„კეთილშობილი“ ქართული თხები სოფელ მენჯიდან - კვირის პალიტრა

„კეთილშობილი“ ქართული თხები სოფელ მენჯიდან

მეთხევეობა საქართველოში სოფლის მეურნეობის არცთუ გავრცელებული მიმართულებაა, რასაც ბევრი რამ განსაზღვრავს. დარგის თავისებურებისა და პრობლემების შესახებ თხის ფერმისა და რძის გადამმუშავებელი საწარმოს ხელმძღვანელს, ანა გამგებელს ვესაუბრეთ. მისი ფერმის ამბავი სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ მენჯში დაიწყო. დღეს იქ ფერმის გარდა, რძის პროდუქტების თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმო საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით მუშაობს.

ანა გამგებელი:

- ჩვენს საწარმოს თხილისა და ტყემ­ლის ბაღების რამდენიმე ნაკვეთი აქვს. მენჯში ერთ-ერთ ნაკვეთზე, თხილის ბაღმა ვერ გაიხარა, რადგან ადგილი ქარიანი გამოდგა, ფოთლებსა და ყლორტებს გლეჯდა... მეთხევეობა იმხანად ახალი ხილი იყო (მხოლოდ სახლში თუ ჰყავდათ 2-3 სული) და გადავწყვიტეთ, დაგვეწყო. ამ საკითხზე 2010 წლიდან ვფიქრობდით და 2015 წელს საქმე დავიწყეთ.

სამეგრელოს ერთ სოფელში საგანგებოდ წავედით, ვიყოლიეთ ფრინველები და კამეჩის გარდა, ყველანაირი პირუტყვი. ვაკვირდებოდით და ვსწავლობდით, რა დაავადებები და რა პრობლემები ახასიათებდათ ცხოველებს, ფრინველებს. საბოლოოდ თხაზე შევჩერდით, რატომღაც ყველაზე ადვილად მოსავლელად და საპატრონოდ მივიჩნიეთ, თან პერსპექტიულ საქმედაც.

- მოკლედ, თხის ფერმის გაკეთება გადაწყვიტეთ.

- და სერიოზულ პრობლემებს წავაწყდით.

ვისაც ვეკითხებოდით, კონსულტანტები, ვეტერინარები, ფაქტობრივად, ყველა თეორეტიკოსი იყო, თხების მოვლა-პატრონობაზე საქართველოში პასუხს ვერავინ გვცემდა, უცხოელი ვეტერინარები და მეურნეები სხვა ჯიშის თხებზე არიან სპეციალიზებული, ჩვენ კი სამეგრელოს პირობებში გაზრდილი თხები გვყავდა.

მეტად რთული აღმოჩნდა თხების მშობიარობა, ხშირი იყო კვდომა, ციკნების დაავადებები. სამი წლის განმავლობაში ძალიან ვიწვალეთ, შემდეგ კი ჩვენი დაგროვებული განათლებით, გამოცდილებით, განსაზღვრულ დასკვნამდე მივედით. როგორც კი შევატყობდით, რომ თხა მძიმედ იყო, ან დაავადებისკენ მიდრეკილი, დავკლავდით და პოპულაცია ასე გავაჯანსაღეთ.

50114895-e03b-4218-a05a-703a9219e6df-1733936535.jpg

- თავიდან რამდენი გყავდათ?

- 200-ამდე. ძირითადად, სამეგრელოს სხვადასხვა სოფელში ნაყიდი, რამდენიმე, სანდო ფერმიდან, აღმოსავლეთ საქართველოდანაც წამოვიყვანეთ. ახლაც თითქმის იმდენივე გვყავს, რადგან ფართობი არ გაგვიზრდია, მერძევეობის მიმართულება გვაქვს.

მითია, რომ მეგრული თხა 3 ლიტრს იწველის. კარგ ვარიანტში დღეში 1 ლიტრი გვაქვს, შეიძლება ზოგიერთი 1,5-ზე ავიდეს. ლაქტაციის პერიოდი ქართულ თხას ძალიან პატარა აქვს, ფაქტობრივად, 5 თვე... ვერც ხელოვნური განაყოფიერება შველის, თან არც გამოდის, თავისებური ცხოველია. არადა, ზამთარში, როცა თხის რძე გჭირდება, ზუსტად მაშინ არა გაქვს.

- როგორ უნდა მოვუაროთ ამ თავისებურ ცხოველს?

- ჩვენი დაკვირვებით, დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონს, მაგალითად, დასავლეთში სხვა კლიმატია, სხვა ტენიანობა, მცენარეები...

ძალიან მნიშვნელოვანია კვება. თხებისთვის ტერიტორია შემოსაზღვრული გვაქვს, სადაც 15 დასახელების ბალახია დათესილი. სხვა ცხოველებთან ჩვენს თხებს შეხება არა აქვთ. სანამ სპეციალურ ბალახზე არ ვიზრუნეთ, ბუნებრივ ბალახს დიდად არ ჭამდნენ, იკიკნებოდნენ, რაც არ ჰყოფნიდათ.

ცხადია, ახლა იმ ბალახსაც ჭამენ, რაც ველურად მოდის. დამატებით ჩვენს მოყვანილ მარცვლეულსაც ვაძლევთ. ხორბალი ან ქერი შეიძლება ვიყიდოთ, რადგან სამეგრელოში არ მოდის.

ae85b210-6c16-428a-80e3-bdba042e2332-1733936534.jpg

- იმ შემოსაზღვრულ ადგილას არიან და მერე ფერმაში აბინავებთ?

- დიახ, სიცხეში ფერმასთან თვითონ მოდიან, წყალი იქვე აქვთ, ისვენებენ და ისევ ნაკვეთში გადიან. წელიწადში ერთხელ მაკეობენ, ძალიან იშვიათად, რომ რომელიმემ ორი ციკანი მოიგოს. ორიდან ერთი სუსტია ხოლმე, ამიტომ ჯობია, ერთი ჰყავდეს და ჯანმრთელი. ყოფილა, სამიც მოუგია, მაგრამ დედა თხა ორს კვებავს და მესამეს არ იკარებს. შემდეგ მას ხელოვნურად ვაჭმევთ, ან სხვა თხამ თუ მიიღო, მივუსვამთ ხოლმე.

- სიჯანსაღეს რა სიხშირით აკონტროლებთ?

- რეგულარულად დადის ჩვენთან რაიონის ვეტსამსახური - ამოწმებენ, ყველას აქვს საჭდეები. სტატისტიკური სამსახურიც კონტროლს გვიწევს.

- როგორც ვიცი, მოსაწველად სპეციალური ხაზი გაქვთ.

- კი, საუკეთესო ფირმის საწველი ხაზი გვაქვს. ეს აპარატები აღიარებულია მსოფლიოში. იმიტომ ავარჩიეთ, რომ თხას ცური ძალიან რბილი და ნაზი აქვს და მასტიტის საშიშროება ხშირია. თუკი საწველი აპარატით გინდა მოწველო, ძალიან მაღალი ხარისხის აპარატი უნდა გქონდეს, რათა ცური არ დაუზიანდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რძეში სომატური უჯრედების რაოდენობა იმატებს და ათასი საშიშროება ჩნდება.

- რამდენი კაცი გყავთ დასაქმებული?

- ფერმაში ადგილობრივი მოსახ­ლეობიდან ოთხი კაცი მუშაობს. ამას გარდა, ვაწარმოებთ რძის პროდუქტებს, ქარხანა გვაქვს. თხის რძე ჩვენია, ადგილობრივი მოსახლეობისგან კი ძროხისა და კამეჩის რძეს ვიბარებთ. აქაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რაიონის უვნებლობისა და ვეტსამსახურებთან. ისინი აკონტროლებენ იმ ცხოველებსაც, ვისგანაც რძეს ვიბარებთ - ფერმერების სრული სია აქვთ. საქონელს საყურე ნიშნების მიხედვით აკონტროლებენ. რძეს 30-მდე ფერმერი გვაბარებს, ქარხანაში კი 25 კაცია დასაქმებული.

- გამოდის, მოსახლეობასაც ეხმარებით.

- ინფრასტრუქტურაზეც ვახდენთ ზემოქმედებას, ხალხმა საქონელი იყიდა, სოფელს დაუბრუნდნენ. რძეს რომ გვაბარებენ, მეტი თავისუფალი დრო გაუჩნდათ, სხვა საქმეს უთმობენ და ამით კმაყოფილი არიან.

- თქვენს პროდუქტებზეც ვისაუბროთ.

- თხის, ძროხისა და კამეჩის რძისგან 50-მდე სახეობის რძის პროდუქტს ვაწარმოებთ: ხაჭოს, არაჟანს, მოცარელას, იოგურტს, ბურატას, მაწონს, სხვადასხვა სახეობის ყველს, როგორც ქართულს, ასევე უცხოურს. ტექნოლოგები უცხოეთიდან ჩამოვიყვანეთ, ჩვენც ხშირად დავდივართ სხვადასხვა საწარმოში და ანაზღაურების სანაცვლოდ გვასწავლიან. ბევრი მეთოდი ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარეც შევიმუშავეთ. საერთოდ, მომხმარებელზე მორგებული გემოებით ვმუშაობთ. ის გვკარნახობდა, რა სურდა, უფრო მშრალი, თუ სხვანაირი. ასე ჩამოვყალიბდით მომხმარებელთან ერთად და ნელ-ნელა შედეგიც მივიღეთ.

2ef8bba2-d23f-4fe2-b740-3947e13ec533-1733936534.jpg

- ყველი როგორია?

- ვინაიდან დახურული ფერმა არა გვაქვს, ამიტომ ყველი ძალიან განსხვავებულია. ეს იმაზეა დამოკიდებული, რომ ცხოველს სხვადასხვა ამინდში უწევს გარეთ ყოფნა. იგივე ითქმის ძროხასა და კამეჩზეც, სხვადასხვა ბალახს სხვადასხვა რაოდენობით ძოვენ. ამიტომ რძეც და ერთი და იმავე რეცეპტით დამზადებული ყველიც ყოველთვის განსხვავებულია. სულგუნიც რამდენიმე დღის სხვაობით განსხვავებული გემოსია. ცხიმიანობა, ცილის შემცველობა, ყველაფერი მერყეობს, რაც პროდუქტების გემოზე აისახება. სულ რომ ერთი და იმავე რეცეპტურით ვაკეთებდეთ, მაინც სხვადასხვა გემოს მივიღებთ. ყველის დაახლოებით 17 სახეობა გვაქვს.

- პროდუქტი სად იყიდება?

- თბილისში ორი მაღაზია, ერთი კი ბათუმშიც გვაქვს. ვთანამშრომლობთ მაღალი დონის რესტორნებთან, სასტუმროებთან, ერთ მაღალი ხარისხის სუპერმარკეტების ქსელთან. ჩვენი კლიენტები გვყავს.

- თქვენი პროდუქციის ხარისხიანობას რა განსაზღვრავს?

- ძალიან მაღალი ხარისხის ნატურალური რძე. სამწუხაროა, რომ ეს სფერო საქართველოში ცოტა უკონტროლოა, რადგან არ შეიძლება საღი რძისა და ფხვნილისგან გაკეთებულს ერთი ფასი ჰქონდეს. ფასს ბაზარი განაპირობებს. ჩვენი მომხმარებელიც რაღაცებს მიხვდა, გვენდობა, ბევრი ჩამოსულა კიდეც ჩვენთან და თავისი თვალით უნახავს ნედლეულის მაღალი ხარისხი და დამზადების მაღალი სტანდარტები.

- როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა დაიწყოს ეს საქმე?

- თუ მთელი ოჯახი არ არის ჩართული ამ საქმეში, დაწყება ისე, რომ ვიღაცაზე იყოს ჩაბარებული, არ გამოვა, თავად უნდა მონაწილეობდნენ ყველაფერში. აქ ფერმა ბევრმა გააკეთა, მაგრამ მალევე დახურა. თვითონ თუ არ მოწველე და ყველა ნაბიჯი არ გააკონტროლე, არ გამოვა. ამასთან, სოფლის მეურნეობაში ერთი მიმართულების წარმოებას, ჩვენი დაკვირვებით, აზრი არც აქვს. სხვაც უნდა გქონდეს, რათა ერთი მეორეს გიბალანსებდეს, ერთი რომ ჩაგივარდეს, მეორემ გაგაქაჩვინოს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 24-საათიანი შრომაა საჭირო. ამისთვის თუ ვინმე მზად არ არის, ეს საქმე არ უნდა დაიწყოს.