„ასე მგონია, სხვა ქვეყანაში გადამასახლეს“ - კვირის პალიტრა

„ასე მგონია, სხვა ქვეყანაში გადამასახლეს“

პოეტ ეთერ თათარაიძეს ფოლკლორის ცენტრში ვესტუმრე. ყოველთვის მოღიმარი, ძალიან დაღონებული შემხვდა. არც გამკვირვებია, ცუდი დროება დაგვიდგა.

- სიყვარულის ნატამალი არ დავიტოვეთ... სამართალი აღარაა... სულ ვფიქრობ, ნუთუ მართლა ეგეთი ერი ვართ, რომელსაც ერთმანეთი არ უყვარს? ჟურნალისტების წინააღმდეგ შეიძლება ეგეთი რამის ჩადენა? მაშ, ვიღა გადაიღოს, ვინ უთხრას მართალი ხალხს?! სულ აბდაუბდა რომ გადის, რაც კიდევ უფრო აუბედურებს ამ ქვეყანას, ეს კატასტროფაა! ისე სცემენ ბავშვებს, რომ ვუყურებ, გული მიკვდება...

არც ერთი მთავრობა არ არის სამუდამო, არც ერთი კანონი კანონობს სამუდამოდ, გარდა გამონაკლისებისა, რასაც ჰქვია მორალი. ღმერთმა არ ქნას, დრო და სივრცე არ იცვლებოდეს. მაშინ ძალიან მძიმე იქნებოდა ცხოვრება, იმიტომ, რომ სულ ბედნიერებაც შეიძლება შესწყინდეს ადამიანს. სულ ვამბობ, არაფერ შუაში არ არის ქვეყანა, შუაში არიან ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ. ჩვენ თუ განვიწმინდებით და გავხდებით მორალურები, ქვეყანაც ეგეთი გახდება - მოკლედ, როგორიც ვიქნებით, ისეთი ქვეყანა გვექნება.

პოლიტიკის არაფერი გამეგება, ძალით მასწავლიან... რაც გონზე მოვედი, სულ რაღაც უბედურებაში ვართ. ნუ გავედევნებით პარტიულ შეხედულებებს, დავინდოთ ერთმანეთი. საქართველო დატოვა სიყვარულმა. მინდა ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს სიმართლე და სამართალი ჰქონდეთ.

ასე მგონია, სხვა ქვეყანაში გადამასახლეს. ამ ყოველდღიურობის მორევში ისეთ თვისებებს ვკარგავთ, რაც ჩვენი განუყოფელი იყო - პატიება, თანადგომა, მიმტევებლობა, შინაგანი თავისუფლება... ძალიან დავღალეთ ჩვენი ქვეყანა, ის ქვეყანა, რომელმაც არც ერთ სხვა სათაყვანო ქვეყანას დედამიწაზე ტოლი არ დაუდო. ქვეყანა თუ მშვიდი არა გაქვს, ადამიანი ბედნიერი ვერ იქნება. სიხარბეს, ერთმანეთთან შეჯიბრებას, ერთმანეთისთვის ტკენას, ადვილად გამეტებას ქართველმა თავი უნდა დაანებოს და ის სიყვარული ისევ მოვა, ისევ ძალიან თბილი ქვეყანა გაგვიხდება. ყველაზე მთავარი, დიდი მიზეზი საქართველოში სიცივის დადგომის ის არის, რომ დედებმა დატოვეს ქვეყანა და წავიდნენ იმისთვის, რომ ორი კაპიკი მოუტანონ ბავშვებს. ყველაზე დიდი მიზეზი უდედო სახლებია. ბავშვები ვიღაცას შეაფარეს, თვითონ კი უცხოეთში ფულს წამებით, წვალებით შოულობენ. ღმერთმა ქნას, ყველა ჯანმრთელი დაბრუნდეს. თითოეული მათგანი მებრალება. მაგრამ, იცი, ვინ არ მებრალება? გახარბებული ქართველები - სამშობლო რომ გაიმეტეს. სამშობლოზე ეცინება­ ზოგ ადამიანს. უბნები რომ ჩამოიარო, ოჯახს ვერ ნახავ, საიდანაც მინიმუმ ერთი ადამიანი არ იყოს წასული, ზოგი ოჯახიდან კი ექვსი კაცია უცხოეთში და დარჩნენ ეს ბალღები ჟარგონების და სკოლაში ერთმანეთთან საუბრების დონეზე. ადამიანების მადლი კლებულობს და ის ურთიერთდამოკიდებულება ხუნდება, რაც ქართველებს საუკუნეების განმავლობაში გამოარჩევდა. რაც ძვირფასია, რატომღაც მარტივად ველევით, შემდეგ კი ვნანობთ, ოღონდ ჩვენში კი არა, სხვა ქვეყნებში ვეძებთ, ვპოულობთ და შევნატრით. არა ვარ დამცველი მოძველებული წესებისა, მაგრამ ბევრი კარგი რამ არის მეხსიერებას მოფარებული. რა ძლიერი და საღი ტრადიციები იყო თუნდაც მთაში - 2-3 წლის ბავშვს ისეთ პატივს სცემდნენ, როგორც დიდს. ეს მოპყრობა მის ცნობიერებაში იბეჭდებოდა და ათჯერ მეტი ხათრი და პატივისცემა ჰქონდა უფროსების. მაშინ სახელის მილოცვის ტრადიციაც არსებობდა. ვიღაცა რომ საგმირო საქმეს ჩაიდენდა, ვთქვათ, მტერს უკუაგდებდა ან ერთი ათს გაუმკლავდებოდა, მასთან მიდიოდნენ სახელის მისალოცად არა მარტო მისი, არამედ მეზობელი და მთისგადაღმა სოფლებიდანაც. მაშინ სახელი იყო ყველაფერი, სინდისი და ნამუსი. ამ სულისკვეთებით იზრდებოდნენ და დღეს რას ვთავაზობთ ახალგაზრდებს?­ - ბევრს ვერაფერს, ვერც სკოლაში და ვერც ოჯახში. ქართველი კაცი მძინარე მტერსაც არ იმეტებდა მოსაკლავად, ჩვენ კი დღეს ერთმანეთს ისე ვიმეტებთ, ვითომ არაფერი. ორ ნაბიჯში რომ დგას ანგელოზივით გოგო თუ ბიჭი, იმას რომ დამიზნებით ესვრი თვალში, სახეში, თავში, რაზეა ლაპარაკი?! ხომ ვიცით, "მაგრამ თვითონაც დაილეწება, დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად" - წარმოუდგენელია, იგივე არ მიეზღოს დანაშაულის ჩამდენს.

იცით, როგორი ქვეყანაა საქართველო? სულიერად ძალიან მდიდარი, მაგრამ ზარმაცი, გაფანტული და დაუდევარი. თუ არსებობს პრობლემა, რომელზეც იმწამს არის განგაში ასატეხი, ცხრა წლის მერე ვიწყებთ ფიქრს, როცა საქმე უკვე გაფუჭებულია.

ამ ბავშვებმა ერთიანობის საოცარი მაგალითი აჩვენეს. მათ 9 აპრილი გამახსენეს­. მაშინ როგორ გვიყვარდა ერთმანეთი. 13 ივნისს წყალდიდობა რომ იყო, მაშინაც ეს ბავშვები არ გამოვიდნენ?! აი, ეგრე, ხანდახან გავცოცხლდებით. დანარჩენი? ჰაი-ჰარად მიგდებულია ჩვენი ქვეყანა. მაგრამ გამუდმებით მოფიქრალ ხერხემალზეა აწყობილი და დგას და უძლებს. ვიღაცას რომ ვირჩევ, ის არჩევანი მაიმედებს, რომ რაღაც შეიცვლება ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ისე ვბერდებით მე და ამირანი, რომ ვერაფერიც ვერ შეიცვალა. მეუფე ზენონმა თქვა, სულის ტაძრები ვანგრიეთ და ქვის ეკლესიები ვაშენეთო. სიძნელეები ყოველთვის იყო და იქნება. ჩვენსავით იხოცებოდნენ მომავლის იმედსა და მოლოდინში და მერე ისევ ჩნდებოდა წამი ბედნიერების. ეგ არის წუთისოფელი... წყალობა და წმინდა გიორგის მფარველობა არ მოჰკლებოდეს ჩვენს ქვეყანას.

რუსუდან შაიშმელაშვილი