"არ მგონია, რომ ამგვარი ნიშნებით და სიმბოლოებით ჭარბად თამაში კარგად აისახებოდეს ვინმეზე" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე აქციაზე კუბოს დაწვაზე?
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ფაქტს, როდესაც რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებმა კუბო დაწვეს:
"ჩემი მოკრძალებული აზრი მინდა გაგიზიაროთ:
ბავშვები პერფორმანსს დგამენ, მაგრამ ვისაც ეთამაშებიან, იმას ახლა ნამდვილად ბნელი ძალა ჰყავს შემძვრალი.
ამგვარი პერფორმანსი უარყოფით განცდას აღძრავს, რადგან ვინც აქციაზე ვდგავართ, ჩვენს არც ენობრივ აზროვნებაში და არც სურათ-ხატობრივ ცნობიერებაში არ არის - "შენს კუბოს დავდგამ" - ორგანული მეტყველება.
ყოველ ათში, ცხრა ადამიანს საქართველოში ტრაგიკული პირადი და კოლექტიური მეხსიერება აქვს.
არ მგონია, რომ ამგვარი ნიშნებით და სიმბოლოებით ჭარბად თამაში კარგად აისახებოდეს ვინმეზე.
სიბნელის გაფანტვა მხოლოდ სინათლით და თუ მაგიაა, მხოლოდ თეთრი მაგიითაა შესაძლებელი.
შობა მოდის ჩვენთვის".
ცნობისათვის, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კუბო მიიტანეს, ერთგვარი რიტუალი შეასრულეს, შემდეგ თავი ახადეს და როგორც კადრებში ჩანდა, კუბოში მოთავსებული იყო ბიძინა ივანიშვილის ფიტული და ყვავილები.
პერფორმანსის დასასრულს, კუბო დაწვეს, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.
ვიდეო: "მთავარი არხი", ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი