"დაკავების მომენტიდან მთელ სისტემასთან მქონდა შეხება, უამრავ პოლიციელთან გადავიკვეთე და დამერწმუნეთ, ერთი სული აქვთ ეს ყველაფერი დამთავრდეს" - რას წერს ალეკო ელისაშვილი?
ალეკო ელისაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან პოსტს აქვეყნებს და წერს:
"მეგობრებო, მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. მე პირადად მხნედ ვარ და გამარჯვებით ანთებული. არ მოვიტყუები, მძიმე დღეები გავიარე ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. თუმცა, თამაშია აქ ყოფნა იმასთან შედარებით, რაც გარეთ ხდება. ზუსტად ვიცი, ყველაფერს გავუძლებთ და გამარჯვებითაც გავიმარჯვებთ. მთელი რეჟიმი საპოლიციო ძალებსაა ჩაბღაუჭებული, მაგრამ დაკავების მომენტიდან მთელ სისტემასთან მქონდა შეხება, უამრავ პოლიციელთან გადავიკვეთე და დამერწმუნეთ, ერთი სული აქვთ ეს ყველაფერი დამთავრდეს. ჰოდა, დასრულდება, თანაც ჩვენი სახელოვანი გამარჯვებით!
რუსთავის მე-12 დაწესებულების ტუსაღი, ა. ელისაშვილი" - წერს ალეკო ელისაშვილი
ინფორმაციისთვის, კოალიცია "ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავება საქართველოში აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარის, ალი ბაბაევის საქმეს უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ალეკო ელისაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვისაა დაკავებული, რაც ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას გულისხმობს.