"კობახიძეს ყელში ჰყავდა ამოსული ჩემი შვილი... ზვიადს ჰქონდა ლაივი, რომელშიც ის ჰყვება, როგორ უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა თავდამსხმელ "რობოკოპებსა" და პოლიციას" - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის მამასთან
"კობახიძეს ყელში ჰყავდა ზვიადი გაჩხირული... ხომ ნახეთ, როგორ გამოვიდა სასამართლოზე, რა ეტყობა გატეხის? ვამაყობთ ჩვენი შვილით" -
6 დღის წინ დაკავებულ “დაფიონის” დამფუძნებელ ზვიად ცეცხლაძეს და კიდევ 7 პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.
ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში დასდეს ბრალი.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა, რომ ორგანიზატორობაში ბრალდებულები იცნობდნენ, ან აორგანიზებდნენ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებულების ქმედებებს.
“არ არის აუცილებელი პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონოდათ, როცა (ორგანიზატორები) გეგმავდნენ, იმ მომენტში ხდებოდა ძალადობა”, - განაცხადა პროკურორმა.
სასამართლო პროცესზე ძალზე შთამბეჭდავი სიტყვა წარმოთქვა 19 წლის ზვიად ცეცხლაძემ, რომელიც თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია.
"მხნედ იყავით, ყველაფერი კარგად იქნება, ბრძოლა გრძელდება”, - მიმართა “დაფიონის” დამფუძნებელმა ზვიად ცეცხლაძემ ახლობლებს და თქვა, რომ თუ მისი ვიდეომიმართვა დანაშაულია, დანაშაული ყოფილა ილია სიტყვებიც: “რევოლუციის ნუ გეშინიათ”.
ზვიადმა პოლიციასაც მიმართა და მოუწოდა დაფიქრდნენ, რატომ გადაწყვიტა გაზაფხულის აქციებზე მოცეკვავე და მოთამაშე ახალგაზრდობამ ახლა პიროტექნიკის გამოყენება.
“მსურს რომ დაფიქრდეთ, რატომ მივიდა ეს საზოგადოება ამ აზრამდე. რა ალტერნატივა დაუტოვა, მათ შორის სასამართლომ ახალგაზრდებს, რომლებიც იბრძვიან სამშობლოსთვის? საქართველოში დემოკრატია დასრულდა, ყველანაირი სამართლებრივი რეჟიმი გათელილია და საზოგადოებას და მათ შორის მეც, გვრჩება ერთადერთი საერთაშორისო სამართლის პრინციპის გამოყენება, რაც გვაძლევს ამბოხების უფლებას და წინააღმდეგობის გაწევის უფლებას. ჩვენი ნებისმიერი ქმედება არის წინააღმდეგობა იმისთვის, რომ შენარჩუნდეს სამართლებრივი სახელმწიფო. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. გავიმარჯვებთ სახელოვნად” - განაცხადა ცეცხლაძემ.
"ჩემი შვილი აბსოლუტურად უდანაშაულოა და ისჯება სამშობლოს სიყვარულისთვის და პატრიოტიზმისთვის“, - ამბობს მოძრაობა "დაფიონის“ დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძის მამა ზურაბ ცეცხლაძე.
"ის, რაც ბრალის დადგენილებაშია, აბსოლუტურად შეთხზულია და ისეთი აქცენტებია, ალბათ, რომ წაიკითხოთ, გაოგნდებით, "შეიარაღებული თავდასხმა“, "აფეთქებების ორგანიზება“... 19 წლის არის ეს ბიჭი, ალბათ, ბინ ლადენსაც შეშურდებოდა ისეთი ბრალდება წაუყენეს. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ამ სასამართლოში რთული იქნება კი არა, გამორიცხულია რაიმე ობიექტურობის მიღწევა მოცემულ საქმეზე. ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის პოლიტიკური პროცესი. შესაბამისად, პოლიტიკური პროცესები როგორც წავა ქვეყანაში, ისე დასრულდება მისი პატიმრობის, ან გათავისუფლების საკითხი“, - განაცხადა ბრალდებულის მამამ.
AMBEBI.GE ზვიადის მამას, ადვოკატ ზურაბ ცეცხლაძეს ესაუბრა.
- ზვიადს აბსოლუტურად აბსურდული ბრალი წაუყენეს. ის მოიცავს მასშტაბურ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, რისი ნასახიც არ არის მის ქმედებაში. მაგალითად, შეიარაღებული თავდასხმა სახელმწიფო კონსტიტუციური წყობის გადატრიალების მიზნით. ჯერ ერთი, შეიარაღებულ თავდასხმაში უნდა ფიგურირებდეს იარაღი, თავდასხმის ფაქტი სახელმწიფოს წარმომადგენელზე - პოლიციელი იქნება, "რობოკოპი" თუ სხვა, გადატრიალების ორგანიზება... ამათ ავიწყდებათ, რომ ეს ბიჭი სულ რაღაც 19 წლისაა და ასეთი მასშტაბური ბრალი, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებას მოიცავს, აბსურდულია ასეთი პატარა ასაკის ბიჭისგან. გააგრძელეთ კითხვა