"იმაზე მეტად ვერ შემაშინებენ, ვიდრე რუსეთში გაღვიძების მეშინია" - რას ჰყვება გოგონა, რომელიც ბოლნისში უცნობმა პირმა დაასახიჩრა
"იმაზე ღრმა შრამს ვერ დამიტოვებენ, ვიდრე ჩემი ახლობლების სიჩუმით გამოწვეული დაღი ამჩნევია ჩემს გულს"
"მეგობრებო, კარგად ვარ... სამედიცინო დახმარება გამიწიეს... გამოძიება დაწყებულია... იმაზე მეტად ვერ მატკენდნენ, ვიდრე ჩემი ქვეყნის ბედი მტკივა...
იმაზე ღრმა შრამს ვერ დამიტოვებენ, ვიდრე ჩემი ახლობლების სიჩუმით გამოწვეული დაღი ამჩნევია ჩემს გულს...
იმაზე მეტად ვერ შემაშინებენ, ვიდრე რუსეთში გაღვიძების მეშინია...
პ.ს დედაჩემის ნერვიულობა არ შერჩება არავის.
პ.პ.ს. ახლა მე უნდა დავიძინო და იქნებ თქვენ გაიღვიძოთ", - ეს სტატუსი სოციალურ ქსელში ამ დილით, გამთენიას ფიქრია ეპიტაშვილმა დაწერა, ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც გუშინ, ბოლნისში, უცნობი პირი ლაჩრულად თავს დაესხა და სახეზე სამართებლით დაჭრა.
ფიქრია ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთში ერთ-ერთ საჯარო სკოლაში საინფორმაციო მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს. ქუჩაში მიმავალ ფიქრიას ზურგიდან მიეპარა შავებში ჩაცმული დამნაშავე, მოატრიალა, უცებ სახეზე დაუსვა სამართებელი და თან მიაძახა:
"გაა*ვი ევროპაში შენნაირ აგენტებთანო".
ამ დროს ქუჩაში ფიქრია მარტო შერჩა მოძალადეს, როგორც ამბობენ, მას ყურსასმენი ეკეთა და ვერ გაიგო, როგორ მიეპარა ზურგიდან დამნაშავე, შეეცადა მოძალადისთვის წინააღმდეგობის გაწევას, რომ მისთვის სამართებელი წაერთმია, რადგან ხედავდა, რომ მოძალადე გაჩერებას არ აპირებდა. წვალებით მოახერხა კიდეც წართმევა და ამ ჯაჯგურში, ძირს დაეცა, ამ დროს კი დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
დაშავებულ ფიქრია ეპიტაშვილს ბოლნისის საავადმყოფოში პირველადი დახმარება გაუწიეს, საბედნიეროდ, მისთვის სახის არეში მიყენებული ჭრილობა ძალიან ღრმა არ აღმოჩნდა და ნაკერები არ დასჭირდა, თუმცა ღრმა ჭრილობა აქვს ხელზე, ეტყობა, მაშინ დაიჭრა ხელის არეში, როცა დამნაშავისგან თავის დაცვას და სამართლებლის წართმევას ცდილობდა.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია, დაზარალებული დიდხანს იკითხებოდა პოლიციაში. იმედია, სამართალდამცველები ქალზე თავდასხმაში ბრალდებულს მალე დააკავებენ და ის საკადრისად დაისჯება.
როგორც ცნობილია, ფიქრია ეპიტაშვილზე თავდასხმა მის სამოქალაქო პოზიციას უკავშირდება. ის საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა და ამისათვის ის სოფელ კაზრეთიდან თბილისში სისტემატიურად ჩამოდის. თავის საპროტესტო განწყობებს ფიქრია არც მალავდა, ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც საჯაროდ წერს და არაერთი სტატუსი უდევს.
„ვინც და როგორც არ უნდა ეცადონ, ჩვენს ფერად ფრთებს ვერასოდეს დაგვაჭრიან!! ვერც ღიმილს წაგვართმევენ სახიდან, და ვერც ბრძოლის სურვილს...
საბოლოოდ, აუცილებლად ისე იქნება ყველაფერი, როგორც ჩვენ გვინდა...
ფერადი, ღიმილიანი, ბედნიერი, თანასწორი, თავისუფალი მომავალი!! როგორიც გვინდა და როგორსაც ვიმსახურებთ!", - ეს სტატუსი დაწერა მან რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში; ასევე, გააზიარა ვიდეო, სადაც უმძიმესი ფაქტია ასახული - კარგად ჩანს სპეცრაზმელები და სამართალდამცველები როგორ გამეტებით ურტყამენ აქციის წაქცეულ მონაწილეს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც კარგად ჩანს ის დაზიანება, რაც ახალგაზრდა ქალს მიაყენეს. იმედია, დამნაშავე საკადრისად დაისჯება.
"კვირის პალიტრა" ფიქრია ეპიტაშვილს დაუკავშირდა:
"ამ ეტაპზე არ შემიძლია საუბარი. ვინც თავს დამესხა, იმ ადამიანს არ ვიცნობ, არ ვიცი, ვინ არის. გამოძიება მიმდინარეობს და ვნახოთ, დაველოდოთ პროცესებს. ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს, რადგან მარტო ვიყავი ქუჩაში.
მანამდე არ ყოფილა მუქარები ჩემი მისამართით, ზოგადი ფონი ვიცით, როგორი დაძაბულია ქვეყანაში. ახლა თავს ვერ ვგრძნობ კარგად და საუბარს ვერ შევძლებ. საბედნიეროდ, სახეზე მიყენებული ჭრილობა ღრმა არ არის,
ევროპული მომავალი საქართველოსთვის გარდაუვალია, ამას ვიტყვი".
სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა ამ მძიმე ფაქტს და ყველა ითხოვს დამნაშავის გამოვლენას და დასჯას.
"ეს გოგო არის მთელი დაბის ნათელი წერტილი. მებრძოლი, ჯანსაღი, გონებაგახსნილი. ზეგანაკვეთურად მუშაობს სკოლაშიც და ქვეყნის სამსახურშიც!!! უყვარს დაბაში მცხოვრებ ყველა ბავშვს, რომლებისთვისაც არანაირ რესურსს არ იშურებს. ასევე ზრუნავს ყველა მიუსაფარ ცხოველზე. ყველას ცნობს და ეფერება, სანამ თავის ბავშვებთან მივა სკოლაში. ასეთ ადამიანებს გვირბევს და გვისერავს რეჟიმი", - წერს ადგილობრივი.
ფიქრიას კიდევ ერთი თანასოფლელი წერს:
"ის არაადამიანი, ვინც ასე მოგექცა, აუცილებლად დაისჯება. დაისჯება ის ძალაც, რომელმაც ასეთი ბოროტი არსებები წაახალისა და ამ ქვეყანას სამარეს უთხრის. შენ კი სამაგალითო ადამიანი და მასწავლებელი ხარ. მადლობა თავდადებისთვის. მადლობა იმისთვის, რომ მაშინ, როცა შენი ათასობით კოლეგა უბრალოდ დუმს, შენი გაბედულებითა და თავდადებით შეგვახსენე, რომ ეს ქვეყანა აქამდე შენნაირმა ადამიანებმა მოიყვანეს. ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა შენ, გისურვებ მალე გამოჯანმრთელებას".
"ღმერთოო, რა სასტიკ დროში ვცხოვრობთ, სახლიდან გამოსვლისაც გვეშინია, ასე იცის, როცა სახელმწიფო თავზე ჩამოგექცევა და ხელისუფლება თავად არის კრიმინალი! ფიქრია, მამაცო გოგო, გამოჯანმრთელებას და კარგად ყოფნას გისურვებ, გამხნევდი, მადლობა უფალს, რომ ამაზე მეტი არაფერი მოხდა. ის თავზე ხელაღებული კიდევ რაზე იყო წამსვლელი, ვინ იცის", - დაწერა კიდევ ერთმა ადამიანმა.
იმედია, სამართალდამცველები მალე გამოავლენენ დამნაშავეს და საკადრისად დასჯიან, რომ მომავალში ასეთი მძიმე დანაშაულები არ წახალისდეს.
(სპეციალურად საიტისთვის)