უკრაინის არმიის სარდლობის მძიმე შეცდომები, რომელიც უკანდახევას იწვევს - რატომ ჩააბარეს რუსებს უბრძოლველად თავდაცვითი ზღუდე?!
უკრაინის ფრონტის ხაზის აღმოსავლეთ მიმართულებაზე უკრაინის დამცველების მდგომარეობა კვლავ კრიტიკული რჩება, განსაკუთრებით კი ორ მონაკვეთზე-კურახოვოსთან და პოკროვსკთან...
დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონის პატარა ქალაქ კურახოვოში ომამდე 20 ათასი კაციც კი არ ცხოვრობდა,იქ ფუნქციონირებდა დიდი თბოელექტროსადგური,რომელიც რუსი ოკუპანტების შორსმსროლელმა არტილერიამ და მართვადმა პლანირებადმა საავიაციო ბომბებმა უკვე მიწასთან გაასწორეს, მაგრამ ამ დასახლებული პუნქტის დაცვას მაინც აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან ის ცენტრალური ავტომაგისტრალით უკავშირდება 160 კმ-ით დაშორებულ ქალაქ ზაპოროჟიეს, საიდანაც ხდება აღმოსავლეთ ფრონტის სამხრეთ ნაწილის მომარაგება და კურახოვოს დაპყრობისთანავე რუსები გადაჭრიან სამხედრო ლოჯისტიკისთვის ასეთ მნიშვნელოვან სატრანსპორტო არტერიას.
კიდევ უფრო მნიშვნელოვან დანაკლისს მიიღებს უკრაინის მხარე,თუკი დაკარგავს პოკროვსკს-ქალაქს,რომელიც კურახოვოდან ჩრდილოეთით 30-იოდე კმ-შია,ამ რაიონულ ადმინისტრაციულ ცენტრში ომამდე იქ 380 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა.
რა ხდება პოკროვსკში
პოკროვსკი უკრაინის ქვანახშირის წარმოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენს და მისი დაკარგვა უკრაინის ბიუჯეტისთვის დიდი დარტყმა იქნება, თუმცა იმ სიტუაციაში,როდესაც ფრონტის ხაზი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სულ რაღაც სამიოდე კმ-ში მიუახლოვდა პოკროვსკის გარეუბნებს, ქვანახშირის მოპოვების გაგრძელებაზე ვინღა ფიქრობს-საჭიროა ქალაქის რამენაირად შენარჩუნება, რომ მოწინააღმდეგემ არ გადაჭრას ჩასოვ-იარისა და კონსტანტინოვკისკენ მიმავალი საავტომობილო გზები, რაც ძალზე გააძნელებს ამ ქალაქების მიმართულებებზე მყოფი უკრაინის არმიის შენაერთებისა და დანაყოფებების მომარაგებას, როგორც საბრძოლო მასალით, ისე დამატებითი ცოცხალი ძალით...
ერთგვარი დეჟავიუს შეგრძნება იქმნება, რადგან თითქმის ანალოგიურ პრობლემებზე ვწერდი მთელი განვლილი წლის პერიოდშიც, როდესაც იკარგებოდა მარინკა,ავდეევკა,ბახმუტი,სოლედარი თუ სხვა უკრაინული დასახლებული პუნქტები-ნათლად მოჩანდა, თუ რომელი მხრიდან შეუტევდნენ და როგორ ეცდებოდნენ ამ ქალაქების ალყის „ტომარაში“ მოქცევას რუსი ოკუპანტები, მაგრამ უკრაინის არმიის სარდლობა მაინც რატომღაც ვერ ახერხებდა მათ შენარჩუნებას...
რა შეცდომებს უშვებს უკრაინის სარდლობა?!
და ამის მიზეზი მხოლოდ ის როდია,რომ დასავლეთი დაგვიანებით და არასრულად აწვდის საბრძოლო ტექნიკასა და საბრძოლო მასალებს უკრაინის არმიას ან ის, რომ ფრონტის ხაზზე უკრაინის დამცველების რიცხობრივი სიმცირეა, არამედ ისიც, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა და სხვადასხვა დონის მეთაურობა ძალიან ბევრ ტაქტიკურ შეცდომას უშვებს მართვაში, რაც შემდგომ სტრატეგიული დონის პრობლემებად გადაიქცევა...
თავად უკრაინელი დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტები და მათ შორის ინტერნეტგამოცემა „ცენზორ.ნეტ“-ის დამფუძნებელი იური ბუტუსოვი, რომელიც ხშირად იმყოფება ფრონტის ხაზზე, მუდმივად აღნიშნავენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გენერალ სირსკის დანიშვნის შემდეგ კიდევ უფრო უარესად წავიდა საქმე, რასაც პირველ რიგში განაპირობებს...ტყუილი, როდესაც დაბალი დონის მეთაურების ნაწილი, რომლებსაც სურთ ასიამოვნონ სარდლობას, უპატაკებენ, რომ სრულიად აკონტროლებენ ფრონტის ხაზის ამა თუ იმ უბანს, მაშინ, როდესაც სინამდვილეში მათ დანაყოფებს უკვე დატოვებული აქვთ ეს პოზიციები...
ამასთან პრობლემას წარმოადგენს დამატებითი ძალების დაგვიანებული გადასროლა დასახმარებლად, როდესაც მოწინააღმდეგესთან უკვე შემხვედრი ბრძოლის გამართვა უწევთ ღია ველზე და არა თავდაცვითი ზღუდის სანგრებიდან.
ბუტუსოვი დიდი გულისტკივილით ააშკარავებს უკრაინის არმიის სარდლობის სერიოზულ შეცდომას-პოკროვსკის ერთ-ერთ მიმართულებაზე წინასწარ გამზადდა კარგად მოწყობილი თავდაცვითი ზღუდე, თავის სანგრებითა და ბლინდაჟებით, რაზეც ათეულობით მილიონი გრივნა დაიხარჯა და იმის ნაცვლად, რომ ამ თავდაცვით ზღუდეში სარდლობას მებრძოლები და სამხედრო ტექნიკა განეთავსებინა, ის უბრძოლველად დაუთმო მტერსო...
P.S. ხდება ცნობილი, რომ თანამდებობდან გადაყენებული იქნა ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება „დონეცკის“ სარდალი გენერალი ლუცენკო, რომელსაც ევალებოდა პოკროვსკისა და კურახოვოს მიმართულებებზე თავდაცვის უზრუნველყოფა ბოლო თვეების განმავლობაში...
P.S.S. 13 დეკემბრის დილიდან ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები და ენერგეტიკული ობიექტები-პუტინს სურს, რომ უკრაინა ახალ წელს მთლიანად ჩაბნელებული შეხვდეს...