"დიახ, "ოცნებამ" თებერვალში ან მარტში შეიძლება დანიშნოს ახალი არჩევნები" - შეასრულებს თუ არა შუამავლის როლს ემანუელ მაკრონი?! - კვირის პალიტრა

"დიახ, "ოცნებამ" თებერვალში ან მარტში შეიძლება, დანიშნოს ახალი არჩევნები" - შეასრულებს თუ არა შუამავლის როლს ემანუელ მაკრონი?!

"ეს საუკეთესო გამოსავალია, ამან შესაძლოა ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისგან იხსნას" - ამ განაცხადით ეხმაურება, ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საფრანგეთის პრეზიდენტს - ემანუელ მაკრონსა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს - ბიძინა ივანიშვილს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს. ერთ-ერთი ვერსიით, მაკრონი, შესაძლოა, საქართველოში ჩამოვიდეს და დაპირისპირებულ მხარეებს შორის ერთგვარი მედიატორის როლი შეასრულოს. ამ და სხვა საკითხებზე ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

- ემანუელ მაკრონის საქართველოში ჩამოსვლა და მედიატორობა საუკეთესო გამოსავალია, როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე - ოპოზიციისთვის და, ზოგადად, ქვეყნისთვის.

2008 წელსაც ფრანგი პრეზიდენტის სატელეფონო ზარმა შეაჩერა რუსის ჯარი და როგორც ჩანს, ამჯერადაც ფრანგმა პრეზიდენტმა უნდა იხსნას საქართველო სამოქალაქო დაპირისპირებისგან. ახლა მთავარია, ივანიშვილმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. ვნახოთ, რა იქნება, ჯერ ივანიშვილსაც შესათანხმებელი აქვს ეს საკითხი, დამოუკიდებლად ხომ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას?!

- ივანიშვილმა ვისთან უნდა შეათანხმოს ეს საკითხი?

- ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ივანიშვილი საქართველოში არავის არაფერს უთანხმებს?! ვისთან უნდა შეათანხმოს და - მოსკოვთან!

- რატომ უნდა გვქონდეს იმედი, რომ მოსკოვი ასეთ ინიციატივას დათანხმდება?

- იმიტომ, რომ მოსკოვში ახლა ძალიან უჭირთ საგარეო ურთიერთობებში. მე თუ ვიცი, რომ ივანიშვილმა კრემლს უნდა შეუთანხმოს ეს საკითხი, მით უფრო კარგად ეცოდინება მაკრონს. დარწმუნებული ვარ, საუბრის შინაარსსაც მალე გაიგებს. არსებობს ალბათობა, რომ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდეს და ახალი არჩევნები ჩატარდეს.

რა შანსები ექნება "ქართულ ოცნებას" ახალ არჩევნებში?!

- თუ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს კარგად დავაკვირდებით, ადვილად გამოვიცნობთ, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ მაინც პირველ ადგილს დაიკავებს პოლიტიკურ პარტიებს შორის და სადღაც 40% მაინც მოაგროვებს. „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შანსი, რომ პოლიტიკური ველზე დარჩეს, ივანიშვილს კი, შევარდნაძის მსგავსად, ხელშეუხებლობის გარანტიების მიღება შეუძლია.

- ერთ-ერთი ვერსიით, "ქართული ოცნება" სერიოზულად ფიქრობს ახალი არჩევნების ჩატარებას და მათი მთავარი მესიჯი იქნება, რომ ახლა მაინც მოიპოვონ საკონსტიტუციო უმრავლესობაო.

- სამართალიანი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, გამორიცხულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა მოიპოვოს, მით უფრო გამორიცხულია - საკონსტიტუციო უმრავლესობა. თუ ამომრჩევლის დაშინებას და მოსყიდვას ისევ დაიწყებენ, მაშინ გამორიცხული არაფერი არ არის, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ახლა მაინც მოიქცევა ცოტა ჭკვიანურად. აქ მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნაზე კი არ არის საუბარი, მანამდე აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს თანამდებობიდან, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი და სუს-ის ხელმძღვანელი, ასევე - სრულიად უნდა შეიცვალოს ცესკოს შემადგენლობა. შესაბამისად, რიგი რეფორმებიც უნდა გატარდეს და ხელახალი არჩევნები თებერვალში ან მარტში უნდა ჩაინიშნოს. სხვათა შორის, უნდა შეიცვალოს ის წესიც, რომლის მიხედვითაც სამი დღით ადრე ანაწილებენ კომისიის წევრებს. ყველაფერი უნდა გამოირიცხოს, რაც მცირე, თეორიულ შანსაც კი მისცემს ხელისუფლებას, რომ სახელისუფლებო რესურსი პირდაპირ ან ირიბად გამოიყენოს. მხოლოდ ასეთი არჩევნების ჩატარებას აქვს აზრი, სხვა შემთხვევაში, ყველაფერი წყლის ნაყვაა.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)