ტრამპი "გაგვაშველებს" ქართველებს?! - "ემანუელ მაკრონიც ჩართულია საქართველოში მიმდინარე პროცესებში და..." - კვირის პალიტრა

ტრამპი "გაგვაშველებს" ქართველებს?! - "ემანუელ მაკრონიც ჩართულია საქართველოში მიმდინარე პროცესებში და..."

ქვეყანა მძიმე პოლიტიკურ კრიზისშია, გამოსავალი კი ჯერ არ ჩანს. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ანალი­ტიკოს მირიან­ მირიანაშვილს ვესაუბრეთ:

- ხელისუფლებას არ შეუძლია იმ პოლიტიკური რეალობის აღდგენა, რაც არჩევნებამდე იყო. მეორე მხრივ, ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებული ხალხი ვერ ახერხებს ხელისუფლების ხელში აღებას. პატური პოლიტიკური სიტუაციაა და გაუგებარია მისი დაძლევის გზები. გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა არც ერთ ძალას არ შეუძლია. არ გამოვრიცხავ, რომ ახალმა არჩევნებმაც არ გამოიწვიოს დეესკალაცია. ხალხის ძალიან დიდი ნაწილი არ მიიღებს "ოცნების" ხელისუფლებას. დაპირისპირება იმდენად გაღრმავდა, რომ საერთაშორისო მედიაციის გარეშე ეს პრობლემა არ მოგვარდება. ხელისუფლება არ წავა და ამის ილუზია არ უნდა გვქონდეს.

რა არის დღეს მთავარი პრობლემა?!

მთავარი პრობლემა ის არის, რომ ოპოზიციური პარტიები დისკრედიტირებულია საზოგადოების თვალში, იმაზე არანაკლებად, ვიდრე ხელისუფლება. ოპოზიციური ე.წ პროდასავლური პარტიები, ფაქტობრივად, უფუნქციო გახდა. "ოცნებას" შესაძლოა დაეთმო რამე, მაგრამ პატარა სისუსტის ჩვენების შემთხვევაში ეშინია, რომ ხალხი ბოლომდე შეტევაზე გადავა. სისტემურ კრიზისთან გვაქვს საქმე, ერთმანეთის პირისპირ დარჩნენ დაპირისპირებული ხალხი და ხელისუფლება. ამიტომ საერთაშორისო მედიაციის გარეშე ეს საკითხი ვერ გადაწყდება. უნდა ვაღიაროთ, რომ შიდაპოლიტიკური პრობლემების მოგვარების უნარი არ შეგვწევს. მერამდენედ ვსაჭიროებთ გარედან ჩარევას, როგორც 1992, 2003, 2012 წლებში. საქართველოში ხელისუფლება გარედან ზემოქმედების გარეშე არ იცვლება.

- ვინ გესახებათ მედიატორად იმ რეალობაში, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" ზურგი­ შეაქცია ევროპელ პარტნიორებს?

- ხელისუფლება არ მიიღებს ევროპის არც ერთ გზავნილს, რადგან ელანდება, რომ მათ ჩამოშორებას გეგმავენ. ერთადერთი ვარიანტია აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია.

მედიატორი აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია იქნება?!

ამერიკელების მედიაციაზე უარის თქმას ხელისუფლება ვერ გაბედავს. ეს შეიძლება იყოს ახალი და ძველი ადმინისტრაციის ერთობლივი მედიაცია. ამ ხელისუფლებამ წინააღმდეგობა შეიძლება გასწიოს, მაგრამ საგარეო წინააღმდეგობასაც აქვს ზღვარი და ეს სწორედ ამერიკელების ზემოქმედებაა. სრულიად ახალი ვითარება გვაქვს მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით დონალდ ტრამპს შეხვდა. ის, რომ ტრამპი და მისი თანაშემწეები დათანხმდნენ საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის ფორმატის გაფართოებას სალომე ზურაბიშვილის გამო, ნიშანდობლივი ფაქტია. შტატების პრეზიდენტს შეხვედრას ექსპრომტად ვერ მოუწყობ. ეს იყო წინასწარ შეთანხმებული დისკუსია და შესაბამისად ტრამპისთვის საინტერესო. შტატების ახალმა პრეზიდენტმა მოისმინა ზურაბიშვილის არგუმენტები და შემდეგ არჩევდა მათ. ესე იგი, ტრამპი რაღაცით საქმის კურსშია, თორემ მოისმენდა და დაამთავრებდა. ხელისუფლებამ ეს მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ ოდნავი ადეკვატურობა შერჩა.

ისიც ფაქტია, რომ მაკრონი ჩართულია საქართველოში მიმდინარე საკითხებში და სურს გარკვეულ ძალებთან ერთად ტრამპისა და სალომეს დაახლოება გამოიყენოს ხელისუფლების წინააღმდეგ.

იკვრება განსაზღვრული წრე, რომელიც არცთუ სასიამოვნო იქნება "ქართული ოცნებისთვის", რადგან ტრამპთან დაახლოების თემა ექსკლუზიურად თავიანთი ეგონათ. ამ ფორმატში ლიდერობის წაგლეჯა და ტრამპის განეიტრალება მასთან დაახლოებით მაკრონის ძალიან ძლიერი სვლაა. ბოლოდროინდელი რეპრესიების სიმწვავეს რომ ვუყურებ, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაცებს სიტუაცია ხელიდან გაექცათ. როცა პატარა გოგონას ხელჯოხს ურტყამ სახეში და სახის ძვლებს უმტვრევ, მას ცხოვრებას უნგრევ, ამას თუ აცნობიერებს ვინმე?! თან ეს ხდება მასობრივად, ამაზე რა პასუხი აქვთ?! ის განცხადებაც, რომელიც ენტონი ბლინკენმა გააკეთა, აქ რატომღაც ვერ გააცნობიერეს მისი პრობლემური ნაწილი. ის დაწერილი იყო ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან თანაავტორობით. მთელი სკანდალი ამ წერილის მოწოდებებში კი არ არის, არამედ ის, რომ "ქართულ ოცნებას" შტატების ადმინისტრაცია მთავრობად არ იხსენიებს. შტატების ძველ ადმინისტრაციასთან პაექრობა ცოტა უცნაურია, ძველი ადმინისტრაცია­ 15 ნოემბრის შემდეგ აღარ არსებობს, მათ კანონში წერია ეს. ახლა არის გარდამავალი ადმინისტრაცია, სადაც ტრამპისა და ბაიდენის ხალხი თანამშრომლობს და კონსოლიდირებულ პოლიტიკას ატარებენ - ეს როგორ შეიძლება ივანიშვილმა არ იცოდეს?!

გაუგებარია, ხელისუფლებას რატომ აქვს ტრამპის იმედი, როგორ უნდა გახსნას გორდიას კვანძი მხოლოდ ტრამპმა?! ხელისუფლება რატომ არ ფიქრობს, რომ შეიძლება ხელახალი არჩევნები იყოს გამოსავალი? ან რა აქვს მხედველობაში, რომ რეპრესიებით გადატეხს ქართველ ერს?! ჰგონიათ, ამერიკის ადმინისტრაცია ამას გაამართლებს? ისინი საქართველოს რეალობას უყურებენ ბიძინა ივანიშვილის ხედვის 180 გრადუსით საპირისპიროდ. მხედველობაში მაქვს უკვე ახალი ადმინისტრაცია - მარკო რუბიო და სენატორების ჯგუფი. ამ მოცემულობაში ვერ ვხედავ დაიმედების რეალურ საფუძველს, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი პირისპირ შეხვდა დონალდ ტრამპს.

საქართველოს საკითხი კი განცალკევებულია მსოფლიო პოლიტიკიდან, მაგრამ დიდწილად არის მიბმული უკრაინისა და სირიის თემაზე.

ამერიკასთან საუბრის დროს რუსეთმა უკრაინასთან კონფლიქტში შესაძლოა ბევრი რამ დათმოს და ამ ნუსხაში შესაძლოა აღმოჩნდეს საქართველოც.

მე ვერ ვნახე სერიოზული ანალიტიკოსი, რომელიც დაუშვებს იმ ვარიანტს, რომ უკრაინაში დასავლეთთან ზავის შემდეგ რუსეთი გარისკავს და მთელ დასავლეთთან ძლივს დალაგებულ რეალობას ფეხქვეშ გათელავს საქართველოში აგრესიით. როგორც კი უკრაინის საკითხზე რუსეთი რაღაც დონეზე დასავლეთს მოურიგდება, საქართველოს საკითხიც მომენტალურად გაირკვევა. დღეს საქართველო არ არის საერთაშორისო პროცესების სუბიექტი იმის გამო, რომ რუსეთის სისუსტის პერიოდში ყველამ რაღაც მიიტაცა - ზოგმა დაკარგული ტერიტორია, ზოგმა დაკარგული სუვერენიტეტი, ზოგმა გავლენა. ახლა ჩამოგითვლით რუსეთის ხარჯზე მოღონიერებულ სუბიექტებს: სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, სირიის პოლიტიკური მემკვიდრეები, მათ შორის ქურთები. რუსეთის დასუსტებით ისარგებლა ისრაელმაც, როდესაც არაბებსა და ირანზე რუსეთის პოლიტიკური მხარდაჭერის რესურსი განელდა და შესაბამისად, ისინიც მოწყვლადები გახდნენ. მხოლოდ ქართველები შევხვდით ამ გადამწყვეტ ფაზას ურთიერთდაპირისპირებული. ამიტომაც ვერ ვსარგებლობთ შესაძლებლობების მაქსიმუმით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთს მიეცემა საშუალება საქართველო დე-ფაქტო წარუდგინოს დასავლეთს, როგორც მისი მომავალი სატელიტი. რუსეთის მიერ საქართველოს ხელყოფის სურვილს ვხედავ, ისევე როგორც ვხედავ ქართველი რუსეთუმეების მზაობასაც, მაგრამ ეს რუსეთის დღევანდელ რესურსებსაც აღემატება და საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგსაც.

წაიკითხე ვრცლად: „საქართველოში ხელისუფლება გარედან ზემოქმედების გარეშე არ იცვლება!“