გერმანული შალა ქართული  ფესვებით - კვირის პალიტრა

გერმანული შალა ქართული  ფესვებით

თამარ ხუბულური რამინაშვილების მარნის დიასახლისია. ეს მარანი სოფელ ასურეთშია. ოჯახში მათთან მისულ სტუმრებს საკუთარი ღვინით უმასპინძლდებიან. ქალბატონი თამარი ოჯახის წევრებთან ერთად ბევრს შრომობს, რათა მათი სივრცე ტურისტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული და მიმზიდველი იყოს. მარნის ისტორია კი ჯერ კიდევ ორი საუკუნის წინ დაწყებულა - გერმანელი კოლონისტების მიერ, რომლებიც საქართველოში XIX საუკუნის დამდეგს ჩამოასახლეს. გერმანელების ნაწილი სოფელ ასურეთში დასახლდა და იქაურობას ელიზაბეტთალი ეწოდა... რამინაშვილებმა მარანს ძველი იერი შეუნარჩუნეს და სტუმრებს ქართულ-ევროპული ტექნოლოგიით დაყენებულ ღვინოს სთავაზობენ.

b3002552-78cf-48a3-8716-395f14ae9101-1733937390.jpg

თამარ ხუბულური:

- ისე მოხდა, რომ თბილისიდან ასურეთში გადმოვსახლდით, თუმცა თბილისში ჩასვლა ყოველდღიურად მაინც მიწევს, რადგან სამსახური დედაქალაქში მაქვს. ჩვენს კარ-მიდამოში მეტის გაკეთებაც შეიძლება, მაგრამ ჩემი შემოსავლის წყარო მაინც ჩემი სამსახურია და აქ სამსახურისგან თავისუფალ დროს ვსაქმიანობ. ეს ჩვენი პატარა საქმე ასურეთში ეტაპობრივად დავიწყეთ.

- თქვენს სოფელს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს.

- კი, ასურეთი ძველი გერმანული სოფელია. 1817 წელს საქართველოში ჩამოსახლებული გერმანელების კოლონიის ერთ-ერთი ნაწილი აქ ტრიალ ადგილზე ჩამოსახლდა. მშრომელი და სოფლის მეურნეობის მოყვარული ხალხი იყო. მეცხოველეობასა და მევენახეობას მისდევდნენ. სოფლიდან 7 კილომეტრში ვენახები ჰქონდათ, სადაც სამუშაოდ დილას ოჯახებით მიდიოდნენ. მათი დაგებული ქვაფენილი ახლაც შემორჩენილია. ასევე შემორჩენილია სოფლის უნიკალური მარანი, რომელიც ამჟამად კერძო საკუთრებაა, მაგრამ მასთან მისასვლელი გზაც ცუდია და თვითონ მარანიც ინგრევა. ალბათ, დადგება დრო და აღდგება.

06c690e8-fb25-426d-ac59-ed0e2e1453e6-1733937389.jpg

- რამინაშვილები ამ სოფელში როგორ მოხვდნენ?

- გერმანელები აქედან სტალინის ბრძანებით 1941 წელს გადაასახლეს. როგორც ჰყვებიან, სახლებში ცეცხლზე შემოდგმული ქვაბი დარჩენიათ, რადგან კარ-მიდამოები 24 საათში დაატოვებინეს. მეზობელი სოფლებიდან გაჭირვებულ ხალხს მათი სახლები გაუძარცვავს, თუმცა მალევე, 1941 წელს, ამ მიტოვებულ სახლებში რაჭის მაღალმთიანი სოფლებიდან ჩამოასახლეს ოჯახები.

ასურეთი, ძირითადად, რაჭველების დასახლებაა. აქ ქუჩებიც რაჭის სოფლების სახელებს ატარებს... ჩემი მამამთილის სოფელი კაჩაეთია, ნიკორწმინდიდან ერთ კილომეტრში. მათი მიწის ნაკვეთი და ნასახლარი დღესაც არსებობს, ჩემი მამამთილი აქ რომ ჩამოსულა, 14 წლის ყოფილა.

- და ერთ-ერთი გერმანული ოჯახის სახლი შეხვდათ...

- კი. ჩვენი სახლი ორად არის გაყოფილი, ნახევარი ბიძისაა, ჩვენს ნაწილში გერმანული უნიკალური მარანი მოხვდა. სოფელში ერთი დიდი მარანი იყო, მაგრამ გერმანელებს სახლებში თავისი საოჯახო მარნებიც ცალკე ჰქონიათ. მოკლედ, გვაქვს ეს ძველი გერმანული მარანი, სადაც ღვინოს გერმანული წესით ვაყენებთ.

2019 წელს სოფელში მთავარი ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყეს, ძველი სახე დაუბრუნეს, ისეთი, როგორიც გერმანელების დროს ჰქონდა. მთავარი ქუჩა შვაბების სახელს ატარებს. შვაბები გერმანელთა ეთნიკური ჯგუფია, ისინი ცხოვრობდნენ აქ. ამავე ქუჩაზეა კირხეც, მათი ლუთერანული ეკლესია, რომელიც დამწვარი და გაპარტახებული იყო და ისიც აღადგინეს. ქუჩის ბოლოს გერმანელების სასაფლაოა. სოფელი ასევე განახლდა ქვაფენილით, ღობეებით, ჭიშკრებით. ამ

ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ სოფელში ტურისტებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ჩვენთანაც შემოდიოდნენ. მერე ხან მუნიციპალიტეტი გვთხოვდა, სტუმარია, გერმანული სათვისტომოს წარმომადგენელი და მიიღეთო. ჩვენც ყველას ვმასპინძლობდით. მერე თავად გვიკარნახეს, ღვინო ბოთლებში ჩამოასხით, რაღაცებიც მოაწესრიგეთ და სტუმრები ოფიციალურად მიიღეთო.

ასე მივედით რამინაშვილების მარნამდე.

08686c8c-f24f-4c15-bc5d-45f88e373bff-1733937389.jpg

- წამყვანი ღვინოა ასურეთული შალა და მას თავისი ისტორიაც ექნება.

- გერმანელი ოტო შალი აქაური მოსახლე ყოფილა, რომელმაც პირველმა დაწურა ეს ყურძენი და მისგან ღვინო დააყენა. მის პატივსაცემად დაარქვეს ღვინოს სახელი... ეს

ყურძენი ოტო შალის ადგილობრივი ტყიდან გამოუტანია, გაუკულტურებია და სოფელიც ამ ჯიშს აქტიურად აშენებდა. ენდემური, ქართული ყურძენია და აქაურ მიკროზონაში მოდის.

სოფელში ახლაც ცხოვრობს ამ გვარის ხალხი, როგორც ჩანს, შერეული ოჯახები მაინც დარჩნენ. ისინი უკვე ტიპური ქართველები არიან... მოკლედ, ასურეთი კონკრეტულად ამ ჯიშის ყურძნის მიკროზონაა, სადაც ის კარგად ხარობს. მისგან წითელი ნახევრად მშრალი ღვინო დგება. მას ჩემი მეუღლე აყენებს და ჭაჭაზე დიდხანს არ ტოვებს. ხის კასრებშია და ზამთარს თუ გამოივლის, საუკეთესოა. ბოთლებშიც ვასხამთ. ქართველმა მხატვარმა ია არსენიშვილმა სურათი გვაჩუქა, რითაც ეტიკეტი შეგვიქმნა.

a77a753c-a316-4e81-bdc1-27674380b41e-1733937388.jpg

- ვენახი რა ფართობზე გაქვთ?

- ჩვენს ოჯახს საკუთარი ვენახიც ჰქონდა, მაგრამ კოლექტივის ვენახები წილობრივად რომ გადანაწილდა, იქიდანაც შეგვხდა 3000 კვადრატული მეტრი. გვაქვს რქაწითელიც, მაგრამ ჩვენი სავიზიტო ბარათი მაინც შალაა. 1,5 ტონა თეთრი ყურძენი მოდის და 2 ტონამდე - წითელი. მე რამინაშვილების რძალი გახლავართ, მახსოვს, დილაობით ჩემი მამამთილ-დედამთილი ურემში შებმული ცხენით ვენახში რომ მიდიოდა სამუშაოდ.

ღვინის ტექნოლოგიას რაც შეეხება, ევროპულია, გერმანული, ცოტა შუშხუნა ღვინოა შამპანურივით. ჩემი მეუღლე აყენებს. რამინაშვილები რაჭიდან აქ რომ ჩამოვიდნენ, ეს მარანიც დახვდათ და ხის კასრებიც. მაშინდელი კასრები დღეს უკვე დეკორაციად გვაქვს. აქვე არის გერმანელების ნაქონი აკვანი და კამოდი. მართალია, მათი წასვლის შემდეგ აქაურობა გაიძარცვა, მაგრამ ბევრი რამ მაინც შემორჩა....

- სტუმრები თქვენს ტრადიციულ ღვინოს აგემოვნებენ...

- შალასთან ერთად თეთრ ღვინოსაც უსინჯავენ გემოს. ჩემი მეუღლე და მისი მეგობარი ღვინის დაყენების შემდეგ კონიაკსაც ამზადებენ...

ვიზიტები წინასწარ იგეგმება. სადეგუსტაციო სივრცე გრანიტით გავაწყვეთ, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაცია "ქეა" დაგვეხმარა, შევიძინეთ მაგიდები, სკამები, გამათბობელი, გენერატორი, მაცივარი... აქაურობის მეტად კეთილმოწყობა კიდევ გვინდა, რათა სტუმრებისთვის იზოლირებული და გადახურული სივრცე გვქონდეს, რომ თავი უფრო კომფორტულად იგრძნონ.