TikTok-ი, როგორც ჰიბრიდული იარაღი - როგორ არ შედგა რუმინეთში "ქართული სცენარი" და განიმუხტა პოლიტიკური კრიზისი
დღეს დემოკრატიის გაკვეთილებზე ვისაუბროთ: წარსული და დღევანდელი მაგალითების ანალიზით დარწმუნდებით, თუ რა სერიოზული საფრთხის წინაშეა დემოკრატიის ძირითადი პრინციპები ამჟამად, ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში.
"ეგეც მაგათი დემოკრატია"
1947 წლის 11 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში სიტყვა უინსტონ ჩერჩილმა მოითხოვა: კანონმდებლების წინაშე ის არა როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, არამედ - როგორც ოპოზიციის ლიდერი, ისე წარდგა. მკითხველს შევახსენებ, რომ 1945 წლის ივლისში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ჩერჩილის კონსერვატიული პარტია მოულოდნელად და სასტიკად დამარცხდა ლეიბორისტულ პარტიასთან და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კლემენტ ეტლი გახდა. ეს მით უფრო გასაკვირი იყო, რომ 1945 წლის პირველ ნახევარში დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილზე უფრო პოპულარული ადამიანი არ არსებობდა და ის პიროვნულ-პოლიტიკური დიდების ზენიტში იმყოფებოდა. ჩერჩილის უდიდესი დამსახურების მიუხედავად, 1945 წლის 5 ივლისს ბრიტანელი ამომრჩევლების თითქმის ნახევარმა მხარი ლეიბორისტების პრაგმატული და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისკენ მიმართულ საარჩევნო პროგრამას დაუჭირა. არჩევნების შედეგებს ზოგიერთი ისტორიკოსი დემოკრატიის ტრიუმფს უწოდებდა, ზოგი კი, პირიქით: ჩერჩილის ღვაწლის დავიწყებად და დიდ უმადურობად თვლიდა. თავად სამოცდათერთმეტი წლის უინსტონ ჩერჩილი მოულოდნელ დამარცხებას მწარე ხუმრობით გამოეხმაურა: ამომრჩეველმა პანღურით დაგვაჯილდოვაო. მისი დამარცხება არანაკლები სიურპრიზი იყო საბჭოთა იმპერიის „დიდი დიქტატორისთვის“, – ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ სტალინმა პოლიტბიუროს წევრებს ნიშნისმოგებით უთხრა: ეგეც მაგათი დემოკრატიაო.
დავუბრუნდეთ 1947 წლის 11 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ჩერჩილის გამოსვლას. იმ დღეს მან წარმოთქვა ფრაზა, რომელიც ყოველთვის აქტუალური დარჩება: დემოკრატია სრულყოფილი არაა, რეალურად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ცუდი მმართველობის ფორმა, თუმცა ყველაზე უკეთესია, რაც მანამდე იყოო. ბუნებრივია, როდესაც ამ სიტყვებს ამბობდა, ჩერჩილს ორი წლის წინანდელი მარცხი ედგა თვალწინ. მიუხედავად დამარცხებისა, მას ეჭვი არ შეუტანია არჩევნების ჩატარების ობიექტურობაში და არც ბრიტანელი
ჯერ კიდევ „დიდი სამუელი“
ამომრჩეველი გაუკრიტიკებია. ჩერჩილის გასვლა (როგორც შემდეგ გაირკვა - დროებითი) „პოლიტიკური სარბიელიდან“ ყველაზე მეტად იოსებ სტალინს აძლევდა ხელს: „დიდი სამეულიდან“ მაშინ მხოლოდ ისღა შემორჩა მსოფლიო პოლიტიკაში და საერთაშორისო ინტრიგებში შედარებით გამოუცდელი დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი მისთვის „საახალწლო საჩუქარი“ იყო. 1945 წლის 5 ივლისის არჩევნების შედეგებზე საბჭოთა რეჟიმს ზეგავლენის მოხდენა ნამდვილად არ შეეძლო, სხვა შემთხვევაში, სტალინი უკან არ დაიხევდა, თუნდაც ფინეთის მაგალითი გავიხსენოთ, სადაც პარლამენტის შემადგენლობასაც სტალინის მითითებით ადგენდნენ. ასე რომ, ჩერჩილი სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებში დამარცხდა.
გავიდა თითქმის ოთხმოცი წელი და დემოკრატია ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა: შესაძლოა, გარეგნული დარღვევების გარეშე ჩატარებულ არჩევნებშიც მტრული სახელმწიფოს სპეცსამსახურები ფარულად „ხელს აფათურებდნენ“ და ეს არჩევნების შემდეგ გაირკვეს. როგორ უნდა მოიქცეს მაშინ ხელისუფლება? ამ კითხვაზე რუმინელებს უკვე აქვთ პასუხი.
რა მოხდა რუმინეთში
მკითხველს მოკლედ შევახსენებ გასული თვის ბოლოს რუმინეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ბატალიებს: 24 ნოემბერს რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. მეორე დღეს გაირკვა, რომ პირველ ადგილზე, ხმების 22,94%-ით, გავიდა დამოუკიდებელი კანდიდატი, ულტრამემარჯვენე პრორუსი პოლიტიკოსი კელინ ჯორჯესკუ, ხოლო ხმების 19,18% მიიღო პროევროპელმა კანდიდატმა ელენა ლასკონიმ, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა.სწორედ ისინი გავიდნენ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 2024 წლის 8 დეკემბერს უნდა გამართულიყო.
TikTok-ის ფავორიტი: კელინ ჯორჯესკუ
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რუმინეთის თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ (ანუ „უსაფრთხოების საბჭოს“ ანალოგმა) გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა კიბერშეტევები, რომელთაც გავლენა მოახდინეს არჩევნების შედეგზე და რომ მათ აქვთ მტკიცებულებები საარჩევნო კამპანიაში მტრულად განწყობილი სახელმწიფოების ჩარევის შესახებ. „საბჭომ“, ასევე, დაადანაშაულა ჩინური სოციალური პლატფორმა TikTok ჯორჯესკუსთვის პრეპერენციების მინიჭებაში. 28 ნოემბერს პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. საკონსტიტუციო სასამართლომ იმავე დღეს (!!!) ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გადამოწმება (ყველა ბიულეტენის ხელახალი გადათვლა) დაავალა.
2 დეკემბერს რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მართებულად ცნო და დაადასტურა, რომ 8 დეკემბერს მეორე ტური გაიმართებოდა.
4 დეკემბერს რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა გაასაჯაროვა ეროვნული თავდაცვის უმაღლესი საბჭოს იმ სხდომის დოკუმენტები, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატის - კელინ ჯორჯესკუს საარჩევნო კამპანიის „ფარული ტექნოლოგიები“ განიხილებოდა. რუმინეთის საგარეო ინფორმაციის სამსახურის დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ რუმინეთი რუსული ჰიბრიდული აქტივობების, მათ შორის - კიბერშეტევებისა და დეზინფორმაციული ოპერაციების სამიზნე გახდა.
საგარეო დაზვერვის დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ არჩევნების დღემდე, დაახლოებით, ორი კვირით ადრე დაიწყო ჯორჯესკუს აგრესიული კამპანია, სოციალური მედია TikTok-ის ალგორითმების გამოყენებით, რამაც მას პოპულარობის მკვეთრად გაზრდის საშუალება მისცა.
საგარეო დაზვერვის ინფორმაციით, TikTok-მა აცნობა რუმინეთის ხელისუფლებას, რომ მან გამოავლინა ანგარიშების ქსელი, რომელიც მონაწილეობდა საარჩევნო პროცესში, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის. ასევე, გამოვლენილი იქნა რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალება Sputnik-თან დაკავშირებული ანგარიშების ქსელი. გარდა ამისა ჯორჯესკუმ ოფიციალურ დეკლარაციაში "ნულოვანი" ხარჯები აჩვენა, თუმცა აღმოჩნდა, რომ TikTok-ის ერთ-ერთი ანგარიშიდან (bogpr ), რომელიც რუმინეთის მოქალაქე ბოგდან პეშირის საკუთრებაშია, ჯორჯესკუს საარჩევნო კამპანია მილიონ ევროზე მეტით
ამგვარად ხედავენ რუმინელები პუტინ-ჯორჯესკუს ურთიერთობას
დაფინანსდა. თავის მხრივ, TikTok-მა დაადასტურა 381,000 აშშ დოლარის გადახდა 24 ოქტომბრიდან 24 ნოემბრამდე, იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც დაეხმარნენ ჯორჯესკუს პოლიტიკურ პოპულარიზაციას.
ფაქტია, რომ ჯორჯესკუმ TikTok-ზე კარგად გამოიყენა პოპულისტური და ნაციონალისტური მესიჯები, რომლებიც, ძირითადად, რუმინეთის რეგიონების მოსახლეობაზე იყო გათვლილი. სრულიად უცნობი პოლიტიკოსის, რომელიც დებატებშიც არ მონაწილეობდა, ანგარიშმა TikTok-ზე მოკლე პერიოდში 5,8 მილიონი მოწონება და 527 ათასი გამომწერი მოიპოვა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პოპულარობა ხელოვნურად გაიზარდა. რუმინეთის სპეცსამსახურების დასკვნით, კელინ ჯორჯესკუს წარმატებული საარჩევნო კამპანია საზღვარგარეთიდან ორგანიზებული მანიპულაციის შედეგი იყო. დაქირავებული ინფლიუენსერები ინტერნეტით ავრცელებდნენ ჯორჯესკუს TikTok-ის ვიდეომიმართვებს, სადაც ის წარმოდგებოდა, როგორც რუმინეთის დამოუკიდებლობის (საინტერესოა ვისგან: ევოკავშირისა და ნატოსგან?), ტრადიციული ოჯახური ღირებულებებისა და მართლმადიდებლური რწმენის მგზნებარე დამცველი. თავის მიმართვებში ის გამოხატავდა აღფრთოვანებას ვლადიმერ პუტინის პიროვნებისა და ზოგადად - რუსეთისადმი. აქ სად იყო სიმართლე და სად „მგზნებარე პოპულიზმი“ მხოლოდ ჯორჯესკუმ და მისმა „ჩრდილოელმა მეგობრებმა“ იციან. თუ გავითვალისწინებთ, რომ 19-მილიონიან რუმინეთში TikTok-ს, დაახლოებით, 8-მილიონიანი აუდიტორია ჰყავს, მაშინ გასაგებია, თუ რატომ გახდა ეს სოციალური ქსელი რუსეთის სპეცსამსახურების სამიზნე.
5 დეკემბერს, საღამოს, ბუქარესტის ქუჩებში ათასობით მოქალაქე გამოვიდა, რუმინეთისა და ევროკავშირის დროშებით. მათი შეშფოთება სრულიად გასაგები იყო: საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, იმავე ტექნოლოგიებისა და მანიპულირების საშუალებით, ჯორჯესკუს შესაძლოა, გაემარჯვა და კრემლის გასახარად, ორბან-ფიცოსთან ერთად, „სამთა ანტიდასავლური კავშირი“ შეეკრა.
პროევროპული დემონსტრაცია ბუქარესტში. 2024 წლის 5 დეკემბერი
სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა
6 დეკემბერს რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საგანგებო სხდომის შემდეგ გააუქმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები. გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო: „რუმინეთის კონსტიტუციის 146-ე მუხლის "ვ" პუნქტის შესაბამისად, გაუქმებულია რუმინეთის პრეზიდენტის არჩევის მთელი საარჩევნო პროცესი... მთავრობა დანიშნავს რუმინეთის პრეზიდენტის არჩევის ახალ თარიღს და... საარჩევნო პროცესი სრულად აღდგება“.
რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგის გაუქმების და საარჩევნო პროცესის განახლების გადაწყვეტილების დასაბუთება. ათგვერდიან დოკუმენტში მოსამართლეები განმარტავენ, რომ მას შემდეგ, რაც გაეცნენ ეროვნული თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე წარდგენილ დოკუმენტებს, მათ დაინახეს, რომ საარჩევნო პროცესი თავიდანვე პრობლემური იყო. არსებულმა დარღვევებმა დაამახინჯეს მოქალაქეთა ხმის მიცემის თავისუფალი და სამართლიანი ხასიათი და - კანდიდატებისთვის თანაბარი შესაძლებლობები“. ამავე დროს სასამართლომ მიუთითა ამომრჩეველთა ნების მანიპულირებაზე და ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით კანდიდატთა თანაბარი შესაძლებლობების დარღვევაზე. ასევე, აღნიშნულია საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევით არადეკლარირებული წყაროებიდან საარჩევნო კამპანიის დაფინანსება.
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, თუ რამდენად დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს უახლეს ტექნოლოგიებს ამომრჩევლის ნებით მანიპულირებაზე. სამწუხაროდ, ხშირად სოციალური ქსელები გზას უხსნის სიცრუის გავრცელებას და უპასუხისმგებლო პოპულიზმს, შენიღბულ პოლიტიკურ რეკლამასა და დაფინანსების გაუმჭვირვალეობას.
როგორც ვხედავთ, რუმინეთის ხელისუფლებამ თვალი არ დახუჭა არჩევნებში გარედან ჩარევის ფაქტზე და ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ყველაზე დიდი კრიტიკოსები, რა თქმა უნდა, „კრემლი“ და მისი პროპაგანდისტები არიან. სწორედ ამაზეა ნათქვამი: “ქურდს ქუდი ეწვისო“.
დემოკრატიას დაცვა სჭირდება და „რუმინული არჩევნების“ ეპოპეაც ამის კარგი მაგალითია.