"დღეს ჩვენ ხუნტის მიერ გადატრიალების მოწმენი ვართ", "გარდამტეხი მომენტია - ან ვიქნებით დამოუკიდებელი, ან ჩავიძირებით რუსულ ჭაობში", "ისეთ თვისებებს ვკარგავთ, რაც ჩვენი განუყოფელი იყო" - კვირის პალიტრა

"დღეს ჩვენ ხუნტის მიერ გადატრიალების მოწმენი ვართ", "გარდამტეხი მომენტია - ან ვიქნებით დამოუკიდებელი, ან ჩავიძირებით რუსულ ჭაობში", "ისეთ თვისებებს ვკარგავთ, რაც ჩვენი განუყოფელი იყო"

გაზეთ "კვირის პალიტრის" სტატია სრულად იხილეთ ბმულზე - ქუჩაში გასული პოლიტიკა და საპროტესტო ცუნამი

"ასე მგონია, სხვა ქვეყანაში გადამასახლეს"

ამირან არაბული, ფოლკლორისტი:

- ამ უბედურებამ რა უნდა გვასწავლოს, ალბათ, უფრო მეტად მოფრთხილება, დაფასება და ერთმანეთის პატივისცემა, იმიტომ, რომ ბუნებაშიც, ადამიანთა ცხოვრებასა და ყოველდღიურობაში უარყოფითი ენერგია გროვდება და ცდილობს ჯებირები გაანგრიოს და თავისი ასპარეზი ნახოს. თმენის ვალდებულება ყველას აქვს, პოლიტიკოსსაც, საჯარო პირსაც და მოხელესაც.

ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი, იმდენად შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში, ასე მგონია, სხვა ქვეყანაში გადამასახლეს. ისეთ თვისებებს ვკარგავთ, რაც ჩვენი განუყოფელი იყო - პატიება, თანადგომა, მიმტევებლობა, ზომიერება, შინაგანი თავისუფლება... გასაგებია, რომ ჩვენ გარშემო უამრავი რამ შეიცვალა - ომია ევროპაში, მსოფლიოში კატაკლიზმებია, მაგრამ ჩვენ ერთი მტკაველი მიწის შვილები ვართ, ასეთი აგრესიული დამოკიდებულება ქართველებს შორის არასდროს ყოფილა. რა გგონიათ, პოლიტიკური განხეთქილება არასდროს ყოფილა? იმდენჯერ დაიღვარა სისხლი, იმდენჯერ ვესროლეთ ერთმანეთს სახეშიც, ზურგშიც ტყვიაც და ლაფიც, რომ მეგონა, რაღაც გვასწავლა იმ წლებმა, შეცდომებმა, სინანული, ერთმანეთის ნდობა და პატიება ვისწავლეთ, მაგრამ არა... რას ვაკეთებთ, იმავეს ვუტოვებთ მომავალ თაობას, რაც ჩემმა თაობამ ჩვენსას დაუტოვა?!

გვინდა ისინიც დაულაგებელ ქვეყანაში ცხოვრობდნენ? თუ ევროპაა ჩვენი არჩევანი, რას ვაკეთებთ, რომ სამართლებრივადაც მისი ნაწილი გავხდეთ? არადა, ჩვენი წინაპრები ცხოვრების წესით, კულტურით, შეგნებით, ტოლერანტობით ევროპის ნაწილი იყვნენ. ამ ოჯახის წევრი რომ გავმხდარიყავით, უამრავი სისხლი დაღვარეს, სხვადასხვა დროს სხვადასხვა გზით ვცდილობდით მისკენ გვევლო, რადგან მაშინაც ჩვენი ხსნა ევროპაში იყო.

"დღეს ჩვენ ხუნტის მიერ გადატრიალების მოწმენი ვართ"

ნანა ჯანელიძე, რეჟისორი:

- ჩვენ ახლა ვიქმნებით, ყველანი ერთად, საოცარი ქმნადობის პროცესში ვართ. ის ხატები, რასაც ახლა ეს რეალობა ქმნის, სასწაულია. გველი რომ ტოვებს თავის ძველ პერანგს და ახალი სხეულით იბადება, აი, ამის მოწმენი ვართ. იბადება ახალი ერი, რომელიც 35 წლის განმავლობაში გაჭირვებით მოდიოდა, მოდიოდა და უცებ ამოყო თავი ამ ახალმა სხეულმა ჩვენი ახალგაზრდების სახით. რასაც ვხედავთ საჯაროდ, ტელევიზიით, რომ გამოყო თათი საზარელმა ურჩხულმა, პოლიციამ, რობოკოპებმა და ხორცსაკეპ მანქანით გადაუვლიან ხოლმე დაუცველ ადამიანებს. ძალიან რთულ ორთაბრძოლაში ვართ, რომელიც შემდეგ აღბეჭდილი იქნება დიდ ეპოსში, რომ ასე დაიბადა ეს ერი. მე იმედი მაქვს, რომ ამ საზარელ დღეებს გადავივლით და ახლიდან დავიბადებით. ძალიან დიდი საშიშროება გვაქვს ყველა მხრიდან, მაგრამ უნდა გავუძლოთ. დღეს საქართველოში თარეშობს ხუნტა, მართული არალეგიტიმური მთავრობა და პარლამენტი. დღეს ჩვენ ამ ხუნტის მიერ სახელმწიფო გადატრიალების მოწმენი ვართ.

"ეს არ იქნება მარტივი და მოკლე ბრძოლა"

ნანა ჯორჯაძე, რეჟისორი:

- დღეს არის ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისათვის, ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის, ერის და ქვეყნის გადარჩენისთვის. ეს გარდამტეხი მომენტია - ან ვიქნებით დამოუკიდებელი, დავიცავთ ჩვენს ღირსებას, ან ჩავიძირებით რუსულ ჭაობში და დავკარგავთ იმას, რისთვისაც იბრძოდა საქართველოს ყველა ღირსეული შვილი. იშვიათია ქვეყნის ისტორიაში ასეთი გარდამტეხი მომენტი, როგორიც ახლა გვიდგას, ამიტომ ჩვენ ერთიანობაზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი. ეს არ იქნება მარტივი და მოკლე ბრძოლა, მაგრამ, თუ ვიქნებით ერთიანები, ვერ გაგვტეხენ და ვერ გაგვყოფენ. ჩვენ მივალთ იმ მიზნამდე, რასაც ევროპული საქართველო ჰქვია, რომელიც თავისთავად გულისხმობს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას, ტერიტორიულ მთლიანობასა და დაცვას მეზობელი აგრესორებისგან.