„ჩემი მტრის მტერი ყოველთვის არ არის ჩემი მეგობარი“ - რატომ დაემხო ბაშარ ასადის რეჟიმი და ვინ არის სირიის ახალი ლიდერი - კვირის პალიტრა

„ჩემი მტრის მტერი ყოველთვის არ არის ჩემი მეგობარი“ - რატომ დაემხო ბაშარ ასადის რეჟიმი და ვინ არის სირიის ახალი ლიდერი

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სირიას ახლა ტერორისტი ჯიჰადისტები მართავენ. გახსოვდეთ ანდაზა: „ჩემი მტრის მტერი ყოველთვის არ არის ჩემი მეგობარი“ (ავტორი - რიჩარდ კემპი, სამხედრო ანალიტიკოსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი „ჰამასის“ წყალობით დაემხო: შარშან 7 ოქტომბერს ჰამასელ ტერორისტთა შეჭრამ ისრაელში, რომელსაც ღაზას სექტორში „ჰამასის“ განადგურება და ლიბანში „ჰეზბოლას“ შევიწროვება მოჰყვა, ირანი სერიოზულად დაასუსტა. ფაქტიურად, თეირანი, რომელიც შორიდან „ვეფხვს“ ჰგავდა, სინამდვილეში „ქაღალდის ვეფხვი“ აღმოჩნდა. შესაბამისად, აიათოლების სირიელი კლიენტი ბაშარ ასადიც მოწყვლადი გახდა.

დაინახა რა თავისი მიზნების რეალიზების შესაძლებლობა, თურქეთის ლიდერმა რეჯეფ ერდოღანმა, რომელიც სირიის ჩრდილოეთში მოქმედი ქურთების განადგურებას ესწრაფვის, მწვანე შუქი აუნთო იდლიბის პროვინციაში თავის მიერ გამოზრდილ ტერორიტებს და ნიშანი მისცა ასამოქმედებლად. მასმედიის წინაშე გამოსვლის დროს თურქეთის „ჯუმჰურბასკანმა“ (რესპუბლიკის პრეზიდენტმა) პრაქტიკულად აღიარა, რომ მისი განზრახვა ბაშარ ასადის დამხობა იყო. ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამმა“ („ჰთშ“) იდლიბიდან დაწყებული ელვისებური შეტევის შემდეგ, სულ რაღაც თითზე ჩამოსათვლელ დღეებში ზედიზედ დაიკავა სირიის მთავარი ქალაქები - ალეპო, ჰამა, ჰომსი და შევიდა ქვეყნის დედაქალაქშიც - დამასკოზე ისლამისტთა მწვანე დროშა აფრიალდა.

სირიელი დიქტატორის რეჟიმის სისასტიკის გათვალისწინებით, ბევრი დასავლეთში ენთუზიაზმით შეხვდა ტირანის დამხობას, ზოგიერთებმა „ჰთშ“-ელებს „კარგი ბიჭებიც“ კი უწოდა, რასაც, როგორც ჩანს, ხელი შეუწყო მათი ლიდერის აბუ მოჰამად ალ-ჯოლანის ზომიერმა რიტორიკამ.

რატომ დამარცხდა ბაშარ ასადი?!

სირიის მოვლენები ძალიან მოგვაგონებს იმას, რაც ავღანეთში სამი წლის წინ მოხდა. იქაც ანალოგიური ვაკუუმი შეიქმნა 2021 წელს, როცა ჯო ბაიდენმა აშშ-ის ჯარები გაიყვანა. თალიბებმაც ისარგებლეს სიტუაციით, სწრაფად განახორციელეს შეტევა და ქაბული დაიკავეს. ისევე როგორც ავღანეთში, სირიის დემორალიზებულმა სამთავრობო ჯარებმა ვერ გაუძლეს ჯიჰადისტების შეტევას და უკან დაიხიეს, ზოგიერთები მოწინააღმდეგეგის მხარეზე გადავიდნენ, ზოგმა კი ჯარი მიატოვა და სულაც სამოქალაქო ტანსაცმელი გადაიცვა. ფაქტები მოწმობენ, რომ ბაშარ ასადის არმია საკმაოდ „შეფერთხილ“ მდგომარეობაში იყო - სამხედრო მოსამსახურეებს ფულს (ხელფასს) არ აძლევდნენ, ცუდად იკვებებოდნენ... მოკლედ, აშკარად იგრძნობოდა არმიაში უკმაყოფილება მატულობდა. მართალია, სწორედ მაშინ, როცა „ჰთშ“-ელებმა ალეპო დაიკავეს, ბაშარ ასადმა ჯარისკაცებს ხელფასი გაუორმაგა, მაგრამ უკვე გვიან იყო.

„ჰაიათ თაჰრირ აშ-შამმა“ მოახერხა და ზოგიერთ პროვიციაში პოლიტიკურ გარიგებას მიაღწია პრინციპით - „თუ თქვენ ჩვენს წინააღმდეგ არ გამოხვალთ, ჩვენ ხელს არ გახლებთ“.

თუმცა ისიც უნდა გავიხსენოთ იმავე ავღანური პრეცედენტიდან, რომ თალიბები ქაბულის დაკავების შემდეგ მთელ მსოფლიოს არწმუნებდნენ - „ჩვენ უკვე შევიცვალეთ, ჩვენ ისეთი თალიბები აღარ ვართ, როგორიც ადრე ვიყავით“, ანუ ეს ნიშნავდა, რომ ე.წ. „ნეოთალიბები“ აღარ ჰგავდნენ 20 წლის წინანდელებს, რომლებიც მხეცურად უსწორდებოდნენ ადამიანებს. „ახალი თალიბების“ წარმომადგენელი აცხადებდა, რომ არავისზე შურისძიება არ მოხდებოდა და ყველას მიმართ ლოიალობას გამოამჟღავნებდნენ, ვინც კი ადრე ამერიკელებთან თანამშრომლობდა. ის კი არადა, ამტკიცებდნენ, რომ ქალების უფლებებსაც დაიცავდნენ და პრესა თავისუფალი გახდებოდა. შემდეგ კი ვნახეთ, როგორი სიტყვის პატრონები აღმოჩნდნენ...

ვინ ჩაიგდო ხელისუფლება სირიაში

ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ „ჰაიათელებიც“ იმავე ტრიუკს იმეორებენ. ამ მხრივ აბუ მოჰამად ალ-ჯოლანი უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ „მრავალფეროვნება - ეს ჩვენი ძალაა“, ანუ სირიის მოსახლეობას, ეთნოსებს და რელიგიებს არაფერი არ ემუქრება, მათი მიზანია მმართველობის დეცენტრალიზება, რის შემდეგაც ცალკეული ეთნიკური უმცირესობა თუ რელიგიური ჯგუფები თავიანთი განსახლების ტერიტორიების მართვას თვითონვე შეძლებენ.

უეჭველია, ეს იყო მცდელობა როგორც მოსახლეობის წინააღმდეგობის გაწევის შესუსტების, აგრეთვე დასავლეთის წინაშე თავის მოწონების მიზნით. მაგრამ ცვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი“ ჯიჰადისტური დაჯგუფებაა, რომელსაც ფესვები „ალ-ყაიდაში“ აქვს გადგმული და რომ მას მხარს უჭერს აბუ-მუსაბ აზ-ზარკავი - იორდანიელი პალესტინელი, რომელიც ცნობილია მეტსახელით „მკვლელთა შეიხი“. ყველგან, სადაც კი მისი დაჯგუფება ბატონობდა, ბოროტმოქმედება მეფობდა და ადამიანებს ბუზებივით ხოცავდნენ.

ასე რომ, თუ სირიაში ბაშარ ასადის დამხობის შემდეგ ახალ მმართველ ძალად „ჰთშ“ გახდება, ჩვენ, დასავლეთს, ილუზიები არ გვქონდეს, რომ რაც მოხდება შემდეგ, ყველაფერი კარგი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში სიტუაცია, დიდი ალბათობით, გაუარესდება და არამარტო ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

ბაშარ ასადი ისრაელის დიდი ხნის მტრად ითვლება, ამიტომ მან ნება დართო ირანს სირიის ტერიტორია ერთგვარ ხიდად გამოეყენებინა ლიბანში „ჰეზბოლასათვის“ იარაღის მისაწოდებლად. ამასთან, სირიელმა დიქტატორმა ვერ გაბედა ისრაელის წინააღმდეგ პირდაპირი გამოსვლა, რადგან არ ჰქონდა ძალა და არც რუსეთი არ აძლევდა ამის ნებას. თანაც ბაშარ ასადი იმასაც ცდილობდა, რომ ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის არაბულ სახელმწიფოებში თავისი იმიჯი აემაღლებინა. „ჰთშ“-ელების მმართველობი სდროს კი, აშკარაა, რომ ისინი ისრაელის წინაშე თავს არ შეიზღუდავენ.

„ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის“ ჯიჰადისტებმა ხელთ იგდეს აურაცხელი იარაღი - ასადისტური არმიის ბაზები, საწყობები... მათ განკარგულებაში აღმოჩნდა თავის დროზე რუსებისა და ირანელების მიერ ბაშარ ასადისათვის გადაცემული საბრძოლო მასალების უდიდესი რაოდენობა, ტანკები, ჯავშანმანქანები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, საბრძოლო თვითმფრინავები, საზენიტო რაკეტები... და რა მოხდება, თუ „ჰაიათელები“ ისრაელის წინააღმდეგ საომარ მოქმედებას დაიწყებენ? ასეთი კოშმარული სცენარის გასანეიტრალებლად ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიის იარაღის საწყობები დაბომბეს, მათ დაიკავეს აგრეთვე გოლანის მაღლობებზე არსებული ბუფერული ზონა, რომელიც 1974 წლიდან არსებობს.

ამჟამად „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის“ მიზანს სირიის მთელი ტერიტორიის გაკონტროლება წარმოადგენს, მაგრამ არავინ იცის, რომ შეიძლება მათ ყურადღება სირიის მიღმაც გადაიტანონ. თანაც მათი მოქმედება შეიძლება მხოლოდ ისრაელისადმი აგრესიის გამოვლენით არ შემოიფარგლოს: არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ სირია ჯიჰადისტური ტერორიზმის მსხვილი ექსპორტიორი გახდება.

ასე რომ, სანამ „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის“ გამარჯვებას მიესალმებით, მანამ ყველას უნდა გახსოვდეთ ბრძნული ანდაზა: „ჩემი მტრის მტერი არ ნიშნავს იმას, რომ ის ჩემი მეგობარია“.

წყარო