"ერთდროულად 3 სპეცრაზმელი მირტყამდა, მომპარეს ჩემი სტუდენტური ფულით ნაყიდი ტელეფონი" - რას ჰყვება 7 დეკემბერს აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა - კვირის პალიტრა

"ერთდროულად 3 სპეცრაზმელი მირტყამდა, მომპარეს ჩემი სტუდენტური ფულით ნაყიდი ტელეფონი" - რას ჰყვება 7 დეკემბერს აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა

ერთდროულად 3 სპეცრაზმელი მირტყამდა, გარდა ამისა, ჩემი სტუდენტური ფულით ნაყიდი ტელეფონი, რომლის სესხსაც ჯერ კიდევ ვიხდი, ამომაცალეს, მომპარეს, - ამის შესახებ 7 დეკემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა გიორგი ბრეგვაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, არ იცის, კონკრეტულად რა ქმედების ჩადენას ედავებიან, ვინაიდან ის აქციაზე მისვლიდან მალევე, მას შემდეგ დააკავეს, რაც ხმოვანი გაფრთხილება მოისმინა და ტერიტორიის დატოვებას ცდილობდა.

„4 სპეცრაზმელი მომვარდა, ჰაერში ამიტაცეს და გამიტაცეს. ოღონდ ისე გამიტაცეს, რომ თან ვერ მომერივნენ, სავარაუდოდ, ღიპიანი სპეცრაზმელები რომ გარბევენ ეგ კატეგორია იყვნენ... გავუვარდი, რომ გავუვარდი, ხელშიც ვეღარ ამიყვანეს და მახოხეს.

ერთდროულად 3 სპეცრაზმელი მირტყამდა, გარდა ამისა, ჩემი სტუდენტური ფულით ნაყიდი ტელეფონი, რომლის სესხსაც ჯერ კიდევ ვიხდი, ამომაცალეს, მომპარეს. დედაჩემმა და მამაჩემმა ჩემი დაკავების ამბავს პირდაპირ ეთერში უყურეს. ჩემი იდენტიფიცირება ფერადი, თბილი ქურთუკით მოხდა, სავარაუდოდ, იმიტომ დამიჭირეს, რომ ქურთუკის გამო მარტივი სამიზნე ვიყავი, მოგეხსენებათ, სპეცრაზმელებს შავები აცვიათ, იყო სინათლე სიბნელეში. საგარეჯოში წამიყვანეს, იქ გავატარე 48 საათი. ვფიქრობდი, რომ დამირეკავდნენ და აქ მომიყვანდნენ, იმისთვის გამასამართლებდნენ, რაც არ ჩამიდენია. გარეთ ვიყავი და საათით ადრე დამირეკეს, კი ხედავთ ფორმაში მოვედი, მაგრამ ეს სიმბოლურია, სასამართლო სასამართლოს არ ჰგავს, მგონია სასადილოში მოვედი.

ფიზიკურ ძალადობას ადგილი ჰქონდა, კიდევ კარგი, აქციაზე ჩემი მხედველობის სათვალით არ მივედი და ლინზები მეკეთა. თუმცა, თვალში მუშტი მომარტყეს, ლინზა ამომივარდა თვალიდან, 48 საათი მარცხენა ლინზის გარეშე გავატარე",- განაცხადა ბრეგვაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთმანეთის პარალელურად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებისას დაკავებული პირების სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. სასამართლო მსჯელობს ასევე 10, 17 დეკემბერს სანაპიროსა და ჭავჭავაძის გზის გადაკეტვის საქმეზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული 11 პირის საქმეზე.

"ინტერპრესნიუსი"