"ვაღიარებ, 41 გავაფერადე, მგონია, რომ ამ მთავრობას ევროპისკენ ღირსებით მივყავართ", "მათი სიმბოლოა ლადო კახაძე - თითებზე რომ ჰკოცნიდა ბიძინა ივანიშვილს", "ნაცების" და "ქოცების" ბრძოლამ თაობები შეიწირა"
ჩვენი ქვეყნის წარსული ქართველების დაყოფისა და დაპირისპირების არაერთ მაგალითს ინახავს.
სამწუხაროდ, ახლაც ასეთია ჩვენი რეალობა. შეუძლებელია, გულგრილი დარჩე იმ მოვლენების მიმართ, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება; შეუძლებელია, არ გტკიოდეს ეს დაპირისპირება, დაუნდობლობა, სისასტიკე... ერთმანეთის განადგურება მტრის გარეშეც შესანიშნავად რომ გამოგვდის.
"ნაცების" და "ქოცების" ბრძოლამ თაობები შეიწირა"
ეკა ჩხეიძე, მსახიობი:
- ჩვენს ქვეყანაში რა ხდება და საშინელება, დიდი დაუნდობლობაა. თუ ვამბობთ და ვაღიარებთ, რომ ჩვენი მტერი რუსეთია, ახლა სწორედ იმ რუსეთის წისქვილზე ვასხამთ წყალს. არ შეიძლება, შენს ხალხს ხელისუფალი ასე მოექცე. ახალ თაობას ბოლოს რუსის მაგივრად შენ თავად უსპობ მომავალს. ძალიან მოკლედ გეტყვით, საქართველოს განვითარებისთვის ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპაში. ჭაობში დაბრუნება არ გვინდა.
- ხელისუფლებაც ამბობს, რომ ამ ქვეყნის მომავალი ევროპაშია.
- ეგენი ხან ერთს ამბობენ, ხან - მეორეს. მათი საქციელი სხვა რამეზე მეტყველებს.
- ქვეყანაში უკიდურესი დაძაბულობაა, თქვენი აზრით, ამ მდგომარეობაში, როგორ ან რატომ აღმოვჩნდით?
- იმიტომ, რომ ხალხის მხარეს არ დგას მთავრობა, ჩვენს ინტერესებს არ იცავს. მგონია, რომ უმრავლესობა ახლა ქუჩაშია, ახალგაზრდები მართლა გმირობებს სჩადიან, ამ ყინვაში დგანან წყლის ჭავლის პირისპირ და გაზს სუნთქავენ. მთავრობა სხვაგანაა, არ იცავს ქვეყნის ინტერესებს. არ გეგონოთ, "ნაცებს" ვიცავ, ოპოზიციის ოპოზიცია ვარ, "ნაცების" და "ქოცების" ბრძოლამ თაობები შეიწირა, ესაა სიმართლე და არც ერთი აღარ გვინდა. ახალგაზრდა, კარგად მოაზროვნე ხელისუფლება უნდა მოვიდეს, რომელსაც ქვეყანა ეყვარება, ხალხი ეყვარება, ჩვენს კეთილდღეობაზე, წარმატებაზე იფიქრებს და არა - საკუთარ ჯიბეზე. "ნაცი" და "ქოცი" ყველა თავის ჯიბეზე ფიქრობს. ამიტომაც ვართ ახლა ამ დღეში, ეს ტალღაც სწორედ მაგის გამოა, რომ უკვე არავის აღარავისი სჯერა. არ ვიცი, სტრუქტურა უნდა შეიცვალოს თუ მართვის მეთოდები. რასაც ვუყურებ, ეს ახალგაზრდები გულანთებულები არიან, მართლა უყვართ ეს ქვეყანა და გული სტკივათ. აქციებზე ხშირია დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთანაც. მათაც ვეღარავინ იტანს, მათი შეცდომებიც კარგად ვნახეთ. არავითარ შემთხვევაში, ისინი აღარ უნდა დაბრუნდნენ. სასწაული რომ მოხდეს და "ქართული ოცნება" ხვალვე ჩამოშორდეს ხელისუფლებას, მათ ადგილზე "ნაცების" მოსვლისგან ღმერთმა დაგვიფაროს! ახალი ძალა, მოაზროვნე პატრიოტები უნდა მოვიდნენ. ასე ერთ წრეზე როდემდე უნდა ვიტრიალოთ?
- ხელისუფლება ამბობს, რომ ევროკავშირს მოლაპარაკებები აქამდე უნდა გაეხსნა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ნაბიჯი მოლდოვასთან გადადგეს.
- მაგდენი არ ვიცი, ამ საკითხებზე პოლიტიკოსებმა უნდა ილაპარაკონ.
- მმართველი ძალის თქმით, ერთ-ერთი მოთხოვნა სააკაშვილის გათავისუფლებაა. ამ მოთხოვნას უნდა დაეთანხმოს თუ არა ხელისუფლება?
- რაღა დროს სააკაშვილია. მარტივად გითხარით, რასაც ვფიქრობ.
"სალომე ზურაბიშვილი არის პირველი ამრევი"
გიორგი კაჭახიძე, მსახიობი:
- იმ დროს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერების შესახებ განცხადება გააკეთა, აჭარაში, ტარიელ ხარხელაურის საღამოზე ვიყავი. ღონისძიებიდან რომ გამოვედი, ახლობლისგან გავიგე ეს ამბავი. ვაღიარებ, ავღელდი, იმასაც ვაღიარებ, ამ არჩევნებზე 41 მაქვს გაფერადებული, მაგრამ ამ ციფრზე საღალატოდ არ მაქვს არჩევანი გაკეთებული. მგონია, რომ ამ მთავრობას ევროპისკენ ღირსებით მივყავართ, როგორც ლოზუნგზე ეწერა.
- რატომ აღელდით, ამ განცხადებაში რა საფრთხე დაინახეთ?
- შემდეგ ამ განცხადებას თავად მოვუსმინე, გარკვევით ითქვა, ჩვენ მოლაპარაკებებზე ინიციატივას აღარ გამოვიჩენთო. მე შეიძლება ჩემს მეზობელთან ჩემი ინიციატივით არ შევიდე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ დაველაპარაკები ან თუ დამიძახებს, არ მივალ. შეჩერება არ ნიშნავს შეწყვეტას. მოძრაობის ნიშნებიც არსებობს: "გაჩერება აკრძალულია!" და "დგომა აკრძალულია!".
- აქციებზე განვითარებულ მოვლენებზე რისი თქმა შეგიძლიათ?
- თქვენთან ბოდიში, მაგრამ ვიგინები იმ სპეცრაზმელის მისამართით, რომელმაც პირველ საღამოს არაკაცური საქციელი ჩაიდინა, წაქცეულ ადამიანს ჯერ ქუსლი მიარტყა დამამცირებლად და მერე სახეში წიხლიც დააყოლა. იქ იყო კიდევ რამდენიმე არასწორი ქცევა, ამის გამო ბრაზი გასაგებია, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ერთეული არაკაცების გამო, ყველა სპეცრაზმელი და პოლიციელი ცუდად მოიხსენიო. იმავეს ვამბობ აქციის მონაწილეებზეც. რეალურად, დღეს საქართველო ორად არის გაყოფილი, შუაშისტიც კი აღარავინაა დარჩენილი. მეტირება, გეფიცებით, მეტირება. უკიდურესი რადიკალიზმი დაღუპავს ამ ქვეყანას. პიროტექნიკით ხომ შეიძლება ადამიანი დააზიანო. სპეცრაზმელს რომ ხვდება, მაგას თავი დავანებოთ, ხომ შეიძლება თავად შენც დაგაზიანოს.
- გიორგი, დღეს სოციალურ ქსელში აქციაზე არასრულწლოვნების ყოფნა გააპროტესტე, რასაც დიდი გამოხმაურება და ბულინგი მოჰყვა. ბევრი შეურაცხმყოფელი კომენტარი დაიწერა. ეს რაზე მეტყველებს?
- ბავშვი ვიცი უსაფრთხო გარემოში, იქ, სადაც თმის ღერიც კი არ უნდა ჩამოუვარდეს. დღეს იმ პოსტზე ერთი მწერდა, ბავშვი ჩემია და სადაც მინდა, იქ დავაყენებო. ველოდი, ვიცოდი, ამას რაც მოჰყვებოდა. რუსეთუმეს მეძახიან, მოღალატესაც, მაგრამ ჩემი გული და სული ყოველთვის ჩემი ქვეყნისთვისაა ანთებული. გავა დრო და ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. არასწორ გზაზე ვდგავარ? ამ ანთებული გულით შეცდომას ვუშვებ? მგონია, რომ სწორ პოზიციაზე, სწორ მხარეს ვდგავარ. მათაც ჰგონიათ, რომ სწორი მათი აზრია და მე ვცდები. აქ ხომ დილემის წინაშე ვართ, დრო აჩვენებს, ვინ არის დღეს მართალი. მე თუ ვცდები, გულმხურვალედ ბოდიშს მოვიხდი. ქვეყანაში აზრის გამოხატვის თავისუფლება აღარ არსებობს, მაგრამ არა - მთავრობის მხრიდან, ბულინგი მოდის რადიკალებისგან. ეგრევე შეურაცხყოფაზე გადადიან. არ ვაპირებ, ჩემი ქვეყანა გვარამიას ჩავუგდო ხელში. არ ვაპირებ, ჩემი შვილები უქართულოდ, უსამშობლოდ გაიზარდონ. ეგეთი ევროპელობაც არ მინდა, ჩემი ქვეყანა ქართველობას თუ დაკარგავს. დღეს კოლეგებმა თეატრიდან უცბად ისეთი ლაპარაკი დაიწყეს, თითქოს ვიღაც ვანია ივანოვი ვყოფილიყავი. არადა, ცუდი რა დავწერე? ბავშვი ფარი არ არის და უნდა გავუფრთხილდეთ-მეთქი. იმ აქციაზე, სადაც ნებისმიერ წამს რაღაც ისე შეიძლება შეიცვალოს, შენ არავინ არაფერი გკითხოს, როგორ შეიძლება, ბავშვები იყვნენ. ყველას შვილს ჩემი თავი შემოევლოს, ჩემი შვილების თამადობით, მაგრამ რამე რომ მოხდეს, ვისი ბრალი იქნება? ყველა კომენტარს "გულებით" ვუპასუხე. პოლემიკაში არავისთან შევსულვარ.
- ასე გაგრძელება ხომ შეუძლებელია, ქვეყანა ვერ გაუძლებს. რაში ხედავთ გამოსავალს?
- შეიძლება ბევრს აქვს სურვილი, იმ 1 200 000 ადამიანიდან, ვინც ეს ხელისუფლება აირჩია, რომ ქუჩაში გავიდეს, მაგრამ ჩემი აზრით, არ შეიძლება, ეს სამოქალაქო ომში გადაიზრდება. მაგათთან მოლაპარაკებაც არ შეიძლება, არ გაჭრის. ეს თვე-ნახევარი რაღაცნაირად უნდა გავძლოთ და მერე მგონია, რომ საგარეო ფაქტორი დიდ როლს ითამაშებს.
- შექმნილ მდგომარეობაში პასუხისმგებლობას ვის აკისრებთ?
- ქალბატონს, რომელიც 14 დეკემბრამდე, ჩვენდა სამწუხაროდ, პრეზიდენტის პოსტს იკავებს. ამ მთავრობის ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს, რომ რა გახდა, განა რა ისეთი კადრების დეფიციტია, რომ ვერ აირჩიეს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც ბოლოს თავს ლაფს არ დაასხამს. სალომე ზურაბიშვილი არის პირველი ამრევი. ის გვერდით დაიყენეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ერთ დროს აგინებდნენ, თან როგორ აგინებდნენ და ეს ვითომ არაფერი. ეს ცალკე სასწაულია, ნამუსისა და სინდისის ჩამორეცხვა. სულ ნუ ყოფილა ხელისუფლებაში "ქართული ოცნება", მაგრამ ღმერთს მთელი გულით ვთხოვ, ეს ქვეყანა ამ ოპოზიციის ხელში არასდროს ჩააგდოს!
"მათი სიმბოლოა ლადო კახაძე - თითებზე რომ ჰკოცნიდა ბიძინა ივანიშვილს"
კახა კინწურაშვილი, მსახიობი:
- ნებისმიერი, ოდნავ კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი ხედავს იმ ყველაფერს, რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ხდება. ჩვენ ვნახეთ განვითარება ტიტუშკებიდან პოლიციის დევნამდე. მარტის აქციების დროს, ტიტუშკები დაადევნეს ადამიანებს, ურეკავდნენ, აგინებდნენ. დღეს განა ისინი არ არიან პერიმეტრს რომ ათავისუფლებენ, სადარბაზოებში უცვივდებიან?.. ამაზე პასუხისმგებლობა ფსევდო მმართველებს ეკისრებათ. მათ ყველა კანონი დაარღვიეს, რაც შეიძლება იცავდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. ცივილიზებულ სამყაროსთან, ვინც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და წლების განმავლობაში, მხარში გვედგა მორალურად, ფინანსურად, იურიდიულად, კავშირი გაწყვიტეს და დამეგობრდნენ მტრებთან. მათ სინდისზეა ბევრი დაღვრილი სისხლი, გაღატაკებული საქართველო, დევნილი ოჯახი... ეს ყველაფერი მხუთავი და მგუდავი მეზობლის დამსახურებაა და მათი პოლიტიკის გამტარია ახლანდელი ხელისუფლება.
ყველა მეგობარი ქვეყანა გადაიმტერეს, დაასახიჩრეს ადამიანები, ამდენი შეცდომა დაუშვეს. გიორგი ბახუტაშვილი რატომ დაიჭირეს? სასტიკად ნაცემი ადამიანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამდე მიიყვანა. უკან რომ გამობრუნდა, დაინახა, ზონდერებს კიდევ ერთი მოქალაქე მიჰყავდათ, რომელიც ძალიან ცუდად იყო, ცემისგან გული მისდიოდა, იმ დაგეშილ ადამიანებს უთხრა, შემოგაკვდებათო. ერთმა მეორე ზონდერს გადაულაპარაკა, ამას რას ალაპარაკებო და გიორგიც აიყვანეს. არც ერთი ზონდერის ამოცნობა არ ხდება, მათი იდენტიფიკაცია შეუძლებელია, გაზაფხულის აქციებიდან მოყოლებული ვიცით, რომ არც ერთი ზონდერი არ დასჯილა. მერე კიდევ სამართალსა და კანონებზე ლაპარაკობენ მათი მომხრეები, თეატრალები და რეჟისორები, მაგათი ვითომ ელიტა, რომელიც აბსოლუტურად დაცილებულია სახელმწიფოებრივ აზროვნებას. მათი ინტერესი მხოლოდ ძალაუფლების ვერტიკალის ქვეშ ყოფნაა, მათი სიმბოლოა ლადო კახაძე - თითებზე რომ ჰკოცნიდა ბიძინა ივანიშვილს. ამათი რელიგია ძალაუფლებაა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მინდა იმედიანად ვიყო. საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ასეთი დაპირისპირება არ ყოფილიყო. მშვიდობიანად იბრძოლა მარტის აქციებზე, არჩევნებამდე მიიყვანა ხელისუფლება და ოპოზიციური სპექტრი, რომელიც არ მოსწონს, მაგრამ ამ კოლაფსიდან რომ გამოვსულიყავით, საზოგადოება კოალიციური მთავრობის შეკვრას დათანხმდა. დღეს ამ ქვეყანაში საზოგადოებრივი კლასი გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე პოლიტიკური.
- ირაკლი კობახიძე აცხადებს, გახსნას ევროკავშირმა მოლაპარაკება და დღესვე ხელს მოვაწერო.
- ხომ იციან, რატომ არ იხსნება მოლაპარაკებები. ვალდებულებით გათვალისწინებული რომელი პუნქტები შეასრულეს?
- აცხადებენ, რომ არ გაათავისუფლებენ სააკაშვილს, უკან არ გაიწვევენ კანონს ოჯახური ღირებულებების შესახებ...
- ამ რიტორიკით საზოგადოების მძევლად აყვანა ხდება. საზოგადოებამ ბევრი იბრძოლა არჩევნებისთვის, დღესაც ცდილობს, ეს პროცესი შეუქცევადი არ გახდეს. პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. ერთ მარტივ დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას: არ შეიძლება, პრემიერ-მინისტრი რომ გქვია და ამ სახელმწიფოს წარმოადგენ, ისეთი მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას ეხება, გააკეთო პარტიის ოფისიდან. ეს განცხადება კანცელარიიდან უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ესენი იმდენად ვიწროპარტიულები არიან, იმდენად გაგიჟებულები არიან ძალაუფლებაზე, რომ ბევრ არასწორ ნაბიჯს დგამენ.
თამუნა კვინიკაძე