"თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ჯოჯოხეთი ვნახე ომში..." - ვინ არის ქართველი სამხედრო, რომელიც საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობს - კვირის პალიტრა

"თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ჯოჯოხეთი ვნახე ომში..." - ვინ არის ქართველი სამხედრო, რომელიც საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობს

ქართული ბრძანება "სმენა!“ ვერასოდეს გახდება რუსული „კომანდა სმირნა!“, - ამბობს შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი, რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილე ზურაბ ჯიბუტი, რომელიც თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ისტორიითა და პოზიციით ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდება, უარს ამბობს ხმამაღალი განცხადებების გაკეთებაზე, ჟურნალისტებთან საუბარსაც ერიდება. „კვირის პალიტრამ“ ექსკლუზიურად შეძლო მისგან ინტერვიუს აღება.

რატომ დგას რუსთაველზე ქართველი სამხედრო

იმ დღეს, როდესაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა ევროკავშირთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერებასთან დაკავშირებით, ზურა ჯიბუტი მანქანაში ჩაჯდა და გურიიდან თბილისში ჩამოვიდა. მას შემდეგ იგი რუსთაველის გამზირზე დგას. ამბობს, რომ საპროტესტო აქციაზე იმისთვის არ დგას, რომ რომელიმე პარტიას ან ლიდერს დაუჭიროს მხარი. ის აქ დგას იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.

"2012 წლის 26 მაისს ფიცი დავდე ჩემი ქვეყნისა და უმაღლესი მთავარსარდლის წინაშე, რომ ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს. დღემდე ვრჩები ამ ფიცის ერთგული. შესაბამისად, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლებ რუსული ინტერესების წინააღმდეგ", - ამბობს ჯიბუტი.

უკრაინიდან საქართველოში ზუსტად არჩევნების წინადღეებში ჩამოვიდა. მიზეზი ის იყო, რომ უკრაინაში საარჩევნო უბანი არ გახსნეს, მას კი საკუთარი კონსტიტუციური უფლების გამოყენება სურდა. ამბობს, რომ არ მინდოდა, ჩემი ხმა დაკარგულიყოო.

"მე ვნახე ბუჩა, გოსტომელი და არ მინდა ამ ყველაფრის საქართველოში გამეორება"

პროფესიით სამხედრო ზურა ჯიბუტი მიიჩნევს, რომ რუსეთი მისი ქვეყნის ყველაზე ვერაგი მტერია. ამიტომ პირველი შესაძლებლობისთანავე ჩაერთო რუსული საოკუპაციო ძალის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამბობს, რომ მისი ბრძოლის ერთადერთი მოტივი და მიზანი რუსეთის დამარცხებაა. მისთვის მტერი ყველგან მტერია და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად დამარცხდება.

„მე ვნახე ბუჩა, გოსტომელი და არ მინდა ამ ყველაფრის საქართველოში გამეორება. თქვენ ეს ყველაფერი მხოლოდ ტელევიზიების ან სოციალური ქსელების საშუალებით გაქვთ ნანახი. მე ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე და გარწმუნებთ, იქ დატრიალებული საშინელების სრულად გადმოცემა ვიდეოფირების საშუალებით შეუძლებელია. ყველაფერი გადაღებული არც არის, იქ ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. მე ვნახე, რა უქნეს რუსებმა თავის „ძმებს“ - სლავებს, წარმოდგენაც არ მინდა, რას გაგვიკეთებენ ჩვენ", - ამბობს ის.

როგორ გადაურჩა ომში სიკვდილს

2023 წლის მაისი იყო... „ქართული ლეგიონის“ რამდენიმე მებრძოლი ხარკოვის ერთ-ერთ მიმართულებაზე დავალებას ასრულებდა. ოპერაციის მსვლელობისას ზურა ჯიბუტის ერთი თანამებრძოლი ნაღმზე აფეთქდა. ზურა მისაშველებლად გაიქცა, მაგრამ გზად ისიც ნაღმზე აფეთქდა. მისი აფეთქების დროს გამოსროლილმა ნაღმის ნამსხვრევებმა კიდევ ორი ადამიანი დაჭრა. მებრძოლმა, რომლის გადასარჩენადაც ზურამ ორივე ფეხი დაკარგა, გადარჩა.

რა იყო უკრაინის ომამდე

უკრაინაში წასვლამდე ქართულ არმიაში მსახურობდა, ომი რომ დაიწყო უკვე თადარიგის ოფიცერი იყო. წარმოშობით ჩოხატაურიდანაა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისში, საბანკო-საფინანსო ინსტიტუტში გააგრძელა, ბიზნესის და მართვის ფაკულტეტზე. 4 თვის განმავლობაში „ქართუ ბანკში“ იმუშავა და მაშინდელი ბანკის მმართველი გიორგი კვირიკაშვილისგან სერთიფიკატიც მიიღო. წარმატებების მიუხედავად, ჯარში ყოფნის სურვილი ვერ დასძლია, ბანკი მიატოვა და დავით აღმაშენებლის თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ჩაირიცხა. მონაწილეობა მიიღო სამშვიდობო მისიებში - ჰელმანდის პროვინციასა და ქაბულში.

ომის რეალური სახე

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრისთვის მზად ჯერ კიდევ მაშინ იყო, როდესაც სამხედრო ფორმა მოირგო, უკრაინაში ნანახმა ომის სურათმა შეზარა. მის მეხსიერებაზე წარუშლელი კვალი დატოვა ბუჩასა და გოსტომელში ნანახმა. თვალებიდან არ ამოდის პატარა ბიჭუნა, რომელიც სათამაშოებით თამაშის ნაცვლად, კიბეზე ცალი ფეხით სიარულს სწავლობდა. საკუთარ ტრავმას ტრაგიკულად არ აღიქვამს. ამბობს, რომ მებრძოლი ადამიანი უარესისთვისაც უნდა იყოს მზად.

„როდესაც ფორმას იცმევ, მით უფრო, როდესაც ომში მიდიხარ, ყველაფერისთვის, მათ შორის - სიკვდილისთვისაც მზად უნდა იყო. ვიცოდი, რაზე მივდიოდი, როდესაც ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა გადავწყვიტე. ჰელმანდის პროვინციაში ორმოცდაათამდე საპატრულო ოპერაციაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. იქ არა ერთი დაღუპული და დაჭრილი მინახავს", - გვიამბობს ჩემი რესპონდენტი და ირწმუნება, რომ მისთვის სამშობლოს დაცვა, სამშობლოს სახელის მსოფლიოში გატანა და სამშობლოს მტრის წინააღმდეგ ბრძოლა პატივია.

ოჯახი

მეუღლე და ორი შვილი ჰყავს - უფროსი 4 წლისაა, უმცროსი - 2-ის. მშობლებს და მეუღლეს არც უნდოდათ და ბოლომდე არც სჯეროდათ, რომ უკრაინის ომში წავიდოდა. ამაში მხოლოდ მაშინ, დარწმუნდნენ, როდესაც შინ ტაქსიმ მიაკითხა და აეროპორტში გაემგზავრა. სწყინს, როდესაც უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე ამბობენ, იქ მაღალი ხელფასის გამო არიანო.

„ჯერ ერთი, არაფერი განსაკუთრებულად მაღალი ხელფასი არ არის იქ და მეორეც, ვერანაირი ხელფასი ვერ აანაზღაურებს იმას, რაც შეიძლება ომში დაკარგო. შეიძლება ერთი თვის ხელფასიც ვერ აიღო... “, -ამბობს ჯიბუტი.

„თავს არ ვაკადრებ, რომ სამართალდამცავს შეურაცხყოფა მივაყენო, არც ისინი მერჩიან"

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს და პროთეზებით გადადგილდება, ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომიტინგეა. თუმცა წესებს არასდროს არღვევს, სამართალდამცავებთან ურთიერთობაში ზღვარს არ გადადის, არც ხმაურით გამოირჩევა, საკუთარ პოზიციას მშვიდად და მტკიცედ გამოხატავს.

„თავს არ ვაკადრებ, რომ სამართალდამცავს შეურაცხყოფა მივაყენო, არც ისინი მერჩიან. მივდივარ რუსთაველზე, მშვიდად გამოვხატავ ჩემს პროტესტს და ასე ვიხდი მოქალაქეობრივ ვალს“ , - ასეთია ზურა ჯიბუტის პოზიცია.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)