რა აღიარეს რუსმა ჯაშუშებმა - ნადირობა უკრაინელებზე, ჟურნალისტების თვალთვალი და პროვოკაცია ყაზახეთის წინააღმდეგ
მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნო: დარწმუნებული ვარ საქართველოს მოქალაქეების უდიდეს უმრავლესობას (მათ შორის ამ სტრიქონების ავტორსაც) ჩვენ ჩრდილოელ მეზობლად დემოკრატიული და ეკონომიკურად განვითარებული რუსეთის ხილვა სურს. იმ რუსეთის, რომელიც თავისი უდიდესი ტერიტორიის ათვისება–კეთილმოწყობაზე იფიქრებს და არ ეცდება სხვა ქვეყნების დაწიოკებას. სამეგობროდ და საკეთილმეზობლოდ ისეთი რუსეთი გვინდა, რომელიც კუთხე–კუნჭულ სეპარატისტების ბანდების ძიებაში კი არ იქნება, არამედ გონივრულად და რაციონალურად შეუთავსებს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, სხვა ქვეყნების (რაოდენ სუსტნიც არ უნდა იყვნენ ისინი სამხედრო თვალსაზრისით) საერთაშორისო სამართლის ნორმებით გათვალისწინებულ კანონიერ უფლებებსა და ეროვნულ ინტერესებს .
მალე ერთი წელი გახდება, რაც დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ბულგარეთის ექვსი მოქალაქე დააკავა, რომლებიც წლების მანძილზე ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ ინგლისის სხვადასხვა ქალაქებში. ესენი არიან: ორლინ რუსევი ( 46 წლის ); ბისერ ჯამბაზოვი (41 წლის); კატრინ ივანოვა (31 წლის); ივან სტოიანოვი (31 წლის ), ვანია გაბეროვა (29 წლის) და 38 წლის ტიხომირ ივანჩევი. მათ ბრალი ედებათ რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობაში. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ რუსეთის აგენტების ეს ჯგუფი ახორციელებდა, როგორც დეზინფორმაციულ–დივერსიულ ოპერაციებს ცალკეული ქვეყნების (ყაზახეთისა და უკრაინის) წინააღმდეგ, ასევე გეგმავდა რუსეთის ხელისუფლებისთვის მიუღებელი პირების (ჟურნალისტების ხრისტო გროზევისა და რომან დობროხოტოვის, ასევე რუსეთიდან გაქცეული საგამოძიებო კომიტეტის ყოფილი მაღალჩინოსნის, კირილ კაჩურას) მოტაცება–ლიკვიდაციასაც.
რა აღიარეს რუსმა ჯაშუშებმა
გასულ კვირას ორლინ რუსევმა და ბისერ ჯამბაზოვმა აღიარეს, რომ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით ჯაშუშობდნენ, როგორც ინგლისში, ასევე გერმანიაში, ავსტრიაში, ესპანეთსა და მონტენეგროში. ეს ოპერაციები 2020 წლის აგვისტოდან 2023 წლის თებერვლამდე გრძელდებოდა , ამ ჯგუფს ორლინ რუსევი ხელმძღვანელობდა და სწორედ ის იყო რუსეთის დაზვერვის რეზიდენტი.
ორლინ რუსევი თავის LinkedIn პროფილში აღნიშნავდა, რომ ის 1997 –2001 წლებში სწავლობდა ავსტრალიაში ძალზე პრესტიჟულ ქუინსლენდის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. თუმცა, ბულგარეთის ტელევიზიის შეკითხვის შემდეგ, ამ უნივერსიტეტმა ჩაატარა შემოწმება და განაცხადა, რომ ასეთ პიროვნებას ამ უნივერსიტეტში არასდროს არ უსწავლია. LinkedIn-ზე რუსევი ასევე აცხადებდა, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტროში მრჩევლის პოზიციაზე, თუმცა ესეც ტყუილი აღმოჩნდა. რეალობა კი ის იყო, რომ ორლინ რუსევი 2009 წელს გადავიდა დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად და სამი წლის განმავლობაში მუშაობდა IT სპეციალისტად საფინანსო სფეროში. შემდეგ კი შექმნა საკუთარი კომპანია, რომელიც მომსახურებას უწევდა საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში (მათ შორის იყო მობილური ტელეფონის მფლობელის ადგილმდებარეობისა და გადაადგილების მარშრუტის დადგენაც). ამ პროფილის კომპანია რუსეთის აგენტებს საშუალებას აძლევდა ოფიციალურად ჰქონოდათ სპეციალური ოპერატიულ–ტექნიკური აპარატურა. მათ შორის თანამედროვე SEPTIER GUARDIAN IMSI CATCHER.
ტიხომირ ივანჩევი: „პერსპექტიული მღებავი“
ეს პორტატული აპარატურა, რომელიც თავისუფლად თავსდება მცირე ზომის ხელჩანთაშიც, თავად მწარმოებლის ინფორმაციით, საშუალებას იძლევა თავისი მოქმედების ზონაში დაადგინოს მობილურის აბონენტის ნომრები, ასევე განსაზღვროს სხვა ტექნიკური მახასიათებლები.
აგენტურული ჯგუფის სხვა წევრებიც კარგად იყვნენ ადაპტირებული ადგილობრივ რეალობაში: სხვადასხვა პროფესია მათ საშუალებას აძლევდა ისეთი კონტაქტები ჰქონოდათ საზოგადოებაში, რომელიც ეჭვს არ იწვევდა. მაგალითად 29 წლის საკმაოდ მომხიბლავი ვანია გაბეროვა კოსმეტოლოგად მუშაობდა და დიდი კლიენტურაც ჰყავდა. რაც ნამდვილად არაა გასაკვირი.
„ვანია” კი ჰქვია, თუმცა . . . .
ბისერ ჯამბაზოვი და კატრინ ივანოვა ერთად ცხოვრობდნენ, როგორც დაქორწინებული წყვილი. ჯამბაზოვი საავადმყოფოში მუშაობდა მძღოლად, ხოლო ივანოვა იქვე – ლაბორანტად. ისინი თითქმის ათი წლის წინ გადავიდნენ საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში და ძალზე აქტიურად იყვნენ ჩართული ინგლისში ჩასული ბულგარელების ადაპტაციის პროცესში. ეს წყვილი ასევე მუშაობდა იმ საარჩევნო კომისიებში, რომლებიც ორგანიზებას უწევდა ბრიტანეთში მცხოვრები ბულგარეთის მოქალაქეების ხმის მიცემის პროცესს. ჯამბაზოვის პროფესია რუსეთის აგენტებს საშუალებას აძლევდათ შეუმჩნევლად განეხორციელებინათ თვალთვალი ინგლისში მცხოვრებ პუტინის ოპონენტებზე.
ბისერ ჯამბაზოვი და კატრინ ივანოვა
31 წლის ივან სტოიანოვი, ყოფილი მოჭიდავე–სამბისტი, შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი იყო და ფიტნეს–კლუბში მუშაობდა ინსტრუქტორად. ტიხომირ ივანჩევი კი საამშენებლო–სარემონტო ფირმაში მუშაობდა მღებავად.
ინგლისის ზღვისპირა კურორტ გრეთ –იარმუთში ორლინ რუსევს ეკუთვნოდა პატარა სასტუმრო და პროკურატურის განცხადებით სწორედ იქიდან ხელმძღვანელობდა ის ჯაშუშურ ოპერაციებს დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. რუსევის, ჯამბაზოვი– ივანოვას საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას აღმოჩენილ იქნა დიდი ბრიტანეთის, ბულგარეთის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ხორვატიის, სლოვენიისა და ჩეხეთის ყალბი პასპორტები და სახვადასხვა ქვეყნების მასმედიისა და გამოცემების (მათ შორის: National Geographic და Discovery) ჟურნალისტების ყალბი პირადობის მოწმობები. დაკავებული ბულგარეთის მოქალაქეების საქმეში მთავარი მტკიცებულება არის დაახლოებით 80 ათასი შეტყობინება Telegram მესენჯერის ჩატში.
ივან სტოიანოვი
რა პროვოკაციებს გეგმავდნენ რუსი ჯაშუშები დიდ ბრიტანეთში
დიდი ბრიტანეთის პროკურატურის განაცხადებით ეჭვმიტანილები რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით ახორციელებდნენ თვალთვალსა და სხვა სადაზვერვო ოპერაციებს. მათი ჯაშუშური საქმიანობის გეოგრაფიული არეალი მთელ ევროპას მოიცავდა, ხოლო კონკრეტული ოპერაციები ძალზე მრავალფეროვანი იყო. რუსეთის დაზვერვის ერთ–ერთი დეზინფორმაციულ–დივერსიული ოპერაცია მიმართული იყო ყაზახეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დაძაბვის პროვოცირებისკენ. კონკრეტულად კი 2022 წლის სექტემბერში ეს ჯგუფი გეგმავდა ლონდონში ყაზახეთის საელჩოსთან ინგლისელების პროტესტების ინსცენირებას და საელჩოს შენობისთვის ვითომდა ღორის სისხლის შესხმას. რუსეთის აგენტების მეორე ოპერაცია კი პირადად ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის წინააღმდეგ იყო მიმართული: უნდა შეექმნათ და ინტერნეტით გაევრცელებინათ ფეიკ პორნოვიდეოები მისი შვილის, ტიმურ თოყაევის მონაწილეობით .
ბრიტანეთის პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები, კერძოდ კი კატრინ ივანოვა 2022 წლის ოქტომბერ-ნოემბერში Stealth Catcher IMSI Grabber აპარატურის გამოყენებით ცდილობდა გერმანიაში, ქალაქ შტუტგარტის მახლობლად მდებარე ამერიკულ სამხედრო–საჰაერო ბაზაზე განლაგებული უკრაინელი სამხედროების მობილური ტელეფონების მონაცემების მოპოვებას. უკრაინელები სწორედ ამ ბაზაზე გადიან ამერიკული Patriot-ის საზენიტო –სარაკეტო სისტემის გამოყენებისთვის წვრთნებს. უკრაინელი სამხედროების მობილური ტელეფონების იდენტიფიცირების შემდეგ რუსეთს შეეძლო დაედგინა უკრაინის ტერიტორიაზე Patriot-ის სისტემების მდებარეობა.
რუსეთის დაზვერვის ბულგარელი აგენტები გეგმავდნენ რუსეთის ხელისუფლებისთვის მიუღებელი პირების მოტაცება–ლიკვიდაციის ოპერაციებსაც. სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ ისინი ინგლისში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში უთვალთვალებდნენ ჟურნალისტებს: ხრისტო გროზევსა და რომან დობროხოტოვს, ასევე რუსეთიდან გაქცეულ საგამოძიებო კომიტეტის ყოფილ მაღალჩინოსან კირილ კაჩურას.
თვალთვალისა და ფარული ფოტო–ვიდეო გადაღებებისთვის აგენტურული ჯგუფი იყენებდა ლონდონის ტაქსებს, საკვების მიწოდების სერვისის Deliveroo-სა და სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ავტომობილებს. აგენტებს „ჰონორარს“ ძირითადად კრიპტოვალუტით უხდიდნენ. ჯერ–ჯერობით უცნობია, თუ როგორ გაშიფრეს დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა რუსეთის დაზვერვის ბულგარელი აგენტები.
რუსეთის ხელისუფლების იმპერიულ ამბიციებზე, აგრესიულ საგარეო პოლიტიკაზე და სპეცსამსახურების შეუზღუდავ–დაუნდობელ ოპერაციებზე საუბარი მავანს წინასწარ აჩემებულ/ახირებულ და მიზანმიმართულ გადაწყვეტილებად არ უნდა მოეჩვენოს: სამწუხაროდ თავად პუტინის ხელისუფლების ღია და ფარული მზაკვრობა, კვლავ და კვლავ გვაიძულებს უყურადღებოდ არ დავტოვოთ მათი „საქმენი საგმირონი“.