სარანგი და მანდატური - კვირის პალიტრა

სარანგი და მანდატური

არქაული სიტყვების გამოყენებაში სათაკილოს ვერაფერს ვხედავ. პირადად მე "შოპინგსა" თუ "უიქენდს" მირჩევნია. თავის დროზე კონსტანტინე გამსახურდია წერდა: "სიტყვა ოქროს ჰგავს ერთ რამეში - მას სიძველის ჟანგი არ მოედება, თუ ხელმარჯვე მომხმარებელი ჰყავს... მე მრავალი ძველი სიტყვა გავაცოცხლე და ვაღირსე ცარგვალი". მწერალმა ერთ-ერთი თავისი ალეგორიული ლექსის რეფრენად ასეთი სტრიქონი გამოიყენა: "მე ვარ სარანგი ღამისა!" სიტყვა "სარანგს" ამ ბოლო ხანებში რამდენჯერმე გადავაწყდი: ერთ-ერთ კერძო სკოლას თავის სახელწოდებად აურჩევია; რომანიც დაიწერა - "სარანგი"; მგონი, ამ სახელწოდების გაზეთიც გამოდიოდა... მაინც რას ნიშნავს სარანგი? სულხან-საბა ორბელიანი თავის "სიტყვის კონაში" მას ასე განმარტავს: "სარანგი - ესე არს რაოდენთა კაცთ უფროსი, რათა მათ მიერ ბოროტნი კაცნი შეშინდნენ, ზავთი იქმნას ბოროტთა კაცთა ზედა". თუ რა ფუნქცია ეკისრებოდა სარანგს, ამას ნათელყოფს "ვეფხისტყაოსანი": ქაჯეთის დამხობის შემდეგ, ფრიდონის სამეფოში ბრუნდებიან გამარჯვებული რაინდები ნესტან-დარეჯანთან ერთად. მთელი ქალაქი მათ სანახავად გამოფენილა:

"მოატყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია,

შუკათა მოდგეს ვაჭარნი, ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია,

შორს უარებდეს სარანგნი, ხელთა აქვთ მათ აბჯარია,

მოიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა დამსაჯარია..."

ამ ეპიზოდში იკვეთება სარანგთა როლი - ისინი წესრიგის დამცველები არიან. ხელში აბჯარი უპყრიათ და ასეთი ხალმხრავლობის დროს მათ სიფხიზლეც და სიმკაცრეც მართებთ, რომ თავიდან აიცილონ რაიმე უწესრიგობა. ერთი სიტყვით, პოლიციელები არიან. აქ ერთი რამ არის საინტერესო: სარანგთა ერთადერთი "დამსაჯარი" ჯალაბნი ყოფილან. ჯალაბი პოემაში მამაკაცის ოჯახის წევრების მნიშვნელობით გამოიყენება, ანუ ქალებსა და ბავშვებს ნიშნავს. ე.ი. სარანგთა ერთადერთი "დამსაჯარი" ქალები და ბავშვები ყოფილან. მათზე ისინი ხელს ვერ აღმართავენ, როგორც არ უნდა დაარღვიონ წესრიგი. ამ სტრიქონების წაკითხვისას არ შეიძლება, ჩვენი პოლიციელები თუ პატრულები არ გავიხსენოთ - წიხლით რომ ტენიან მანქანებში "მოჯანყე" მოვაჭრეებსა თუ ლტოლვილ ქალებს... ასე რომ, განსხვავება სარანგსა და დღევანდელ პოლიციელს შორის არც თუ მცირე ყოფილა.

როცა საბა სარანგს განმარტავს, იქვე შენიშნავს: ხელჯოხიანს (საბასეულად ხელარგნოსანს) ჰგავსო. ხელარგნოსანი კი მანდატურია - "მეფეთა გარე მდეგი, რომელთა წარვლინებითა განიგების ყოველი... კეთილ და სასიხარულო, ხოლო ოდესმე სარისხველიცა და არა სისხლის დამთხეველი".

სარანგზე მეტად ჩვენი საზოგადოებისათვის მანდატური გახდა ცნობილი. მანდატურების სკოლაში შეშვება წარმატებულ პროექტად მოინათლა. მათი "წარვლინებით", მართლაც რომ, სკოლებში "ყოველი განიგების". "კეთილ და სასიხარულონი" კი მხოლოდ მათზე გადაღებულ რეკლამებში ჩანან.

ერთი წლის განმავლობაში ჩემს სკოლაში ექვსჯერ გამოიცვალა მანდატურების ჯგუფი. მიზეზი ერთი გახლდათ - ვაითუ მანდატურებსა და პედაგოგებს შორის კეთილგანწყობა, ადამიანური ურთიერთდამოკიდებულება წარმოშობილიყო. მათი მთელი ძალისხმევა იქითკენ არის მიმართული, რომ იქნებ როგორმე რომელიმე პედაგოგს ოქმი შეუდგინონ. ეს სრულიად ნათელია მოსწავლეთათვის, ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ მანდატურებს, უპირველეს ყოვლისა, მათი მასწავლებლების "განგება" ევალებათ. ყელყელაობა იმით, რომ მანდატურების შემოსვლით სკოლას ბავშვი დაუბრუნდა, უხერხულია. საამაყო მაშინ გვექნება, როცა სკოლაში ბავშვის დაბრუნების მოტივი ხარისხიანი განათლება იქნება.

ასე რომ, სარანგისა და მანდატურის არც საბასეული განმარტება და არც ფრიდონის სამეფოს სარანგთა იმიჯი არ მიესადაგება ჩვენს პოლიციელსა თუ მანდატურს. სამაგიეროდ, მანდატურთუხუცესის განმარტებაა ზედგამოჭრილი: "მანდატურთუხუცესი - წინაშე მეფისა მდგომელი და მთავარი ხელარგნოსანთა და მტარვალი მრისხანე და მტანჯველი".

P.S. არგანი - ჯოხია. ხელკეტ-"დუბინკისთვის" არგანი ხომ არ დაგვექმია?