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ წევრ თურქეთს, იმავე ნატოს მთავარ სავარაუდო მოწინააღმდეგესთან-რუსეთთან კარგი ურთიერთობები ჩამოუყალიბდებოდა...

ამას პუტინმა ნაწილობრივ მიაღწია კიდეც, როდესაც ნატოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმღვანელობამ მტკივნეულად აღიქვა ანკარა-მოსკოვის დაახლოების პროცესი, რაც გამოიხატა ალიანსის რიგი თანამედროვე სამხედრო პროექტებიდან თავისივე წევრის, თურქეთის ამორიცხვით(გავიხსენოოთ თუნდაც აშშ-ის მიერ ანკარისთვის F-35 ტიპის მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავების მიყიდვის შეჩერება).

რა პოლიტიკური საფასური გადაიხადა სამაგიეროდ კრემლმა?

აზერბაიჯანზე პოლიტიკურ გავ ლენის მინიმუმამდე შემცირება, სომხეთის რუსეთზე განაწყენება და ერევნის ევროპისკენ, საფრანგეთისკენ გახედვა და ახლა უკვე სირიის „დაკარგვაც“,სადაც პუტინის შემყურე ასადის რეჟიმი სწორედ პროთურქულმა ძალებმა დაამხეს ოფიციალური ანკარის ფარული თანხმობის საფუძველზე...

ასე რომ, ერდოღან-პუტინის პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე ანკარა კრემლს უკვე 2:0-ს უგებს...