ღობემძვრალა მგალობელი ჭინჭრაქა
ჭ ინჭრაქა საქართველოში პოპულარული ფრინველია. მას წკრიალა, ლამაზი ხმა აქვს, რომლითაც ბეღურასნაირთა რიგის ყველა წარმომადგენლისგან განსხვავდება. მისი გალობა მეტად სასიამოვნო მოსასმენია. ქართლსა და სხვა რეგიონებში ამ პატარა მგალობელ ჩიტს ღობემძვრალასაც ეძახიან, რადგან ის ღობეების ქვეშ დაძვრება, ფუსფუსებს და მისი პოვნა, ძირითადად, ასეთ ადგილებში შეიძლება. ამ ფრინველის თავისებურებებზე გვესაუბრება ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ორნითოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი.
- ჭინჭრაქა, იგივე ღობემძვრალა, ერთ-ერთი ყველაზე მინიატიურული, მცირე ზომის ფრინველია, რაც კი საქართველოში გვხვდება. ჭინჭრაქა ხშირად არის ნახსენები ხალხურ თქმულებებსა და ლიტერატურულ ნაწარმოებებში. ბეღურასნაირთა რიგის ეს პატარა წარმომადგენელი საქართველოს ტერიტორიაზე ბევრ ადგილას ბინადრობს, განსაკუთრებით, ტყის ზონაში. ზრდასრული ჭინჭრაქას წონა 10 გრამზე ნაკლებია. ის თავს კარგად გრძნობს ყველგან, სადაც ბუჩქნარი და ზომიერი კლიმატია. ჭინჭრაქა, ძირითადად, მწერებით იკვებება და ისეთ ადგილებს ეტანება, სადაც თავისთვის საკვები ეგულება.
- როგორ იქცევა ჭინჭრაქა ზამთრის დადგომისას, როცა აცივდება?
- ჭინჭრაქა გადამფრენი ფრინველების რიცხვს არ მიეკუთვნება. შესაძლოა ზამთარში მთიდან დაბლობში ჩამოვიდეს, მაგრამ ძალიან დიდ მანძილზე არ გადაადგილდება. ამ მხრივ ის ბეღურასნაირებს ჰბაძავს და უფრო თბილ ქვეყნებში არ მიფრინავს. მთებში ჭინჭრაქა ძალიან მაღლა შეიძლება შეგვხვდეს - ზღვის დონიდან 2000-2100 მეტრზეც კი, საიდანაც შედარებით დაბალ ზონაში ჩამოფრინდება - სულ ეს არის მისი გადაფრენის არეალი.
- კიდევ რით ჰგავს ის ბეღურას?
- მგონი, მათ შორის განსხვავება უფრო მეტია, ვიდრე მსგავსება. მაგალითად, თანამოძმეებისგან განსხვავებით, ღობემძვრალა ისე ლამაზად გალობს და იმდენად სასიამოვნო ხმა აქვს, რომ ვინც მის გალობას გაიგებს, არასდროს დაავიწყდება. მისი ხმა საკმაოდ მკვეთრი, ძლიერი და მკაფიოა. გარდა ამისა, გარეგნულადაც განსხვავდება ბეღურისგან - მასზე სამჯერ პატარაა. განსხვავებულია მათი კვების ნირიც: ბეღურები, ძირითადად, მცენარეული საკვებით იკვებებიან, ხოლო ჭინჭრაქა - მწერებით.
- სად შეიძლება ჭინჭრაქას ნახვა ყველაზე იოლად?
- მისი ნახვა ადვილი ნამდვილად არ არის, რადგან მოხერხებულად იმალება. ბინადრობს ყველგან, სადაც ტყის კორომები და ბუჩქნარებია. ის უფრო ქალაქგარეთ იშენებს ბუდეს, არანაკლებ მოსწონს ბაღებსა და ბოსტნებში ყოფნა, სადაც მისი საკვები უხვადაა. საცხოვრებლად ჭინჭრაქას დიდი ტერიტორია არ სჭირდება, მაგრამ მონიშნულ ტერიტორიას ერთგულად იცავს. ძალიან ხშირად იმალება ღობის ძირებში. მოგეხსენებათ, ადრე სოფლებში ცოცხალ ღობეებს აკეთებდნენ, როგორც ჩანს, ჭინჭრაქას ყოველთვის ღობის ძირში პოულობდნენ და ღობემძვრალაც ამიტომ დაარქვეს.
- რომელ ქვეყნებში ცხოვრობს ეს ფრინველი და მისი მონათესავე სახეობები?
- ჭინჭრაქას მონათესავე სახეობები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ბინადრობენ, თუმცა ჩვენთან მხოლოდ ერთი სახეობა გვხვდება, რომლის ლათინური სახელწოდებაა ტროგლოდყტეს ტროგლოდყტეს. ჭინჭრაქას საბინადრო არეალია: ევრაზია, ჩრდილოეთი აფრიკა, ჩრდილოეთი ამერიკა და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნები... ის კავკასიასა და ჩვენს ქვეყანაშიც ფართოდ არის გავრცელებული. ჭინჭრაქა პატარა მრგვალ ბუდეს იკეთებს ხავსისა და სხვა მცენარეებისგან. რამდენიმე კვერცხს დებს და როგორც ბეღურასნაირთა უმრავლესობას, მასაც ხანმოკლე საინკუბაციო ვადა აქვს - მისი ინკუბაცია, საშუალოდ, 2 კვირამდე გრძელდება. საზოგადოდ ცნობილია, რომ რაც უფრო პატარაა ფრინველი, მით უფრო ხანმოკლეა მისი საინკუბაციო პერიოდი. ბეღურასნაირების უმრავლესობა გარემოს ძალიან კარგად ეხამება, ღობემძვრალასაც მოყავისფრო შეფერილობა აქვს და კარგად ეხამება ძირს ჩამოცვენილ ფოთლებს, ქვებსა და სხვა საგნებს. აღსანიშნავია, რომ მამალი ღობემძვრალები თავიანთ ტერიტორიას საიმედოდ შემოსაზღვრავენ და ამას გალობით ახერხებენ. თუ მათ სამფლობელოში სხვა "მომღერალიც" გამოჩნდება, შეიძლება სერიოზული ჩხუბიც მოუვიდეთ.
- გარდა მწერებისა, რას ჭამს ეს პატარა მგალობელი?
- ობობები, წვრილი უხერხემლოები, მცენარეთა თესლი, კენკრა... - ასე გამოიყურება ჭინჭრაქას ძირითადი რაციონი, თუმცა მწერები მისი რჩეული საკვებია. საერთოდ, იმ ფრინველების უმეტესობა, რომლებიც მწერებით იკვებებიან, არც კენკრასა და ხილზე ამბობს უარს. ჭინჭრაქები დიდ ჯგუფებად არასდროს დაფრინავენ, სადაც ნახავთ, მხოლოდ რამდენიმე ფრინველი ან მათი წყვილი შეიძლება შეგხვდეთ.
ალბათ, მკითხველი დაინტერესდება, როგორია მათი რიცხოვნობა საქართველოსა და მთელ მსოფლიოში: "ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ" - ასეთი სტატუსი აქვს მინიჭებული ჭინჭრაქას. ეს ადვილი ასახსნელია: იმის გამო, რომ 9-10 გრამს იწონის, ამ ფრინველზე არავინ ნადირობს. ცხადია, ბუნებაში მტრები მაინც ჰყავს - მასზე ნადირობენ მტაცებლები: მიმინო, დედოფალა, კვერნა, მაგრამ ღობემძვრალას მოპოვება მათთვისაც ძნელია. მიზეზი ის არის, რომ ეს პატარა ჩიტი ქვებსა და ნაპრალებში ოსტატურად იმალება. აუცილებლად უნდა დავასახელოთ ღობემძვრალას ყველაზე სახიფათო მტერი - შინაური კატა, რომელიც ძალიან საშიში არსებაა ფრინველებისთვის. გამოთვლილია, რომ კატები ყოველწლიურად მილიონობით ფრინველს ანადგურებენ. ისინი წვრილი ძუძუმწოვრების სიცოცხლესაც დიდ საფრთხეს უქმნიან.
- ბატონო ზურაბ, რამდენად რთულია ღობემძვრალას შესწავლა ორნითოლოგებისთვის?
- ჭინჭრაქა საკმაოდ რთულად შესასწავლი ფრინველია, მაგრამ ორნითოლოგებს მისი ლამაზი გალობა ძალიან ეხმარება: გალობის მიხედვით შეიძლება დადგინდეს, რამდენი ფრინველია ამა თუ იმ არეალში. ვინაიდან ტერიტორიას მკაცრად იცავენ, შეიძლება ერთი ფრინველის ხმა ერთი ადგილიდან გაიგონოთ, ხოლო მეორისა - სულ სხვა ადგილიდან. ამის მიხედვით შეიძლება ჭინჭრაქას ადგილსამყოფელი და რაოდენობა დავადგინოთ. ორნითოლოგები ფრინველების შესწავლისთვის ხშირად ვიყენებთ ფერად რგოლებს, რომლებითაც მათ ვნიშნავთ ხოლმე, მაგრამ ღობემძვრალები იმდენად პატარა და მოძრავი არიან, მათთვის რგოლის შებმა დიდი პრობლემაა. ისინი ცოტა ხნით გამოჩნდებიან და მაშინვე უჩინარდებიან. მიუხედავად ამისა, ვისაც ფრინველები უყვარს და დიდი ინტერესი აქვს, ჭინჭრაქას ნახვას მაინც მოახერხებს. უბრალოდ, ვინც საგანგებოდ არ დააკვირდება, ამ პატარა ჩიტს შემთხვევით ვერ ნახავს.
- როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ბუდიდან ჩამოვარდნილ დაზიანებულ პატარა ბარტყს ან მოზრდილ ჭინჭრაქას დავინახავთ?
- ასეთ ფრინველს ჯობს ხელით არ შეეხოთ. ხიდან ჩამოვარდნილი ან ფრთამოტეხილი ბარტყი ხმას გამოსცემს, რითაც თავის მშობლებს აგებინებს, სად იმყოფება. შეიძლება ისინი მას კვებავენ კიდეც. ამიტომ უმჯობესია არ წაიყვანოთ და იქვე დატოვოთ, ან სადმე ბუჩქებში დასვათ, სადაც შედარებით დაცული ადგილია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება კატამ ან სხვა მტაცებელმა დაიჭიროს და შეჭამოს, ან ადამიანმა დაადგას ფეხი. თუ გასაჭირში მყოფი ჩიტის დახმარება გსურთ, ასე უნდა მოიქცეთ, რადგან თუ შინ წამოიყვანთ, მას მშობელი ვეღარასდროს იპოვის და ვერც მოუვლის. ოჯახში ხშირად ასეთ ფრინველებს პურის ნამცეცებით კვებავენ, ან ადამიანის საკვებს აჭმევენ, რაც მათთვის დამღუპველია. თუ არ იცით, სპეციალურად როგორ მოუაროთ, მაშინ ბუნებაში ნაპოვნი ფრინველი აუცილებლად მოკვდება. მსგავსი შემთხვევების 99% სწორედ ასე სრულდება, რაც მეტად სამწუხაროა.
ხათუნა ჩიგოგიძე