"ამ განსაცდელით უფალი გვეძახის, ახლა ის სარეველას და ჯეჯილს განარჩევს ერთმანეთისგან!" - ვინ არის მოსამართლე მანუჩარ ცაცუა, რომელსაც საკუთარი და მიმართავს?
"დღეს გაუსაძლისია იმის ყურება, როცა შენ ერთ მხარეს ხარ, შენი ძმა მეორე მხარეს! ასე დაყო და დაანაკუწა რეჟიმმა ,,ოჯახის სიწმინდე!"
მე დადუმებული ვარ იმ ფაქტით, რაც ხდება, ჩემი ჯანმრთელობა უკვე შეწირულია ამ ყველაფრის გამო და ფაქტობრივად ვარ უმძიმეს სულიერ მდგომარეობაში! ამიტომ უკლებლივ ყველას, ვინც ჩემმა ძმამ გაგასამართლათ, ჩემი დიდი ტკივილი ხართ და პატიებას გთხოვთ! ეს არაა გამოსავალი, მაგრამ იცოდეთ ბევრი ვიბრძოლე იმისთვის, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო! მადლობა ყველა ადამიანს, ჩემს სტუდენტებს, რომ იბრძვით სამშობლოს თავისუფლებისთვის, ხართ თავგანწირულები და გიყვართ ერთმანეთი! ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ბოროტების მხარეზე მდგომი, გზააბნეული ოჯახის წევრებიც დავიხსნათ სამშობლოსთან ერთად, ისინი, ვინც ძალიან გვიყვარს, მაგრამ სისტემამ წაგვართვა!", - ასეთი ემოციური სტატუსით ეხმიანება სოციალურ ქსელში ელენე ცაცუა თავისი მოსამართლე ძმის, მანუჩარ ცაცუას მიერ ბოლო დღეებში მიღებულ გადაწყვეტილებებს.
როგორც ჩანს, ძალიან განიცდის იმას, რომ მისი მოსამართლე ძმა, მანუჩარ ცაცუა აქციაზე დაკავებულ ბრალდებულებს სასჯელებს უსჯის და ამ ადამიანებს და მათ ადვოკატებს ტყუილად უწევთ პროცესზე იმის მტკიცება, რომ ისინი თავად არიან მსხვერპლები და დაზარალებულები. ცნობილია, რომ ასობით დაკავებული, ნაცემი პირების საქმეებს რამდენიმე მოსამართლე იხილავს, მათ შორის აქტიურად იხილავს მოსამართლე მანუჩარ ცაცუა.
ცნობილია ისიც, რომ მოსამართლეები ძირითადად პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობიან, არადა პოლიციელების სამხრე კამერები გამორთული აქვთ, ადვოკატების მიერ წარდგენილ ვიდეომტკიცებულებებს კი მოსამართლეები საერთოდ არ იზიარებენ და 100%-იანი გამამტყუნებელი გადაწყვეტილებები გამოდის. ბუნებრივია, ამ ფაქტებს ადამიანები აპროტესტებენ და ლოგიკურად სვამენ კითხვას, ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან, უკანონოდ აკავებენ, დასისხლიანებულები მიჰყავთ პროცესებზე და მათ მაინც სამართალდამრღვევად რატომ ცნობენო.
თვლიან, რომ ყველაფერი წინასწარ დალაგებულია შსს-სა და სასამართლოს შორის.
ამ ემოციურ, ტკივილიან სტატუსამდე, ელენე ცაცუამ არაერთი სტატუსი დაწერა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თავის "ფეისბუქგვერდზე" და ირიბად მიანიშნებდა, რომ სტკიოდა მისი ძმა მეორე მხარეს რომ იდგა:
"სიყვარული არ არსებობს თავგანწირვის გარეშე! ჩვენ ხშირად ვბრაზობთ უგუნურ ადამიანებზე, ზურგს ვაქცევთ მათ და ხელს ვკრავთ! თუმცა, არიან ადამიანები, ვისთვისაც ღირს ბრძოლა და თავგანწირვა, და ასეთები არ უნდა დავუტოვოთ სისტემას და მის ჭაობს!
ყველგან ვიბრძოლებ, რომ ჩემი ახლობლები გამოვაფხიზლო სადაც შემიძლია და როგორც შემიძლია! მხოლოდ სიყვარულია ძალა, რომელიც გადაარჩენს ამ კაცობრიობას! თქვენ ვერ გააშავებთ ჩვენს გულწრფელ გრძნობებს! ხშირად დამცინეს ჩემი გულწრფელობის გამო...
ხშირად დამაბულინგეს, რადგან ვერ იგებენ, როგორია შენს თავზე მეტად გიყვარდეს მოყვასი, ან თუნდაც მტერი! მაგრამ მე არ ვნებდები. ისიც მეჯავრება, როცა შენს თავზე ბევრს საუბრობ ადამიანი. ხოდა მოდით ვისაუბროთ ჩვენზე და ასე ვუშველოთ გულისტკივილს, რომელსაც აიგნორებთ ბევრი...
ვისაც გგონიათ, რომ ნამეტანი ემოციური ვარ და თქვენ ხართ "თავშეკავებული", - კიდევ ერთ სტატუსში წერს.
"ნიღბებს იმიტომ იკეთებენ ჯალათები, რომ ამ სისასტიკის ჩადენის შემდეგ, თვითმკვლელობით არ დაასრულონ სიცოცხლე, როგორც იუდამ ეს ჩაიდინა! მაგათ ჰგონიათ, რომ ნიღაბი უშველით, რომ სინდისი სუფთა ჰქონდეთ!
გულით ვიწამოთ უფალი იესო ქრისტე მეგობრებო!
გთხოვთ, დამიჯერეთ, რწმენა, რომელიც ქრისტესკენაა მიმართული მალამოა, ის რეალურია, ის გადაგვარჩენს! ამ განსაცდელით უფალი გვეძახის, ახლა ის სარეველას და ჯეჯილს განარჩევს ერთმანეთისგან! რწმენის მოსვლამდე მომწყვდეულები ვიყავით რჯულის ზედამხედველობის ქვეშ (გალ.3,23) ჩვენ ღმერთს ვუყვარვართ, ის არ მიგვატოვებს, რადგან უფალი ჩაგრულების გვერდითაა, ღმერთის ჭეშმარიტება იქაა, სადაც არის სიმართლე!
პირსახედაფარულთან არაა სიმართლე!!!! ისინი უკვე დასჯილები არიან!!!!
ისინი სირცხვილის ბოძისთვის არიან განწირულები!", - დაწერა სამი დღის წინ ელენე ცაცუამ.
ვინ არის მოსამართლე მანუჩარ ცაცუა, რომელსაც საკუთარი ოჯახის წევრი მიმართავს?
მანუჩარ ცაცუა 1982 წლის 1-ლ სექტემბერს ზუგდიდში დაიბადა. თავდაპირველად, პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი დაამთავრა, მოგვიანებით, 2004 წელს, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2004 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა და 2003-2004 წლებში პრაქტიკა ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურაში გაიარა. 2006 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში კურიერად მუშაობდა, შემდეგ იყო მცხეთის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივანი, საიდანაც თბილისის საქალაქო სასამართლოში გადავიდა სხდომის მდივნად.
2011 წელს მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
შემდეგ ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები და ცოტა ხანს საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა.
ჩააბარა, ასევე, მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. 2014-2017 წლებში იყო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. 2017-2018 წლებში, მივლინების საფუძველზე, უფლებამოსილებას ახორციელებდა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში.
შემდეგ იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, ხოლო 2019 წლის დეკემბრიდან დღემდე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა.
ელენემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მან თავისი სათქმელი ამ სტატუსით თქვა და უფრო მეტ დეტალზე ვერ ისაუბრებს. ვფიქრობთ, მოსამართლე ძმას დააფიქრებს დის გულისტკივილით სავსე მიმართვა.
(სპეციალურად საიტისთვის)