"ჩვენ შეგვეძლო სირიაში რუსული სამხედრო ბაზების განადგურება, მაგრამ..."
მსოფლიოში ბევრი ელოდა, რომ სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის ჩამოშლისთანავე შეიარაღებული ოპოზიცია და პირველ რიგში კი „ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის“ მეთაურობა იმ რუსულ სამხედრო ბაზებზე შეტევების დაწყების ბრძანებას გასცემდა, საიდანაც აფრენილი რუსული საბრძოლო თვითმფრინავები და შვეულმფრენები საჰაერო დარტყმებს აყენებდნენ იმავე „ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის“ მებრძოლებს დამასკოსკენ სვლისას...
„ჩვენ შეგვეძლო სირიაში რუსული სამხედრო ბაზების განადგურება, მაგრამ რუსებს მივეცით შანსი გადაეხედათ თავიანთი დამოკიდებულება სირიელი ხალხის მიმართ“ - ეს დიპლომატიური სიტყვები „ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის“ ლიდერს აჰმედ ალ-შარას ეკუთვნის, რომელსაც უფრო მეტსახელით-აბუ მუჰამედ ალ-ჯულანით იცნობენ...
და ეს მოსალოდნელიც გახლდათ, რადგან ალ-ჯულანი ძალიან ცდილობს „ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის“ საერთაშორისო იმიჯი შეცვალოს და მას მოუხსნას ტერორისტული ორგანიზაციის სახელი.
შესაბამისად, მოსკოვთან მიდის ინტენსიური ფარული მოლაპარაკებები,რომ რუსეთის მხრიდან „ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამისთვის“ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის სახელის მოხსნის სანაცვლოდ, ალ-ჯულანის გამარჯვებული მებრძოლები, რომლებიც კბილებს ილესავდნენ მათი დამბობველი რუსი მფრინავების ცოცხლად გასაგლეჯად, აღარ შევარდებიან ჰმეიმიმის საავიაციო და ტარტუსის საზღვაო რუსულ სამხედრო ბაზებში...
თუმცა ეს არ ეხება იმ სხვა პატარ-პატარა სამხედრო გარნიზონებს, რომლებიც რუს გენერლებს გახსნილი ჰქონდათ სირიის სხვადასხვა რეგიონებში-იქიდან რუსი სამხედროების ავტოკოლონები ახლა სწორედ ლატაკიაში, ჰმეიმიმისა და ტარტუსის ბაზებისკენ მიემართებიან, თანაც დიდი შიშით, რომ გზაში მათზე თავდასხმები არ განხორციელდეს...
აი, რა ბედი ეწევათ უშუალოდ ჰმეიმიმისა და ტარტუსის რუსულ სამხედრო ბაზებს-დარჩებიან ისინი სირიაში თუ მათ აბარგებას მოსთხოვენ პუტინს, ამ დღეებში წყდება კრემლსა და სირიის ახალი ხელისუფლებას შორის ფარული მოლაპარაკებების დროს.
ამ თემაზე მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო საშუალებები ერთმანეთის გამომრიცხავ ცნობებს ავრცელებენ - ზოგი ამტკიცებს, რომ რუსული ბაზები დარჩებიან სირიაში, სხვები მათ მალე ევაკუაციაზე ლაპარაკობენ...
ჰმეიმისა და ტარტუსის ბაზებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და ასევე როსგვარდიამ განვლილი წლების განმავლობაში დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკას მოუყარა თავი, აეროდრომი გაარემონტა, ააგო საავიაცო ტექნიკის დამცავი ანგარები და სხვა შენობები.
გასაგებია, რომ რუსეთი ვერ შესძლებს უძრავი ქონების გატანას ამ ბაზებიდან, რაც შეეხება ათას ერთეულზე მეტ საავტომობილო ტექნიკას, მათი სატრანსპორტო თვითმფრინავებით სრული გადაზიდვა რუსეთის ტერიტორიაზე უბრალოდ შეუძლებელი იქნება, რუსი გენერლები უფრო იმაზე დარდობენ, რომ დაშლილი შვეულმფრენების გატანა მაინც შესძლონ, ხოლო საბრძოლო თვითმფრინავები თავად გადაფრინდებიან.
არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ბალტიისა და ჩრდილოეთის ფლოტებიდან სირიისკენ დაიძრა რამდენიმე დიდი სადესანტო ხომალდი (შავი ზღვა კი ბევრად ახლოს არის სირიასთან, მაგრამ უკრაინელებმა რუსებს შავ ზღვაში ოთხი დიდი სადესანტო ხომალდი ჩაუძირეს), რომლებიც გათვალისწინებულია რუსული საავტომობილო, საზენიტო და ჯავშანტექნიკის ნაწილის გასაყვანად მაინც, თუკი მოსკოვი და დამასკო ვერ მოილაპარაკებენ სირიაში ამ ორი რუსული სამხედრო ბაზის შემდგომ ბედზე...