ზელენსკის საიდუმლო ოპერაცია - როგორ დაეხმარა უკრაინა სირიელ მეამბოხეებს, პუტინის დამცირების მიზნით
„სირიელმა ამბოხებულებმა, რომლებიც უკვე ქვეყნის ხელისუფალნი არიან, ბაშარ ასადის არმიაზე თავიანთი შეტევის დაწყებამდე უპილოტო მფრინავი აპარატები (დრონები) და სხვა ტექნიკური მხარდაჭერა უკრაინელი მზვერავების მეშვეობით მიიღეს“, - წერს ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) სტატიაში სათაურით: „როგორ დაეხმარა უკრაინა სირიელ მეამბოხეებს, რუსეთის დამცირების მიზნით“ (ავტორი - დევიდ იგნატიუსი).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
უკრაინის დაზვერვამ სირიის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში, იდლიბში, თურქეთის საზღვართან, რომელსაც ბაშარ ასადის არმია ვერ აკონტროლებდა და სადაც „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის“ შტაბ-ბინა მდებარეობდა, 20-მდე გამოცდილი ვიდეოოპერატორი გაგზავნა და მათ თან 150-მდე უპილოტო საფრენი აპარატი (დრონები) გაატანა.
რასაკვირველია, კიევის მიერ გაწეულ დახმარებას რაიმე მნიშვნელოვანი როლი არ შეუსრულებია ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობაში, მაგრამ ის იმით გამოირჩევა, რომ უკრაინამ თავისი წვლილი შეიტანა რუსეთის იმიჯის დარღვევაში (კრემლის შერცხვენაში) და მისი გავლენის შეზღუდვაში, რომელიც სირიიდან მთელ ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში ვრცელდებოდა.
კიევის საიდუმლო პროგრამა
სირიული ოპოზიციისადმი დახმარების პროგრამას კიევი საიდუმლოდ ინახავდა, მაგრამ, როგორც იტყვიან ხოლმე, „შუბი ხალათში არ დაიმალებაო“. ეს ფაქტი, ცხადია, აშშ-ისთვისაც ცნობილი იყო, თუმცა ამის მიუხედავად, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ მათ არაფერი იცოდნენ. უკრაინის მოტივაცია აშკარაა: ებრძვის რა რუსეთის არმიას, ქვეყნის შიგნით, დონბასში, უკრაინის დაზვერვა სხვა ფრონტებსაც ეძებს, თუ სად შეიძლება, რუსეთმა ცხვირი წაიტეხოს...
რასაკვირველია, რუსეთის დაზვერვამაც იცოდა, რომ უკრაინელები იდლიბში საეჭვოდ გააქტიურდნენ. ცალკეულ უკრაინულ პუბლიკაციებში და ინტერვიუებში იყო მინიშნებები კიევის მიზნებზე, სირიული ოპოზიციის მიმართ. გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი ჯერ კიდევ სექტემბერში აცხადებდა, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი კირილ ბუდანოვი პირადად ამყარებდა კონტაქტებს „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამთან“ („ჰთშ“).
მანამდე, სანამ „ჰაიათელები“ იდლიბიდან ანტიასადურ შეტევას დაიწყებდნენ, რუსეთის ოფიციალური პირები ამტკიცებდნენ, რომ დაზვერვის ცნობით, უკრაინელები შეეცადნენ სირიელების გადაბირებას, რუსეთთან წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად ანუ მათ დონბასის ფრონტზე წაყვანას უპირებდნენ. გარდა ამისა, უკრაინას სირიელებისთვის „სარგებელის სახით“ 75 დრონი შეუთავაზებია. თუმცა, როგორც ჩანს, ამ მცდელობას გაგრძელება არ მოჰყოლია.
რა ოპერაციებს ატარებს უკრაინული დაზვერვა საზღვარგარეთ?!
ის, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვა (ანუ თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო) საკმაოდ ხშირად აწყობს ოპერაციებს საზღვარგარეთ, რუსული გავლენის შემცირების მიზნით, საიდუმლო აღარ არის. მაგალითად, თავის დროზე კიევის დაზვერვის ცენტრში აღმოჩნდა აფრიკის სახელმწიფო მალი, სადაც რუსი „ვაგნერელები“ ადგილობრივ ხელისუფლებას ეხმარებოდნენ მეამბოხეების წინააღმდეგ. უკრაინის დაზვერვის თანამშრომლები (ინსტრუქტორები), რომლებიც, თავის მხრივ, ამბოხებულებს უწევდნენ დახმარებას, ჩაუსაფრდნენ და „ვაგნერელთა“ ლიკვიდაცია განახორციელეს. დაიღუპა 84 რუსი და 47 მალელი.
კირილ ბუდანოვს არა ერთხელ აქვს გაცხადებული, რომ უკრაინა რუსეთის აგენტების დევნას და ლიკვიდაციას ყველგან გააგრძელებს და აფრიკა ამ მხრივ გამონაკლისი არ იქნება, ასევე - არც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, სადაც კი რუსული გავლენა იგრძნობა.
უკრაინის აფრიკული და ახლოაღმოსავლური ოპერაციები, აგრეთვე, კიევის ჯარების შეჭრა რუსეთის კურსკის ოლქში, წარმოადგენს ბრძოლის არეალის გაფართოებას და რუსებისადმი დარტყმების მიყენებას იქ, სადაც ისინი არ ელოდებიან. რა თქმა უნდა, უკრაინული დრონები იმდენი არ იყო, რომ „სირიელ აქლემებს მათი ზიდვით ზურგი გადატყავებოდათ“, მაგრამ კიევურმა სამხედრო ტექნიკამ მაინც გარკვეული როლი შეასრულა ახლო აღმოსავლეთში რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი კლიენტის - ბაშარ ასადის დამხობაში.
მოკლედ, ისრაელის მსგავსად, რომელმაც იცოდა, რომ „ჰამასელები“ რაღაც, ცუდს ამზადებდნენ ღაზას სექტორში, ისრაელის წინააღმდეგ (მაგრამ ვერ მოახერხა წინასწარ ზუსტად განეჭვრიტა „ჰამასელების“ თავდასხმა გასული წლის 7 ოქტომბერს), რუსეთმაც იცოდა, რომ იდლიბში რაღაც, ნეგატიური მზადდებოდა (მაგრამ ვერ მოახერხა მობილიზება, ვერ შეაჩერა „ჰაიათელების“ შეტევა და კატასტროფული შედეგი თავიდან ვერ აიცილა).