ფარული საფრთხე თბილისის ცენტრში - „მოსახლეობა, რომელიც რუსთაველზე ცხოვრობს, დიდი რისკის ქვეშ არის“ - კვირის პალიტრა

ფარული საფრთხე თბილისის ცენტრში - „მოსახლეობა, რომელიც რუსთაველზე ცხოვრობს, დიდი რისკის ქვეშ არის“

თბილისის ქუჩებში რამდენიმეკვირიანი­ საპროტესტო აქციების პარალელურად მედიკოსები რუსთაველზე დემონსტრაციის მხუთავი აირით დაშლის შედეგად არსებულ ტოქსიკურ გარემოზე საუბრობენ. გვესაუბრება ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე:

"ეს აკრძალულია მაღალი ტოქსიკურობის გამო"

- ჩემი აზრით, იყენებენ იმ ნივთიერებას,­ რომელიც­ დაშვებულია, მაგრამ მისი დიდი რაოდენობით გამოყენება­ არ შეესაბამება დასაშვებ­ ნორმას. თუ დამატებით სხვა რამესაც იყენებენ, ეს მოგვიანებით გამოჩნდება - ხანგრძლივ პერსპექტივაში გართულებებს მივიღებთ. ამწუთას­ არის წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და მხუთავი აირი, თუმცა დიდი ალბათობით, მხუთავ აირს წყლის ჭავლში ურევენ, შედეგად კი ეს ნივთიერება დიდი წნევით მიეწოდება და წყალთან ერთად სხვადასხვა ქსოვილში აღწევს, რაც კატეგორიულად აკრძალულია მაღალი პირველადი ტოქსიკურობის გამო. გახანგრძლივებული ეფექტი, რა თქმა უნდა, უფრო მძიმეა, თანაც თუ დიდი რაოდენობაა და არაპროპორციული. პროპორციული­ ნიშნავს იმას, რომ უნდა იქნეს გამოყენებული იმდენი ნივთიერება, რომ დაიშალონ დემონსტრანტები და არა მუდმივად, დღეების განმავლობაში. ერთ ვიდეოკადრში ჩანს, რომ რუსთაველზე ყრია ნასროლი გაზის ცარიელი კაფსულები, ეს კატასტროფული რაოდენობაა, წარმოუდგენელია!

როცა ეს ნივთიერება ღია სივრცეში ხვდება, შემდგომ აუცილებლად უნდა დამუშა­ვდეს ტერიტორია, რადგან ცარიელ კაფსულებშიც რჩება ტოქსიკური ნივთიერება. უნდა მოირეცხოს ქუჩები, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ნივთიერების გამოყენება დახურულ სივრცეში, ჩიხებსა და სადარბაზოებში. მოსახლეობა, რომელიც რუსთაველზე ცხოვრობს, დიდი რისკის ქვეშ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს პროცესი განგრძობადია. განსაკუთრებით საშიშია, როდესაც დემონსტრანტებს გზას უკეტავენ, არ აძლევენ გასვლის საშუალებას და ჭყლეტაა. როცა გაზს იყენებენ, ადამიანებს ეწყებათ პანიკა, კარგავენ კოორდინაციას, შეიძლება განვითარდეს დროებითი სიბრმავე - ასეთ დროს ყველა ცდილობს გაეცალოს ტერიტორიას და ასეთ მომენტში არსებობს ჭყლეტის დიდი საშიშროება, რომელიც შესაძლოა ძალიან მძიმედ დამთავრდეს. ყველა კონვენციაში წერია, რომ აუცილებელია დემონსტრანტებს ჰქონდეთ თავისუფალი გასასვლელი.

ყოველივე ამას შემდგომში მძიმე­ პრობლემები მოჰყვება, ჯანმრთელობის გარდა, ბევრ ადამიანს შეექმნება მენტალური პრობლემა: სტრესული აშლილობა, ნევროზი...

- რუსთაველის გამზირზე, სადაც თბილისის მერიამ ნაძვის ხე დადგა, რამდენად უსაფრთხოა პატარების იქ მიყვანა?

- გამზირსა და მის მიდამოებში აუცილებელია გაიზომოს ჰაერში ტოქსიკური ნივთიერებების რაოდენობა, შეფასდეს ჰაერის დაბინძურების ხარისხი. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გაზის გამოყენების შემდეგ მეორე დღესაც დგას სუნი. ეწყებათ ხველა, ცხვირისა და თვალების წვა - ეს ძალიან სახიფათოა. ნაძვის ხეც არ არის უსაფრთხო. მასში შესული ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნას დრო და დამუშავება სჭირდება. იქ არავის მიყვანა არ შეიძლება, სანამ არ შემოწმდება, რა მდგომარეობაა ტერიტორიაზე. ახლა ყველასთვის სახიფათოა რუსთაველის გამზირი, განსაკუთრებით საფრთხილოა, ვისაც ფილტვის, ბრონქების ქრონიკული, თვალების პრობლემები აქვთ, ვისაც აქვს ალერგია. ამ კატეგორიისთვის დაუშვებელია, შეიძლება ძალიან დაუმძიმდეთ მდგომარეობა. წარმოიდგინეთ უამრავი მოქალაქე უკვე მოწამლულია, უმრავლესობას შეიძლება პრობლემები შეექმნას, განსაკუთრებით მას, ვინც მუდმივად დადის აქციაზე და სუნთქავს ამ ნივთიერებას. რა გამწვავებები შეიძლება მოჰყვეს, ჯერ არავინ ვიცით. ახლა საქმეში ჩართული უნდა იყვნენ ჯანდაცვის ორგანიზაცია, სისტემები, რომლებიც არიან პასუხისმგებელი ამ ნივთიერებების ნეიტრალიზაციაზე, მიწიდან და ხეებიდან უნდა აიღონ ნიმუშები.

- მხუთავი აირის გარდა, რა ნივთიერებას­ შეიძლება იყენებდნენ?

- დღემდე არავინ იცის, რა გამოიყენეს 9 აპრილს. მაშინაც ვითომ დაშვებული ნივთიერებები გამოიყენეს, მაგრამ მაშინდელი მიტინგის მონაწილეებს დღესაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები. მათ ჰქონდათ ხრჩობა და კრუნჩხვა... წარმოიდგინეთ, ეს იყო ერთი დღე - 9 აპრილი, ახლა კი ეს პროცესი კარგა ხანია გრძელდება.

ძალზე საშიშია გამოყენებული კაფსულე­ბის ხელში აღება.

ამის შემდეგ ხელი აუცილებლად კარგად უნდა დამუშავდეს. ყოველი აქციის შემდეგ უნდა დამუშავდეს ტანსაცმელიც, გაირეცხოს, რათა არ დარჩეს გაზის კვალი, შხაპით უნდა ჩამოირეცხოს სხეულზე არსებული ნივთიერებები; თუ ჩაყლაპეს გაზი, უნდა სვან დიდი რაოდენობით სითხე ფილტვების დასაცავად.

გაზის სუნთქვის დროს პანიკას არ უნდა აჰყვე. ასეთ დროს მხედველობა ქვეითდება, ამიტომ სასურველია თან ჰქონდეთ ფიზიოლოგიური ხსნარი, რომლითაც­ შეძლებენ თვალების ამობანას. ძალზე საშიშია წიწაკის სპრეის ძალიან ახლოდან შესხურება. ამან შეიძლება მძიმე დამწვრობა გამოიწვიოს. აუცილებელია მაშინვე მოიბანონ სახე, გავიდნენ ისეთ ადგილას, სადაც არ არის ეს ნივთიერება და ნიავდება ტერიტორია. თუ ვინმეს მხედველობა დაუქვეითდა ან სუნთქვა გაუჭირდა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. გარდა ამისა, რისკის ქვეშ არიან თავად ისინიც, ვინც უშვებს მხუთავ აირს ან ასხურებს ხალხს წიწაკის სპრეის. იმის მიუხედავად, რომ აქვთ ეკიპირება და ჰგონიათ, არაფერი ემუქრებათ, ძალიან ცდებიან. გასროლილი აირი მათაც ხომ ხვდება?! ზოგს შეიძლება იმ მომენტში მძიმე ალერგიული რეაქცია განუვითარდეს და დაკარგოს გონება, დაემართოს ალერგიული შოკი ან დროებითი სიბრმავე, ძლიერი ბრონქოსპაზმი... 2-3 სასწრაფო დახმარების ბრიგადა არ არის საკმარისი, როცა ასეთ მასშტაბზეა საუბარი. აუცილებლად უნდა იყოს გაშლილი დროებითი სამედიცინო პუნქტი.

ახალი კანონპროექტი, რომელიც აქციაზე პირბადეების მოხმარებას და სახის დაფარვას კრძალავს, ძალიან საშიშია. შეიძლება ადამიანი დაახრჩოს მხუთავმა აირმა.

დემონსტრაციის დაშლა პროპორციული­ უნდა იყოს, კი არ უნდა დაარბიო, უნდა დაშალო. ადამიანებს რაც შეიძლება ნაკ­ლები­ ზიანი უნდა მიაყენო. ეს არის პრინციპი როგორც ადამიანური, ისე ეთიკური, სახელმწიფოებრივი და ა.შ. რაც მთავარია, არ შეიძლება ეს პროცესი იყოს განგრძობადი, მოსახლეობის მოწამვლა დაუშვებელია. ეს უკვალოდ არ ჩაივლის, ფაქტობრივად, ქიმიურ იარაღთან გვაქვს საქმე.

სოფო კაჭარავა