ჯადოსნური ფეიხოას ნუგბარის გემოები - კვირის პალიტრა

ჯადოსნური ფეიხოას ნუგბარის გემოები

კარგი დიასახლისისთვის სამზარეულოში არასოდეს არის ვაკუუმი. თუმცა მცირემოსავლიან წელიწადს, გვიან შემოდგომასა და ზამთრისპირზე, კარგი დიასახლისის ნუგბარის დამზადების სიაც მეჩხრდება, ოღონდ არა ხარისხი. არსებობს ზამთრის არომატული კულტურები, რომლებიც სამზარეულოს უსათუოდ გაამდიდრებს. გამორჩეული ტკბილეული მზადდება კომშისგან. მას არც ფეიხოა ჩამორჩება, რომლისგანაც გემრიელი და ეგზოტიკური ნუგბარი მზადდება - კომპოტით დაწყებული, ჯემით დასრულებული. ფეიხოას სარგებლიანობაზე ამჯერად ბევრს არ ვისაუბრებთ, მით უფრო, ნებისმიერს შეუძლია ადვილად დაადგინოს, რა დიდი რაოდენობით იოდი შედის ამ კულტურის ნაყოფში. ოზურგეთელი ნანა ანთიძე ფეიხოას იმ მრავალფეროვანი ნუგბარის დამზადებაზე გვესაუბრება, რომლებიც ჩვენი სამზარეულოს სიმდიდრეა. დავიწყოთ ფეიხოას კომპოტით, რომელსაც კომპოტებს შორის უპირობო ფავორიტად მიიჩნევენ.

ნანა ანთიძე:

- ფეიხოას კომპოტის უპირატესობა მისი შესანიშნავი გემოა, რომელზეც არა მგონია, ვინმე უარს ამბობდეს. ამას სარგებლიანობასაც დავამატებდი, თუმცა გემო მაინც პირველია. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ახალდაკრეფილი ფეიხოა შეიძლება მაცივარშიც შევინახოთ, გავყინოთ და ახალ-ახალი კომპოტი მოვამზადოთ. თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ასე მომზადებულ კომპოტს ის გემო ვერ ექნება, როგორიც ტრადიციულს. კომპოტის შენახვის ტექნოლოგია შემთხვევით დამკვიდრებული არ არის - ქილაში დაკონსერვებული პროდუქტი სპეციფიკურ გემოვან თვისებებს იძენს. მაგალითად, ისევე, როგორც სულ სხვა გემოვან თვისებებს იღებს შებოლილი ხორცი და ახლისგან სრულიად განსხვავდება. გარდა ამისა, კულინარიით მიღებულ განწყობასაც თავისი დადებითი დატვირთვა აქვს - როდესაც ფეიხოას კომპოტით სავსე ქილას ხსნი, მისგან ეგზოტიკური სასიამოვნო სურნელი ამოვარდება. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ახალ კომპოტს დადებითი თვისებები არა აქვს და მასზე უარი უნდა ვთქვათ, პირიქით, მიირთვით ფეიხოა რაც შეიძლება ბევრი, ის ჯანმრთელობას რგებს.

ფეიხოას ტრადიციული კომპოტის მომზადება ადვილი საქმეა. გარეცხილ ფეიხოას ყუნწები უნდა მოვაშოროთ და ასეთი რეცეპტით მოვამზადოთ: 0,5 კგ ფეიხოას სჭირდება 200 გრ შაქრისა და 2 ლიტრი წყლისგან მომზადებული სიროფი, რომელიც წინასწარ უნდა მოვადუღოთ და შემდეგ ქაფქაფა დავასხათ სტერილიზებულ ქილაში მოთავსებულ ფეიხოას. შევდგათ ცეცხლზე და დაახლოებით 10 წუთის დუღილის შემდეგ დავაკონსერვებთ. ფეიხოას კომპოტს უფრო ხანგრძლივად დუღილი არ სჭირდება, რათა ძალიან არ მოითუთქოს.

არსებობს კიდევ ერთი საოცარი გემო - ფეიხოასა და კომშის ნარევი. ვინაიდან ფეიხოას ნაყოფი ნაზია, კომშის კი, პირიქით, ამიტომაც ფეიხოას კომპოტს კომშის ნახარშისგან მომზადებულ სიროფში ვამზადებთ: სასურველი რაოდენობის კომშს წამოვადუღებთ (მარცვლებიანად და კანიანად) და 2 ლიტრ ნახარშს 200 გ შაქარს დავამატებთ. ფეიხოას კომპოტს, ისევე როგორც ბევრ სხვა კულინარიულ რეცეპტს, არაჩვეულებრივ გემოს სძენს ლიმონის დამატება, ოღონდ ვამატებთ მხოლოდ ფეიხოას კომპოტს (რაოდენობას სურვილისამებრ) და არა ფეიხოასა და კომშის ნარევს. ბევრმა განსხვავებული გემოს ნარევმა შეიძლება კომპოტს გემო დაუკარგოს.

რაკი ფეიხოა ნაზი პროდუქტია, უნდა გავფრთხილდეთ, რომ დუღილისას არ ჩაგვეშალოს. ამ მხრივ არა მხოლოდ კომპოტია საფრთხილო, არამედ მურაბაც. მე პირადად მურაბის მომზადებისას ფეიხოას არ ვთლი, რადგან მის კანს განსაკუთრებული არომატი აქვს. არც ფეიხოას გათლით ფუჭდება არაფერი, მურაბა უფრო ნაზი გამოდის.

ფეიხოას მურაბას ასეთი პროპორციით ვამზადებ: 1 კგ გასუფთავებულ და ყუნწებგაცლილ ფეიხოას 1 კგ შაქარს ვაყრი, ვასხამ 150 გ წყალს და დაბალ ცეცხლზე წამოდუღებამდე ვადგამ. როგორც კი წამოდუღდება, ცეცხლიდან გადმოვდგამ, ვიდრე არ გაცივდება. ამის შემდეგ კვლავ დავდგამ დაბალ ცეცხლზე და მზაობამდე ვადუღებ.

feyhoa-s-saharom-1733936534.jpg

დარწმუნებული ვარ, ყველამ იცის, როგორ უნდა გასინჯოს მურაბა, მზად არის თუ არა, მაგრამ მაინც გავიმეორებ:

მურაბის ცხელი წვენი ცივი წყლით სავსე ჭიქაში უნდა ჩავაწვეთოთ, თუ წვეთი არ გაიშალა და ფსკერისკენ წავიდა, მურაბა მზად არის.

- ფეიხოას ჯემის თქვენი რეცეპტიც უნდა გაგვიზიაროთ.

- აუცილებლად, მით უფრო, რომ ფეიხოას ჟელეთი მომზადებული ბლინები უგემრიელესი გამოდის. ჯემი ჩემი ფავორიტია.

ჯემის მოსამზადებლად ფეიხოას ხორცსაკეპ მანქანაში ვატარებ, არ ვაბლენდერებ (ვინც კვების ტექნოლოგია იცის, დამეთანხმება, რამდენად განსხვავდება გემოთი სწრაფი და ნელი ტემპით მომზადებული ერთი და იგივე პროდუქტი). შემდეგ 1 კგ გატარებულ ფეიხოას 1,5 კგ შაქარს ვამატებ და ვდგამ. იწყება ბუნებრივი დუღილი, რაც 5-6 დღეში მთავრდება. შემდეგ ჯემს ქილებში გადავიტანთ. ასე მომზადებული ჯემი შეგვიძლია მაცივრის გარეშე ზაფხულამდეც კი შევინახოთ. თუ ჯემის მაცივარში შენახვა გვსურს, შეგვიძლია ნაკლები შაქარი დავაყაროთ.

"ცოცხლად" მომზადებული ფეიხოა შესანიშნავი საშუალებაა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალოდ. ხანგამოშვებით დილით, უზმოზე უნდა მივირთვათ, რაც იმუნიტეტსაც გაგვიძლიერებს და გულით დაავადებულებსაც მიეშველება. დასასრულ პატარა ექსპერიმენტს გაგანდობთ. ფეიხოას მცირეოდენ ნაყოფს ხშირად მოვიხმარ ნამცხვრების ან მცენარეული სუპების მომზადებისას. ეს კულინარიულ ნამზადს განსაკუთრებულ გემოსა და სარგებლიანობას მატებს, თუმცა ეს უკვე გემოვნებაზეა დამოკიდებული.