"ჯოჯოხეთის" პირველი ლედი, რომელსაც "უდაბნოს ვარდსაც" უწოდებენ - სირიიდან გაქცეული ასადების მოსკოვური ცხოვრება: 20 ბინა და მილიონობით დოლარი - კვირის პალიტრა

"ჯოჯოხეთის" პირველი ლედი, რომელსაც "უდაბნოს ვარდსაც" უწოდებენ - სირიიდან გაქცეული ასადების მოსკოვური ცხოვრება: 20 ბინა და მილიონობით დოლარი

„როგორც იქნა, სირიაში ასადების საგვარეულო დინასტიის 35-წლიანი ტირანული მმართველობა დასრულდა, ბაშარ ასადის ოჯახმა თავი რუსეთს შეაფარა“, - ნათქვამია ბრიტანული გაზეთის - „ინდეფენდენტის“ (The Independent) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „ბაშარ ასადის ცოლ-შვილის ცხოვრების ახალი პერიოდი: მოსკოვში „უდაბნოს ვარდი“ და მისი სამი შვილი განცხრომაში იქნებიან“ (ავტორი - ზოი ბითი). „ისინი სირიაშიც პრივილეგირებულად ცხოვრობდნენ და ახლაც საკმაო გავლენა აქვთ ევროპაშიც და მის ფარგლებს გარეთაც“, - აღნიშნულია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ოდესღაც ბაშარი და მისი ცოლი - ასმა ცდილობდნენ, რომ თანამედროვე ლიდერის სახე შეექმნათ: თითქოსდა, მათი ოჯახი ჩვეულებრივი სირიული ოჯახისაგან არ განსხვავდება. მათ ქვეყნის რეფორმირების გეგმა ჰქონდათ. გარეგნულად მიმზიდველი წყვილი უზადოდ გამოიყურებოდა: ასმა - სირიის პირველი ლედი, ელეგანტური ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც ერთ დროს ჟურნალ Vogue-ში „უდაბნოს ვარდი” უწოდეს და მისი ქმარი - პრეზიდენტი ბაშარი, ლონდონელი ექიმი-ოფთალმოლოგი და „ბოტანიკოსი“.

რას გეგმავდა ასმა ასადი?!

ასმა ფიქრობდა, რომ როგორმე გააბათილებდა მამამთილის, მკაცრი და დაუნდობელი მმართველის იმიჯს. ლონდონშიც ეგონათ, რომ როცა ორივე სირიაში დაბრუნდა (მამამ - ჰაფეზმა შვილს - ბაშარს პრეზიდენტობა მემკვიდრეობით უბოძა), ქვეყნის მმართველობის სისტემა შედარებით დემოკრატიული იქნებოდა, მაგრამ ბრიტანელ დემოკრატებს იმედი გაუცრუვდათ...

ამ კვირაში ცოლ-ქმრის 24-წლიანი მმართველობა (ბაშარ ასადი სირიის პრეზიდენტი 2000 წელს გახდა) საბოლოოდ დასრულდა - ისინი თავიანთი სამი შვილით (ჰაფეზი, ზეინი და ქარიმი), თვითმფრინავით მოსკოვში ჩაფრინდნენ. დამასკოში ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი მოსახლეობა მტარვალის გაქცევას ზეიმობდა, თვითონ მტარვალი კი მოსკოვში მდიდრულ ცხოვრებას გააგრძელებს - როგორც ამბობენ, ცოლ-ქმარს რუსეთის დედაქალაქის ელიტურ უბნებში 20 მდიდრული ბინა აქვს, რომელთა ფასი ათეულობით მილიონი დოლარია...

უშუალოდ ასმას ოჯახს ევროპაში ნაცნობ-მეგობართა საკმაოდ ფართო წრე აქვს - მამამისი - ფავაზ ახრასი კრომველის საავადმყოფოში წარმატებული ექიმი იყო, დედამისი საჰარი - ბრიტანულ აკადემიურ წრეებში გავლენით სარგებლობდა. როგორც ამბობენ, ასმას დედ-მამაც დიდი ბრიტანეთიდან რუსეთში გაემგზავრნენ (მათი სახლი ექტონში მილიონ გირვანქა სტერლინგად არის შეფასებული), ათი დღით ადრე, სანამ ისლამისტები დამასკოს აიღებდნენ და შვილს, სიძეს და შვილიშვილებს მოსკოვში ჩასასვლელად ნიადაგი მოუმზადეს.

ვინ არის ბაშარ ალ ასადის შვილი?!

აღსანიშნავია, რომ უფროსმა ვაჟმა - ჰაფეზმა, რომელიც დიდი პაპის სახელს ატარებს, ამას წინათ მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისერტაცია დაიცვა. 12 წლის ზეინმა უკვე კარგად იცის რუსული, ინგლისური და ესპანური ენები, ხოლო 11 წლის ქარიმი ინგლისურთან და რუსულთან ერთად ჩინურ ენასაც სწავლობს.

ასადების მმართველობა კრახით დასრულდა. 23 წლის ჰაფეზ ასადი მამამისივით ხელისუფალი უკვე აღარ იქნება, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ფიზიკურად სირიაში არ იმყოფება, ცოლ-ქმრის გავლენა და კავშირები დაკარგული არ არის. საკითხი ამჟამად ასე დგას: შეუძლია თუ არა ქვეყანას აღდგეს იმ სიღატაკისა და განადგურების შემდეგ, რაც მას ასადების დიქტატურამ მოუტანა და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - თუ შეუძლია, როგორ?!

წყარო