"სტუდენტებს "ფაშისტებს" და "ნაცებს" უწოდებდა... ქმარს დაურეკა, რომელიც დეკანს ემუქრებოდა - თუ არ გადადგები გიჩივლებო" - რა მოხდა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში - კვირის პალიტრა

"სტუდენტებს "ფაშისტებს" და "ნაცებს" უწოდებდა... ქმარს დაურეკა, რომელიც დეკანს ემუქრებოდა - თუ არ გადადგები გიჩივლებო" - რა მოხდა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანის მამუკა ჯორბენაძის და დაკავებული ოთხი სტუდენტის სასამართლო პროცესი, დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში 13:30 საათზე გაიმართება.

საქმეს მოსამართლე ლევან ყოლბაია განიხილავს.

დაკავებულები არიან სტუდენტები - გიორგი დავითაძე, გურამ მიქელაძე, ანრი კაკაბაძე და დავით გვიანიძე.

მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, დანაშაული 2-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ლექტორი და სტუდენტები, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დააკავეს.

„მესენჯერის" შეტყობინებაში, ლექტორის თეა ცაგურიას ქმარი, დეკანს მამუკა ჯორბენაძეს ფაშისტს უწოდებს და ეუბნება: ქალებთან რომ მაგარი ხარ, კაცებთან გაგსინჯავო. თეა ცაგურია სტუდენტებს „ფაშისტებს“ და „ნაცებს“ უწოდებდა, რაზეც მამუკა ჯორბენაძე მივიდა და სთხოვა სწორად მიემართა, სტუდენტებისთვის, ამაზე აღელდა ცაგურია და ქმარს დაურეკა. სამი დღის მერე, თეა ცაგურიას ქმარი დეკანს მამუკა ჯორბენაძეს ემუქრებოდა, თუ არ გადადგები გიჩივლებო. ინციდენტიდან მე-6 დღეს დააკავეს ბრალდებულები, პოლიციაში დაბარების გარეშე.

სასამართლო განჩინება, მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა გასცა.

“ქართული ოცნების” ყოფილი იურისტი გეუბნებით, რომ ამ მუხლზე პატიმრობა 2012 წლიდან არ შეუფარდებიათ, თუ ბრალდებულებები წარსულში ნასამართლევები არ არიან.

თუკი დღეს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ბრალდებულები დააპატიმრა, გვაქვს ორმაგი სტანდარტი, სასამართლოს მხრიდანაც ანგარიშსწორება ხდება.

თავის მხრივ, პროკურატურა ბრალდებულების დაპატიმრებას ითხოვს. მუხლი ასევე ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარიდან, საზოგადოების სასარგებლო შრომას ან 6 თვიდან 2-წლამდე პატიმრობას. როგორც ვიცი, საქმის პროკურორი პაატა ცეცხლაძეა. სასამართლოსგან კარგი მოლოდინი გვაქვს”,- აღნიშნა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა და თანამშრომლებმა დაკავებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს და აქცია გამართეს.

IPN