აიამ ცემანის შავი მამალი „სხვა განრიგით“ ყივის
სვეტა კვარაცხელია მრავალი წელიწადია "პალიტრამედიის" თანამშრომელია. ჟურნალ "ბომონდის" რედაქტორი ავტორია რომანებისა, რომლებიც პრესაში ხშირად იბეჭდება და რეკორდულად ბევრი მკითხველი ჰყავს. ქალბატონი სვეტა ოჯახთან ერთად მუხიანის აგარაკზე, ვარდისუბნის ქუჩაზე ცხოვრობს. მან ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "აიამ ცემანი" ქათმის ჯიშია, ინდონეზიური. არის სულ შავი, ბიბილოც, ფეხებიც და ხორციც კი შავი აქვს. ჰოდა, ამბობენ, დედალმა შეიძლება კვერცხიც შავი დადოსო. შავის რა გითხრათ, მაგრამ ჩემმა აიამ ცემანმა დედალმა ცისფერი კვერცხი დადო დღეს, დებიუტი ჰქონდა. რამდენიმე მყავს, დედალიც და მამალიც და დღეს აი, ასეთი სიურპრიზი მომიწყო". ვინაიდან ფოტოს და ინფორმაციას დიდი ინტერესი მოჰყვა, მეტის გასაგებად ქალბატონ სვეტას დავუკავშირდით:
- დღეს არაერთი სახეობის ფრინველი გყავთ, გქონდათ ქათმების მოვლის გამოცდილება?
- არა. ქათმისთვის არასოდეს მომივლია. თუმცა ათი წელია, მათი გაზრდა დავიწყე და დღესაც ბევრი არა, 25 ფრთა მყავს. ჩემს მეზობელს ჰყავს სხვადასხვა ჯიშის ქათმები, მისგან ვყიდულობდი და იმდენი რამ მასწავლა, ყველა წიწილა გავზარდე, ერთიც არ მომკვდომია. ამბობენ, რთული გასაზრდელიაო, მაგრამ ასე არ არის, მთავარია იცოდე, როდის როგორ მოუარო. მეზობელს ინდონეზიური ქათმებიც ჰყავს. ამ ჯიშის ქათამი მთლიანად შავია - ფეხებიც, დეზებიც, ბიბილოც - ყველაფერი შავი აქვს. ზამთარში ჩვენი ქათმები კვერცხს უმეტესად არ დებენ, ხოლო მეზობელმა მითხრა, ეს დედლები კვერცხს მთელი ზამთარი დებენო. ჩემს შვილიშვილს კი კვერცხი ძალიან უყვარს... დღეს ინდონეზიური ჯიშის 12 ქათამი მყავს, 7 მამალია, დანარჩენი დედლები. როცა დადებენ, კვერცხი ყოველთვის ჩემს შვილიშვილს გამოაქვს და ახლა რომ მომიტანა, ნახე, ბაბა, ქათამმა რა ფერის კვერცხი დადოო, შევხედე და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, ნამდვილად არ ველოდი, კვერცხი ცისფერი თუ იქნებოდა. რაც შეეხება ხორცს, ჯერ არ დამიკლავს და არ ვიცი, როგორი გემო აქვს, მაგრამ კი ვფიქრობ, ეს შავი ხორცი როგორ უნდა გავსინჯო-მეთქი. არადა, მამლების დაკვლა მომიწევს, ღამის 12 საათზე იწყებენ ყივილს და დილამდე არ ჩერდებიან.

- ანუ განსხვავებული ჯიშის მამლები სხვა "განრიგით" ყივიან?
- დიახ, და ჩვეულებრივი ჯიშის მამლებიც აიყოლიეს. ამასთანავე, ძალიან ველურები არიან. საქათმის ეზოდან რომ არ გადმოფრენილიყვნენ, ფრთები დავაჭერი, მაგრამ გადმოსვლას მაინც ახერხებენ. ღამით საქათმეში არ იბუდებენ, ხეზე სძინავთ და "კურირებენ" საქათმეს.
- ძნელი იყო განსხვავებული ჯიშის ქათმების გაზრდა?
- ინტერნეტით რომ გავეცანი ინფორმაციას, ძალიან რთულად გასაზრდელიაო, მაგრამ უპრობლემოდ დაიზარდნენ, არც ერთი არ მომკვდარა.
- რით კვებავთ?
- მარცვლეულით, ხორბლით, სიმინდით, ქერით.
- თუ იცით, რამდენს ჰყავს კიდევ საქართველოში?
- როგორც ვიცი, სამეგრელოსა და ჯავახეთში ჰყავთ ფერმებში...
- კვერცხი, ფერის გარდა, რით განსხვავდება ჩვეულებრივისგან?
- არაფრით, შიგთავსი ზუსტად ისეთივეა, ხორცზე კი ამბობენ, რომ დაბალკალორიულია და დიეტური.
რაც შეეხება ქათმის მთლიანად შავ ფერს, ტყის ქათამი ჩვეულებრივ შავ ქათამთან შეჯვარდა, მუტაცია განიცადა და ასეთი გახდა. გამოყოლილიც აქვთ მკვეთრი ველური თვისებები. ვერაფრით ძლებენ ჩაკეტილ ვოლიერში, გადმოფრინდებიან და მთელი დღე ეზოში ყელმოღერებული დადიან. ძალიან ლამაზები არიან. ყველა გამვლელის ყურადღებას იქცევენ, მაგრამ ერთიც ვერ ვიპოვე მსურველი, ვინც ამ შავი ქათმის შავ ხორცს გასინჯავს. ყველა გადაჭრით უარს ამბობს. მე ხომ ათი წელია ქათმებს ვზრდი და ჩემი ქათმის ხორცი ჯერ არ გამისინჯავს. ოჯახის წევრები კი მიირთმევენ გემრიელად, მე ვერა.
გემრიელი და ძალზე შავი
შავი ქათმების უჩვეულო ჯიში აიამ ცემანი (Aყამ ჩემანი) კუნძულ იავაზე წარმოიშვა. ევროპულ სამყაროში ის 1998 წელს გახდა ცნობილი, როდესაც იქ ჰოლანდიელმა სელექციონერმა იან სტევერინკმა ჩაიყვანა. თუმცა ის უფრო ადრე იყო აღწერილი ინდონეზიაში ჩასული ჰოლანდიელი დევნილების მიერ. სავარაუდოდ, ინდონეზიის მოსახლეობა საუკუნეების განმავლობაში იყენებდა ამ ქათამს რელიგიური ცერემონიებისთვის, ის განსაკუთრებული თვისებების მქონედ მიაჩნდათ. ტაილანდში ჯერ კიდევ სჯერათ, რომ აიამ ცემანი დაჯილდოებულია მისტიკური ძალებით, ხოლო კუნძულ ბალის ნაკლებად ცრუმორწმუნე ბინადრები ამ ჯიშს მამლების ჩხუბისთვის იყენებენ.
ცემანი წარმოიშვა ქათმის ჯიშის - აიამ ბეკისარისა (რომელიც, თავის მხრივ, მწვანე ჯუნგლების ქათმისა და ბანკივური ჯუნგლების ქათმის ჰიბრიდია) და იავის სოფელ კედუს შავი ქათმის შეჯვარებით. მოხდა გენეტიკური მუტაცია, რამაც დაავადება ფიბრომელანოზი გამოიწვია - მელანინის პიგმენტის გამომუშავება 10-ჯერ გაიზარდა. შედეგად ამ ქათმებში თითქმის ყველაფერი შავია, მათ შორის ხორცი. მისი სახელი იავურად "შავ ქათამს" ნიშნავს. ნამდვილი Ayam Cemani ქათამი მართლაც სრულიად შავია. ის ნელა იზრდება და ამიტომ მისი ხორცი ჩვეულებრივზე გემრიელია. მშობლიურ ინდონეზიაში მისი ფასი 200 აშშ დოლარს აღწევს. მუტაციური გენის დომინირების გათვალისწინებით, მხოლოდ დაკვლით არის შესაძლებელი დარწმუნება, რომ ქათამი ნამდვილად სუფთა ჯიშის აიამ ცემანია.