ქართლის ჯიშები ატენელი მეღვინის ვენახში - კვირის პალიტრა

ქართლის ჯიშები ატენელი მეღვინის ვენახში

"ჩვენი მხარე ისტორიულად მეღვინეობის ერთ-ერთი ცნობილი რეგიონია. ამის შესახებ წერდნენ სულხან-საბა და ვახუშტი ბატონიშვილი. წყაროებში დასტურდება, რომ ღვინო ატენში XI საუკუნიდან იწარმოებოდა. ნაპოვნია ქვევრი, იშვიათი ჭურჭელი, გარშემო ორმაგი, სპირალისებური პერანგით. ჩვენი წინაპრები მასში ღვინოს აცივებდნენ. ცქრიალა ღვინოს აკვანი, რომელიც დღეს ასეთი პოპულარულია, ქართლი და ატენია. ატენის სიონი VII საუკუნეშია აგებული, არ გამოვრიცხავ, ხუროები, რომლებიც ატენის სიონს აშენებდნენ, საღამოობით ვახშმად ატენურს შეექცეოდნენ", - გვეუბნება ატენელი მეღვინე სოსო ვანიშვილი, რომელიც თავის ფერმერულ ისტორიას მოგვითხრობს.

სოსო ვანიშვილი:

- ჩვენთან გავრცელებულია გორული მწვანე, ჩინური, თავკვერი, თეთრი ბუდეშური, ადრე იყო ალიგოტე, ბუზა და ცოტა შავკაპიტო.

ჩვენი ვენახი 2010 წელს გაშენდა, თუმცა ჩემს მიტა (დიმიტრი) პაპას ვენახი სულ ჰქონდა, სადაც უვლიდა გორულ მწვანეს, ჩინურს, თავკვერს, რამდენიმე ძირ ბუზას. 12 წლის ვიყავი, როცა ჩვენს ოჯახს 2 ძირი გვაჩუქა, შემდეგ გავამრავლე და ეს უნიკალური იშვიათი ჯიშის ღვინო 2021 წელს 200 ბოთლი ჩამოვასხით.

პაპა ყოველდღე დილაადრიან ვენახში სამუშაოდ მიდიოდა და საღამოს დაღლილი ბრუნდებოდა. კატუშა ბაბო ვახშამს რომ დაახვედრებდა, დაღლილი მიტა პაპა ვახშამს ხანდახან ერთ-ორ ჭიქა ჩაცივებულ ღვინოს მიაყოლებდა. იყო დღეები, როდესაც ვენახში შვილიშვილებსაც წაგვიყვანდა, სადაც სხვადასხვა ოპერაციაში მსუბუქად ჩავერთვებოდით. ეს ეპიზოდები მახსოვდა ბავშვობიდან და მეც მქონდა სურვილი ვენახში მასავით დავღლილიყავი, მოვსულიყავი სახლში, მეუღლეს ვახშამი დაეხვედრებინა და ხანდახან ცივი ატენური მეც დამელია... პაპას მერე მამამ ჩვენი ახლანდელი ვენახი გააშენა. როდესაც ვენახი გაიმართა და მოსავალი მოგვცა, გავხსენით მარანი და ღვინის წარმოება დავიწყეთ. მე სამსახურს თავი დავანებე და ამ საქმეში ჩავერთე.

eff78a25-1e40-4924-a978-409565ff68b1-1733938501.jpg

- პროფესიით ვინ ბრძანდებით?

- ეკონომისტი, ვმუშაობდი როგორც კერძო და ასევე საჯარო სექტორში. ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერს თავი დავანებე და ამ საქმეს მოვკიდე ხელი. ახლა ვენახში ექვსი ქართლური ჯიში გვაქვს: გორული მწვანე, ჩინური, თავკვერი, ბუზა, ბუდეშური და შავკაპიტო. ყველაფერი 1 ჰექტარზეა გაშენებული და 10 დასახელების ღვინოს ვაწარმოებ. ჯიშებს ცალკეც ვაყენებთ, ასევე ბლენდსაც, კუპაჟსაც, მაგრამ ყოველ წელს არ ვაყენებ ყველა ღვინოს. ამა თუ იმ წელს რომელი ღვინო უნდა დავაყენო, ამას სექტემბერში ვწყვეტ. ვითვალისწინებ იმ წლის ნალექებს, ყურძნის მჟავიანობა-შაქრიანობას, არომატებს...

- რით არის გამორჩეული თქვენი მიკროზონის ღვინო?

- ატენი საქართველოში ცქრიალა ღვინის ერთადერთი რეგისტრირებული ზონაა. ძალიან საინტერესო ხეობაა, თავისი საინტერესო ტერუარებით. ჩვენი ვენახი თიხანიადაგზეა, ხეობაში კილომეტრ-ნახევრით თუ შევალთ, თიხა-ქვიშანარევი ნიადაგები გვხვდება. კიდევ უფრო იქით, ქვიშიანია და ცოტასაც თუ გავივლით, კლდოვანი-ნაშალი მასებია. ძალიან საინტერესოა ამ ტერუარებში მოწეული ყურძენი და ღვინო, თითოეულ ადგილას ერთმანეთისგან განსხვავებული ყურძენი მოდის.

თავად ატენი თბილი ზონაა, დაცულია აგრესიული ქარებისგან, რადგან ხეობას გარშემო მთები იცავს. ხეობა უნიკალურ ჰავას, ტენიანობას, კლიმატს ქმნის. ყურძენს ღამის სიგრილე აქვს, რაც მნიშვნელოვანია მჟავიანობის ბალანსისთვის... ღვინოს უჟანგავ ავზებში ვაყენებ, რადგან ჩვენი ხეობის ჯიშები ძალიან მგრძნობიარე და ნაზია. ამ გამოცდილებით და ჩემი შეხედულებითაც ჩვენი ჯიშებისგან ქვევრში დაყენებული ღვინო მაინცდამაინც არ მომწონს. უჟანგავ ავზებში ტრადიციული ტექნოლოგიით, იმავე წესით ვაყენებ, როგორც ჩვენი წინაპრები აყენებდნენ ატენურს, ხიდისთაურსა და სხვა.

45505e6b-560f-41d2-8879-d8afd7f80904-1733938501.jpg

- ბიოღვინოს ხომ არ აწარმოებთ?

- ვენახს არ ვუვლით სერტიფიცირებული ბიოპრეპარატებით. ვთანამშრომლობთ მოწინავე აგრომაღაზიასთან, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ და ადგილმდებარეობაც გვაძლევს საშუალებას, რომ ვენახი ნაკლებად შევწამლოთ. ის მთებს შორისაა, სადაც თითქმის მუდმივად აქვს ვენტილაცია, რომელიც ზედმეტი დაავადებისგან (ჭრაქი, ნაცარი) იცავს.

კლიმატი კი გვიცავს, თუმცა მაინც გვიწევს შეწამვლა დაახლოებით 7-8-ჯერ, წელიწადსაც გააჩნია (ძირითადად კონტაქტურ პრეპარატებს ვიყენებთ და მხოლოდ ყვავილობის აქტიურ პერიოდში, როცა დიდი რისკები არსებობს). სასუქი არის ბიო - გადამწვარი ნაკელი. წამლობას აგვისტოს შუა რიცხვებამდე ვწყვეტთ, რათა ყურძენი გაიწმინდოს. დაახლოებით 2 თვეს მაინც სუფთავდება და მერე იკრიფება.

- მეურნეობაში ოჯახით ხართ ჩართული?

- კი, მაგრამ ვინაიდან სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრებსაც ვმასპინძლობთ, გვაქვს მარანი, პატარა საოჯახო რესტორანი, კოტეჯები, სადაც სტუმრებს ვიღებთ, ამიტომ დამხმარეებსაც ვიშველიებთ... შარშან კოტეჯებში სტუმრები 24 ქვეყნიდან მივიღეთ, მარანში - 15 ქვეყნიდან.

წელიწადში 5000 ბოთლს ვასხამთ, აქედან მესამედი თბილისსა და ბათუმში ღვინის მაღაზიებისა და ბარების ქსელში იყიდება, დანარჩენი კი ადგილზე. გვაქვს კულინარიული მასტერკლასები, ასევე ვუვლით ხილის (ბალი და შავი ქლიავი) ბაღს. ნაწილს ჩვენ ვიყენებთ, ნაწილს ვყიდით, მოდიან მანქანებით და მიაქვთ.

fbabe57f-3ad2-4844-85ba-1f57d1aae524-1733938501.jpg

- სტუმრებს ტრადიციული კერძებით მასპინძლობთ?

- ვცდილობთ ჩვენი კუთხისთვის დამახასიათებელი კერძები გავაცნოთ, მაგალითად, ჭახრაკინი, რომელსაც გულსართად ჭარხლის ფოთლები, მწვანილი და ახალი ყველი აქვს, ძალიან მოსწონთ ნაცარქათამას ცხელი ფხალი, ძალიან საინტერესო კერძია. მიუხედავად იმისა, რომ ნაცარქათამა სარეველაა. მისი ნორჩი ფოთლები იკრიფება, შემდეგ იწალება და ხახვთან, ნიორთან, ქინძსა და ძმართან ერთად იშუშება. ვამზადებთ გემრიელ პურის ხარჩოსა და შინდის შეჭამანდსაც.

მოკლედ, სამსახურს თავი რომ დავანებე, ეს ამ საქმესაც დაეტყო - 2 ღვინით დავიწყე და დღეს 10 ღვინო მაქვს. აღვადგინე ცქრიალა ატენური, რომელიც 30 წელიწადზე მეტი მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა. შევქმენი "ელისაბედი ცქრიალა", რომელიც დედასა და მეუღლეს მივუძღვენი...

თავს კარგად ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში. იქ ვარ, სადაც უნდა ვყოფილიყავი. იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როცა იმას აკეთებ, რაც მოგწონს, გიყვარს და თან მცირეოდენ ფინანსურ შემოსავალსაც იღებ. დილით ეზოში რომ გამოვდივარ, ვამბობ, რომ უკვე სამსახურში ვარ. რომ მეკითხებიან, რას შვრები, სოსო, სამსახურის არაფერიაო, მეცინება, იმდენი საქმე მაქვს, ვერც ავუდივარ...

c8f4ecb5-5a38-46d2-84e8-1c305eb0941a-1733938501.jpg

- კარგია, რომ ასეთი შედეგი გაქვთ.

- რაც მთავარია, სტუმარია კმაყოფილი. საპატიო და საამაყოა, მასპინძლის "მუნდირის" ტარება, ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაც... მხოლოდ ნოემბერშიღა მოვახერხეთ ოდნავ ამოსუნთქვა, მთელ წელიწადს გაუჩერებლად ვშრომობთ. სხვებიც გვეხმარებიან - საქმე ბევრია.

მინდა ახალგაზრდებს მოვუწოდო - არ დატოვონ ჩვენი ქვეყანა. უცხოეთში სასწავლებლად თუ წავალთ, ვისწავლოთ და კარგი გამოცდილება აქეთ წამოვიღოთ. ჩემი მეუღლე ევროპის მოქალაქეა, ლატვიელი. ჩემთვის ლატვიაში წასვლა მარტივი იყო, შეიძლება ამაზე უკეთაც ვყოფილიყავი, მაგრამ არასდროს მქონია სურვილი ჩემი ქვეყანა და სოფელი დამეტოვებინა... აქაურობა ძალიან მიყვარს და ამიტომაც ვდებ აგურს ჩემი ქვეყნის შენებისთვის. ყველამ დავდოთ თითო აგური და ვიშრომოთ ქვეყნისთვის. არასოდეს დავნებდეთ. კი, ამ ყველაფერს იმედგაცრუება, სირთულეებიც ახლავს, ღამე მიწაზეც მძინებია, ახლაც ბევრს ვმუშაობ - ბუღალტერიც ვარ, დისტრიბუტორიც, მეეზოვეც, დამლაგებელიც და მზარეულიც. ვაზი კარგ მოსავალს 5 წელიწადში იძლევა, მოგებას კი - 9 წელიწადში. ესეც იმ შემთხვევაში, თუ კარგად მოვუარეთ და ყველაფერი კარგად ვმართეთ. დიდი ენერგიაა საჭირო, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ. შედეგი აუცილებლად იქნება.