რატომ ვერ „ეწევა“ ქართული ფორთოხალი უცხოურს - კვირის პალიტრა

რატომ ვერ „ეწევა“ ქართული ფორთოხალი უცხოურს

სასიამოვნო, არომატული, წვნიანი და სასარგებლო - ასეთია ქართული ფორთოხლის დახასიათება, რომელიც ამჟამად არცთუ უხვად ჩანს ბაზარზე. როგორც მეციტრუსე ფერმერები ამბობენ, მიზეზი უცხოური ფორთოხლის კონკურენციაა, თუმცა მხოლოდ ესეც არა - ქართული ფორთოხალი საზრუნავი და საპატრონო კულტურაა, არადა, ის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და პოპულარული სეზონური ხილია. თუ როგორ მიმდინარეობს ქართული ფორთოხლის მოსავლის აღება, ამის შესახებ ქობულეთში ნოდარ კაიკაციშვილს ვესაუბრეთ.

ნოდარ კაიკაციშვილი:

- ჩვენი ფორთოხალი ჯერჯერობით ექსპორტზე ვერ გადის. იმედია, ამაზე მომავალში მაინც ვიზრუნებთ. სამაგიეროდ, იმპორტული ჩვენს ფორთოხალს პრობლემას უქმნის ქართულ ბაზარზე. თუმცა ეს ახალი ამბავი არ არის. ამიტომ ბევრი საკითხის გადახედვაა საჭირო, მაგრამ ამ მოთხოვნად კულტურას რომ შევინარჩუნებთ, ეს ვიცი. ქართველ მეცნიერებს საუკეთესო ფორთოხლის ჯიშები აქვთ შექმნილი, რომელიც თურქეთშიც კი გაიტანეს და ბაღები გააშენეს. ახლა როგორც ვიცი, ცდილობენ ეს ჯიში გააუმჯობესონ კიდეც, ვერ ელევიან, ჩვენ კი ბერძნული ფორთოხალი შემოგვაქვს. ქართული ფორთოხლის ათეულზე მეტი ჯიში გვაქვს. მათი საერთო ნიშანი არომატულობა და წვნიანობაა. არსებობს მჟავე და ტკბილი, სქელკანიანი და თხელკანიანი, საადრეო და საგვიანო ჯიშები, ე.წ. ჭიპიანი ფორთოხალი კი ერთ-ერთ საუკეთესო ჯიშად ითვლება. ეს კლიენტმაც იცის და ხშირად ეძებენ ხოლმე ბაზრებში.

- ამ დღეებში რომელი ჯიშის ფორთოხალი იკრიფება?

- უკვე საგვიანო ჯიშის კრეფა დავიწყეთ. თუმცა, რომ გითხრათ, ბევრს მოვკრეფთ-მეთქი, არ იქნება სიმართლე. კილომეტრის რადიუსში ტონა ფორთოხალსაც ვერ მოვკრეფთ. მიზეზი ის არის, რომ ის მანდარინის იმ ჯიშებით ჩანაცვლდა, რომელზეც მოთხოვნაა და ძალიან მალე იყიდება. ამაში ვერავის გაამტყუნებ. ამჟამად ქართული ფორთოხლის 1 კგ კლიენტს 50 თეთრადაც არ მიაქვს, ხოლო საბითუმო სტანდარტული მანდარინის ფასი თითქმის 2 ლარია. ჩვენ შევწყვიტეთ ქართული ფორთოხლის ექსპორტზე გაგზავნა, ამიტომ მასობრივად აღარ ვაწარმოებთ, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გაგვაქვს და ისიც იმპორტული ფორთოხლით არის გაჯერებული.

- რატომ შევწყვიტეთ ქართული ფორთოხლის ექსპორტზე გატანა?

- როგორც ყველა თემა, ესეც მიზეზშედეგობრივია: სადაც ქართული ფორთოხალი გაგვქონდა, მაგალითად, უკრაინაში, ყაზახეთში, რუსეთში, იქაც გაჯერდა ბაზრები იმპორტული ფორთოხლით. ამ ხილის ყველაზე დიდი მწარმოებელი ბრაზილიაა. შემდეგ მოდის საბერძნეთი, მათი ფორთოხალიც მთელ მსოფლიოშია. ჩვენს ფორთოხალს რომ ამ გიგანტებისთვის გაეწია კონკურენცია, ჯიშები უნდა გაგვეუმჯობესებინა. ამას წლები, ფული, რესურსი სჭირდება, ქართულ მანდარინს კი უკვე ადგილი აქვს დამკვიდრებული, წარმოიდგინეთ, გერმანიასა და თურქეთშიც გავიდა. ასე რომ, მან ადგილი დაუთმო მანდარინს.

- ესე იგი, ჩვენი ფორთოხალი არცთუ სახარბიელო პოზიციაში ყოფილა, არ გამიკვირდება, საერთოდ რომ გაქრეს.

- საქმე ასე არ არის. მოთხოვნას, რა თქმა უნდა, გემოვანი თვისებები განაპირობებს, - ყველას გაგვისინჯავს ბერძნული ფორთოხალიც და ვიცით, რამდენად უფრო წვნიანი და არომატულია ქართული ფორთოხალი, რამდენად უფრო სასიამოვნო გემო აქვს ტკბილ ჯიშებს. გაზაფხულზე, მარტ-აპრილში, კილოგრამი ქართული ფორთოხლის ფასი 4 ლარს აღწევს. ასეთ ფასზე რომელი ფერმერი იტყვის უარს? კაცი პატარა პლანტაციას მაინც გააშენებდა, ქართული ფორთოხლის გაშენება პრობლემური რომ არ იყოს. პრობლემა კი ის არის, რომ ჩვენი ფორთოხალი მანდარინთან შედარებით კიდევ უფრო ცუდად უძლებს ყინვას. შესაძლოა -2-3°C ყინვაც საკმარისი აღმოჩნდეს, რომ პლანტაცია მოიყინოს და ნაყოფიც გააფუჭოს.

- აბა, წლების წინ როგორ მოგვყავდა ქართული ფორთოხალი?

- წლების წინათაც ასე იყო, ერთი მოყინვის შემდეგ ფორთოხლის პლანტაციაში ნაყოფი აღარ რჩებოდა. წლების წინ ფორთოხლის ბაღებიც ბევრი გვქონდა და თუ ერთგან მოყინავდა, მეორე ადგილას ვკრეფდით, რაც საერთო რაოდენობაზე ნაკლებად აისახებოდა. ახლა მოყინვის პრობლემას ხალხი მანდარინის ჩანაცვლებით წყვეტს.

- ახლა რა არის გამოსავალი, რომ ქართული ფორთოხალი დაბრუნდეს?

- გამოსავალი ის არის, რომ უნდა დაიწყოს ფორთოხლის უფრო საადრეო ჯიშების გამოყვანა, ვიდრე დღეს გვაქვს. ჩვენი საადრეო ჯიშიც კი, რომელსაც ქართული ადრეულა ჰქვია, მხოლოდ ნოემბრის ბოლოდან იკრიფება, უფრო მეტად კრეფა დეკემბერში გადადის. ამიტომ საჭიროა, ისევე როგორც მანდარინი, ოქტომბრის ფორთოხალიც გვქონდეს. მსოფლიოში სოფლის მეურნეობა იმდენად არის განვითარებული, რომ სადღაც უკვე იქნება ადრეული ჯიშების ნერგებიც და რატომ არ შემოგვაქვს, არ მესმის. როცა ეს მოხდება, ადრეული ფორთოხლის პლანტაციების გაშენებაც მაშინვე დაიწყება. ფორთოხლის ხეები ბაღებში მაინც არის შემორჩენილი. ზოგი სეზონზე ყიდის, ზოგიც გაზაფხულისთვის ინახავს.

- როგორც ვიცი, სასოფლო მაცივრებში შენახვა ძვირი ჯდება და ეს უღირთ? მით უფრო, აჭარაში არცთუ ბევრი სასოფლო მაცივარია.

- სასოფლო მაცივრებში რომ ვინახავდეთ, საფასურს ვერც ერთი ჩვენგანი ვერ გადაიხდის. არსებობს ფორთოხლის შენახვის ტრადიციული მეთოდი - ფორთოხალს კარგი შენახვისუნარიანობა აქვს როცა გრილ სარდაფებში, ყუთებში ჩაწყობილი ინახება, სქელ ქაღალდსა ან ცელოფანში შეხვეული. ასე შენახული ფორთოხალი მშვენივრად მიდის მარტ-აპრილამდე და ხალხი სიამოვნებით ყიდულობს, როგორც სეზონის ყველაზე საღ ხილს. სხვათა შორის, ბევრს უყვარს ქართული ფორთოხლის უხვი წვენით დამზადებული სასმელები და მისი ტორტებიც.

- დაგეთანხმებით, ნამცხვრებში გამოსაყენებლადაც შეუდარებელია ქართული ფორთოხალი... ანუ ბევრს თუ არა, ცოტა ფორთოხალს ისევ რგავენ?..

- რა თქმა უნდა, ოღონდ უფრო გაზაფხულზე, როგორც ვთქვით, თუ ზამთარში ყინვამ დაიჭირა, ქართული ფორთოხლის ნერგი ვერ გაუძლებს. ისე, რომელ სანერგეშიც არ უნდა მიხვიდეთ, ფორთოხლის ნერგს ყველგან იშოვით. ჯობს ფორთოხალი ოქტომბერში დარგოთ, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ მლაშე ნიადაგში ვერ იხარებს. გარდა ამისა, აუცილებლად დარგეთ ოდნავ დამრეც ადგილებში, ფორთოხალს წყალი არ უყვარს და ასეთი ადგილები მას ზედმეტი წყლისგან დაიცავს.