"პოლიტიკა - ეს მე ვარ!" - ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი მიგნებაა, რომელიც ჩვენ ვერ ვიპოვეთ და იმედია, ეს თაობა იპოვის“ - კვირის პალიტრა

"პოლიტიკა - ეს მე ვარ!" - ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი მიგნებაა, რომელიც ჩვენ ვერ ვიპოვეთ და იმედია, ეს თაობა იპოვის“

ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები და მოსალოდნელი შედეგები…-…რას ჰპირდება ქვეყანას ქუჩაში პროტესტისთვის გამოსული ახალი თაობა, სირთულეებიდან გამოყვანას თუ გულწრფელი ემოციებით გამოწვეულ დამატებით სირთულეებს? რა გავლენას იქონიებს ყოველივე ეს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე?…ამის შესახებ ფილოსოფოსი, პროფესორი კახა კვაშილავა საუბრობს. სოხუმში დაბადებულ აფხაზეთისთვის მეომარ ქართველ მეცნიერს მჭიდრო კავშირები აქვს არა მხოლოდ აფხაზეთში მცხოვრებ აფხაზებთან, არამედ სხვა ეთნოსებთანაც.

- მე ვეწინააღმდეგები აზრს, რომ ეს ახალგაზრდები რომელიმე პოლიტიკური ძალის ზეგავლენით დგანან ქუჩაში ან ამ ძალების იარაღად იქცევიან. შესაძლოა მათი ზოგიერთი ქმედება არ მომწონდეს, მაგრამ წლების განმავლობაში ვუყურებ, რაზე ყალიბდება მათი პროტესტი. მათ არ მოსწონთ, რომ მათი ქვეყანა ვერ ვითარდება, რომ მათი ოჯახის წევრებს, მომქანცველი შრომის მიუხედავად, ღირსეული შემოსავალი არა აქვთ; რომ ბევრის მშობელი საარსებო სახსრებისთვის უცხოეთშია გადახვეწილი; რომ პერსპექტივები არ გააჩნიათ; რომ განათლებამ შესაძლოა მეტი პრობლემა შეუქმნათ, ვიდრე გაუნათლებლობამ და სრულიად უფუნქციოდ იცხოვრონ. აი, ასეთი ემოციების გამო ჩამოუყალიბდა ამ თაობას სამართლიანობის აღდგენის განცდა და ამით სრულიად გამოირჩევა კიდეც ჩვენგან. ეს პროტესტი ერთობლივად ამოიფრქვა, როდესაც საფრთხე შეექმნა მათთვის ერთადერთ პერსპექტივას - ევროპულ ურთიერთობებს. ვერავინ და ვერავითარი ძალა, ვერანაირი მოწოდება ვერ გამოიყვანდა მათ მასობრივად ქუჩაში, თავად თუ არ უნდოდათ. ეს ბუნებრივი მუხტია. ეს ძალზე მაგონებს რუსეთზე ორიენტირებული მთავრობების ისტორიას, მათ შორის, პოლონეთის 1980-81 წლების მოვლენებს, როდესაც მოსახლეობის სოციალური პროტესტი გადაიზარდა ქვეყნის იმ პოლიტელიტისადმი პროტესტში, რომელიც რუსულ ორიენტაციას ირჩევდა, რასაც მოჰყვა ხანმოკლე, მაგრამ რთული მოვლენები, რაც ახალი, ძლიერი და თავისუფალი ქვეყნის დაბადებით დაგვირგვინდა.

- პრაგმატული პოლონელებისაგან განსხვავებით, ჩვენ ემოციური და ხანდახან იმპულსური ხალხი ვართ, ამიტომაც შესაძლებელია ამ პროცესს ქვეყნისთვის დიდი საფრთხე მოჰყვეს, რაც აისახა დემონსტრანტებსა და ძალოვანებს შორის არაერთ სახიფათო დაპირისპირებაში.

- არის ამის საფრთხე. ჩვენ სამხრეთელები ვართ, ემოციური ხალხი და შეიძლება არაერთმა ცნობილმა ძალამ მოინდომოს პროცესების სათავისოდ გამოყენება. ეს დამოკიდებულია ჩვენი საზოგადოების რეაქციაზე, რას დაუჭერს მხარს და საით წაიყვანს პროცესებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდობა, რომლის უმეტესი ნაწილი მოაზროვნეა, ასე მარტივად არავის გამოაყენებინებს თავს, მცდელობას იმწამსვე შეაჩერებს, რისი ნიშნებიც არაერთხელ ვიხილეთ.

ეს არის თვისებრივად სულ სხვა თაობა, რომელსაც დიახ, მოსდის შეცდომები, მაგრამ ის სამართლიანია, სულ სხვა ცნობიერებით გაზრდილი. მათი საქართველო სულ სხვა საქართველოა, რომელიც ჩვენგან, წინა თაობებისაგან განსხვავებით, არ გაზრდილა რუსეთის გავლენაში, არ უცხოვრია იმ მენტალიტეტში, რომ ვიღაცის წიხლის უნდა ეშინოდეს, არ გაუვლიათ ის რთული პერიოდი, რომელმაც დაღი დაასვა ჩვენს ფსიქოემოციურ დამოკიდებულებს. მათ მიაჩნიათ, რომ უნდა იცხოვრონ ღირსეულად და არა ვინმეს შიშით, მორჩილის ფსიქოლოგიით და ეს სწორია. ამ მოძრაობას აქვს დამაბრკოლებელი გარემოებებიც. მაგალითად, ამ მოძრაობაში ვერ ჩამოყალიბდა ლიდერი. ქართულ პოლიტიკაში იშვიათია 21-ე საუკუნეში დაბადებული თაობის წარმომადგენელი. არადა, ეს ბუნებრივი მოვლენა იქნებოდა და იმედია, გამოჩნდება. პოლიტიკური ლიდერები სწორედ ამ ასაკში ყალიბდებიან. თუ რატომ ვერ ჩამოყალიბდა, ამასაც თავისი საფუძვლები აქვს. უპირველესად ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ველი და ამ ნიადაგზე უფროსი თაობების განუწყვეტელი შეგონება, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. აბა, დავაკვირდეთ, როდესაც პოლიტიკას ვახსენებთ, ჩვენი ცნობიერება მაშინვე "გარბის" ჩვენი ხელისუფლებებისკენ. ჩვენ პოლიტიკა ხელისუფლებებთან გავაიგივეთ, მაშინ როდესაც პოლიტიკა შესაძლებლობების გამოყენების ხელოვნებაა, თითოეული ჩვენგანის დამოკიდებულება სახელმწიფოსთან, პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე. "პოლიტიკა ეს მე ვარ!" - ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი მიგნებაა, რომელიც ჩვენ ვერ ვიპოვეთ და იმედია, ეს თაობა იპოვის, მაგრამ ეს პროცესი უფროს თაობებთან დიალოგის გარეშე არ უნდა წარიმართოს.

- სოხუმელი ბრძანდებით, მისთვის გიომიათ,­ ურთიერთობა გაქვთ იმ აფხაზებთან­, ვინც საღად აანალიზებს აფხაზეთის მდგომარეობას. სწორედ ამ კატეგორიის აზრია საინტერესო, რას ფიქრობენ ისინი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე?

- თბილისში მიმდინარე ახალგაზრდების აქციების გამო იქ ასეთი ტერმინებიც წამოტივტივდა, მაგალითად, "გეების პარადია" ან "გეების მიტინგია". ეს ის კატეგორიაა, რომელიც გამუდმებით ცდილობს დაგცინოს და ამაში­ პოულობს უიმედო მომავლის გამართლებას, მით უფრო, რომ ამ კატეგორიას იქ ახალისებენ. თუმცა არის მცირე, მაგრამ საღად მოაზროვნე ნაწილიც, რომელიც აანალიზებს, რა ხდება ჩვენთან განვითარებული მოვლენების მიღმა. ისინი მსჯელობენ იმაზე, რომ ჩვენთან მიმდინარე მოვლენები შესაძლოა გამოწვეულია ჩვენი ხელისუფლების სურვილით, დაათბოს ურთიერთობა რუსეთთან და მაშინ რა მოელის აფხაზეთს? ძირითადად, სწორედ აფხაზებს, რადგან აფხაზეთში მცხოვრები სხვა ეთნოსების ბედი გარკვეულია - იქაური სომეხი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა პრორუსული მიმართულებისაა. აფხაზები ფიქრობენ, დათბობის შემთხვევაში ხომ არ იქნება აფხაზეთი და აფხაზები ქართულ-რუსულ ურთიერთობაში ხურდა, რომელსაც რუსეთი­ რაღაცაში გაცვლის?! აფხაზები მიჩვეული იყვნენ, რომ ისინი რუსეთს სჭირდებოდა და ამის გამო სთხოვდნენ ყველაფერს, როგორც ჭირვეული ბავშვი სთხოვს პატრონს, ეს მიყიდე, ეს მომეცი და თუ არ მიყიდი, ამას გავაკეთებო, და რუსეთიც აძლევდა პენსიებს, ხელფასებს, საკვებს და ა.შ. და აი, ერთხელაც რუსეთმა უთხრა, რომ სანაცვლოდ მასაც უნდა მისცენ. აფხაზებს ცივი წყალი გადაესხათ და გამოფხიზლდნენ, რომ მათი "დამოუკიდებლობა" შესაძლოა საპნის ბუშტივით გასკდეს და მოაზროვნე მცირე ნაწილმა დაიწყო ფიქრი, რა მოუვათ, თუ ასე მოხდება? დაიწყეს ფიქრი, როგორ გადარჩნენ, განსაკუთრებით ყარაბაღის ამბების მერე. ამ პროცესს მათ "ყარაბაღის გაქრობა" უწოდეს. ამ სიტყვებში ჩანს, რა შოკის მომგვრელადაც იმოქმედა ამან მათზე - არსებობდა ვითომ სახელმწიფო, რომელთანაც ისინი ურთიერთობდნენ, ეგოს იკმაყოფილებდნენ და უცებ ეს სახელმწიფო გაქრა. სოციალურ ქსელშიც მყისვე გაჩნდა შესაბამისი რეაქციები. მაგალითად, ერთმა ქალმა, რომლის მამა, ქმარი და ძმა იბრძოდნენ ქართველების წინააღმდეგ, დაწერა, თუკი მე რუსეთი დამიმონებს­ (თითქოს დამონებული არა ჰყავს), მაშინ რატომ ებრძოდნენ ჩემი ძმა, მამაჩემი და ჩემი ქმარი ქართველებს,­ მით უფრო, მათთან თანაცხოვრებისგან ჩვენ პრობლემები არა გვქონდაო. მართალია, იქვე დაესივნენ, მაგრამ მას ჰქონდა დასაცავი არგუმენტი - მისი ოჯახის სამი წევრი ქართველებს ებრძოდა და ვერავინ შეედავებოდა, რომ აფხაზეთის "თავისუფლება" არ სურდა.

აფხაზეთისთვის სირიის ამბავიც უმძიმესი შოკია. პუტინი 10 წლის წინ, 2014 წელს, ჩავიდა სირიაში და განაცხადა, რუსეთის დიდების აღდგენა სირიის დახმარებით იწყებაო, და რა მოხდა? ზუსტად 10 წელიწადში სირიაში რუსეთის "დიდების მზე" ჩაესვენა, რაც ბუნებრივია, მოაზროვნე აფხაზების გამოღვიძებას აჩქარებს.

აფხაზებს ჰყავთ გონიერი ჟურნალისტი, ინალ ხაშიგი, რომელიც კარგად იცნობს საქართველოს და რომელსაც ოპოზიციური იუთუბარხიც აქვს. რამდენიმე ხნის წინ მას მიწვეული ჰყავდა რუსი პოლიტოლოგი სერგეი მარკედონოვი, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დღევანდელი თბილისი აღარ არის ის ქალაქი, სადაც წლების წინ შეხვდებოდი ტაქსის მძღოლს, რომელიც იამაყებდა საბჭოთა ჯარში გატარებული დროით. დღეს ქართველებისთვის ტერიტორიულად უფრო შორს მყოფი ლონდონი ბევრად ახლოა, ვიდრე მოსკოვი, რომ ქართველი ახალგაზრდობა თვისებრივად განსხვავდება წინა თაობებისაგან და მოჰყავს მაგალითი, როდესაც მოსკოვში სტუმრად მყოფი ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ქართველი ბავშვები რუს თანატოლებს ქართულ-რუსულ ურთიერთობაზე სულ სხვა ასპექტებით ესაუბრებოდნენ და იქვე დასძენს, ქართველი საზოგადოება უკვე აღარ არის ის საზოგადოება, რომელსაც რუსები იცნობდნენ, სულ სხვა თაობა წამოვიდა, სხვა მიზანსწრაფვებით, რომ ისინი უკვე ჩამოყალიბებული ევროპელები არიან, რომლებიც ღირსეულ დამოკიდებულებას მოითხოვენ.