"ამ ზაფხულს საბერძნეთში ვიყავი, ტიროდნენ, საქართველოს მოქალაქეობა დავკარგეთ, იმდენი ხანია აქა ვართ, საბუთები აღარ გვაქვს, რომ ჩამოვიდეთო. ან თავი როგო - კვირის პალიტრა

"ამ ზაფხულს საბერძნეთში ვიყავი, ტიროდნენ, საქართველოს მოქალაქეობა დავკარგეთ, იმდენი ხანია აქა ვართ, საბუთები აღარ გვაქვს, რომ ჩამოვიდეთო. ან თავი როგორ ვირჩინოთო?"

წლებია, ალბათ, თქვენც ისევე გესმით რიტორიკული კითხვა - "რა გვეშველება?" - როგორც მე. მართლაც, რა ეშველება ჩვენს ქვეყანას, რომელსაც, ვისაც არ გვეზარება, ცხოვრებას ვურთულებთ? ჰოდა, სხვების არ ვიცი, მაგრამ ეს კითხვა ჩემზე დროდადრო იმდენად მძაფრად მოქმედებს, აუცილებლად მოვძებნი ხოლმე ამბებს საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად. ასე ვიპოვე, უფრო სწორად, აღმოვაჩინე, ერკეთელი ბიოლოგიის მასწავლებელი ციცინო სირაძე. ჩოხატაურში ქვემო ერკეთი პატარა სამოთხეა დიდ სამოთხეში - გურიაში, ქალბატონ ციცინოს კი ისე უყვარს აქაურობა თავის ქვეყანასთან ერთად, როგორც შეიძლება ადამიანს შვილები უყვარდეს. ჰოდა, ქალბატონი ციცინო ყოველ დილით ჩოხატაურში, სკოლაში მიემგზავრება და იქ ყველა გაკვეთილს ერთი და იმავე მორალით ამთავრებს, რომ ადამიანმა არ უნდა იცხოვროს მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ თავისი ქვეყნისთვისაც. ასეთი ცხოვრება კი ადამიანად ყოფნის გამართლებაა. მართალია, ამ სიტყვებს სულ სხვადასხვა კონტექსტით იმეორებს, ხანდახან მხოლოდ საქმით, მაგრამ ხომ ცხადია, ასე რამდენი თაობა ჰყავს გაზრდილი და კიდევ რამდენს გაზრდის. ბოლოს თითქმის დაუჯერებელი რამ გააკეთა - სოფლის კილომეტრიანი გზის ელექტროგანათება თავისი მოპოვებული სახსრებით დააფინანსა. წარმოგიდგენიათ ამ კილომეტრიან გზაზე თუნდაც ერთი ელექტრობოძის დამონტაჟება რა თანხას მოითხოვს? არადა, შეეძლო იმ ფულით თავისთვის სათბური აეშენებინა და ეცხოვრა, მან კი სოფელში შემოსასვლელი გზის განათება არჩია.

ყველაფერი როგორც იყო, თავადვე მოგვიყვება, თუმცა ისიც უნდა გითხრათ, რომ ამ ამბით ჩვენს აღტაცებას დიდად ვერ იზიარებს. ამბობს, ჩოხატაურში იმდენი საქვეყნო საქმის მკეთებელი ხალხია, მე ვინ ვარო!

- ქალბატონო ციცინო, სოლიდური თანხა მოგიგიათ და ნაცვლად იმისა, სათბური აგეშენებინათ და თავად გესარგებლათ, მთელი ფული სოფლის გზის განათებაზე დაგიხარჯავთ. ეს როგორ მოიფიქრეთ?

- ჩემ ირგვლივ სოფლებში, მთელ ჩოხატაურში, კარგი საქმის გამკეთებელი ხალხი იმდენად ბევრია, ჩემს თავზე საუბარი მეუხერხულება. გზის განათებაში კი ევროკავშირმა მიშველა. ჩოხატაურის ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებაზე კონკურსი გამოაცხადა და მეც ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, პროექტს მარტო ჩავუჯექი და მოვიგე. თანხის გახარჯვის ორი ვარიანტი მქონდა - შემეძლო სათბური ამეშენებინა, მაგრამ გზის განათება ვარჩიე.A ალბათ, იკითხავთ, რატომ, როდესაც ეს სახელმწიფოს საქმეაო. იმ გზის განათებას, რომლის დაფინანსებაც მე მოვიგე, სოფლის პროგრამა ვერ გასწვდებოდა. ტერიტორია დასახლებული არ არის, არადა, გზის ეს ნაწილი რომ არ განათებულიყო, ჩემს სოფელში განათება ვეღარასოდეს შემოვიდოდა. თუ გზაზე დამონტაჟებულ ელექტრობოძებს არ შემოჰყვებოდა, ელექტროენერგიას ჰაერიდან ხომ არ მოგვაწოდებენ. ამიტომაც ვიშრომე ჩაბნელებული გზის გასანათებლად. საკმარისია, რაც სიბნელე უკვე გადავიტანეთ.

- თანხის მოგებაზე მარტომ იმუშავეთ, ძნელი არ იყო?

- ადვილი არ არის, მაგრამ ჩემი მეუღლე ინჟინერია და ის მაკვალიანებდა. სამაგიეროდ, ახლა, როდესაც გზის განათება მთავრდება, ამ ტერიტორიაზე ერთი სახლის საძირკველი უკვე გაიჭრა. განათდა არემარე და უკვე სახლდება ოჯახი.

- უნდა შეგაქოთ. ყოჩაღ, რომ ამდენი შეძელით. არ არის ადვილი იმხელა თანხის მოგება, რომ კილომეტრიანი გზის განათებას ეყოს.

- სწორია, მაგრამ მადლობა ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებს ეკუთვნით და არა მე. ახლა კრიტიკული სიტუაცია გვაქვს, ძალიან ვნერვიულობ მსგავსი პროექტების ბედზე. ღმერთმა ნუ ქნას, შეგვიწყდეს.

- სოფელზე მეუბნებოდით, გარშემო ბევრი ხალხია, ვინც სოფელს ეხმარება, მხოლოდ თავისი თავისთვის არ ზრუნავსო.

- ერთმა ჩვენებურმა კაცმა გზების გამყვანი ბრიგადა ჩამოაყალიბა და სოფელში ყველა ძალ-ღონის პატრონი დაასაქმა. ეს თავისი უნარითა და ჭკუით გააკეთა, არავინ დახმარებია. ისე ერთგულად შრომობენ, მთელ საქართველოში გახდნენ ცნობილი. გზების მშენებლობისა არაფერი მესმის, მაგრამ მათი ნამუშევარი რომ ვნახე, მეც გამაოცა. ღმერთმა ქნას, სულ ასე იყვნენ, რადგან ვისაც თუნდაც მცირე შემოსავალი აქვს, არ წავა, ქვეყანას არ დატოვებს. ამ სამოთხისაგან შორს ყოფნა რომ ტანჯვაა, მაგის მოწმე მეც ვარ, ამ ზაფხულს საბერძნეთში ვიყავი, პატარა იმერეთი დამხვდა. ტიროდნენ, იმდენი ხანია აქა ვართ, საქართველოს მოქალაქეობა დავკარგეთ, საბუთები აღარ გაგვაჩნია, რომ ჩამოვიდეთო. ან როგორ უნდა ჩამოვიდეთ, როცა არ ვიცით, თავი როგორ ვირჩინოთო. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, საკუთარი მხრებით უნდა ვზიდოთ ქვეყანა, სხვაგვარად არ გამოდის.

- თქვენს მოსწავლეებსაც, ალბათ, ამას ეუბნებით.

წაიკითხეთ სტატია სრულად - სოფლის შენებას რა უნდა?!