ისრაელის "მასტერკლასი" ანუ ბოლო ლურსმანი სირიის კუბოში - როგორ უნდა ჩაძირო მთელი ფლოტი 48 საათში
ისრაელმა ბოლო 48 საათში გაანადგურა სირიის არაბეთის რესპუბლიკის უკვე ყოფილი არმიის 80%-მდე შეიარაღება -მოხდა ის, რასზეც „ცახალი“ „განკითხვის დღის ომის“ დამთავრებიდან ოცნებობდა...
თავდასხმა ტარტუსზე
განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოვიდა ისრაელის საბრძოლო ავიაციის თავდასხმა სირიის მთავარ სამხედრო პორტ ტარტუსზე - გავრცელებულ კადრებში მოჩანს ნავმისადგომებთან დაზიანებული და ნახევრად ჩაძირული სარაკეტო კატარღები, რაც ძალაუნებურად იწვევს 2008 წლის აგვისტოს ომის კადრების ასოციაციას, ფოთის სამხედრო პორტიდან, სადაც რუსული 45-ე სპეციალური დანიშნულების პოლკის სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფებმა აგვიფეთქეს და პორტშივე ჩაგვიძირეს საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებისა და მესაზღვრეების სანაპირო დაცვის რამდენიმე კატარღა...
სხვათა შორის, საქართველოს ფოთსა და სირიის ტარტუსს შორის სხვა კავშირიც არსებობს. კერძოდ, საბჭოთა პერიოდში სწორედ ფოთში ემზადებოდნენ ის სირიელი სამხედრო მეზღვაურები, რომლებსაც შემდეგ ტარტუსის ბაზაში საბჭოთა 205-ე პროექტის სარაკეტო კატარღები გადაეცათ, რომელთა დიდი ნაწილი ისრაელის ავიაციამ ორიოდე დღის წინ ჩაძირა...
2024 წლის დასაწყისში სირიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შეიარაღებაში შედიოდა საბჭოთა წარმოების ერთი 159-ე პროექტის სადარაჯო ხომალდი, 16 ერთეული 205-ე პროექტის სარაკეტო კატარღა, Tir-ის ტიპის 6 ირანული კატარღა, 6 მტრალავი და 3 სადესანტო ხომალდი.
ასევე, ტარტუსის პორტში დასაწყობებული იყო ამ სარაკეტო კატარღების ძირითადი შეიარაღება - П-15 Термит-ი, П-35-ის ტიპის საბჭოთა და С-802-ის ტიპის ჩინური ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტები და რუსული წარმოების მობილური სანაპირო დაცვის სარაკეტო კომპლექსი Бастион-ი.
ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებს არ გაუჭირდათ ტარტუსის პორტის ნავმისადგომებთან გაუნძრევლად მდგარი სირიის სარაკეტო კატარღების განადგურება, „ჰაერი-ხომალდის“ ტიპის თანამედროვე მართვადი რაკეტებით, მით უმეტეს, რომ ტარტუსის პორტის საჰაერო თავდაცვის სისტემა, ალბათ, აღარც ფუნქციონირებდა, რადგან სირიელმა სამხედროებმა ფორმა გაიხადეს, სამოქალაქო ტანსაცმელი გადაიცვეს და ახლა საკუთარ უსაფრთხოებაზე უფრო ზრუნავენ, რომ გამარჯვებულმა ისლამისტებმა არ დასაჯონ...
რატომ გაანადგურა ისრაელმა ტარტუსში მყოფი ფლოტი?!
ის, რომ ისრაელს განსაკუთრებული დაინტერესება ჰქონდა სირიის ამ მოძველებული საბჭოთადროინდელი სარაკეტო კატარღების გასანადგურებლად, შემთხვევითი არ არის...
1973 წლის „განკითხვის დღის ომში“, როდესაც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ერთმანეთს ისრაელისა და სირია-ეგვიპტის სამხედრო ხომალდები და სარაკეტო კატარღები დაუპირისპირდნენ და ერთმანეთისკენ არა ერთი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა გაუშვეს, მათმა ნაწილმა მიზანს მიაღწია...
სირიის სამხედრო ფლოტის შეიარაღებაში დარჩენილი 205-ე პროექტის მოძველებული, საბჭოთა წარმოების სარაკეტო კატარღების საბრძოლო მზადყოფნა ამჟამად ეტყობა, მინიმუმამდე იყო დასული, მაგრამ ისრაელმა ისინი მაინც ჩაძირა, რითაც ჯავრი იყარა 51 წლისწინანდელი საზღვაო დაპირისპირების გამო...
ისრაელის მიერ სირიის ტარტუსზე საჰაერო იერიშთან დაკავშირებით ერთი ძალზე სათუო საკითხიც წამოიჭრა...
ისრაელის რაკეტებმა დააზიანეს თუ არა იმავე ბაზის სხვა ნავმისადგომთან მდგარი რუსული ხომალდებიც?
როგორც ცნობილია, სირიის ტარტუსის საზღვაო პორტში, ასევე, ბაზირებდა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის 720-ე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პუნქტი, რომელიც ჯერ კიდევ 1971 წელს, საბჭოთა პერიოდში შეიქმნა. ეს არის რუსეთის ერთადერთი საზღვაო ბაზა ხმელთაშუა ზღვაში. 1-ელი დეკემბრის თანამგზავრული ფოტოების თანახმად, სირიის ტარტუსის საზღვაო ბაზის ნავმისადგომებთან ჯერ კიდევ იდგა ექვსი რუსული სამხედრო ხომალდი, მათ შორის - „ადმირალ გორშკოვის“ პროექტის ორი ფრეგატი, „ადმირალ გროგორევიჩის“ პროექტის ერთი ფრეგატი, „ვარშავიანკას“ პროექტის ერთი დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავი და ორი დამხმარე გემი.
მაგრამ რუსული სამხედრო ხომალდები ისრაელის საჰაერო დარტყმის ქვეშ არ მოხვედრილან, რადგან, დიდი ალბათობით, თელ-ავივმა წინასწარ გააფრთხილა მოსკოვი ამის შესახებ და რუსულმა ხომალდებმაც მოასწრეს პორტის ნავმისადგომების დატოვება - 10 დეკემბერს გადაღებულმა თანამგზავრულმა ფოტოებმა აჩვენეს, რომ რუსული ხომალდები ტარტუსის პორტიდან 8-13 კმ-ის მოშორებით დგანან გარე რეიდზე და მათი ეკიპაჟები იქიდან უყურებდნენ ტარტუსის პორტის დაბომბვას...
თუ რა ბედი მოელის რუსულ საჰაერო ბაზას სირიის ჰმეიმიმში და საზღვაოს ტარტუსში, შემდეგ ბლოგში განვიხილავთ - მოსკოვი დიდ ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს მათი გადარჩენისთვის...