კადიროვს ისევ დაარტყეს, უკვე მესამედ - "პუტინის ჯარისკაცის" გროზნო უკრაინული კამიკაძე-დრონების მუდმივი სამიზნე ხდება
4 ჩეჩენის დაჭრისთვის 400 უკრაინელს „დავაწვენთ“
დღევანდელი დილა ასეთი მუქარით დაიწყო ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა მას შემდეგ, რაც 12 დეკემბრის გამთენიისას გროზნოში მამამისის, ახმატ კადიროვის სახელობის პოლიციის სპეციალური დანიშნულების მეორე პოლკის ყაზარმას კამიკაძე-დრონი დაეცა, აფეთქდა და თავად კადიროვის აღიარებით მხოლოდ ოთხი ჩეჩენი პოლიციელი დაჭრა და ისიც მსუბუქად...
თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში კი საკმაოდ დიდი სიმძლავრის აფეთქება ფიქსირდება და ზარალის მასშტაბებით შეიძლება ბევრად მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ გროზნოს ოფიციალური პირები სავარუდოდ მას ამცირებენ.
კადიროვის თავმოყვარეობისთვის,რომელიც თავის თავს „პუტინის ჯარისკაცს“ უწოდებს,ძალზე მტკივნეულია, როდესაც ასეთი დარტყმები მის გროზნოზე და თანაც „კადიროველების“ ყაზარმებზე ხორციელდება -„კადიროვის არმიას“,რომელიც ომის დაწყებიდან მესამე დღესვე აპირებდა კიევის ცენტრში შეჭრასა და პრეზიდენტ ზელენსკის დაჭერას, ახლა თავად უწევს თავშეფარის ძებნა და ისიც არა სადმე უკრაინის ფრონტზე, არამედ მისგან 800 კმ-ზე მეტად დაშორებულ მშობლიურ გროზნოში...
რამდენჯერ დაარტყეს გროზნოს უკრაინელებმა?!
ეს არის უკვე მესამე ზუსტი წერტილოვანი საჰაერო დარტყმა,განხორციელებული უკრაინული კამიკაძე-დრონების შესრულებით გროზნოში განთავსებული„კადიროვის არმიის“ სამხედრო ობიექტებზე.
პირველი „ნათლობა“ ა.წ.-ის 29 ოქტომბერს შედგა, როდესაც ჩეჩნეთის გუდერმესში განთავსებულ „სპეცრაზმის რუსეთის უნივერსიტეტის“ შენობის სახურავს ორი კამიკაძე-დრონი მოხვდა და ხანძარი გააჩინა.
ეს ძალიან მძიმე დარტყმა იყო კადიროვის იმიჯზე, რადგან მან ამ „უნივერსიტეტს“ 20 თებერვალს დიდი ზარ-ზეიმით პრეზიდენტ პუტინის სახელი უწოდა და თვით პუტინიც კი მიიწვია იქ 20 აგვისტოს, ხოლო 29 ოქტომბერს კი უკვე კამიკაძე-დრონები „ესტუმრნენ“ „პუტინის სახელობის უნივერსიტეტს“...
უკრაინულმა-კამიკაძე დრონებმა „პუტინის ჯარისკაცი“ მეორედ, სულ ახლახანს, 4 დეკემბერს „გაახარეს“, როდესაც 4 დეკემბრის დილას ასევე ახმატ კადიროვის სახელობის პოლიციის სპეციალური დანიშნულების ყაზარმას „მოუსინჯეს“ სახურავი...
გამოდის, რომ ასეთი საჰაერო შეტევები უკვე კანონზომიერად იქცა და სამიზნედაც ტყუილად როდი ირჩევა „კადიროვის არმიის“ წევრების მოსამზადებელი ცენტრი და ყაზარმები, რადგან უკრაინის დაზვერვას მოეპოვებოდა იმ სამხედრო დანაშაულებების გრძელი სია, რასაც „კადიროველები“ უკრაინის მიწაზე სჩადიან უკრაინის მოქალაქეების, ასევე,უკრაინელი სამხედრო ტყვეების მიმართ.
გამწარებული კადიროვი იქადნება, რომ მას შეუძლია 84 ათასი მებრძოლის მობილიზაცია ჩეჩნეთში და მათი გადასროლა უკრაინის ფრონტის ხაზზე, რაც ყველაფერს სწრაფად შეცვლის რუსეთის სასარგებლოდ...
კადიროვის ამ მუქარაზე საკმაოდ ირონიული შეფასებები აქვთ თავად რუს სამხედრო ბლოგერებს, რომლებსაც არაერთხელ უჩვენებიათ, რომ „კადიროველები“ ყველა ხერხით ცდილობენ შორს იყვნენ ფრონტის ხაზიდან და ზურგში „ომობენ“, მათ შორის „გადამღობი რაზმების“ ტაქტიკით, რომ წინა ხაზიდან გამოქცეული „პუტინის არმიის“ მობილიზირებულ ჯარისკაცებს დახვრეტის მუქარით ისევ ფრონტის ხაზზე „საზარბაზნე ხორცად“ აბრუნებენ...
მიუხედავად იმისა, რომ თავად რუსულ საზოგადოებაში და პირველ რიგში, რუსეთის არმიის პროფესიონალ სამხედროებში იგრძნობა კრიტიკული დამოკიდებულება „კადიროვის არმიის“ ბრძოლისუნარინობასთან დაკავშირებით, „კადიროველები“ ნამდვილად არ არიან ხელწამოსაკრავი ძალა...
84 ათასისა რა მოგახსენოთ, მაგრამ 20 ათასზე მეტი კარგად შეიარაღებული ადამიანის თავმოყრა კადიროვს ნამდვილად შეუძლია და ის, რომ „კადიროველები“ ფრონტის ხაზის უკან ჯგუფდებიან, უფრო იმაზე მიუთითებს, რომ რამზან კადიროვი ჭკვიანურად საზღვრავს მომავალს და არ სურს უკრაინის ფრონტს „რუსი ვანიებივით“ შეაკლას თავისი მეომრები, რადგან ადრე თუ გვიან, თუკი რუსეთში იგივე განმეორდა, რაც სირიაში მოხდა, კადიროვს ძალზე დასჭირდება ამხელა კერძო „არმია“ ჩრდილოეთ კავკასიაში და შეიძლება მთლიანად რუსეთშიც კი თავისი შორსმიმავალი ამბიციების განსახორციიელებლად...